ორნი კაცნი აღვიდენ ლოცვად ტაძარს შინა,
ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე; (ლუკ. 18,10).
ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა იპყრობს თვის შორის ვრცელსა და ღრმასა ქრისტიანულსა ზნეობითსა სწავლასა, ამისთვის კვალადვე განვიხილოთ იგი დღეს აღსაშენებელად სულთა ჩვენთა. ორნი კაცი აღვიდენ ლოცვად ტაძარსა შინა, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ვინ იყო ფარისეველი? სახარება ხშირად იხსენიებს მათ და ცხადად აღწერს მათთა სულიერთა თვისებათა. ფარისეველნი იყვნენ კაცნი სწავლულნი, მწიგნობარნი და ერისაგან პატივცემულნი. გარნა მათი ზნეობა და ყოფაქცევა სრულიად წინააღმდეგი იყო იმ ზნეობისა, რომელსა მოითხოვდა და ასწავლიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სჯულსა აღასრულებდენ იგინი გარეშეობით, საჩვენებლად კაცთა, ხოლო დაფარული მათი შინაგანი თვისება იყო ბოროტი, ამპარტავანი, აღვსებული შურითა და ანგარებითა. გარნა ყოვლიფერზე უცუდესი ის იყო მათ შორის, რომ ფარისეველნი არ გრძნობდენ თავის სიცოდვეს. არამედ თავნი თვისნი მიაჩნდათ მართლად, სათნოდ და წმინდად. უფალი ჩვენი იესო ქრისტე წინააღმდეგ ამისა ასწავლიდა ყოველთა კაცთა, რათა შეიძინონ შინაგანი კეთილი, პატიოსანი და წმინდა ხასიათი, და მით გარეგანიცა თავიანთი ყოფა-ქცევა გაიწმინდონ, გაკეთდენ და გამშვენიერდენ.
ვინ იყვნენ მეზვერენი? იგინი იყვნენ ხარკის მომბოჭველნი, მთავრობისაგან დაყენებულნი, ხშირად აწუხებენ ხალხსა თვისითა ანგარებითა და უსამართლოებითა, ამისთვის იგინი სძულდა ყოველს კაცს. ასე რომ მეზვერე და ცოდვილი ერთი თქმა იყო.
ახლა ვნახოთ, როგორ ილოცეს ამ ორთა პირთა ტაძარში.
ფარისეველი იგი წარსდგა, ესე იგი, ფარისეველი რომ საყდარში შევიდა, სულ ყველაზე წინ დასდგა, როგორც ახლავე დავინახავთ, ამპარტავნებით, რადგანაც თავი თვისი ყველაზედ უმჯობესად მიაჩნდა. მაგრამ აქედან ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავნებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან საყდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება; ამისთანა შემთხვევაში წინ დადგომა არ არის ცოდვა.
ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ, მემრუშე, - ესრედ დაიწყო ფარისეველმა ლოცვა თავის გულში.
პირველი შეხედვით იგი თითქოს კარგად ლოცულობს. მართალია, დიახ კარგი და პატიოსანი არის, თუ კაცს არ უქნია ის ცოდვები, რომელსაც იგი ახსენებს, კიდეც ყოველი ღონის ძიება უნდა იხმაროს კაცმან, რომ არ იყოს იგი მტაცებელი, მემრუშე. გარნა ფარისეველის ლოცვაში პირველად ის არის ცუდი, რომ ის თავს იქებს. კაცი გონიერი და თავმდაბალი თავის თავს არაოდეს არ იქებს. თუ ღირსია ქებისა - სხვანი უნდა აქებდენ მას, და არა თვითონ თავის თავს. მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ ფარისეველი თავის თავს იქებდა დროსა ლოცვისასა, მდგომარე ღვთის წინაშე. ნასწავლი იყო იგი, წაკითხული ექნებოდა დავითნისაგან, რომ ლოცვაში კაცს უნდა ჰქონდეს სული შემუსვრილი და დამდაბლებული; ლოცვაში კაცი თვითონ უნდა ამტყუნებდეს თავის თავს, ცოდვებს ნანობდეს, ღმერთს თავის უღირსებას შეაბრალებდეს. ნაცვლად ამისა, ფარისეველი თავის თავს აქებს. მერმე რით? მტაცებელი, ცრუ და მემრუშე არა ვარო! ამით როგორ უნდა იქოს კაცმა თავი? თუ მაინც-და-მაინც კაცმა თავის ქება მოინდომა, და ისიც არა ლოცვაში, არამედ სხვა დროს და სხვისგან, ის უნდა მოიხსენოს, თუ რამე კეთილი უქნია და ნაყოფი გამოუღია, და ისიცა ღვთის მადლს და შემწეობას უნდა მიაწეროს. წარმოიდგინე, მაგალითად, რომ ერთი ვინმე ხელმწიფის კარის კაცი წარუდგა ხელმწიფეს, ჯილდო მოითხოვა მისგან, და ასე იქო თავი: ხელმწიფე! მე შენ არაოდეს არ მოგატყუე, შენი ხაზინა არ გამიქურდავს და შენი სახელი არ მიგმობია. ნუ თუ ხელმწიფე მოიწონებს ამის სიტყვას და ჯილდოს მიცემს? არა ვგონებ; არამედ ესრედ უპასუხებს: მე ჩემი ხაზინის გასაქურდლად და ჩემი სახელის საგმობად არ დამიყენებიხარ, არამედ მოგანდვე საქმე გასაკეთებლად. თუ კარგად გააკეთე ის საქმე, შევიტყობ და დაგაჯილდოვებ, შენი ლაპარაკი რა საჭიროა. მზგავსადვე ამისა უპასუხებს ღმერთიც ყოველსა კაცსა. საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანე კაცი ცოდვებს არ იქმოდეს, არამედ სათნოებაც უნდა ჰქონდეს. არ გეყოფა შენ სულის საცხოვნებლად მარტო ის, თუ მტაცებელ არა ხარ, არამედ მოწყალებაც უნდა გქონდეს; მცირე არის, თუ სიცრუე არ გიყვარს, სიმართლისათვის თავი გადადებული უნდა გქონდეს; არა თუ მემრუშე არ უნდა იყო, არამედ გულშიც უნდა არ გაარონიო უწმინდური აზრი, ქალსაც არ შეხედო ცუდის აზრით...
