და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ
გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას
მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ რქვას მეუფემან მარჯვენეთა მათ თვისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა. რამეთუ მშიოდა და მომეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. ხოლო მარცხენით მათ რქვას: წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მომეცით მე ჭამადი, მწყუროდა და არ მასვით მე, უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, უძლური ვიყავ და არა მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და არა მოხვედით ჩემდა. და ოდეს მართალნიცა და ცოდვილნიცა განკვირვებულნი კითხვენ მას: უფალო ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ მწყურვალე, ანუ უცხოებასა და უძლურებასა, ანუ საპყრობილესა შინა! მაშინ მეუფემან მიუგოს მათ და რქვას: ამინ გეტყვი თქვენ, რაოდენი უყავით ერთსა ამას ძმათა ჩემთა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავით. მაშასადამე, ერთი უმთავრესი მიზეზი ცხონებისა მართალთა იქნება ის, რომ იგინი იყვნენ მრავალ მოწყალენი მრავალ-ფერთა გაჭირვებულთადმი; ეგრედვე უმთვარესი მიზეზი წარწყმედილთასა იქნება ის, რომ იგინი იყვნენ უწყალონი. ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობენ სათნოებანი; ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ უწყალონი, თუმცა უეჭველია, იგინი, სხვათაცა მრავალთა ცოდვათა იქმოდენ თავიანთ სიცოცხლეში. რაი არს მიზეზი ამისა? რისთვის არ ეტყვის მაცხოვარი მარჯვენეთთა მათ თვისთა, რომ იგინი იყვნენ აღვსებულნი სარწმუნოებითა, სასოებითა, ყოვლად მარხულობდენ, გულ-მოდგინედ ლოცულობდენ, ზოგიერთთა მათგანთა სისხლიც დასთხიეს ქრისტესათვის? ეგრედვე, რისთვის არ ეტყვის მაცხოვარი ცოდვილთა, რომელ იგინი იყვნენ ურწმუნონი, უწმინდურნი, კაცის მკვლელნი და სხვათა, ამის მზგავსთა, მრავალთა ცოდვათა მოქმედნი? ეს მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ მოწყალება არის ნაყოფი, ცხად მყოფელი ყოველთა სხვათა სათნოებათა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. მზგავსადვე უწყალოება არის ნიშანი და ბეჭედი ყოველთა სხვათა ცოდვათა. მისთვის კიდევ, რომელ მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა, მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა, და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყოფონი, იქნება შენ მრავალი კეთილი განზრახვა გქონდა გულში, მრავალი და პატიოსანი სიტყვა სთქვა, მშვენიერი სურვილნი გამოიჩინე, გარნა თუ განზრახვა შენი არ აღასრულე, სიტყვა საქმედ არ აქციე, სურვილი სისრულეში არ მოიყვანე, მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომარეთა და ვერ ცხონდები.
კარგად დაუკვიდეთ, ძმანო ჩემნო, რა სახით იტყვის მაცხოვარი: მშიოდა და მომეცით მე ჭამადი, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეული ვიყავ და მომხედეთ მე, საპყროვილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. ცხად არს, რომ ამ სიტყვებით მაცხოვარი გასწავლის შენ, რომ თვით, პირადად, შენი ხელით და მოძრაობით ემსახურო მრავალ-ფერთა გაჭირვებულთა. როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურისა ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ პირადად, შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულსა, მაშინ შენ გულიც გაგიკეთდება, მიეჩვევი ღვთის მორჩილებასა, სიმდაბლესა, ჭეშმარიტად და გულითად შეიყვარებ მას, რომელსაც შენი ხელით ემსახურები, და ამ სიხით მოწყალებასა შენსა ექნება ორი ნაყოფი: შენს მოყვასს ცხოვრება გაუადვილდება, და შენც თვითონ გული გაგიკეთდება და უმჯობესი შეიქნები. ეს კარგად ესმოდათ და ესმისთ ყოველთა ჭეშმარიტთა და სათნოთა ქრისტიანეთა: გონიერნი და მართლა ღვთის მოყვარენი ქრისტიანენი ყოველთვის ცდილობდენ და ცდილობენ, რომ პირადი მონაწილეობა აჩვენონ გაჭირვებულთა, თავის ხელით არასრულონ მოწყალება, თუმცა იგინი ამასთანავე ცდილობენ საიდუმლოდ დარჩეს მათი მოქმედება.
