მოვალს ჟამი, და აწვე არს ოდეს ჭეშმარიტი
თაყვანის-მცემელნი თაყვანისცემდეს მამასა
სულითა და ჭეშმარიტებითა... სულ-არს ღმერთი
და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა
თანა-აძს თაყვანისცემა (იოან. დ, კგ, კედ).
საყვარელნო ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მე განვიზრახე დღეს თქვენთან მოლაპარაკება იმაზედ, თუ რაი არს სულიერი თაყვანის-ცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთსა სულითა თვისითა; გარნა ვინაითგან საგანი ესე ფრიად ღრმა და ცნობა მისი მეტად საჭირო და სასარგებლო ჩვენთვის, მივიქცეთ ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას სახლსა შენსა, შენდამი შევრდომილნი, შენნი მადიდებელნი და შენგან მომლოდინენი დიდისა წყალობისა, ვინაითგან შენ ხარ წყარო მოწყალებისა და კარი შეწყნარებისა. შენ გევედრებით, მოგვეც ჩვენ გულის-ხმის-ყოფა, განაღე სული ჩვენი, რათა ვისწავლოთ. რა არს სულიერი მსახურება ღვთისა, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ ჯერ-არს თაყვანის-ცემა და სათნო-ყოფა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დასაწყისად და საფუძვლად აწინდელისა ჩვენისა სიტყვისა აღვიღოთ სიტყვა მაცხოვრისა: სულ-არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა: ესე იგი ღმერთი არის სული უხილავი და თაყვანისმცემელნი მისნი სულითა და ჭეშმარიტებითა უნდა თაყვანისცემდენ მას. ეს სიტყვა ჰრქვა მაცხოვარმან დედაკაცსა სამარიტელსა, რომელმან ჰკითხა მას: სადა ჯერ-არს თაყვანისცემა ღვთისა. იერუსალიმს, ანუ მთასა მას ზედა, სადაცა სამარიტელთა ჰქონდათ ტაძარი და თაყვანისცემდენ ღმერთსა? იმ ჟამად ურიანი ჰფიქრობდენ, რომელ მხოლოდ იერუსალიმს ჯერ-არს თაყვანისცემა, მსახურება და მსხვერპლის შეწირვა ღვთისადმი; ხოლო სამარიტელნი იყვნენ წინააღმდეგნი ამისა და ემსახურებოდნენ ღმერთსა თვისსა ტაძარსა შინა. გარნა სხვანი ტომნი და ხალხნი იყვნენ კერპთ-მსახურნი, ემსახურებოდნენ მრავალთა ცრუთა ღმერთთა. თაყვანისცემა წარმართთა იყო მხოლოდ ხორციელი. გონება მათი იყო ესოდენ დაბნელებული, რომელ არ იცოდენ მათ უხილავი ღმერთი: იგინი თაყვანსცემდენ რასაცა ჰხედვიდენ თვალითა თვისითა, მზესა ანუ მთვარესა, ანუ ვარსკვლავთა და სხვათა ქმნილებათა ღვთისათა: მსახურებაცა მათი მდგომარეობდა მას შინა, რომელ იგინი შესწირვიდენ რომელთამე მსხვერპლთა. გარნა ოდეს მოვიდა მაცხოვარი ჩვენი ქვეყანასა ზედა, მან გამოგვიცხადა და გვასწავა ჩვენ, რომელ ღმერთი არის სული უხილავი, დაუსრულებელი, ყოვლადშემძლებელი, და, ვინაითგან ღმერთი არის სული უხილავი თაყვანისცემა და მსახურებაცა მისი უნდა იყოს სულიერი. ესე იგი კაცი უნდა ემსახურებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა კეთილითა თვისითა სულითა, სიმართლითა, ჭეშმარიტებითა. კეთილითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. ვისაც ყოველთვის ახსოვს, რომელ ღმერთი ყოველგან არს, ყოველსა მისსა საქმესა ჰხედავს, ყოველსა მისსა სიტყვასა ისმენს, ყოველსა მისსა სურვილსა და განზრახვასა გამოსცდის; ვისაც ახსოვს ესენი და შიში აქვს, რომ არ განარისხოს ცუდითა თვისითა საქმითა, ანუ ჰაზრითა, ანუ ყოფა-ქცევითა უხილავი და ყოველგან მყოფი ღმერთი. იგი არის ჭეშმარიტი თაყვანის-მცემელი ღვთისა.
