აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი,
რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან (ლუკ. ა, მზ)
ესრედ, იწინასწარმეტყველა ყოვლად წმიდამან ქალწულმა მარიამ, ოდეს მიიღო ხარება მთავარ-ანგელოზისაგან: გიხაროდენ, მიმადლებულთ მარიამ, უფალი შენთანა! აწ, ჩვენ ვიცით ვითარ აღსრულდა ის წინასწარმეტყველება. ყოველნი ნათესავნი, რომელნი აწ აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, ნატვრენ სახელსა მისსა ყოველსა ზედა პირსა ქვეყანისასა. უპატიოსნესად ხერუვიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა ვგალობთ სახელსა მისსა ჩვენ მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი; ყოველთა გონიერთა ქმნილებათა ღვთისათა, ანგელოზთა და მთავარ-ანგელოზთა უზენაეს შეიქმნა, სახელი მისი დიდებული. ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, შემდეგ უზენაესისა და თაყვანის-საცემელისა ღვთის სახელისა, უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისასა და ვსთხოვთ მას შუამდგომლობასა ძისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოსჩნდა იგი ღირსად, რათა მიეღო სიტყვა ღვთისა და ემსახურა საიდუმლოისა განხორციელებისასა.
რა იყო მიზეზი ესე ვითარისა მისისა აღმატებისა? რომლითა ღირსებითა და სათნოებითა მიიზიდა მან ესოდენი მადლი ღვთისა? რაისათვის იქმნა იგი რჩეული ყოველთა შორის კაცობრივისა ნათესავისაგან? განზრახვა და გამოკვლევა თვისებათა ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობლისათა, ფრიად საჭირო არს და სასარგებლო ყოველთა ქრისტიანეთათვის, გარნა უმეტესად ქრისტიანეთა ქალთათვის, ვინაიდგან იგი თვით იყო ქალი. პირველი სახე და მაგალითი, რომელსა წინა-დაგვიგებს ბაძვად ჩვენ ქრისტიანეთა სახარება, არის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო მეორე, უმეტესად დედობრივისა სქესისათვის, დედოფალი ჩვენი, ღვთის-მშობელი მარიამი. გარნა რომელი იყო პირველი და უმთავრესი თვისება ქალწულისა მარიამისა? რით იყო იგი განსხვავებულ სხვათა პირთაგან მისის სქესისა? რომელმან მისმან თვისებამან ჰყო იგი სანატრელ ცისა და ქვეყანისა? პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება მისი იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა, და გარეგან, გამოსაჩენათ. სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთისა ღვთისათვის, სული მისი იყო ტაძარი ღვთისა ცხოვლისა, უწინარეს ვიდრე სხეული მისი შეიქმნა ტაძრად ცხოველად განხორციელებისა ღვთის სიტყვისა. ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღვთის-მშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასა შინა. გარეშეობა ღვთის-მშობლისა არ აჩენდა არცა ერთსა მისსა დაფარულსა დიდებულებასა; ვერავინ განარჩევდა მას სხვათა ქალთაგან, ვერცა შესამოსლითა, ვერცა სუფრასა ზედა და ვერცა სხვითა გარეგანითა გარემოებითა; ოდეს გულსა შინა მისსა ნათობდა ნათელი ღვთაებისა, ოდეს ყოველი გონება მისი იყო გართული ზეციერითა ჰაზრითა და გული აღვსებული გამოუთქმელითა სათნოებითა, გარეგანი მისი იყო უბრალო და მსგავსი ყოველთა სხვათა ქალთა.
ახლა მივიქცეთ ჩვენდამი და გავზომოთ ამ თქმულითა ზომითა, ესე იგი ღვთის-მშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთის-მშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და გაწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთის-მშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმიდითა; გარნა იგიცა თვისის სათნოებითა შეიქმნა ღირსი ესრეთის აღმორჩევისა; ხოლო ვინ გიშლის შენც ეცადო და მოიზიდო მადლი ღვთისა განმწმედელი? უკეთუ ისურვებ და ღირსი შეიქმნები, არც შენთვის დაზოგავს ღმერთი სულსა თვისსა წმიდასა; ბოლოს არც მას ვინმე მოითხოვს და ეძიებს, რომ შენ შეიქმნე სწორი ღვთის-მშობლისა, გარნა მსგავსი მისი, რაოდენ შესაძლო არს, უთუოთ უნდა იყო შენცა. და ესრეთ გავზომოთ ჩვენთა ქალთა ღირსება და თვისება მარიამ დედოფლის თვისებითა. რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთის-მშობელსა; ყოველი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და განშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად ჰაზრის გამდიდრებისა, გონების განშვენებისა, სულის შემკობისა კეთილთა და საქებელთა თვისებათა მიერ, იგინი მხოლოდ მას ცდილობენ, რომელ შეიმკონ ტანი მდიდრითა შესამოსელითა. პირველი მათი ნუგეში არის რაიმე უბრალო ბრწყინვალე სათამაშო ნივთი.
დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრობს ცხოვრებითა გონიერითა, როდესაც ყოველსა საქმესა ზედა და ქცევასა აქვს გონიერი ჰაზრი, როდესაც, ერთი სიტყვით, იგი არის ჭურჭელი კეთილისა ზნეობისა და გონებისა; გარნა ოდეს არა ზრუნავს არაფერზე, არა რას ფიქრობს, ოდეს ეძიებს მხოლოდ სოფლიურითა ნუგეშთა და კმაყოფილებათა, როდესაც ბედნიერება მისი მდგომარეობს გარეგანთა შინა სამკაულთა, მაშინ ჰკარგავს იგი თვისსა დიდსა მნიშვნელობასა.
ქრისტიანო ქალო! ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერებითა პირისა და შესამოსლისა შენასათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა, სიწმიდითა და სიმშვიდითა ეხმარებოდე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასა ზედა; ხოლო შენ ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისასა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილ ზნეობის განმავრცელებელისა; ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი და ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ამაოთა შინა სამკაულთა. ღმერთმან განგებ მოგცა შენ განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიტაცებულ-ხარ, ეგრეთვე სხვათაცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა საგანთა ზედა; ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერედმდე! შენც გმართებს შეიძინო სიმაგრე ხასიათისა, სიმტკიცე ჰაზრისა, ურყეველობა ზნეობისა, რათა სხვათაცა მიიზიდავდე კეთილისა ყოფაქცევისადმი და არა სხვანი მიგიზიდავდენ შენ ცოდვისადმი. ამინ.