გარნა, კიდევ უმახლობელესად შევხედოთ და დავაღრმავოთ სწავლა ქრისტესი მოწყალებასა ზედა: რა მიზეზია კიდევ, რომ ასე საკვირველად იტყვის უფალი: მშიოდა, მწუროდა,შიშველ ვიყავ, უცხოებასა და საპყრობილესა შინა ვიყავ, ესე იგი, მე მშიოდა, მე მწყუროდა, მე ვიყავ შიშველიო? რომ ამ ნაირი თქმა საკვირველია, ეს მისგანაც სჩანს, რომელ მართალნიცა და ცოდვილნიცა განკვირვებულნი იქნებიან და ჰკითხვენ მას: უფალო, როდის გიხილე შენ მშიერ, ანუ მწყურვალე, ანუ შიშველ, ანუ საპყრობილესა შინა? ამ სიტყვებით მაცხოვარი გვიჩვენებს ჩვენ დიდსა ქრისტიანულსა საიდუმლოსა. რომელსა? იმას, ძმანო ჩემნო, რომელ ჩვენ ყველანი ვართ ასონი, ანუ წევრნი ქრისტეს გვამისანი: მაშასადამე ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი შევადგენთ ერთსა გვამსა, ანუ სხეულსა, ესე იგი, ვართ ურთიერთას ასონი. ქრისტე არს ჩვენი თავი, ჩვენ ვართ მისი და ურთიერთას ასონი და სახსარნი.
აჰა, რისთვის იტყვის უფალი: შიშველ ვიყავ, უცხო ვიყავ, საპყრობილესა შინა ვიყავ. მაშასადამე, როდესაც შენ, ძმაო, ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალ-გზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშინ როდესაც ჭეშმარიტისა ქრისტიანისათვის არა რაი არს უტკბილესი იმ აზრისა, რომელ როდესაც იგი ემსახურება გაჭირვებულსა თვისსა მოყვასსა, მაშინ იგი ემსახურება, აფასებს თვით ქრისტესა. კვალად გეტყვით, ძმანო ჩემნო, რომელ უფალი მოითხოვს ჩვენგან თვით საქმესა და ნაყოფსა სარწმუნოებისა ჩვენისასა; საქმეთგან და ნაყოფთაგან ჩვენთა განსჯის იგი ჩვენსა ცხოვრებასა, და გამოგვიცხადებს ჩვენსა ხვედრსა.
იცით, კიდევ რას ეტყვიან მაცხოვარსა საშინელსა დროსა ამის სამსჯავროისა? ზოგიერთნი მარცხენით მდგომარეთაგანნი წარწყმედილნი ეტყვიან მას: უფალო არა სახელითა შენითა ეშმაკსა განვასხამდით და სახელითა შენითა ძალსა მრავალსა ვიქმოდით? ესე იგი, ზოგთა მათგანთა სიცოცხლის დროს ქვეყანაზედ ისეთი ღვთის სარწმუნოება ქონდათ, რომ იგინი ღვთის სახელით ეშმაკსა განასხმიდენ და სხვა სასწაულებს იქმოდენ. გარნა, სჩანს რომ მათ არ გაამართლეს ესრეთი დიდი ნიჭი ღვთისა კეთილითა ცხოვრებითა და ნაყოფის გამოღებით, და ამისთვის იგინი ზარ-განხდილ იქნებიან საშინელითა პასუხითა მეუფისათა: არა გიცნობთ ვინ ხართ, წარვედით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი! გესმის, ძმაო, საშინელი ესე სიტყვა? ეცადე და განამართლე სარწმუნოება შენი ნაყოფთაგან კეთილთა, უკეთუ არ გსურს, რომ შენცა ზარ-განხდილ იქნე უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, რომელიცა განაშოროს ჩვენგან უფალმან და მოგვცეს მარჯვენით თვისსა დგომა. ამინ.