გარნა ჩვენ, სამწუხაროდ, გვაკლია სულიერი თაყვანისცემა ღვთისა; ჩვენ უმეტესად იმას ვცდილობთ, რომ ხორციელათ ვემსახუროთ ღმერთსა, ხოლო სულიერი მსახურება და თაყვანისცემა ღვთისა გვავიწყდება. დასამტკიცებლად ამისა წარმოვადგენ რაოდენსამე მაგალითსა: რომელსა მცნებასა, ანუ რომელსა ღვთის მსახურებასა ვასრულებთ ჩვენ ყოველნი უმეტესად და დაურღვევლად? მარხვის შენახვასა. ხომ არ შეიძლება, რომ ვინმე მარხვაში ხორცი სჭამოს: ხომ საშინელ სირცხვილად მიაჩნიათ სოფელში, ვინც ხორცსა სჭამს მარხვაში? ხომ განიკითხვენ და შეარცხვენენ მას, ვინც გაჰბედავს მარხვის დარღვევასა. ოთხშაბათს და პარასკევს, არა თუ ხორცის ჭამა მიაჩნიათ ცოდვათ, არამედ თითქმის თევზსაც არა სჭამენ მრავალნი. ერთი სიტყვით, ეს მცნება მაგრად გვიჭირავს და ძნელად დავარღვევთ. გარნა რას ვხედავთ? იმავე დღეს, როდესაც შენ გეშინიან და ძლიერ გახსოვს რომ ხორცის ჭამა არ შეიძლებაო, ადვილად იტყვი სიცრუესა და მოატყუებ შენს მოყვასსა; იქმნება კიდეც წაეჩხუბო და სცემო ვისმე, იქმნება კიდეც წაართვა ვისმე რაიმე. ერთი სიტყვით, მრავალ სხვა ცოდვას იქმ, და სინიდისი არ გაწუხებს შენ რა არის ეს? შეიძლება ასრე მსახურება ღვთისა? ღმერთი ითხოვს შენგან კეთილსა საქმესა, სიმართლესა და სათნოებასა, შენ მიუძღვნი მას საჭმლის გამოცვლასა. სულითა და ჭეშმარიტებითა უნდა ემსახურებოდე ღმერთსა და შენ ემსახურები მუცლითა შენითა. რა დიდი სათნოება არის და რა დიდი ღვთის მსახურება არის, რომ ნაცვლად ხორცისა, შენ სჭამო ერთს ანუ ორს დღეს ლობიო, ანუ სხვა სამარხვო საჭმელი! ეს ფრიად ადვილია, ეს ძნელი არ არის, ამას ყოველი კაცი იქმს; დიდი სათნოება და მოღვაწება ის იქმნება, როდესაც შენ გასწმენდ გულსა შენსა ცოდვათაგან და ემსახურები ღმერთსა სიმართლითა და კეთილითა ყოფაქცევითა.
გარნა მისთვის კი არ გეტყვი ამას, რომ მარხვა აღარ შეინახო; არამედ მისთვის, რომელ უკეთუ ამ მცირე საქმეს და უკანასკნელს მცნებას ისრე მტკიცედ ინახავენ, რაც უმაღლესი მცნება არის და უსაჭიროესი, ის უმტკიცესად უნდა შეინახო. მარხვა თავის თავათ არაფერი არის, უკეთუ არა შეერთებულ-არს სხვათა სათნოებათა თანა. შენ მარხულობ და სიცრუის ლაპარაკს და შურისძიებას არ ერიდები? არაფერი სარგებლობა არ გაქვს, არამედ უარესათ სცოდავ. მისთვის, რომ გგონია, ვითომც მარხვის შენახვით სხვა ცოდვას დაჰფარავ. თუ სიცრუის ლაპარაკი გიყვარს და ცილის-წამება, მომეცი პირობა, რომელ ამიერითგან ერთი სიცრუე აღარა სთქვა, და მაშინ ექმნება პატივი და ღირსება შენს ხორცის უჭმელობას; ან იქმნება შენ გულფიცხელი ხარ, ხშირად ეჩხუბები შენთა მეზობელთა, ხშირად აწუხებ და აიწროებ შენთა მონათესავეთა; მომეც პირობა, რომ ამიერითგან შენ იქმნები მშვიდ და არავის შეაწუხებ, და მაშინ მოვიწონებ შენსა მარხულობასა. დარწმუნებულ-იყავ, რომ ღმერთს უმეტესად იამება შენი სიმშვიდე და კეთილი ყოფა-ქცევა, ვიდრე შენი მარხვის შენახვა.
