მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი
ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.
ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ იშვა კაცად, მაშასადამე, მიიღო ჩვენი სისხლი და ხორცი, და კაცის ბუნება შეუერთა ღვთის ბუნებასა. ახლა ვინც მოინათლება, იგი შეიქმნება იესო ქრისტეს ძმად და მას მიეცემა უფლება, რომ ღმერთს უწოდოს თავის მამა. აჰა, ძმანო, რა დიდი წყალობა და ღირსება მოგვცა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან! მან გაგვხადა ჩვენ ძედ ღვთისად. ამისთვის შენ, ძმაო ჩემო, ოდესცა ამბობ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, - კარგად უნდა დაფიქრდე: ღირსი ხარ მამა უწოდო ღმერთსა? და თუ მამად უწოდებ ღმერთსა, მაშასადამე შენ ისრე უნდა გიყვარდეს იგი და ისრე უნდა ემორჩილებოდე იმის სიტყვას, როგორც შვილი ემორჩილება მამას. მრავალი კეთილი საქმე და მრავალი წყალობა გიყო შენ შენმა ზეციერმა მამამ; იმან შენ დაგბადა, მოგანიჭა ჭკუა და სინიდისი, ჩაგაბარა მრთელი ქვეყანა და დაგიმორჩილა პირუტყვნი ტყისანი და თევზნი ზღვისანი; განსანათლებლად და საცხოვნებლად შენდა მოგივლინა საკუთარი ძე თვისი, რომელმან მოგცა შენ სჯული, შენთვის ჯვარს ეცვა და სისხლი დასთხია. მაშასადამე შენ უნდა მადლობდე მამასა შენსა და ნაცვლად ესოდენისა წყალობისა ახარებდე მას კეთილითა შენითა ცხოვრებითა, როგორადაც კარგი ჭკვიანი შვილი განახარებს თავის მამასა.
წმიდა იყავნ სახელი შენი!
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს სიტყვა? რისთვის ვეტყვი ჩვენ ღმერთსა: წმიდა იყავნ სახელი შენი? ნუ თუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა. ჩვენ უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ, ესე იგი, ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, ოდესცა ჩვენი ცხოვრება და ყოფა-ქცევა არის კეთილი და წმიდა, მაშინ ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის; გარნა უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია, უკეთუ არ გვახსოვს, ვისი სახელი გვაქვს და ცუდად ვიქცევით, მაშინ სახელი ღვთისა დამდაბლდება და შეიგინება. თუ ვისმე დიდი გვარის კაცს ჰყავს შვილი ცუდი, უჭკუო, უღირსი, დიდად ეწყინება იმ კაცს, ხშირად გაუწყრება და აყვედრებს: შენ არა ხარ ღირსი ჩემის სახლისაო, შენ შეარცხვინე და დაამდაბლე შენი მამის სახელიო. სწორედ ესრედვე აყვედრებს ღმერთი იმ ქრისტიანეს, რომელიც ცუდითა თვისითა ცხოვრებითა შეაგინებს მისს დიდს და ზეციერს სახელსა. - თქვენ, ძმანო, ჩემნო, გარნა ზოგნი მადლით, მონათლულნი და ქრისტიანენი ხართ; გარნა ზოგნი თქვენნი მეზობელნი აწცა მოუნათლავნი არიან, ურწმუნონი: იგინი გიმზერენ, როგორ სცხოვრებთ თქვენ. თუ სცხოვრებთ წმიდად, მყუდროდ, თუ თქვენ შორის არის სიყვარული, ერთობა, მაშინ იგინი იფიქრებენ: უთუოდ ქრისტეს სჯული არის ზეციერი, წმიდა და ნამდვილად ღვთიური, და იქმნება კიდეც შეენატროს მათ თქვენი კარგი ცხოვრება და თვით ქრისტიანობაც მიიღონ... გარნა თუ ამათ ნახეს, რომ თქვენ ცხოვრება სრულიად არ გამოიცვალეთ,. არამედ ისრე ცუდად იქცევით, როგორც უწინ მოუნათლავნი იქცეოდით, მაშინ იგინი იფიქრებენ: უთუოდ მათი სჯული არ არის კარგი; თუ კარგი იყოს, ისინი გამოიცვლებოდნენ და უმჯობესნი შეიქმნებოდენ. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ადიდებს შენს ღმერთსა და შენს სჯულსა; და ნაჰხა, რომ ცუდად ცხოვრებ, მაშინ მას შენი სჯული არ მოეწონება. ამისთვის ყოველი ღონის-ძიება უნდა იხმარო, ძმაო ჩემო, რომ სახელი ღვთისა არ შეიგინოს შენითა ცუდითა ცხოვრებითა, რა სარგებლობა იქმნება შენთვის, რომ მარტო სახელით იყო ქრისტიანე და არა საქმით? უმჯობეს არს, რომ კაცი არ მოინათლოს, ვიდრე მონათლულმან უწმინდურად იცხოვროს და შეაგინოს სჯული თვისი. ხოლო თქვენ, ძმანო ჩემნო, რათგანაც მოინათლენით და მიიღეთ ქრისტეს სჯული, ეცადეთ, რომ არ შეარცხვინოთ ახალი თქვენი სჯული ცუდითა თქვენითა ცხოვრებითა. ამინ.
