ვაი არს, რომელნი იტყვიან ბოროტსა
კეთილად,
და კეთილსა ბოროტად,
რომელნი დასდებენ ბნელსა
ნათლად
და ნათელსა ბნელად და რომელნი
დასდებენ
მწარესა ტკბილად, და
ტკბილსა მწარედ. (ისაია 5, 20).
ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა ამ წმიდა დღეს ჯერ იყო უბნობა თქვენს წინაშე რომელსამე სულიერსა საგანსა ზედა, მაგალითებრ, ლოცვასა, მონანელობასა ზედა, გარნა აწინდელთა საქვეყნო გარემოებათა მაიძულეს მე წართქმად თქვენს წინაშე სიტყვისა იმ საშინელს მოვლენაზედ, რომელზედ ახლა ყოველი კაცი ჰღაღადებს, სწუხს, სჯის, მით უმეტესად, რომ ეს შემაძრწუნებელი მოვლენა, მისი ცხოვლად წარმოდგენა და გახსოვნება, დააფიქრებს კაცს, გააჩენს მის გულში თუ კაცობრივი გრძნობა არ დაუკარგავს, მწუხარებას, სინანულს და ლოცვას.
უეჭველია თქვენ კიდეც მიხვდით, რომ მე ვამბობ ჩვენი ხელმწიფე იმპერატორის საშინელ სიკვდილზე. ვიცი ისიც, რომ თვით თქვენცა ყოველნი უმეტესად განცვიფრებულნი და შეწუხებულნი ხართ ამ შემაძრწუნებელი ანბავისაგან. ან კი როგორ შეიძლება არ განცვიფრდეს კაცი და ზარდაცემული არ შეიქმნეს, თუ იგი კაცია, ადამიანი, და არა მხეცი, როდესაც ცხოვლად წარმოიდგენს, რა სახით გარდაიცვალა ნეტარხსენებული ხელმწიფე ჩვენი! იმ დროიდგან, რაც ქვეყანაზედ არსებობს ხელმწიფებანი და ხელმწიფენი, არ მომხდარა ამისთანა საზარელი საქმე. მჯდომარე ქვეყნის უმაღლეს ტახტსა ზედა, მყრობელი თითქმის ასი მილიონი ქვეშევრდმისა, რომელთა უზომოდ უყვარდათ იგი, რომელმან გააბედნიერა ერი თვისი, გამოიყვანა იგი ეგვიპტეს მონობისაგან, დააყენა ფართოსა გზასა ზედა განათლებისა და წარმატებისა, და არა თუ მარტო თვისი მამულისა და ქვეშევრდომთა იყო კეთილის მოქმედი, არამედ გამოიყვანა აგარიანების ტანჯვისაგან და გაანთავისუფლა არა ერთი მილიონი მართლ-მადიდებელი ქრისტიანენი, ესრეთი ხელმწიფე, თვით სატახტო ქალაქში, შუადღისას, მიმავალი თვისს სასახლეში ბარბაროსულად მოიკლა რაოდენთა მიერ კაცის სახით მექონეთა, მხეცთაგან, მას ესროლეს საფეთქელი, დაუმტვრიეს მუხლები და ფეხები, დასწვეს დაგლიჯეს, ასე, რომ უმაღლესმა გვირგვინოსანმან ძლივს მიაღწია თავის სასახლეში და მყისვე განუტევა სული. ჩვენ ას მილიონამდე ვართო მისი ქვეშევრდომიო, იტყოდა ერთი მქადაგებელი ეკლესიაში, წინაშე ურიცხვთა, ზარგანხდილთა, მტირალთა მსმენელთა და თითოელი ჩვენგანი მზად იყო მისთვის შეეწირა სიცოცხლე, და როგორ დაგვემართა ეს საშინელი საქმეო, როგორ განვიკიცხენით ასე წინაშე მთელი ქვეყანისაო, როგორ ვერ დავიცევით ჩვენი მამა, ჩვენი კეთილის მყოფელი, ჩვენი დიდება და სიქადული, რომლისა მსგავსი, ჭკუითა და კეთილ-გონებით, არ ყოფილა ხელმწიფეთა შორისო, მაგრამ ვინ წარმოიდგენს და ვინ აღწერს იმ მწუხარებას, იმ შემუსვრილებას, იმ სირცხვილს, რომელსა მიეცნენ ყოველნი მისნი ქვეშევრდომნი, როდესაც შეიტყვეს ეს საშინელი ანბავი. ადგილი, სადაც დაითხია უბრალო სისხლი კეთილისა ხელმწიფისა, შეიქმნა ადგილი სალოცველი, დილითგან საღამომდის ურიცხვნი კაცნი, ყოველი ქალაქებიდგნან და სოფლებიდგან, მიდიან იმა ადგილზედ, დაიჩოქებენ, ჰკოცნინ ალაგს, რომელმან მიიღო სისხლი მართალი, სანთელს ანთებენ და ლოცულობენ. ყოველთა რუსეთის დიდ ქალაქების რჩევათა, დიდ ძალი ფული გადასდვეს, რომ ააშენონ იმ ადგილზედ ტაძარი, ძეგლად და საუკუნო სახსენებლად მისი სულისა, და დიდი სახლები, გამოსაზრდელად ღარიბთა, ქვრივთა და ობლებისა. ესრეთსა განუცხრომელსა მწუხარებასა შინა მყოფთა, რუსეთის ქვეშევრდომთა დარჩა ერთი ის ნუგეში, რომ მარადის სახსენებელმა ხელმწიფე იმპერატორმა დასტოვა თავის ტახტის მემკვიდრე, თვისი უფროსი ძე, მყოფი სრულს, ყვავილოვანსა ასაკსა შინა, გამოცდილი ყოველთა სამოქალაქო, სამხედრო და უმეტესად სახელმწიფოთა საქმეთა შინა. რაიცა შეეხება მარადის სანატრელსა, აწ მიცვალებულსა ხელმწიფესა, თუმცა მიცვალება მისი იგი იყო საშინელი და შესაძრწუნებელი, გარნა მისმა ესრეთმა სიკვდილმა დააგვირგვინა მისი ცხოვრება. ან მიიღო წვალება არა მისთვის, რომ ცუდი რაიმე ჰქმნა, ან ცუდი კაცი იყო, არამედ მისთვის, რომ იყო მტკიცე, მცველი თვისისა ერისა. მკვლელნი არა მისის პირადი მტერნი იყვნენ, არამედ მთელისა რუსეთისა. ჭეშმარიტად, შეიძლება თქმა: იგი იწამა მთელი თვისი ერის ერთგულებისათვის. გარდა ამისა, მისი დანთხეული მართალი სისხლი დიდს ნაყოფს გამოიღებს, იგი გააღვიძებს, გააფრთხილებს, თვალს აუხილავს ყოველს საზოგადოებას, ყოველნი შეიტყობენ, რას უნდა მოველოდეთ იმ გამხეცებულ კაცთაგან, რომელთა მოჰკლეს იგი. კიდეც ახლავე შეეტყობა, რომ ყოველთა გაიღვიძეს რუსეთში, ასე რომ ამ საქმეშიაც ცხადად სჩანს ღვთის განგება, მტერთა მისთა არა თუ შეასრულეს თვისი ავაზაკური განზრახვა, არამედ უმეტესად აამაღლეს ის საქმე, რომლისა გაფუჭება მათ უნდოდათ. მისი სისხლი შეიქმნება განსანათლებელად ზოგიერთ კაცთა დაბნელებულის აზრისა და მიმართულებისა!
