ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი
კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე.
ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ
ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. (ლუკ. იჱ, ია)
ამ სახით ილოცვიდა, ძმანო ქრისტიანენო, ფარისეველი იგი, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა იგავისაგან.
იგავი ფარისეველისა და მეზვერისა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამო უბნობისა. გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ გვქონდეს, და თვითეულთა რომ ათასჯერ გვეთქვას მას ზედა, ვგონებ, არც მაშინ იქმნებოდა გარდამეტებული. ეგოდენ საჭირო არის ჩვენთვის ხშირად გაფრთხილება ფარისევლობისაგან! შთახედე, ძმაო, შენ გულში და გამოიკვლიე ყოველნი შენნი სიტყვანი და საქმენი, მიიხედ-მოიხედე გარემოს შენსა და ყურადღებით გამოიკვლიე, როგორ იქცევიან ახლანდელნი ქრისტიანენი, რა აღანძრევს მათსა ენასა, რომელნი არიან განმაღვიძებელნი მიზეზნი მათის მოქმედებისა და თუ პირ-უთნეველად განიხილავ ამას ყოველსა, რას ნახავ? ნახავ ათასთა კვალთა და ნიშანთა ფარისევლობისასა, ნახავ ხშირად, განსაცვიფრებელად და შესაწუხებლად შენდა, რომელ კაცი, რომელი შენ მიგაჩნდა ღვთის-მოყვარედ და მართლად, თურმე აღვსებული არის ამპარტავანებითა და არ ერიდება უსაშინელესთა ცოდვათა. ნახავ, რომელ ათასში ერთი კაცი არ არის, რომლისა სიტყვა და საქმე იყოს ერთი, და გარეგანი საქციელი მისი იყოს დაფუძნებული შინაგანსა გრძნობასა. რუსეთში მყოფობასა შინა, ჩვენ ვნახეთ, რომელ იქაურნი ვაჭარნი კაცნი საზოგადოდ არიან ღვთის-მოყვარენი და პატიოსნის ყოფა-ქცევის მექონნი; გარნა ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ არიან უმეცარნი, რომელ, როდესაც მთელი დღე მრავალნი პირნი მოატყუვეს ვაჭრობაში, საღამოს დიდ სანთელს აანთებენ წინაშე წმიდის ხატისა და იტყვიან: „დღეს ბევრი კაცი მოვატყუეო, ცოდვაში ვარო“. განსაცვიფრებელი არის ეს უმეცრება. გარნა ჩვენ ქვეყანაში ამაზე უსაშინელესსა რაიმეს გაიგონებ. მრავალ გზის გაიგონებ, რომ კაცი მდიდარი, ცოლშვილის პატრონი ყოველ დილით წაიკითხავს დაუჯდომელს და თითონ კი არ იშლის არა-წმინდებასა და ბილწებასა. ერთი სიტყვით საშინელი იგი ცომი ფარისევლობისა ჰსუფევს ქრისტიანეთაცა შორის და მეტად საჭირო არის, ხშირად ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა. გარნა მივიქცეთ აწ ფარისევლისადმი და გამოვიკვლიოთ მისი შინაგანი მდგომარეობა.
ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი: მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე; ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა, როგორ ლოცულობდა ფარისეველი! ხოლო მეზვერე, მისგან დაწუნებული, შორს სდგა, იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! ორთავე ამათ თვისსა ლოცვაში გამოაჩინეს თვისი ხასიათი და გულის გრძნობა. ფარისეველი აქებს თავის თავს. იგი კმაყოფილია თავის თავზე, მას არა თუ არაფერი არ აწუხებს, არამედ იგი გახარებული არის თავის კარგ კაცობაზე. როგორ დაუბნელდა მას, ძმანო, ესრეთ ჭკუა? როგორ არ ხედავდა იგი თვისთა ცოდვათა? როგორ არ ჰგრძნობდა მას, რომ თვით ამ სიტყვებში გამოუჩნდა ამპარტავნება, რომელი არის უმთავრესი ცოდვათა შორის? ამასთანავე ვიცით სახარებისაგან, რომ იგი იყო ანგარი, ჭეშმარიტების წინააღმდეგი. ეს მოხდა, ძმანო, მისთვის, რომ იგი სჯულს აღასრულებდა მხოლოდ გარეშეობით, ხოლო თვისებათა მისთა და საქმეთა არ განიცდიდა. რადგანაც იგი საყდარში დადიოდა თავის დროზე, დაწესებულ დღეებში მარხულობდა, სჯულისაგან ბრძანებულს ათეულს შესწირავდა და ესრეთთა მცირეთა მცნებათა სისწორით ასრულებდა, ამით მან დააკმაყოფილა და დააჩუმა თვისი სვინიდისი; ის კი დაივიწყა, რომ სხვანი არიან ამაზე უდიდესნი მცნებანი, რომელთა აღსრულება მას უწინარეს უნდა გახსენებოდა: სიმართლე, სიწმინდე, ღვთისა და მოყვასისა სიყვარული. აქედგან ისწავლე შენცა, ძმაო, ის, რომ არ დააკმაყოფილო თავი შენი მხოლოდ რომელთამე მცირეთა, გარეგანთა მცნებათა აღსრულებითა. ის შინაგანი კმაყოფილება და თავის ქება, რომელსა გრძნობდა იგი, იყო ნიშანი მისისა უმეცრებისა და უგუნურებისა. ამით როგორ უნდა იქადოდეს კაცი, რომ ორჯელ იმარხა და ათეული შესწირა! დიახ, ესეც არის საჭირო აღასრულოს კაცმა, რადგანაც სჯული და ჩვეულება გვიბრძანებს, გარნა კაცი გონიერი როგორ დაკმაყოფილდება ესრეთითა მცირე საქმითა! იგი ცდილობს, რომ შეიწყნაროს, მიითვისოს და შთაინერგოს თვის გულში სჯული და არა მხოლოდ ასო-ასო მისი. ღირსნი და წმიდა მამანი, როდესაც უმრავლესთა წელთა ცხოვრებისათა განატარებდნენ გასაოცართა შინა მოღვაწებათა და ქველის საქმეთა, მაშინაც არ იყვნენ კმაყოფილნი თავის თავისა, მაშინაც ამტყუნებდნენ და ჰკიცხავდნენ თავის თავს, მაშინაც იყვნენ ეჭვში: აღასრულესა მათ თვისი მოვალეობა და მიემთხვიენა იგინი ნეტარსა აღსასრულსა?
ღმერთმან, ძმანო, კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცხოველი და გონიერი ვერაოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა; რაოდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიიღოს კაცის გონებამ, მაინც არის გაუმაძღარი და ხარბი უმაღლესისა მეცნიერებისა. ეგრეთვე გულიცა მისი, თუ მას შინა არის აღნთებული საღმრთო ცეცხლი ღვთაებრივისა მადლისა, ვერაოდეს ვერ დაკმაყოფილდება თვისითა მოღვაწებითა და სათნოებითა, არამედ მარადის არის მისწრაფებული უმაღლესისა ხარისხისადმი სათნოებისა. გარნა სჩანს, რომ ფარისევლის გულში იყო ერთი მხოლოდ მკვდარი და უგრძნობელი გარეგანი ჩვეულების აღსრულება, და არა ცხოველი მისწრაფება უმჯობესისა მიმართ მდგომარეობისა.
მეზვერის ლოცვამ აგრეთვე გამოაჩინა მისი ხასიათი. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! ეს მოკლე თქმა ცხადად ამტკიცებს, რომ იგი ჰგრძნობდა უკმაყოფილებას, იგი იყო მჭმუნვარე და შეწუხებული. და რაკი კაცი იგრძნობს თავის ცუდს მდგომაოეობას, თუკი იგი უკმაყოფილო არის თავის თავისა, ეს არის დიდი და მაღალი ნიშანი. ეს შინაგანი მისი უკმაყოფილება სდევნის მას, აიძულებს, გააღვიძებს, რომ გამოვიდეს ცოდვისაგან, და აღასრულოს მცნება, გამოსცვალოს მისი ცხოვრება. ეს უკმაყოფილება არის წყარო ყოვლისა წარმატებისა, ვითარცა სულიერისა, ეგრეთვე ხორციელისა, რომელიც მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ.