ესე არს ძლევა, რომლითა ძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (იოან. 5.4).
დღეს არის დღესასწაული ძლევისა; დღეს ჩვენ, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ვდღესასწაულობთ ძლევასა მას, რომელი მიიღო სოფელსა ზედა მართლ-მადიდებელმა სარწმუნოებამ. გარნა რითი მიიღო ეს ძლევა სჯულმა ჩვენმა? რითი გაიმარჯვა ქრისტიანობამ? სარწმუნოებითა: ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (იოანე 5,4).
სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნეობითი ძალი და სიმტკიცე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა. როდესაც გული და ღონე კაცისა არის განმხნევებული და განღვიძებული ძალითა სარწმუნოებისათა, მაშინ ადვილად სძლევს იგი ყოველთა დამაბრკოლებელთა და წინააღმდეგთა მიზეზთა, და მოიპოვებს წარმატებასა ყოველთა საქმეთა შინა. რაცა გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შესრულებ: ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ განმხნევებული და განღონიერებული იმ აზრით, რომ შეგიძლია, ღვთის შეწევნითა ასრულება იმ საქმისა.
გარნა ის ძლევა, რომელზედაც იტყვის იოანნე ღვთის-მეტყველი ზემოთ მოყვანილთას სიტყვათა შინა, არის უსაკვირველესი ყოველთა სხვათა ძლევათა. მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა: ესეარს ძლევა, რომლითა სძლევს სარწმუნოება ჩვენი. ვინც დაუკვირდება, ყურადღებით განიზრახავს ამა უკანასკნელსა თვისებას სარწმუნოებისას, მას არ შეუძლია არ შესწიროს დიდება და მადლობა ღმერთსა, რომელმან მიანიჭა კაცის სულსა ეგოდენი ძალი. მართლა, ისიც დიდია, როდესაც კაცი განმტკიცებული სარწმუნოებითა, სძლევს სოფლის ჩვეულებათა, საზოგადოების აზრსა და წინააღმდეგობასა. გარნა ის ას-წილ უფრო საკვირველია, როდესაც კაცი ძალითა და შემწეობითა სარწმუნოებისათა სძლევს თვით სოფელს, თვით ბუნებას სოფლისასა, და ბოლოს, თავის საკუთარსა ბუნებასა. კაცი, აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებათა ღვთისათა, ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უარს ჰყოფს თავის თავს, თავის საკუთარს სიამოვნებასა, თავის ხორცსა და თვით სიცოცხლესა თვისსა ხშირად შესწირავს ღმერთსა. ბოლოს, ამაზედ უმაღლესს და უსაკვირველეს რაიმეს გეტყვი, თუ დაიტოვებ ამ სიტყვასა. კაცნი წმინდანი, გაღონიერებულნი სარწმუნოებითა, მიიღებენ ძლევასა არა თუ მხოლოდ ბუნებასა ზედა კაცისასა, არამედ თვით უმძლავრესსა ბუნებასა ზედა არა-წმინდა სულთა, ეშმაკთა ზედა.
მოკლედ ვსთქვათ; რაცა კი არის დედამიწასა ზედა დიდი და შესანიშნავი, რაც კაცობრიობამ ჰქნა საქები და ამაღლებული სიტყვით, ანუ საქმით, ყოველი ესე არის აღსრულებული სარწმუნოების შეგონებით, შემწეობით და ძალით. ჭეშმარიტად არა უსაფუძვლოდ, ხმითა მაღლით, სასმენელად ყოვლისა ქვეყნისა ღაღადებს დღეს წმინდა ეკლესია: ესე არს სარწმუნოება მოციქულთა, ესე არს სარწმუნოება მამათა, ამან სარწმუნოებამან სოფელი დაამყარა.