მოვედიან სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრედცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს.
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს სიტყვა: მოვედინ სუფევა შენი? რისთვის ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა: მოვედინ სუფევა შენი, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ იგი არის მეფე ცისა და ქვეყნისა? ნუთუ არ მოსულა ჯერედ სუფევა ღვთისა? სუფევა ღვთისა არის, ძმანო ჩემნო, ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხივავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ და ღმერთი მართავს ყოველსა. უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს კაცის აზრში, გრძნობაში, გულისთქმაში და ყოფა-ქცევაში. სუფევა ღვთისა მოვა და იქმნება ჩვენ შორის მაშინ, ოდესცა ჩვენ ვსცხოვრობთ სიწმიდით, მყუდროებით და სიყვარულით; მაშასადამე, როდესაც ჩვენ ვამბობთ: მოვედით სუფევა შენი, ამით ჩვენ გამოვითხოვთ ღვთისაგან, რათა განმართოს და განსწმინდოს ცხოვრება ჩვენი, ესრედ რომელ, ვინც შეხედავს ჩვენს კეთილს ცხოვრებასა, სთქვას: სწორედ მათ შორის ღმერთი არის, სწორედ ღმერთი სუფევს იმათ გულში! გარნა, ძმანო ჩემნო, რათგანაც სიტყვით ამას გამოვითხოვთ ღვთისაგან, საქმითაც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ შორის ღმერთი სუფევდეს. ღმერთი არის წმიდა, უბიწო, მართალ; შენც უნდა ეცადო და დაემსგავსო მას სიწმიდითა და უბიწოებითა. თუ, ძმაო, ყოველთვის გახსოვს შენი სჯული, თუ გახსოვს, რომ ღმერთი ყოველთვის გამოცდის შენს გულსა, იგი ყოველთვის ხედავს შენს საქმეს, მას ყოველთვის ესმის შენი სიტყვა და შენ გეშინის, რომ არ აწყინო ღმერთსა არცა სიტყვით, არცა საქმით, მაშინ შენ ეწევი, აშენებ და ავრცელებ სუფევასა ღვთისასა; ხოლო როდესაც შენ ცუდად იქცევი და ცუდს მაგალითს აჩვენებ შენთა ძმათა, მაშინ შენ არღვევ სუფევასა ღვთისასა ქვეყანაზედ. გეშინოდეს, ძმაო ჩემო, არ გამოსჩნდე შენ დამარღვეველად და წინააღმდეგად ღვთისა სასუფეველისა.