მეორე მაგალითი ისმინეთ. ხომ გაგიგონიათ და იცით, თუ ვითარი დიდი ღვთის მცნება არის ძეთა თვისთა კეთილად აღზრდა და შვილთათვის დედ-მამის პატივისცემა და შენახვა. საღვთო წერილი მრავალ-გზის და მრავალფერად ასწავლის, თუ ვითარითა შიშითა და ერთგულებითა მშობელნი უნდა ჰზრდიდნენ შვილთა თვისთა, თუ ვითარ იგინი ცდილობდენ, რომ შვილნი მათნი გამოვიდენ კეთილნი ქრისტიანენი, ღვთის-მსახურნი და ჭეშმარიტებით თაყვანისმცემელნი ღვთისა: ეგრეთვე შვილნი როგორ უნდა პატივსცემდენ მშობელთა თვისთა, ემორჩილებოდენ, ინახავდენ, უვლიდენ. ერთი სიტყვით, ამაზე უკეთესი ღვთისმსახურება და სულიერი თაყვანისცემა ქვეყანაზედ არ იქმნება, როდესაც მშობელნი კეთილად ჰზრდიან ძეთა თვისთა და ძენი პატივცემენ და ემორჩილებიან მშობელთა თვისთა; გარნა რას ვხედავ მე აქ, ამ მონასტერში: განმავლობასა შინა ხუთისა ანუ ექვსისა დღისასა მრავალნი მოვიდნენ ჩემთან მოჩივარნი, რომელთაგან ზოგი უჩივოდა შვილთა თვისთა, რომელ იგინი არ ემორჩილებიან მათ, პატივს არა სცემენ ჰსურსთ განყოფა მათგან და წარსვლა თვისათ; სხვანი უჩიოდენ დედ-მამათა თვისთა; იყვნენ ზოგნი, რომელნი ამბობდენ, რომ არ ჰსურთ შენახვა მშობელთა თვისთა. ერთი სიტყვით, დავინახე მე, თუ ვითარ დარღვეულ-არს საღმრთო ესე კავშირი მამა-შვილობასა შორის მრავალთა დედმამა-შვილთა? დავინახე, რომელ, როგორც გამოიზრდებიან ზოგნი შვილნი და ცოლს შეირთავენ, მაშინვე მოსძულდებათ დედ-მამასთან ცხოვრება და ყოფნა; დავინახე, რომელ ზოგიერთნი უღმერთონი შვილნი ჰცდილობენ, რომელ დედ-მამა თვისი აშალონ და წაკიდონ სხვათა შვილთა თანა იმ გაზრახვით, რომ მხოლოდ მათ დაშთეს სამკვიდრებელი მშობელთაგან; დავინახე, რომ სხვათა, რომელთამე უღმრთოთა შვილთა ესოდენ დავიწყებიათ ღმერთი და მცნება მისი, რომელ ემძიმებათ და კიდეც სძულსთ შენახვა მოხუცებულთა მშობელთა თვისთა, ხოლო იმავე დროს, როდესაც ამისთანა საშინელს უსჯულოებას იქმონან, მარხვის დარღვევა ეძნელებათ და მარხვის დღეს ხორცს არა სჭამენ. ღმერთო, რა საშინლად დაბნელებულ-არს გონება ჩვენი! პირველსა და უმთავრესსა მცნებასა ვარღვევთ და ნაცვლად მისა ვასრულებთ უმცირესსა და უკანასკნელსა მცნებასა! პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. ეს მცნება მოგვცა თვით უფალმან ღმერთმან; ამ დიდს და უსაჭიროესს მცნებას ვარღვევთ ადვილად, და რაც ესოდენ საჭირო არ არის, იმას ვასრულებთ. ეს არის ღვთისმსახურება? ეს არის სულიერი თაყვანისცემა ღვთისა? გარნა სხვანიცა მრავალნი მაგალითნი და ჩვეულებანი ჩვენნი ამტკიცებენ, თუ ვითარ შორს ვართ ჩვენ სულიერისა თაყვანისცემისაგან; გარნა ვინაითგან განგრძელდა სიტყვა ჩვენი, აღარ მოვიყვან დღეს სხვათა მაგალითთა; მხოლოდ, უკანასკნელ, გლოცავ თქვენ, ძმანო ჩემნო, გახსოვდესთ მტკიცედ, რომ ღმერთი არს სული უხილავი და სულიერი მსახურება და თაყვანისცემა ჯარ-არს მისდა, ხოლო სულიერი თაყვანისცემა არის კეთილი ყოფაქცევა, სიმართლით და სიწმიდით ცხოვრება. ამინ.