გარნა, აქ ჩვენ მივადექით ერთს მძიმე კითხვას: ვინ არიან ხელმწიფის მკვლელნი? ვიცი, რომ თქვენც, ყოველნი ამას ჰკითხულობთ თქვენს გულში. ცხადად, დაწვრილებით და უეჭველად ახსნის და გამოაჩენს იმას მომავალი დროება; მაგრამ ახლაც ბევრი არის შეტყობილი, და შეიძლება ახსნას კაცმან აზრი, მოქმედება და მიზანი იმ პარტიისა, რომელთაც, თხუთმეტის წლის განმავლობაში, გაუმწარეს მიცვალებულს სიცოცხლე, და მისის სახელმწიფო გვირგვინი გარდააქციეს ეკლის გვირგვინად. დიდიხანია გაჩნდა ევროპაში ერთი ახირებული, ანუ, უმჯობეს არს თქმად, გადარეული პარტია. ამ პარტიამ მცირე რამ საქმე არ მოინდომა. მან მოინდომა მთელი ქვეყნის მოწყობილობის, ჩვეულების სჯულის, ყოფაქცევის გამოცვლა, გადაბრუნება. თავდაპირველად მან დაიწყო სწავლა და შეგონება ყოველთა, რომ ქვეყანა ცუდად არის დაწყობილიო, ზოგი მდიდარი, ზოგი ღარიბიო, ზოგს ბევრი ქონება აქვს, ფული, მიწა-წყალი, ზოგს არაფერიო, ასე არ ვარგაო, თავისი საკუთრება არავის არაფერი უნდა ჰქონდესო, ყოველიფერი საზოგადო უნდა იყოსო. ამისთანა აზრებისთვის მათ ჰკიცხვიდენ სუყველანი: თქვენ გინდათ კაცთა საზოგადოების ცხოვრება ისეთი იყოს, როგორც ნახირისაო. მაგრამ ამაზედაც არ გაჩერდა ის პარტია; იგი მიჰხვდა, რომ ვიდრემდის ქვეყანაზედ იქმნება წესიერება, საღმრთო და სამოქალაქო სჯული, მთავრობა, უმცროსობა, იგინი თავის აზრს ვერ აღასრულებენ, ამისათვის იმ პარტიამ უარ-ჰყო ესე ყოველი, და იწყო გმობა ღვთის სჯულისა და მთავრობისა. არც ეკლესიები უნდა იყოს ქვეყანაზე და არც ლოცვაო, არც მთავრობაო და არც სხვა ახლანდელი წესიერებაო, ერთი სიტყვით, მოინდომა ყოველიფერი ახლანდელი მოწყობილების მოსპობა. საუბედუროდ ამ პარტიამ იშოვნა მრავალი მოკერძე, უსაქმოთა, გაფუჭებულთა, მეტადრე, ახალგაზრდა პირთა შორის. წინაპირველად იგინი სცდილობდნენ, რომ თვისი აზრები და სწავლა გაევრცელებინათ მთელს ხალხში სიტყვით და ქადაგებით, და ბევრიც აცდუნეს, ამგრამ მაინც ათასში ერთი არ იქმნებოდა მათი აზრის თანახმა. ბოლოს მათ სთქვეს: მარტო ლაპარაკით და ქადაგებით არაფერი გამოგვივაო; ძალა ვიხმაროთ, ვინც ჩვენს საქმეს დაგვიშლის, დავხოცოთო. სხვა სახელმწიფოებშიაც მინდომეს მათ ხელმწიფების და მათის მოხელეების მოკვლა, მაგრამ ვერ შეასრულეს, და ჩვენს სახელმწიფოში კი, საუბედუროდ, მათ აცდუნეს და მიიკერძეს მრავალნი ახალგაზრდა მოსწავლენი, სხვა და სხვა სასწავლებლებიდგან, დაუბნელეს მათ გონება, და დააჯერეს, რომ ხელმწიფის და სხვა კაცების მოკვლა, რომლებიც მათი პარტიების წინააღმდეგები არიან, არ არის ცუდი საქმე. პირველი სასროლი ხელმწიფეს ესროლა ერთს სასწავლებელში მყოფმა ცხრამეტის წლის ბავშვმან. ერთი სიტყვით, ამ უკანასკნელს წლებში მიიღო იმ პარტიამ ავაზაკური მიმართულება, გარდაიქცა კაცის მკვლელად, ავაზაკად და ისეთ ავაზაკად, რომელთა მსგავსი არ ყოფილა ჯერედ ქვეყანაზედ. დრო არის აქ განვიმეოროთ ის სიტყვები, რომლითაც დავიწყეთ ეს ჩვენი უბნობა: ვაი არს, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ, და რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად. ამ სიტყვების ამომკითხველი ისაია წინასწარმეტყველისაგან, გაჰკვირდება და იფიქრებს: ვინ იქნება ქვეყანაზედ იმისთანა ჭკუა შეშლილი, რომ ბოროტს დაარქვას კეთილი, ბნელს ნათელი და მწარესა ტკბილი, მაგრამ ამას კი მოვესწარით ამ ჩვენს დროში, რომელსაც უწოდებენ განათლებულ დროდ. ხსენებული პარტიის პირი მოკვლას, მოწამვლას, ღალატობას, მოტყუებას, დიდი-დიდი ქალაქების გადაწვას, ესეც კი ჰქმნეს მათ, უწოდებენ კეთილ საქმედ. დიდი გული აქვთ, დღესასწაულობენ, როდესაც ვინმეს მოჰკლავენ და ქალაქებს გადასწვავენ. უბრალო ლაპარაკში ვიტყვით: ძალად ღმერთიც კი ვერ აცხოვნებს კაცსაო, და ამ პარტიას უნდა, რომ ძალად გააბედნიეროს ქვეყანა. კიდეც რომ მათი აზრი მიზანი ქვეყნის გაბედნიერება იყოს, ნუ თუ შეიძლება სიკვდილით, მოწამვლით, ავაზაკობით გაბედნიერება ქვეყნისა? ხსენებული მხეცური პარტია, ვიცით მათ სიტყვას და სწავლას არ დაიჯერებს, მოჰკვლენ, მოსწამვლენ, დასწვენ და ამბობენ - ქვეყანა უნდა გავაბედნიეროთო!