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოსნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღსრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულებელნი წმიდისა მისისა ნებისა. რა არის ნება ღვთისა? ნება ღვთისა ჩვენ ზედა ის არის, რათა ჩვენ ამ ქვეყანაზედ ვიყვნეთ კეთილნი აღმასრულებელნი მისისა სჯულისა და მისთა მცნებათა და მომავალსა შინა საუკუნესა მივიღოთ მისგან დაუსრულებელი ნეტარება. სითგან შეიტყობს კაცი ნებასა ღვთისასა? ღვთის ნებას შეგატყობინებს შენ, ძმაო, პირველად შენი ჭკუა და შენი სინიდისი: როდესაც შენ რომელსამე კარგს საქმეს იქმნ, მაშინ კმაყოფილი ხარ და გიხარის; როდესაც ცუდი საქმე შეგემთხვევა, მაშინ გწყინს და გეშინის. ეს შენი სინიდისისაგან არის; მით შენი სინიდისი გასწავლის, რათა მოერიდო ცოდვასა და ყოველთვის კეთილი საქმე აღასრულო. ამაზედ კიდევ უმჯობესად ნებასა ღვთისასა შენ იცნობ საღმრთო წერილითგან: ეკკლესიაში ყოველს წირვა-ლოცვაზედ კითხულობენ საღმრთო წერილს, ესე იგი იმ წიგნებს, რომელიც დასწერეს წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სულის წმიდის შეგონებით. თუ კარგად ისმენ წირვასა და ლოცვასა, შეიტყობ, რა არის ნება ღვთისა, რა მცნება მოგცა ღმერთმან, როგორ უნდა სცხოვრობდე და როგორ უნდა სათნო-ეყო ღმერთსა. გარნა, ძმანო ჩემნო, ვინაითგან სთხოვ ღმერთსა: იყავნ ნება შენი, საქმითაც უნდა ეცადო და ყოველთვის აღასრულო ნება ღვთისა: პირველად, გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, - მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტა-ოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობოლსა და გლახაკსა. თუ მოგაკლდა საზრდო, ანუ სხვა რაიმე უბედურება შეგემთხვა, მაშინაც სთქვი: იყავნ, ღმერთო, ნება შენი. ნუ დაღონდები, სულგრძელობით მოითმინე, ნუ დაკარგავ სასოებას ღმერთზედ და ღმერთი შეგეწევა. ღმერთმან ჩვენზედ უმჯობესად იცის, რა არის ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო. კაცი ხშირად იფიქრებს გულში: რატომ არ მომცა მე ღმერთმან, როგორადაც სხვათა, სიმდიდრე ანუ პატივი; გარნა ესრედი აზრი წინააღმდეგი არის. შენი მხრით შენ კი უნდა ეცადო, რომ ჭკუითა, შრომითა და კეთილის მოხერხებითა შეიძინო, რაც საჭირო არის ამ ქვეყანაში კაცისათვის, და მერმე, რასაც მოგვცემს ღმერთი, იმით კმაყოფილი იყავ და მადლობდე ღმერთსა.
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შენი მხრით ყოველთვის უნდა მუშაობდე, შრომა და მოღვაწება არ დასტოვო; მისთვის მოგცა ღმერთმან ხელი და თავი, მისთვის ჩაგაბარა მიწა და წყალი, რათა იმუშაო, ისარგებლო; გარნა რადგანაც შენ სუსტი ხარ და ღმერთი ყოვლისა-შემძლებელი არის, ამისთვის უნდა მას ევედრო კეთილად წარმართოს შენი მუშაობა, შენი ყანა ნაყოფიერ ქმნას, სახლეულება შენი და საქონელი დაიცვას. ესეც შენიშნე, რომელ კაცი ღვთისაგან პურსა არსებისასა უნდა ითხოვდეს, ესე იგი რაც საჭირო არის ცხოვრებისათვის; მაშასადამე, კარგი არ იქმნება, რომ კაცმა ლოცვაში ითხოვოს ღვთისაგან ანუ სიმდიდრე, ანუ პატივი, ანუ დიდკაცობა. რისთვის? მისთვის, რომელ ვინც სიმდიდრეს და დიდ-კაცობას ითხოვს, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდ-კაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს. ამინ.
და მომიტევენ ჩვენ თანა-ნადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რაი არს თანამდები, რომელისა მიტოვებას ჩვენ ვსთხოვთ ამ სიტყვებით ღმერთსა? თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე; მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვევედრებით ღმერთსა მოგვიტეოს ყოველნი ცოდვანი ჩვენნი. რისთვის დაუმატებთ: ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა? ამ სიტყვებით მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ისინი შესცოდებენ ჩვენს წინაშე. ამით ღმერთი შენ, ძმაო ჩემო, დაგიდებს პირობასა: თუ გსურს, რომ იგი მოწყალე იყოს შენდამი და მოგიტეოს შენნი ცოდვანი, შენც უნდა მიუტევო, რაიცა შეგცოდეს ძმათა შენთა. აქედგან სჩანს, რა დიდი მადლი არის, როდესაც ჩვენ მიუტევებთ მოყვასთა ყოველთა შეცოდებათა და რა დიდი ცოდვა არის, როდესაც გულში გვაქვს შური და შურის-ძიება მოყვასისა. კაცი, ძმანო ჩემნო, სუსტი არის: ერთს საათს ვერ გაატარებს უცოდველად; თითქმის ყოველს წამს სცოდავს ღვთის წინაშე ანუ ფიქრით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით. მაშასადამე, ყოველთვის უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა თვისთა; გარნა ღმერთი იმ პირობით მოგიტევებს ცოდვათა შენთა, თუ შენც მიუტევებ მოყვასთა შენთა შეცოდებათა მათთა. როდესაც ეკლესიაში მოხვალ და ილოცავ, რასა სთხოვ მაშინ შენ ღმერთსა? შენ სთხოვ: უფალო შემიწყალე, ღმერთო შეგცოდე, შემინდევ. მაშასადამე, თუ გსურს, რომ ღმერთმან გაიგოს შენი ლოცვა, შენც ნურა-ოდეს ნუ იძიებ შურსა ძმისა შენისასა.
