ძმანო და დანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!
თუმცა აწინდელი დღესასწაული დიდ არს და სასიხარულო ყოველთა კაცთათვის, გარნა უმეტესად დედაკაცთათვის, რადგან ვდღესასწაულობთ ჩვენ ხარებასა ყოვლად-წმიდისა მარიამისასა. ამისთვის დღეს სიტყვასა და მოძღვრებასა ჩვენსა მივაქცევთ განსაკუთრებით ქრისტიანულთა ქალთა მიმართ. ამ განზრახვით, პირველად მოვიყვან და წავიკითხავ თქვენს წინაშე რაოდენთამე მუხლთა წიგნისაგან ისუ ზირაქისა, რომელიც იყო წარჩინებული სიბრძნითა, მწერალი ძველისა აღთქმისა. შევიტყოთ, რა ზნეობას მოითხოვდა იგი ქალთაგან, რას უქებდა იგი ქალთა და რას უწუნებდა მათ, რა შეხედულობა და აზრი ჰქონდათ ძველი აღთქმის მწერალთა დედაკაცების ზნეობაზე და ყოფა-ქცევაზე. ეს მით უმეტესად იქნება დღეს შესაფერი. რომ ამას წინად, თვით ამ დღესასწაულს, ჩვენ მოგიყვანეთ და აღგიხსენით აზრნი და შეხედულობანი ქალთა ზედა მეორისა, უმეტესად შესანიშნავისა და ბრძნისა ძველი აღთქმის მწერლისა, ესე იგი სოლომონ ბრძნისა მაშასადამე, შეწევნითა ღვთისათა, ვიწყოთ ჩვენი საუბარი.
ისუ ზირაქი წიგნსა შინა თვისსა, პირველად ოცდა მეხუთესა თავსა შინა, აღწერს თვისებათა და ჩვეულებათა ცუდისა, ბოროტისა დედაკაცისასა, მერმედ, ოცდა მეექვსესა თავსა შინა, აღწერს კეთილსა, სათნოსა ქალსა. ჩვენც პირველად მოვიყვანოთ სიტყვები ოცდა მეხუთისა თავისა, და მერმედ ოცდა მეექვსისა.
უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშაპთა, ვიდრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა-თანა (თავი 25, 18)
იქნება ეს სიტყვები ვინმეს თქვენთაგანს ეჩვენოს ნამეტან ფიცხლად და უადგილოდ, მეტადრე ვისაც არ გამოუცდია ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისათანა, ის იფიქრებს ამ სახით, მაგრამ თუ ჰკითხავ იმ კაცებს, რომელთაც დიდხანს უცხოვრიათ ბოროტთა დედაკაცთა თანა, ისინი დასთანხმდებიან ისუ ზირაქის აზრსა. მართლა, ერთობ დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელი არის ცხოვრება ბოროტსა დედაკაცისა-თანა.
სიბოროტე დედაკაცისა შეუცვლის სახესა მისსა და დააბნელებს პირსა მისსა, ვითარცა ძაძა (თავი 19). ამ მუხლს ბევრი ახსნა არ უნდა. სიბოროტე გულსა შეცვლის და გააფუჭებს სახესა, არა თუ დედაკაცისას, არამედ მამაკაცისასაც; მაგრამ, რადგან პირისახეს დედაკაცისას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მამაკაცისათვის, ამისთვის აქეთგან ის უნდა ვისწავლოთ, რომ სიბოროტე გულისა ამ მხრითაც უფრო დიდ ვნებას აძლევს დედაკაცს.
მცირე არს ყოველი სიბოროტე წინააღმდეგ სიბოროტისა დედაკაცისა (მუხ. 21) ესე იგი დედაკაცის სიბოროტე უფრო დიდი არის, ვიდრე სხვა სიბოროტე, რისთვის? მისთვის, რომელ ქალს ღმერთმან მისცა უფრო ჩვილი გული ლმობიერი ხასიათი, და თუ ქალმან ეს ბუნებითი თვისი თვისება შესცვალა, ბოროტი შეიქმნა, უფრო საძაგელია.
რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა მისსა (მუხ. 24), ესე იგი თუ დედაკაცი უფლობს, ანუ უფროსობს თავის ქმარზეო, ის დიდი სირცხვილი, კდემა და ურცხვინოება არისო. იქნება აქ ვინმემ ამის წინააღმდეგი იფიქროს: განა არ შეიძლება რომ ზოგჯერ ცოლი უფრო ჭკუიანი და მხნე იყოს, ვიდრეღა ქმარი მისი? ცუდი არ იქნება, რომ იმან დაიწყოს უფროსობა ოჯახში და ამით ოჯახი გაკეთდეს? არა, დანო ჩემნო! უფროსობა და უფლება ცოლისა ქმარსა ზედა, როგორც ძველს აღთქმაში, აგრეთვე არც ახალს აღთქმაში არ არის შენდობილი. რაცგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს ცოლი ქმარსა ზედა, მაინც იმას უნდა ემორჩილებოდეს. ოჯახის წარმატებას და სიკეთეს ეს არ დაუშლის, ქმრის პატივის ცემა და მორჩილება შეიძლება კეთილად შეერთდეს ზრუნვასა, შრომასა და გაკეთებასა ოჯახისასა.
გული მდაბალი და პირი მჭუნვარე და დაწყლულება გულისა დედაკაცი ბოროტი ( მუხ.25) - ესე იგი ქმარსა ბოროტის დედაკაცისასა პირი მჭმუნვარე აქვს და წყლულება აქვს გულში.
