რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა
მხევლისა
თვისისასა. რამეთუ აჰა ესერა,
ამიერითგან
მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი (ლუკა 1, 48).
მგალობელი საღმთოთა ფსალმუნთა წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა თვისსა ფსალმუნსა ესრედ შეგვაგონებს: ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღვთისასა ურთიერთარს. ყოველ დღე ახარებდითო მაცხოვარებასა ღვთისასა. თუ ყოველ დღე კეთილ არს ხარება ღვთის მაცხოვარებისა, მით უმეტესად აწინდელსა დღესა, რომელი საკუთრად არის დღე ხარებისა, რომელსა შინა მთავარ-ანგელოზი ახარებს ქალწულსა ზეციერსა მაცხოვარებასა კაცთა ნათესავისასა და რომელიც არის თავი, დასაბამი ჩვენის ცხოვრებისა, ვითარცა ჰგალობს წმიდა ეკლესია. და ესრედ, გახარებ თქვენცა დღეს, ძმანო მაცხოვარებასა, ღვთისასა, გახარებ და გამოგიცხადებ, რომ ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი ვიქნებით უკვდავნი, ცხოველნი და ცხონებულნი უკუნითი უკუნისამდე, თუ ღირსებით მივიღებთ და დავიცავთ ამ ხარებას; დაუსრულებელად ვიქნებით გამოუთქმელსა შვებასა და ნეტარებასა შინა, გაბრწყინვებულნი ნათლითა ღვთისათა, გვირგვინოსანნი, გამეფებულნი. გარნა ესეც საკმაო არ არის, ამაზე უდიდესიც და თითქმის შესაძრწუნებელი კაცის გონებისათვის უნდა გახარო: ჩვენ ყოველნი ვიქმნებით, არა თუ ცხონებულნი და გამეფებულნი, არამედ მოზიარენი თვით ღვთაების არსებისა, გაღმერთებულნი, და ესე არა თუ მხოლოდ სულისა, არამედ თვით სხეულითაცა ჩვენითა. ასე ინება ღმერთმა! კაცის გონება როგორ წარმოიდგენდა ამას, გარნა თვით ღმერთმა საუკუნითგან განიზრახა და დღეს დასდვა დასაბამი ამის აღსრულებისა; დღეს საშოსა შინა ქალწულისასა თვით მხოლოდ-შობილი ძე ღვთისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შეისხამს ჩვენსა, კაცობრივსა ხორცსა, და მით ჩვენსა სხეულსა შეაერთებს ღვთიურსა არსებასა თვისსა
არ ვიცი, ძმანო, რას ფიქრობთ და რას ჰგრძნობთ თქვენ, მსმენელნი და წარმომადგენელნი ეგოდენთა საშინელთა ღვთის განგებულებათა კაცობრივისა ნათესავის ცხოვრებისათვის. მე კი, როდესაც ამაზე დავფიქრდები, ხან მივეცემი გამოუთქმელსა სიხარულსა, აღტაცებასა, ხან შევშინდები, ვიფიქრებ: მე ცოდვილი, უწმიდური, როგორ უნდა ვეღირსო ამისთანა დიდებას? უეჭველია თქვენს შორის, მსგავსადვე, ზოგიერთნი ეჭვში ჩავარდებიან, შეშინდებიან. გარნა ნუ გეშინინ, ასე ინება ღმერთმა; მისი მოწყალებაც ისე განუზომელია, როგორც მისი ბუნება, ოღონდ გახსოვდეს ეს დიდი შენი დანიშნულება, და კრძალვით იყავი, გარნა თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმიდა ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს. ჰქმენ უფალო შიშით, და უგალობდით მას ძრწოლით, იტყვის დავით წინასწარმეტყველი (ფსალმ. 2, 14). ერთი სიტყვით, მოიქეცი ისე, როგორც მოიქცა მარიამ ღვთისმშობელი დღეს. როგორ მოიქცა იგი? როდესაც მას ესმა გასაოცარი სიტყვა მთავარანგელოზისაგან, შეშინდა, დაფიქრდა და ჰკითხა: ვითარმე იყოს ესე ჩემდა? მერმე, როდესაც ანგელოზმა აუხსნა მას საიდუმლო სახარებისა, გაუხარდა მას გულში. ეს ვიცით ჩვენ იმ სიტყვებისგან, რომელიც მან თვით წარსთქვა, როდესაც ჰნახა ნათესავი თვისი ელისაბედი. დიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა. გარნა სიხარული ესე მისი იყო შეზავებული ღვთის მადლობითა, დიდებითა და შიშითა. ამისათვის ესრედ უპასუხა მან მახარობელსა მთავარანგელოზსა: აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისამებრ შენისა.
რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა არჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან, მსახურად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის, ესე რომ, ვიდრემდის ახარებდა მას მთავარანგელოზი, იგი კიდევ იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. გარნა ყოველთა მისთა ნიჭთა და მადლთა და სათნოებათა შორის, უდიდესი და უსანატრელესი იყო მისი სიმდაბლე და სიმშვიდე. ამ უკანასკნელისა სათნოებისათვის მიჰხედა მას ღმერთმა, ვითარცა თვითონ სულის წმიდის შეგონებით აღიარებს:რამეთუ მოჰხედა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა. არის ერთი ძველითგან გარდამოცემული მშვენიერი მოთხრობა ქალწულ ღვთის-მშობელზე. როდესაც იგი კითხულობდა ისაია წინასწარმეტყველის წიგნსა და შეჰხვდა შემდგომი ადგილი: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ, - დაფიქრდა ამ სიტყვებზე და სთქვა თავის გულში: რა სანატრელი იქნება ქალწული იგი, რომელზედაც თქმულ არს ეს სიტყვა! და მერმე კიდეც ევედრა ღმერთსა, რომ აღირსოს მას ხილვა იმ ქალწულისა, რათა ემსახუროს მას, ვითარცა მხევალი. ესრეთი სიმდაბლე ჰქონდა მას გულში! უთუოდ მან დაინერგა ღრმად სიტყვა იმავე ისაია წინასწარმეტყველისა, რომელი პირისაგან ღვთისა იტყვის: ვის მივხედო, გარნა მდაბალსა, მშვიდსა და რომელი ძრწის სიტყვათა ჩემთაგან. გარნა შენც მოგხედავ, ძმაო, ღმერთი მოწყალითა თვალითა, თუ შეიძინე სრული სიმდაბლე და სიმშვიდე. თვინიერ სიმდაბლისა არც ერთს სხვა სათნოებას არა აქვს ფასი. აბრაამ მამათ-მთავარი და ღვთის მეგობარი იტყოდა, წინაშე ღვთისა მდგომარე: მე ვარ მიწა და ნაცარი. დავით მეფე და წინასწარმეტყველი იტყოდა თავის თავზე: მე ვარ მატლ, და არა კაც, საყვედრელ კაცთა. ქალწული მარიამი ჰნატრობდა, რომ მხევლად ყოფილიყო ღვთისმშობლისა, და როდესაც თვითონ შეიქმნა დედა ღვთისა, და იცოდა, რომ გახდა სანატრელ და სიქადულ ყოველთა ნათესავთა, არა თუ არ მოიკლო სიმდაბლე, არამედ უმეტესად თავმდაბალი შეიქმნა და მშვიდი. იგი სცხოვრებდა მყუდროდ, მიმალული; არავის არ ეხებოდა, ვერც ერთსა მისსა მოთხოვნილებასა, ანუ უფლებასა ვერ დაინახავდა ვინმე. თუ ესრედ იქცეოდა იგი, ჩვენ, ცოდვილნი, რა ზომად-ღა უნდა ვიყვნეთ მდაბალნი და მშვიდნი! სიმდაბლე და სიმშვიდე მით არის საკვირველი, რომ ღირსთა, მაღალთა, სათნოთა კაცთა ღირსებასა იგი დააგვირგვინებს, და თუ ვისმეს სხვა არაფერი სათნოება არა აქვს და არაფერი კეთილი საქმით ღმერთი არ ასიამოვნა, შეავსებს მის ნაკლულევანებას და მარტო იგი გაამართლებს, მიიზიდავს თავსა მისსა ზედა ღვთის მოხედვასა: რამეთუ მოჰხედა სიმდაბლესა ჩემსა. ამინ.