ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წარკითხული მოკლე სახარება იპყრობს თვის შორის ღრმასა და ვრცელსა სწავლასა. მოვისმინოთ მოკლედ განმარტება მისი, მავედრებელთა ღვთისა, რათა მოგვცეს გულის-ხმის-ყოფა და სულიერი აღშენება.
რომლისა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე (მარკ. ჱ. ლდ) ამ პირველს მუხლში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს ჩვენ დიდსა და მაღალსა სწავლასა. თითქმის მთელი სახარების სწავლაა გამოთქმული სიტყვათა ამათ შინა. ამ სიტყვებში უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვაგონებს ჩვენ, რათა ჩვენსა ცხოვრებასა ადვილად და მსუბუქად არ ვუყურებდეთ, არამედ მძიმედ, ვითარცა ერთსა დიდსა ღვაწლსა და შრომასა: არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის-შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქა არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი, მრავალ გზის განსაცდელი და ესრეთ წინადვე განვამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ჩვენთა ჯვარისა, ესე იგი, ყოვლისა სიმძიმისა, ჭირისა და განსაცდელისა; უარის ყოფად თავისა ჩვენისა ესე იგი დავიწყებად ყოველისა, რაიცა იამება ხორციელსა, დაცემულსა ჩვენსა ბუნებასა, და სვლად შემდგომად ქრისტესა, ესე იგი, ვითარცა მან გაატარა ცხოვრება თვისი აქ დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწებასა და მოთმინებასა შინა, ეგრედცა ჩვენც ვეცადოთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწებითა და მოთმინებითა.
რამეთუ რომელსა უნდეს სულსა თვისსა განრინება, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი (მარკ. ჱ, ლე) ამ სიტყვებში უფალი იესო ქრისტე ახსნის და განავრცელებს იმავე ჰაზრსა, რომელიც წარმოსთქვა უწინარესსა მუხლსა შინა. აქ უფალი გვასწავლის ჩვენ, თუ ვინმემ თავი თვისი დაზოგა შრომისა და მოღვაწეობისათვის, თუ ვინმე ამ ქვეყანაზედ დაემალა ყოველსა ღვაწლსა, ჭირსა და განსაცდელსა, და ნაცვლად შრომისა და მოღვაწეობისა იწყო ძებნა ლხინისა და განცხრომისა, იგი წარწყმედს სულსა თვისსა. რა სახით? მით, რომელ იგი არა თუ მომავალსა საუკუნესა დაჰკარგავს, არამედ აქაც გააფუჭებს და წარწყმედს თავის სულს, ვინაითგან ამ ქვეყანაშიაც შრომა და მოღვაწეობა განამტკიცებს და განანათლებს კაცის სულსა, გარნა სიზარმაცე და განცხრომა წაახდენს. კაცი, რომელი არა ჰზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომას და მოღვაწეობასა, არ მიეფერება თვისსა დაცემულსა ბუნებასა, არამედ წარწყმედს თავის გულში ხორციელსა ზრახვასა და გემოვნებასა, იგი ამით აცხოვნებს სულსა თვისსა.
რა სარგებელ არს კაცისა, უკეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი, და სული თვისი იზღვიოს, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად უფლისა თვისისა (მარკ. ჱ, ლვ, ლ). კაცის ბუნებაში სული არის ხორცზედ უმთავრესი, მაშასადამე სულისათვის უმეტესად უნდა იზრუნოს კაცმან. უმჯობესია მოითმინოს მან ყოველი და სული თვისი დაიცვას. რა სარგებელი იქმნება, რომ კაცმან ერთი წუთის წარმავალი ნუგეშისათვის დაღუპოს თავისი სული. Bცოდვილი კაცის თვისება სწორეთ ის არის, რომ იგი ერთის წუთის კმაყოფილებისათვის თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს, თავის სულს აზღვევს სოფლის ერთ უბრალო გემოვნებისათვის. ამ ცუდის ჩვეულებისაგან გვაფრთხილებს უფალი, როდესაც იტყვის: რა მიცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა? რამეთუ რომელსა იგი სირცხვილეულ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, ნათესავთა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისათა ანგელოზთა თანა წმიდათა (მარკ, ჱ, ლჱ). ეს სიტყვები, ერთი მხრით, გააკვირვებენ გონებასა კაცისასა. ნუთუ შესაძლებელია, რომ იყოს ისრეთი კაცი ქვეყანაზედ, რომელსა სირცხვილეულ უჩნდეს, ე.ი. შერცხვეს იესო ქრისტესი და მისისა სწავლისა? არ ყოფილა ჯერედ ქვეყანაზედ იესო ქრისტეზედ უმჯობესი არსება; არ არის და არ შეიძლება, რომ იყოს მის სახარებაზე უღრმესი, უბრძნესი, უტკბილესი სწავლა და დარიგება. ამას ესრეთ აღიარებენ თვით უპირველესნი ფილოსოფოსნი. ზოგნი მათგანნი, თუმცა არ დაემორჩილნენ მისსა სახარებასა, გარნა მაინც აღიარებენ, რომ მასზედ უმჯობესსა სწავლასა კაცი ვერ წარმოიდგენს და ვერც გამოსთქვამს. მაშასადამე, როგორღა შეიძლება ვისმეს შერცხვეს მისისა სახელისა და მისის სწავლისა? ეს შესაძლებელია, ძმაო, იმ კაცისათვის, რომელიც ამ სიცოცხლეში ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა და არ სურს იესო ქრისტეს ჯვარის აღება და შემდგომად მისა სვლა. ხშირად იტყვის სოფლისა და ცოდვის მოყვარე კაცი: წუთის სოფელიაო: განვიხარებ და ვინუგეშებ, ვინემ ცოცხალ-ვარო, მოვკვდები, რა ვიცი, რა დამემართებაო.ესრეთსა კაცსა რცხვენია იესო ქრისტეს სიმდაბლისა; მისი ჯვარის აღება მას ეზარება.
ასე მძიმედ და ღრმად უნდა უყურებდე შენ, ძმაო ქრისტიანე შენსა სიცოცხლესა და მოქალაქობასა, ესრედითა შრომითა და მოწიწებითა უნდა ასრულებდე შენსა მოვალეობასა. საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის ქცევაში, იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწასა, მაგრამ იმასაც ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წინააღმდეგ ამისა, წმიდა მოციქული პავლე მისწერს კოლასელთა: გიხაროდენ და კვალად გეტყვი გიხაროდენ; ესე იგი, ქრისტიანე კაცს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა, წეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული სიხარული და მხიარულება არის ნაყოფი შრომისა და მოღვაწებისა; ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა არის ყალბი და წუთიერი. პირველი წარმომდინარეობს კეთილისა სინდისისაგან, განწმედილი აზრისაგან.
ენა კაცისა ვერ გამოსთქვამს იმ სიხარულსა, ნეტარებასა და ნუგეშსა, რომელსა ხშირად გრძნობდეს წმიდანი კაცნი, რომელიმცა მოგვცეს ჩვენც ყოველთა ღმერთმან. ამინ.