თქვენ, ძმანო, ამ მთებში მცხოვრებთა, სხვათა უმეტესად და უმტკიცესად უნდა გახსოვდესთ, რა დიდი და რა საშინელი ცოდვა არის შურის-ძიება. უწინ, როდესაც თქვენ იყავით გაუნათლებელნი ქრისტეს სჯულითა, მაშინ შურის-ძიება არა თუ არ მიგაჩნდათ ცოდვად, არმედ სჯულად გქონდათ დადებული და საქებურად მიგაჩნდათ, როდესაც კაცი შურის-ძიებით მოკლავდა კაცსა, - სისხლი მართებსო, სისხლი უნდა ვეძიო, - ესრედ იტყოდით ხოლმე, და როდესაც მოკლავდნენ შურისათვის კაცს, მაშინ იტყოდენ: სისხლი გარდაიხადაო. რასაკვირველია, ახლაც გახსოვს თქვენ, რამდენი უბედურება, მტერობა, სისხლის ღვრა მოხდება აქეთგან თქვენ შორის. ზოგჯერ მთელი გვარი ამოწყდებოდა შურის-ძიებისაგან. ზოგჯერ ერთი სოფელი მეორე სოფელს ამოსწყვეტდა. ერთი სიტყვით, თქვენი ცხოვრება დაემსგავსებოდა მხეცების ცხოვრებასა. ახლა, ძმანო ჩემნო, ვინაითგან თქვენ მიიღეთ ქრისტე ღმერთის სჯული, სრულიად უნდა დაივიწყოთ ეს მხეცური ჩვეულება და კიდეც უნდა გრცხვენოდესთ მისი. ის კაცი, რომელიც ისრე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთის სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება და თუ გინდ გული მოუვიდეს და გაფიცხდეს, მაინც ისრე არ მოიქცევა, რომ მხეცს დაემსგავსოს.
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან.
რაი არს განსაცდელი? განსაცდელი ეწოდება ისრედს შემთხვევას, რომელი შთააგდებს კაცსა რომელსამე ცოდვაში; მაგალითებრ, ახლა რომ ვამბობდით გაჯავრებაზედ, ანუ მრისხანებაზედ; მრისხანება ადვილად შთააგდებს ცოდვაში კაცსა. მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ყოველივე ცუდი შემთხვევა და არ შთაგვაგდოს რომელსამე ცოდვაში; ხოლო ვინაითგან ღმერთს სიტყვით ვევედრები, საქმითაც ეცადე ამაზედ. კაცს წინადვე შეუძლიან მოიფიქროს და შეიტყოს, სად ანუ რომელ კაცთან, ანუ რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს. ვსთქვათ, რომ შენ იცნობ ერთს ვისმე კაცსა, რომელიც არის ძლიერ ცუდი ხასიათისა, მეშფოთე, ცუდს საქმეს არ ერიდება; ამისთანა კაცს უნდა მოერიდო და თუ დაუამხანაგდი მას, რასაკვირველია შენც შეგიყვანს ცუდს საქმეში.
არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან.
ეს არის უკანასკნელი მუხლი უფლის ლოცვისა. მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ესე იგი ბოროტის საქმისაგან და უმეტესად ბოროტის ეშმაკისაგან ანუ სულიერისა მტერისაგან. ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა. ოდესცა შენ, ძმაო გულში გაგიჩნდა ბოროტი აზრი ანუ ბოროტი განზრახვა, იცოდე, რომ ის აზრი, შეგაგონა შენში სულიერმა მტერმან. ამ შემთხვევაში მაშინვე პირჯვარი უნდა გადაიწერო და სთქვა: მიხსენ მე, ღმერთო, ბოროტისაგან.
ახლა, ძმანო ჩემნო, შეძლებისამებრ ჩემისა, აღგიხსენი ეს წმიდა ლოცვა. ყოველმან კაცმან ზეპირად უნდა იცოდეს ეს ლოცვა და დილით და საღამოთი უნდა სთქვას იგი; გარნა სასარგებლო არ იქმნება, რომ კაცმა მხოლოდ ენით სთქვას ეს ლოცვა და საქმით კი არ აღასრულოს. ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს; მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსა სწამს ღმერთი და კარგად იქცევა. ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდესთ ეს ორი: მართლ-მადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა. ამინ.