სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! თქვენ, ამ ხეობის მცხოვრებნი, შეწევნითა, მადლითა და მოწყალებითა ღვთისათა ახლა ხართ ქრისტიანენი მართლ-მადიდებელნი. თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც ღმერთმა მოგცა თქვენ განათლება ქრისტეს სჯულითა და ზოგნი თქვენგანნი ახლაც არ არიან მონათლულნი, გარნა მამანი თქვენნი უწინდელს ძველს დროებაში ქრისტიანენი იყვნენ და მართლ-მადიდებელნი. ეს კარგად იცით თქვენცა ყოველთა. ის ძველი ეკკლესია, რომელსაც თქვენ ჰხედავთ მახლობლად ამ სოფლისა, და რომლისა თქვენ ესოდენი შიში და მორჩილება გაქვსთ, რომ ყოველთვის შესწირავთ მსხვერპლსა, და რაც შესაწირავი შედის, ფულით ანუ ნივთით, ვერავინ ვერ გაბედავს ხელი ახლოს, თუმცა არც კარი აქვს ახლა იმ ეკკლესიას, არც კლიტე, და არათუ იმ ეკკლესიაში, შიგნით, არამედ რაც გარემოს იმ ეკკლესიის ხეები არის, ვერავინ ვერ გაბედავს ხელი ახლოს და იქითგან გამოიტანოს რაიმე. ეს ძველი ეკკლესია კარგად გაჩვენებს თქვენ, რომელ აქ ძველთაგანვე იყო ქრისტიანობა, მამანი თქვენნი ქრისტიანენი იყვნენ. როგორ მოხდა, რომ ქრისტიანობა თქვენ შორის მოისპო მერმედ? ეს მოხდა ცუდი დროებისაგან; ამ მთებში, აგრედვე მრთელს იმერეთში და საქართველოში იყო არეულობა, ომი, ჩხუბი მტერთაგან, ყოველი სწავლა და სჯული დამცირდა და შემდგომ დაიკარგა თქვენ შორის, ვინაითგან აღარ გყავდათ მართლ-მადიდებელნი მღვდელნი. გარნა აწ ღმერთმან მოგვცა კვალადვე მშვიდობა და უშიშროება მტერთაგან, ახლა მთავრობამან კვალადვე გამოგიგზავნა მღვდელი და სცდილობს, რომ იყოს უწინდელსავით ქრისტიანობა და განათლება თქვენში.
გარნა, ძმანო ჩემნო, ვინაითგან თქვენ ახლა მოინათლენით, გაქრისტიანდით, მაშ ეცადეთ, რომ შეიტყოთ, თუ რაი არს ქრისტიანობა, როგორი უნდა იყოს ქრისტიანე ცხოვრებითა თვისითა. მარტო ის კი არ არის საკმაო, რომ კაცი მოინათლოს და ზოგჯერ ეკკლესიაში შევიდეს და პირ-ჯვარი გადაიწეროს. მარტო სახელით კი არ უნდა იყოს კაცი ქრისტიანე, არამედ უმეტესად საქმით.