არა ვარ, ვითარცა მეზვერე ესე...
ფარისეველმა არა თუ თავის თავი იქო, არამედ ამაზედ უცუდესი ჰქმნა: იმან თვისი მოყვასი განიკითხა და შეარცხვინა. მოყვასის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, გარნა ლოცვაში უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში, როგორც ზემორე ვსთქვით, კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს, კიდეც მართალი და კარგი კაციც რომ იყოს, და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანს განიკითხავდეს.
ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა, - ესრედ გააგრძელა ფარისეველმა თვისი ლოცვა. აქაც იგი თავის თავს იქებს, მაგრამ ახლა თითქოს სიმართლით. მარხვა, ათეულის შეწირვა, მართლა კეთილი საქმე არის და სჯულიც მოითხოვდა ამას. გარნა აქაც, გარეშე მისა რომ, როგორც ვსთქვით, ლოცვაში კაცმა თავის თავი არასფერში არ უნდა იქოს, წინაპირველად ის უნდა შევიტყოთ, როგორ მარხულობდა ის კაცი. მარხვას და ლოცვას რისთვის ასრულებდა იგი? ის მარხულობდა გარეშეობით, საჩვენებლად კაცთა; მსხვერპლსაც და ლოცვასაც აღასრულებდა ამ ნაირად და ამისთვის; გარნა შინაგანსა ცუდსა ხასიათსა არ იშლიდა. ამისთვისაც მისსა მარხვასა და შეწირვასა არ ქონდა მადლი ღვთის წინაშე. ყოველი გარეგანი მოქმედება იმით აიწონება და დაფასდება ღვთის წინაშე, რა განზრახვით არის, რომელი წყაროისგან მომდინარეობს. მარხვა, მსხვერპლის შეწირვა, ლოცვა მაშინ შეერაცხება კაცს მადლად, როდესაც იგინი მომდინარეობენ ჭეშმარიტის სინანულისაგან, როდესაც იგინი გამოთქვამენ შინაგანსა კაცის გრძნობასა, როდესაც იგინი დახატვენ ჭეშმარიტსა სახესა კაცის სულისასა. ფარისეველი სასმელს და საჭმელს გამოიცვლიდა და ხასიათსა და ყოფა-ქცევასა არა: ხოლო ჩვენ, ქრისტიანეთა, სასმელი და საჭმელი გამოვიცვალოთ, მსხვერპლი შევსწიროთ ისე და იმ განზრახვით, რომ ესენი შეეწეოდეს სულიერსა ჩვენსა წარმატებასა და სისრულესა.
ხოლო მეზვერე შორის სდგა...
მეზვერე შორის, ანუ უკან იდგა, როგორც სჩანს, სიმდაბლით. თუ საყდარში კაცი უკან, შორს მისთვის დადგა რომ მყუდროდ იყოს, თვალები და გონება არ დაეფანტოს და მეტადრე სიმდაბლით და მორიდებით ილოცოს, ეს დიახ მადლი იქნება; გარნა, როდესაც ზოგიერთნი უკან კარების სიახლოვეს მისთვის დადგებიან, რომ მალე გავიდენ კარში, ლოცვის გათავებას არ მოუცდიან, ეს ცოდვა არის.
არა იკადრებდა თვალთა ზე ახილვად... ფარისეველის მრავალმეტყველობა იყო ნიშანი მისი მოკლე და მცირე გრძნობისა; ხოლო მოკლემან მეზვერის სიტყვამან გამოაჩინა ღრმა და წმინდა მისი გრძნობა.
გეტყვით თქვენ, გარდამოვიდა ესე...
სჩანს, რომ თვით ლოცვა მისი ან გაამართლებს კაცს, ან გაამტყუნებს, ამსითვის, რომ ლოცვაში კაცი უნებლივად თავის სულის და გულის მდგომარეობას გამოაჩენს და გამოხატავს.
და ესრედ, თუ შენი ლოცვა, ძმაო, ღრმა არის, აღვსებული ძლიერითა გრძნობითა, აღძრული ჭეშმარიტითა სინანულითა, იგი შენც გაგამართლებს და გაცხოვნებს, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.