სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
დღეს, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტრიანენო, თქვენ გაქვსთ ორ-გვარი დღესასწაული და სიხარული: პირველად, ამ თქვენი სამრევლო და სამამაპაპოს ეკკლესიის განახლება და მეორედ მისი ტრაპეზის დღეობა, ესე იგი წმიდისა დიდებულისა და ძლევამოსილისა გიორგის ხსენება და სასწაული. ვიფიქროთ და ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა ამ თქვენს ორს დღესასწაულზედ: მოვნახოთ მათ შინა სულიერი დარიგება და ნუგეში, რათა ამაოდ არ დაიკარგოს ეს მრჩობლი სიხარული ჩვენთვის, არამედ მივიღოთ რომელიმე სარგებლობა და სულიერი აღშენება.
ეკკლესია ესე თქვენი, კარგად იცით თქვენცა, იყო მცირე, ვიწრო, შეუმკობელი. დიდი ხნითგან გრძნობდით ამას თქვენ ყოველნი და დიდი ხნითგან გსურდათ მაგისი განვრცელება, გარნა მხოლოდ აწ აღსრულდა ესე თქვენი სურვილი. თუმცა მრავალნი წინააღმდეგნიც იყვნენ ამისა, გარნა, ღვთის მადლითა და შეწევნითა, დასრულდა ეს საქმე. და ახლა დარწმუნებული ვარ, ყოველთა გიხარისთ და თვით მათცა უხარისთ, რომელნი იყვნენ სულ-მოკლენი და ანუ ეშინოდათ, ანუ არა სურდათ დაწყება ამ კეთილისა საქმისა. გარნა, ძმანო ჩემნო, ახლა რა უნდა ქნათ? გათავდა თქვენი საქმე? მეტი არაფერი უნდა ქმნათ ამ ეკკლესიაში? - როგორ არა! ახლა უნდა დავიწყოთ დიდი და უსაჭიროესი საქმე. რომელი? შენ, ძმაო, ახალს სახლს რომ აიშენებ, რისთვის აიშენებ? მისთვის არ აიშენებ, რომ შეხვიდე იმ სახლში და იწყო იქ ცხოვრება და ყოველი შენი შინაური საქმე სოფლიური და ხორციელი? ეს ეკლესიაც მისთვის განაახლეთ და განავრცელეთ, რომ აქ სულიერად უნდა დასახლდეთ, აქ უნდა იცხოვროთ სულითა, აქ უნდა აღასრულოთ ყოველი სასულიერო საქმე.
რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ უნდა იცხოვროს კაცმან სულიერად ეკკლესიაში? სულიერი სიწმიდე და მადლი, ანუ სულიერი ცხოვრება, ერთი მხრით ემზგავსება, ძმაო ჩემო, ხორციელს ცხოვრებასა და მოქალაქეობასა. რა სახით? აი ამ სახით: ვსთქვათ, შენ ვაჭარი კაცი ხარ და გაქვს ათასი მანეთი ფული და მაგ ათასი მანეთის მეტი სხვა არაფერი არა გაქვს, დღეს ის არის შენი ქონება და სიმდიდრე. ახლა როგორ მოიქცევი; თუ შენ გონიერი და ჭკუიანი ვაჭარი ხარ? შენ იფიქრებ: ამის მეტი მე არაფერი არა მაქვს, ამით უნდა ვიცხოვრო და გავმდიდრდეო. ადგები და ამუშავებ იმ ფულს, რათა მოიგო მით სხვა; იმ მონაგებით თვითონ ცხოვრებ და სიმდიდრეც გემატება. ხოლო უჭკო და უგუნური კაცი სხვა-ფერ მოიქცევა: იგი იწყებს ფულის ხარჯვას და შემდეგ შემოელევა და დაშთება სრულიად უსაშველო და მშიერი. ეგრედვე არის, ძმაო, სულიერი ცხოვრებაცა და მოქალაქეობა კაცისათვის. ღმერთმან მოგცა შენ სულიერი სიმდიდრე, ესე იგი, მადლი, ნათლის-ღება, ზიარება და სხვა; ახლა შენ უნდა ადგე და ისე გონივრულად მოიქცე, რომ ეს სულიერი მადლი თანდათან განამრავლო მონანებითა, ლოცვითა, კეთილი ყოფა-ქცევითა; და თუ არა - თუ იწყე ცუდად ცხოვრება, ცოდვის ქმნა, უსამართლობა, მაშინ დაკარგავ ცოტ-ცოტად იმ სულიერს სიმდიდრესა, გაღარიბდები და სულიერად დაიმშევი. სულიერად შენ მაშინ სცხოვრებ ეკლესიაში და მდიდრდები, როდესაც ლოცულობ და ლოცვაში მოინანიებ შენთა შეცოდებათა. გარნა რაი არს ცოდვის მონანება? რას ეწოდება მონანება? რაში მდგომარეობს იგი? მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და იტყვის: მე ესა-და-ეს საქმე სწორედ ცუდად ვქმენიო, ამ საქმეში მე სწორედ დამნაშავე ვარო ღვთის წინაშე, ეწყინება, მოეძალება ცოდვა და მერმე იტყვის: არა, ამა იქით აღარ ვიქმნ იმ საქმესო; ღმერთო, მომიტევე ახლა და ამას იქით კი სწორედ მომძულდა ის ცოდვა და აღარ ვიქმნო! აი რაი არს მონანება! გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეკკლესიაში კი, მართალია, ყოველთვის ეუბნები ღმერთს: ვსცოდე, შემინდევ! მაგრამ არ იშლი იმ ცოდვას, თითქმის არც გახსოვს, რაში სცოდე; ტყუილად ბაგით განიმეორებ: შემინდევ, უფალო, და შემიწყალე! და არ იცვლები, არა სტოვებ ისევ უსჯულოებას. კარგი ის არის, რომ იცნა შენი შეცდომა და ცოდვა, მოიძულო იგი და მერმე აღარ მიიქცე მისდამი. ერთი კარგი და დიდი საშუალება და ღონის-ძიება გაქვს, ძმაო, თუ გსურს, რომ განამრავლო სულიერი სიმდიდრე - მადლი. აქ, ამ ეკკლესიაში, შეგიძლია სულიერად გამდიდრდე, თუ ყურად-ღებით ისმენ და აღასრულებ, რაც გესმის აქ ლოცვა, გალობა, საღმრთო წერილის კითხვა. გარნა, საუბედუროდ, კარგად არ ისმენთ და არ გახსოვთ, რასაც გაიგონებთ. ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკკლესიაში და წირვის გათავებამდის დადგა, პირ-ჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო; სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გულში, რომელი ცუდი აზრი გაუსწორდა, რომელი ცუდი საქმე დაავიწყდა. როდესაც შენ, ძმაო ჩემო, მრთელი დღე დუქანში ივაჭრე, საღამოზედ დასთვლი, რა გაყიდე, რავდენი ფული მოიგე, რაოდენი სარგებლობა მიიღე. ეგრედვე უნდა ქნა სულიერადაც როდესაც გამოხვალ ეკკლესიითგან, იფიქრე და შეიტყვე, რა გაიგონე, რაოდენი სულიერი სარგებლობა მიიღე? უმჯობესი შეიქმენ, თუ არა, გამდიდრდი თუ არა?
დღეს, ძმანო ჩემნო, თქვენ დღესასწაულობთ წმიდის მთავარ-მოწამის გიორგის ხსენებას. რა აზრი გაქვსთ, ძმანო, ამ დღესასწაულზედ? სულიერსა სიხარულსა და ნუგეშსა ეძიებთ, თუ ხორციელს ნუგეშსა? მეტყვის ვინმე, ორივესაო: მინდა წმიდა გიორგიც ვადიდო და მერმე გავიხარო და ვინუგეშო ხორციელადაცო. კეთილი, ძმაო ჩემო, მაგრამ ეჭვი მაქვს და მეშინის რომ ამ ხორციელმა შენმა გახარებამ არ დაგავიწყოს სრულიად სულიერი სიხარული და მადლი. თუ ნამეტნავად სვამ და სჭამ, თუ უშვერად იმღერი და მთვრალობ, არა თუ არ მოგემატება მადლი, არამედ ცოდვაში შთავარდები. რაში მდგომარეობს პატივის-ცემა და დიდება წმიდა გიორგისა? ის ვინ იყო? მხედარი, რომელმან ქრისტეს გულისათვის მიიღო ურიცხვი წამება და შემდგომ სიცოცხლე შესწირა ღმერთსა; მაშასადამე, როგორ უნდა მოიქცე და რა ნაირად პატივი სცე იმას, თუ გსურს, რომ იამოს და მოეწონოს შენი პატივის-ცემა და შემწე გეყოს? ვგონებ, რომ უმჯობესი და უმთავრესი მისი პატივის-ცემა ის იქმნება, როდესაც შენ დღეს კეთილს საქმეს იქმნ, რომელსამე შენს ცოდვას მოიშლი და მადლს მიიღებ. გარნა თქვენ, როგორც ვხედავ, ისრე გონებთ, რომ წმიდა გიორგისათვის დიდი პატივის-ცემა არის, როდესაც ითამაშებთ, იმღერით, ცხენებს აჭენებთ. ვის გაუგონია, რომ თამაშობა, სიმღერა, ცხენის ჭენობა და ბევრი ღვინის სმა მოეწონოს რომელსამე წმიდას? თუ ამისთანა საქმე ყვარებოდა წმიდა გიორგის, არც იქმნებოდა იგი წმიდათა შორის.
არა, ძმაო, როგორც გითხარ, თუ გსურს წმიდა გიორგის პატივის-მცემელი იყო, მოიშალე ერთი რომელიმე შენი ცოდვა და მადლიანი საქმე აღასრულე; მაშინ მხოლოდ იქმნება იგიცა შენი შემწე და მფარველი, რომელიცა მოგვცეს ღმერთმან. ამინ.