რაი არს ქრისტიანობა, ანუ ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანე? ქრისტიანობა ჭეშმარიტი მდგომარეობს ორს საგანში: პირველად, მართალს და ჭეშმარიტს აზრში ღმერთზედ და კაცზედ, და მეორედ, კეთილსა და წმიდა ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ქრისტიანე ის არის, ვისაც აქვს ორი ესე: მართალი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და კეთილი ცხოვრება. სითგან შეგიძლიანთ თქვენ შეიტყოთ, ისწავლოთ და მიიღოთ მართალი და ჭეშმარიტი აზრი ქრისტეს სჯულზედ? ეს შეგიძლიანთ მიიღოთ ამ ეკკლესიისაგან და ამ თქვენი მოძღვრისაგან. ეკკლესია, ძმანო ჩემნო, იმისთვის არის აღშენებული, რომ ქრისტიანეთა იარონ იმაში და ისწავლონ ლოცვა, მიიღონ განათლება და ჭეშმარიტი ცნობა თავის სჯულზედ. ეკკლესიაში ყოველს წირვა-ლოცვაზედ იკითხავს მკითხველი საღმრთო წერილსა, ესე იგი, იმ წიგნებს, რომელნიც სულის წმიდის შეგონებით და სწავლით დასწერეს წმიდათა წინასწარმეტყველთა და წმიდათა მოციქულთა. იმ წიგნებში ყოველივე კარგად არის დაწერილი, რაც უნდა იცოდეს კაცმან ღმერთზედ, კაცზედ, ქვეყნიურსა და ზეციურზე. ეკკლესიაში წარიკითხვენ სხვა და სხვა ლოცვებსა: ამ ლოცვებთაგან სხვაზედ უფრო გულის-ხმიერად უნდა ისმინოთ ის მოკლე ლოცვა, რომელიც დაიწყება ესრედ: მრწამს ერთი ღმერთი, მამა... ეს ლოცვა, მე უბრძანებ მღვდელსა, თქვენს ოსურს ენაზედ წაიკითხონ ყოველს წირვაზედ. თუ კარგად გაიგონებთ ამ ლოცვას, მაშინ შეიტყობთ, რაი არს ქრისტიანობა, რა უნდა სწამდეს ქრისტიანეს. იქ არის თქმული რომელ ჩვენ უნდა გვწამდეს ერთი ღმერთი, სამთა განუყოფელთა პირთა შინა: მამა, ძე და სულიწმიდა. იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მოვიდა ქვეყანაზედ, ყოვლად-წმიდა ქალწულისაგან მიიღო ჩვენი კაცობრივი ბუნება. სცხოვრებდა კაცთა შორის, პალესტინის ქვეყანაში; გვასწავლა სჯული, მოგვცა სახარება; მერმე ჩვენთვის იტანჯა, ჯვარს-ეცვა. მესამესა დღესა საფლავითგან აღსდგა, ამაღლდა ზეცას. ვინც იმას შეიყვარებს, იმის სიტყვას მიიღებს, ნათელს-იღებს, მისს მცნებას აღასრულებს, იგი არის ქრისტიანე, მას თვითონ იესო ქრისტე იშვილებს, ძმად აღიყვანს და მომავალს საუკუნესა შინა მისცემს დაუსრულებელს ნეტარებასა. ამას ყოველსა და სხვასაც რაც საჭირო არის, გაიგონებ და დაისწავლი ეკკლესიაში.
გარნა, ძმანო ჩემნო, ისიც უნდა გახსოვდესთ, რომელ რათგანაც მოინათლენით და ქრისტიანენი ხართ, უწინდელნი თქვენნი, რაც გქონდათ, ცრუ და შეცდომილნი აზრნი და ჩვეულებანი უნდა დაუტევოთ, დაივიწყოთ და უარ-ჰყოთ. მრავალნი ცუდნი და შეცდომილნი აზრნი გქონდათ თქვენ და ახლაცა, სამწუხაროდ, გაქვსთ. მე გეტყვი თქვენ მხოლოდ ერთს მაგალითს: ვისაც სურს თქვენ შორის შეარცხვინოს ვინმე ანუ სიმართლე რაზედმე შეიტყოს იმისაგან, აღიღებს დამხრჩვალსა კატას, ანუ ძაღლს, ანუ სახედარს და ჩამოკიდებს იმის სამამაპაპოს საფლავზედ. ამისთანა სასირცხო ჩვეულებაზედ ისეთი მორიდება გაქვსთ და რწმუნება, რომელ დიდ-ფასს მისცემს ზოგიერთი, რომ არ უყოს კაცმა ეს საქმე. ეს ჩვეულება, ძმანო ჩემნო, საშინელი უგუნურება არის და თუ არ მოიშალეთ იგი, არ იქმნებით ქრისტიანენი. ქრისტიანეთა ესრედ ჰრწამსთ: ვინც ჯვარზედ და სახარებაზედ სიცრუეს იტყვის, საუკუნოდ ჯოჯოხეთში შთავარდება. რაღა გინდათ ამაზედ უმეტესი!