ბოლოს, საჭირო არ არის ვეძიოთ სხვა დამტკიცება სარწმუნოების და ქრისტეს სჯულისა, ძალის ძლევისა, მხოლოდ გავიხსენოთ ის ძლევა, რომელი ამ უკანასკნელს ომში მართლ-მადიდებელთა და მაჰმადიანთა შორის მიიღო სარწმუნოებამან ჩვენმან. ნუ იფიქრებ ძმაო, რომ აქ სძლია თოფმა, იარაღმა და სიმრავლემ ქრისტიანების ჯარისა. იარაღი და თოფი მტერსაც თითქმის უმეტესი ჰქონდა. აქ სძლია სულმა, ზნეობითმა ძალამ და მიმართულებამ ჩვენისა სჯულისა. იქნება შენ, ძმაო, არ იცი ყოველი გარემოება მრავალ ჟამიერისა ჭიდაობისა და ბრძოლისა მაჰმადიანთა და ქრისტიანეთა შორის, თორემ განცვიფრებული იქნები რანაირად გამოჩნდა მას შინა ძალი სარწმუნოებისა და ღვთის განგებულება. ოთხი საუკუნეა მას უკან, რაც მაჰმადიანნი შემოვიდენ ევროპის საზღვრებში. ისინი იყვნენ ეგოდენ მძლავრნი და საშინელნი, რომ ყოველნი სახელმწიფონი ევროპაში ძრწოდენ ზარდაცემულნი მაჰმადიანთაგან. ამათ აიღეს და დაიმორჩილეს უმჯობესნი ადგილნი და ხალხნი ევროპაში, და ემუქრებოდენ სხვათა ყოველთა. მთელი რუსეთი იყო დაპყრობილი მათგან და აოხრებული. ჩვენი ესე მცირე მამული, რაღა თქმა უნდა, სრულიად იყო დატანჯული და აოხრებული მათგან. მაგრამ რა მოხდა მას უკან? ქრისტიანენი, დაცულნი თავიანთითა სარწმუნოებითა, წარმატებულნი და განათლებულნი სასოებითა ქრისტესითა, აღდგნენ, გაიმართნენ, გამრავლდნენ, განძლიერდნენ. ოსმალები თანდათან ფუჭდებოდენ, მცირდებოდენ, ხდებოდენ, სუსტდებოდენ. რისთვის? რა მიზეზია რომ მაჰმადიანნი ცხადად ფუჭდებოდენ, და სადაც მაჰმადის სჯული სუფევს, იქ ყოველიფერი დაწყევლილია და წამხდარი? მიზეზია ამისა არის მათი სჯული. იგი აფუჭებს მათ ზენეობას. ნუ გონებ, რომ თვით ოსმალები უნიჭო ხალხი იყოს, ან მოშიშარი, ანუ ბუნებისაგან სხვაფერ დასჯილნი; არა! ვინც იცნობს მათ, პირდაპირ იტყვის, რომ ისინი ბუნებისაგან ნიჭით, სიმამაცით, გამოჩენილნი არიან; მაგრამ იგინი გაფუჭებულნი არიან თავიანთი უგუნური და გაფუჭებულის სჯულის გავლენით. სჯული მათი აბნელებს მათ ჭკუასა, რყვნის ზნეობას, უფუჭებს ხასიათს, მაშინ როდესაც ჩვენი სჯული, ქრისტეს სარწმუნოება, აკეთებს კაცს, აუმჯობესებს, წარმატებაში შეიყვანს, თუ ვინმემ ჭეშმარიტად შეიყვარა იგი, მიანდო მას თავი თვისი, დაემორჩილა გულით და სულით. აჰა, ძმაო, რა სარწმუნოება მოგცა შენ ღმერთმა. რამდენი მადლობა, დიდება, სიყვარული, მორჩილება გმართებს შენ ღვთისადმი, რომ მართლ-მადიდებელი ხარ, სარწმუნოება ჭეშმარიტი გიპყრიეს და მით სძლევ სოფლის ცოდვასა. ეს არის ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი.
ბოლოს, წარმოიდგინე, რა ზომად დანაშაულია ის ერი, ხალხი ქრისტიანე, რომელი არ ისარგებლებს ამისთანა სჯულითა! ამით კარგავს იგი საუნჯეს, მიწაში შთაფლავს ღვთისაგან მოცემულს ტალანტსა, ფუჭდება ზნეობით, ეცემა ხასიათით. ღმერთმან განაშოროს ჩვენგან ამისთანა დაუდევნელობა. ამინ.