აღსდგა, არა არს აქა, აჰა ადგილი, სადა დასდვეს იგი (მარკ. 16,6)
ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რა ნაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი! დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, როგორც სხვანი ყოველნი საჭირონი სწავლანი და მოძღვრებანი მოგვცა და აღგვიხსნა, მსგავსადვე ყოველი, რაც საჭირო არის ამ საგანზედ საკუთარი თვისი მაგალითით აგვიხსნა და გვაცნობა. აღსდგა რა მკვდრეთით, იგი ორმეოცი დღე იქცეოდა კაცთა შორის, სწორედ იმ სახით და იმ მდგომარეობით, რომლითაც კაცნი ცხონებულნი იქმნებიან შემდგომად აღდგომისა. იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ჩვენც შემდგომად აღდგომისა. და ესრედ, პირველად სიკვდილი, ანუ გარდაცვალება გაათავებს, ანუ მოსპობს მხოლოდ აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა მოქმედობასა, ხორციელსა ცხოვრებასა. თვით იესო ქრისტემ, აღდგომილმა მკვდრეთით, გვაჩვენა ჩვენ ესე. ვიდრემდის იგი იყო ქვეყანაზედ, დაუღალავად ასრულებდა ნებასა ზეციერისა თვისისა მამისა, ავრცელებდა ქვეყანაზედ სასუფეველსა ღვთისასა. ბოლოს ურიათა იგი ჯვარს აცვეს. ამან შეასრულა მისი სოფლიური შრომა, საქმე. მისი სხეული იქმნა მიცემული საშინელსა სიკვდილსა. მისნი სასწაულ მოქმედნი ხელნი ჯვარზედ მიმსჭვალულნი გაშეშდენ და გაცივდნენ; თვალნი მისნი, რომლისაგან გამობრწყინავდნენ აუარებელი სახიერება და მოწყალება, დაბნელდნენ, ბაგენი მისნი, რომლისაგან დაუცხრომელად გამოდიოდნენ საღმრთონი სიტყვანი, დადუმდნენ, ღვთაებრავი მისი გული, აღვსებული ზეციერითა მოწყალებითა და ლმობიერებითა, დადგა, აღარ ძგერდა. იგი მოკვდა სოფლისათვის, გარნა მისი არსება არ მოისპო. მან სული მისი შეავედრა ხელთა შინა ზეციერისა მამისათა, რომლისაგან იგი მარადის მოელოდა აღდგომასა, და ეს სასოება მისი არ გამტყუნდა: აღსდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დასდვეს იგი! ჩვენიცა სოფლიური ცხოვრება ოდესმე გათავდება, თესლი სიკვდილისა ყოველთვის ჰბუდობს თვით ჩვენს სხეულში; გარნა სიკვდილი არ მოსპობს ჩვენსა არსებასა. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელისა ცხოვრებისა სხვა უმჯობესს ცხოვრებად. მოკვდება მხოლოდ ეს ჩვენი მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, გარნა ის შინაგანი ჩვენი გაცოცხლებული სული არ ემონება სიკვდილსა.
მეორედ, შემოდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც იტყოდნენ მასზედა წინასწარმეტყველნი, რაც აღუთქვა მან მოწაფეთა თვისთა. შემდგომად სიკვდილისა იმასვე ასწავლიდა მოწაფეთა თვისთა, რასაც სიკვდილამდე.
შეუძლებელია, ძმანო ჩემნო, რომ ჩვენთვისაც ისე არ მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესე იგი თუ დაგვავიწყდა ყოველი, რაც ქვეყანაში ვნახეთ, აღვასრულეთ, შევიყვარეთ, აღარც ცხონება და აღარც წაწყმედა შეიძლებოდა კაცისა. ჩვენ მაშინ სულ სხვანი ვიქმნებოდით და ვეღარ მივიღებდით ღვთისაგან ვერც ჯილდოს და ვერც დასჯას.
მესამედ, იმ ქვეყანაში ჩვენ გადვიტანთ აქითგან ყოველთა სულიერთა ჩვენთა თვისებათა. აქეთგან გაგვყვება ჩვენ ყოველი ჩვენი ღირსება და თვისება, ნაკლულევანებაცა, ცოდვაცა და მადლიც. იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იქცეოდა იმავე ხასიათით და მიმართულებით, როგორადაც უწინ სიკვდილამდე იქცეოდა, იგივე სიყვარული და სახიერება, იგივე მოშურნეობა ღვთის დიდებისა, იგივე სიბრძნე, სწავლა, დიდება და ღვთაებრივი სახელი! მართლაც, თუ უკვდავსა სულსა სიკვდილი ვერ შეეხება, იგი ვერც მოაკლებს მას საკუთართა მისთა თვისებათა, რომელნიც მან შეიძინა ამ ქვეყანაში; სიკვდილი ვერ წაართმევს სულსა კაცისას ყოველსა, რითაც თითოეული კაცი განსხვავდება სხვათა პირთაგან. და თუ ეს ასეა, ძმაო ჩემო, თუ აქედგან გაგყვება შენ ყოველნი შენი ღირსებანი და ნაკლულევანებანი. ნუ თუ არ ხედავ, რა სანუგეშოა ერთი მხრით ეს გარემოება და რა საშინელი მეორე მხრით? ნუ თუ არ ხედავ, რომ შენ აქვე შენი ხელით აშენებ შენთვის, ანუ ჯოჯოხეთსა ანუ სამოთხესა? რას იქმ შენ მაშინ, იქა, ჰოი ანგაარო, ხარბო, შურით აღვსებულო? ყოველი შენი ნუგეში, ყოველი შენი კერპნი აქ დაგრჩება, გადახვალ იქა გატიტვლებული და მოკლებული ყოველთა შენთა ნუგეშთა. მარტო ეს იქმნება შენთვის ერთი ჯოჯოხეთი. გიხაროდენ თქვენ, კეთილის მოყვარენო, ღვთის მოყვარენო, სიმართლის მოყვარენო! იქ დაგხვდებათ თქვენ ბედნიერება, მოგეცემათ რაც გიყვარდათ, შეემთხვევით, რაც გსუროდათ და რასაც ეძიებდით.
მეოთხედ, მომავალსა შინა საუკუნესა ჩვენ შევალთ ახალსა შინა წრესა ცხოვრებისასა, რომელსა შინა გამზადებული არის ნეტარება მათთვის. რომელნი დაუცხრომელად იღვწოდნენ ამ ქვეყანაში. სიკვდილმა გაათავა ყოველი მწუხარებანი და ტანჯვანი უფლისა იესო ქრისტესნი. თვითთნ იგი იტყოდა, რომ ვნებითა და სიკვდილითა უნდა შევიდეს დიდებასა თვისსა; და მართლაც, შემდგომად აღდგომისა, ვითარცა თვითონ იტყოდა, მიეცა მას ყოველივე უფლება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, დაჯდა იგი მარჯვენით მამისა თვისისა და მუნ იგი მართავს ყოველივეს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჩვენც ესრედ მოგვიხდება შემდგომად სიკვდილისა, სული ჩვენი, განთავისუფლებული ყოვლისა სოფლიურისა მწუხარებისა და ამაოებისაგან. დაუბრკოლებლად გაშლის, გაავრცელებს თვისთა თვისებათა და ღონეთა, გავა ვრცელსა ზედა ასპარეზსა ცხოვრებისა და მოქმედებისასა, თან-და-თან მიეახლება ღმერთსა, წყაროსა ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისასა. ჩვენი ცნობისმოყვარე ჭკუა იპოვნის ისრეთსა საგანსა ცნობისასა, რომელიც შეიქმნება საუკუნო მისი საზრდო და მისწრაფება. გული ჩვენი და გრძნობა მარადის მეძიებელი სიხარულისა და ბედნიერებისა შეემთხვევა ისრეთსა წყაროსა ბედნიერებისასა, რომლისაგან უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს დაუსრულებელსა სიხარულსა და ნეტარებასა.
ბოლოს, მეხუთედ, სხეულიც ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდენ სახე სამსჭვალთა ეკლის გვირგვინისა. თომამ თითითა თვისითა განიხილა ხელნი მისნი, ფერხნი და გვერდნი. გარნა, ამასთანავე მისი სხეული სულ სხვა ნაირი იყო, სიმძიმე ანუ ხენეშობა, ანუ რაიმე სოფლიური განხრწნადი მასალა არა ჰქონდა. იგი შევიდოდა კართა ხშულთა, უცბად იქმნებოდა ხილული და მყისვე უხილავი, წამსა შინა თვალისა იერუსალიმითგან გალილიას გაჩნდებოდა წინაშე მოწაფეთა თვისთა, ბოლოს ამაღლდა ზეცად. ჩვენი ხორციც, ძმანო ჩემნო, შეიქმნება ეგრეცა უხრწნელი, ჰაეროვანი, არა ქვეშევრდომი სივრცისა, ანუ ჟამისა, იმასაც კედელი ვეღარ დააკავებს, ზეცას ამაღლდება. თუმცა სახე და შედგენილობა ექმნება იგივე. ესრედ მაცხოვარმა გვიჩვენა ჩვენ, რა ვიქმნებით შემდგომად სიკვდილისა. ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა, რომელთაგან პირველი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან და მეორისაგან გვიხსნას. ამინ.