ახლა ის ვსთქვათ, როგორ უნდა სცხოვრებდეს ჭეშმარიტი ქრისტიანე, რა ყოფა-ქცევისა უნდა იყოს? ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა, ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც თავი თვისი. რა არის ღვთის სიყვარული? ღვთის სიყვარული ის არის, როდესაც შენ გახსოვს, რომ ღმერთი არის შენი მამა და შემოქმედი, ყოველთვის გხედავს შენ, ესმის ყოველი შენი სიტყვა, გასინჯავს შენს გულს, და თუ ესრედ გახსოვს, სცდილობ, რომ ყოველი მისი ბრძანება და მცნება აღასრულო. რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა; შენ, რასაკვირველია, გსურს და გიამება, რომ ყოველმან კაცმან შეგიყვაროს, ნუგეში-გცეს, პატივი-გცეს შეგეწიოს გაჭირვების დროს; შენც ისრე უყავ ყოველს კაცს და მაშინ იქმნები ჭეშმარიტი ქრისტიანე.
გარნა, ძმანო ჩემნო, აქაც უნდა გითხრა, რომელ თქვენ შორის აქამომდე არიან ბევრნი ცუდნი ჩვეულებანი, რომელნი თქვენ მაშინ ისწავლეთ, როდესაც აღარ იყო თქვენში ქრისტიანობის ნათელი, და ახლა რათგანაც ეს ნათელი ღმერთმან კვალადვე მოგივლინათ, უნდა დაივიწყოთ. პირველად, აქამომდე ისმის თქვენ შორის ქურდობა, რომელიც არის დიდი სირცხვილი და საძაგლობა. კარგი კაცი და საქები ქრისტიანე ის არის, რომელიც თავის ხელით, თავის მუშაობით თავის თავს და თავის ოჯახს არჩენს. ღმერთმან ისრე დაუნიშნა კაცს, რომელ ოფლითა თვისითა სჭამდეს პურსა თვისსა. რა წესი, ან რა ცხოვრება იქმნება სოფელში, რომ შენს მეზობელს შენ მოპარო და წაართვა და შენმა მეზობელმაც შენ მოგპაროს და წაიღოს? ვიღას შეუძლიან მაშინ ცხოვრება ქვეყანაზედ? არა, ძმანო ჩემნო, ეცადეთ და მოსპეთ ეს სირცხვილი თქვენ შორის, რომ მეზობელნი თქვენნი აღარ იტყოდენ თქვენზედ ცუდსა და სირცხვილსა.
მეორედ ცუდი ჩვეულება ის გაქვსთ, რომ მიცვალებულის ხსენებასა ზედა არა გაქვსთ ზომიერება, ურიცხვს საქონელს დაკლავთ, ურიცხვს სტუმარს მოუწოდებთ, დაითვრებით, წაეჩხუბებით ერთი მეორესა. ზოგიერთი თითქმის კიდეც გაღარიბდა ამ ჩვეულებისაგან. არ არის, ძმანო, ეს კარგი ჭკუა. მოსპეთ ეს ჩვეულება, რომელიც ხორციელადაც გავნებსთ და სულსაც წარსწყმედს.
ძმანო ჩემნო, მე მისთვის მივიღე ესოდენი შრომა, ესოდენი გზა და მთები გამოვიარე, რომ მსურდა თქვენი ნახვა და დარიგება. თუ ჩემს სიტყვას დაიმარხავთ, თქვენთვისაც კარგი იქნება და მეც მიამება. გარნა მე მრავალჯერ ვერ გნახავ თქვენ; ყოველთვის თქვენთან ვერ ვიქმნები. ჩემს მაგივრად ეს თქვენი მღვდელი და მოძღვარი დამიტევებია აქ. მაგისი დარიგება და სიტყვა ისმინეთ და აღასრულეთ. ის ცუდს არაფერს არ გასწავლისთ, არამედ ყოველსავე თქვენს სასარგებლოს გეტყვისთ. ამინ.