დასასრულ, ძმანო, გამოვიყენოთ ჩვენი ზნეობითი სწავლა ზემოთ თქმულთა სიტყვათაგან და აღწერილთა გარემოებათაგან, ვკითხოთ ჩვენს თავს: რამ გააფუჭა, რამ გაამახინჯა, რამ დასცა ამ ზომად ამდენი პირნი, რომ აღარაფერი კაცობრივი გრძნობა და ზნეობა აღარ არის მათში? რა ზომად გამახინჯებულნი არიან იგინი, ამის საჩვენებლად მოვიყვან ერთს სურათს; ამბობენ, რომ ქალებიც ერიენო ხელმწიფის მკვლელთა შორის, - კიდეც დაიჭირეს ერთი მათგანი, რომელმან თვისი ხელით გატეხა სასროლი! რა არის ეს? რის მსგავსია ამისთანა ქალი? ქალს ბუნებითგან ჩვილი გული აქვს; იგი თანამგრძნობელია ყოველი მწუხარებისა. ქალს, თუ გაფუჭებული არა აქვს მდედრობრივი, ბუნებითი გრძნობა, ქათმის დაკვლაც არ შეუძლია, ეზიზღება, და აქ რას ვხედავთ? ქალი ამზადებს ჯოჯოხეთურ საფეთქელს, დასაღუპველად მრავალთა პირთა! ერთი სიტყვით, იგი აქ დაემსგავსა მხეცს, მან მიიღო ზნე დედალი მგლისა, რომელსაც უხარის, როდესაც რომელსამე ცხოველს დაჰგლეჯს და შესჭამს კიდეც ვიკითხავთ რამ დასცა და დაამახინჯა ეგოდენი პირნი ახლანდელ განათლებულ დროებაში? ვრცლად და დაწვრილებით ახსნა ამისა არ შემიძლიან ახლა, მხოლოდ მოკლედ გეტყვით; უმთავრესი მიზეზი ამისა არის დამცირება, დაცემა სარწმუნოებისა, ქრისტიანული ზნეობისა. ერთხმად აღიარებენ ყველანი, რომ იმ ზემოხსენებულის პარტიის პირნი, სიყველანი არიან ურწმუნო და, ამასთანავე გასაოცრად გარყვნილნი, რომელთა ქვეყანაზედ არაფერი არ მიაჩნიათ ცოდვად. საუბედუროდ, აწინდელსა სწავლას და განათლებას ფრიად სუსტი და შერყეული საფუძველი აქვს. ახლა ყოველს სასწავლებელში მოსწავლეს გაუტენენ გოგრას ათასნაირ სხვა და სხვა სამეცნიერო აზრებითა და სწავლითა, და რომელიც ჭეშმარიტად ერთი მხოლოდ არს სახმარი, იმაზედ მცირე ყურადღებას მიაქცევენ. ახლანდელნი ჭკუის განმანათლებელნი დაემსგავსებიან ლაზარეს დას მართას, უმზადებენ ახალ-გაზრდა მოსწავლეთა მრავალსა საჭმელებს, და რომელიც ერთი მხოლოდ არის საუკუნო სახმარი - შიში და სიყვარული ღვთისა, ამას არ აძლევენ. მართალია ყოველს სასწავლებელში ასწავლიან ღვთის სჯულს, საღმრთო მოთხრობას, მაგრამ ასწავლაინ ვითარცა ერთს სხვა საგანს, სიტყვიერად, ზეპირად, გოგრაში ჩაუდებენ აზრს, და საქმით კი ზნეობას და ხასიათს არ უსწორებენ. დრო არის გავიღვიძოთ ყველამ! თუ ამისთანა საშინელმან შემთხვევამ არ გაგაღვიძა, რაღა გაგაღვიძებს! საუკუნოდ მძინარეს, მკვდარს დავემსგავსებით მაშინ, რომელიც განაშოროს ჩვენგან ღმერთმა. ამინ.