ხოლო უძლური და მუხლით დახსნილი დედა-კაცი, რომელიცა არა ჰნატრის ქმარსა მისსა (მუხ. 26), დედა-კაცისაგან დასაბამი ცოდვისა, და მით მოკვდებით ყოველნი (მუხ. 28)
ასე სასტიკად და ფიცხლად აღწერს ისუ ზირაქი ბოროტსა, ცუდსა დედაკაცსა: გარნა, ნაცვლად ამისა, იგივე ისუ ზირაქი ძლიერ შეამკობს და აქებს დედაკაცსა კეთილსა.
დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი, და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ (თავ. 26,1) ესე იგი ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ესე იგი ერთი ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი კაცი და ქალი დასთანხმდება. ვინ არ იცის, რა ბედნიერება არის კაცისათვის კეთილი ცოლი, ისიც უეჭველია, რომ ამისთანა ქალის ქმარი უფრო დიდხანს იცხოვრებს ქვეყანასა ზედა. როგორც შფოთი და მწუხარება შეამოკლებს ცხოვრებასა კაცისასა, მსგავსადვე მყუდროება და სიხარული შინაური გააგრძელებს მას.
დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა, და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა (მუხ. 2)
მდაბალი დედაკაცი ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი (მუხ. 16)
ნიჭი უფლისა დედაკაცი მდუმარე (მუხ. 17), მადლი მადლსა ზედა დედაკაცი მორცხვედი (მუხ. 19).
აჰა, როგორ შეამკობს ისუ ზირაქი კეთილსა დედაკაცსა! სჩანს, რომ ძველ აღთქმაშიაც დედაკაცებში მოსწონდათ მორცხვობა, მდუმარე, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახისათვის მზრუნველობა. თუ ძველ აღთქმაში ესრეთი იყო მხედველობა და დანიშვნა ქალისა, მით უმეტესად ახალ აღთქმაში კაცნი უნდა იყვნენ შემკობილნი იმავე და უმჯობესითა სათნოებითა.
დანო ჩემნო, მორწმუნენო ქრისტიანენო, ქალისაგან ახალი აღთქმის სწავლა უფრო ამაღლებულსა სათნოებასა მოითხოვს და უფრო ამაღლებულსა დანიშნულებასა უჩვენებს მას. ამაზე დიდი და ვრცელი ლაპარაკი არის საჭირო, მაგრამ მეშინის გაგრძელება სიტყვისა, რადგანაც გრძელი წირვა-ლოცვა იყო და დიდი ხანია სდგეხართ აქ. მისთვის ახლა მხოლოდ რაოდენთამე მოკლეთა სიტყვათა შინა აღგიხსნი თქვენ, რა მნიშვნელობა აქვს და როგორი უნდა იყოს ახალი აღთქმის ქალი.
როდესაც გავიხსოვნებთ ერთად ყოველთა იმ სიტყვათა და სწავლათა, რომელნი არიან თქმულნი ახალი აღთქმის საღმრთო წიგნებში, შესახებ ქალების ზნეობისა და მათი ყოფა-ქცევისა და, ამასთანავე, როდესაც ერთად წარმოვიდგენთ ყოველთა მათ სახეთა და მაგალითთა, რომელი მოგვცეს ჩვენ მრავალგვართა წმიდათა ქრისტიანულთა ქალთა, ქალწულთა, მოწაფეთა, ღირსთა მონაზონთა, დედათა, მეუდაბნოეთა და სხვათა ქალთა, წმიდათა შორის შერაცხილთა, და, მეტადრე, როდესაც წარმოვიდგენთ იმ ქალწულსა, რომელსა დღეს მთავარ-ანგელოზმან მიართვა ხარება და რომელსა წმიდა ეკლესია უწოდებს უპატიოსნესად ხერუვიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაბიმთასა, მაშინ მოკლედ ასე უნდა გამოვსთქვათ, რომ ქისტიანულის ქალის მნიშვნელობა ის არის, რათა იყოს იგი მცველი, განმამტკიცებელი, განმავრცელებელი სიწმიდისა, პატიოსანი ზნეობისა, დამამყარებელი და აღმაღორძინებელი ქრისტიანულის ცოლ-ქმრობისა, მამაშვილობისა, ერთი სიტყვით, ოჯახის ცხოვრებისა, სიწმიდისა და ზნეობისა. რა დიდი და მაღალი არის ეს მნიშვნელობა, ამას მოკლედ ვერ ახსნის კაცი. ხოლოდ იმას დაუმატებ: ნეტარ არს ის ქვეყანა და ერი, რომელსა შინა ქალნი არიან წმიდისა ზნეობისა, პატიოსნის ცხოვრებისა. ის ქვეყანა და ერი ყოველთვის იქნება წარმატებასა შინა და ბედნიერებასა. წინააღმდეგ ამისა, უბედურ არს და სანატრელ ის ქვეყანა და ერი, რომელსა შინა ქალთა დაივიწყეს თვისი მნიშვნელობა, მიიღეს ცუდი ზნეობა, დაიწყეს დაფანტული, ქრისტიანულის ზნეობის წინააღმდეგი ცხოვრება. მალე წარხდება და დაეცემა ის ქვეყანა და ერი.
იესო მაცხოვარო! მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა, მოგვეც ჩვენ პირველი და განაშორე ჩვენგან მეორე. ამინ.