კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი,
რომელმან დაასხა ვენახი,
და ზღუდე
გარე მოსდგა მას,
და ჰქმნა მას შინა
საწნახელი,
და აღაშენა გოდოლი და
მისცა იგი მოქმედთა ქვეყანისათა.
(მათე 21, 33)
საყვარელნო ყრმანო, საერო და სასულიერო სასწავლებელთა მოსწავლენო! წარსულს წელიწადს, წინად სწავლის დაწყებისა დაგიბარე მე თქვენ წმიდასა ამას ტაძარსა შინა და მოგეცი დარიგება, მსგავსადვე ახლაც მსურს აღვასრულო ჩემი თქვენდამი მოვალეობა. იმედი მაქვს, რომ ზოგიერთთა მაინც თქვენგანთა ახსოვს ის სწავლა, რომელიც მოგეცი თქვენ წარსულს წელს. მე თქვენ ის აზრი აღგიხსენით, რომ თქვენ ყოველნი ფრთხილად უნდა იყვნეთ, რათა ვინმემ ბოროტის განმზრახველმა პირმა არ გაცთუნოს, არ შეგაგონოს რაიმე სჯულის წინააღმდეგი აზრი. ახლა მე მსურს მოგცე თქვენ სხვა დიდი და ფრიად საჭირო სწავლა სულიერი, მე მსურს აღგიხსნა თქვენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულსა სჯულსა, არა თუ მხოლოდ თითოეულისა კაცისათვის, არამედ მთელი ერის და ხალხის ცხოვრების წარმატებისათვის. ამას აგიხსნი მე თქვენ, არა ღრმა ფილოსოფიური აზრებითა, რომელთა უმეტესი თქვენგანი ჯერედ ვერც კი გაიგებს, არამედ უბრალო ისტორიული მაგალითების მოყვანითა. მე აღგიხსენი, რომელ ჭეშმარიტი წარმატება და ბედნიერება კაცობრიობისა თვით ამ ქვეყანაზედაც დამოკიდებული არის ქრისტე იესოს სახარების და სარწმუნოების მიღებაზედ და აღსრულებაზედ. ამ აზრის დასამტკიცებლად მე წარმოგიდგენ ცხადთა და ცხოველთა მაგალითთა, თვით ჩვენთა წინაპართა ცხოვრებისაგან, და აგრეთვე სხვათა კავკასიაში მცხოვრებთა ტომთა ცხოვრებისაგან. გარნა, წინაპირველად, მე უნდა მოგიყვანო ერთი სახარების იგავი.
კაცმან, ერთმან, დიდმან იტყვის უფალი იესო ქრისტე, აღაშენა ერთი დიდი ვენახი, კედელი შემოადგა, საწნახელი და გოდოლი დასდგა მას შინა, და, ესრედ მომზადებული, ჩააბარა მოქმედთა, ანუ მუშაკთა, იმ პირობით, რომ თავ-თავის დროზე ვენახის ნაყოფი მიართვან ვენახის პატრონსა, მაგრამ ამათ არ აღასრულეს ეს პირობა, ვენახისგან ნაყოფი არ მიართვეს პატრონსა; მისგან გამოგზავნილნი მოსამსახურენი ზოგნი დააგდეს, ზოგთა სცემეს, სხვანი მოჰკლეს. ამისთვის ვენახის პატრონმა დაჰსაჯა ბოროტნი მუშაკნი, ქალაქი მათი აღაოხრა, ვენახი მათ ჩამოართვა, და ჩააბარა სხვათა, ნაყოფის მომცემთა, მუშაკთა.
რას ნიშნავს ეს იგავი? ვენახის დამსხმელი და პატიოსანი არის თვით ღმერთი; ვენახი არის ღვთის სჯული, ქრისტიანული ეკლესია; მომქმედნი, ანუ მუშაკნი ვენახისანი, არიან ყოველნი კაცნი და ერნი, ღვთის სჯულის მიმღებნი და აღმასრულებელნი. ღმერთმან მისთვის განაჩინა და მისცა კაცთა სჯული, სახარება, ქრისტიანობა, ეკლესია, რომელ იგინი მოიხმარონ, ნაყოფი გამოიღონ, ესე იგი კეთილი, პატიოსანი, ქრისტიანული ცხოვრება იქონიონ. თუ რომელიმე ერი, ანუ ხალხი მიიღებს ვენახსა ამას კეთილად და იმუშავებს, ნაყოფს გამოიღებს, იგი იქმნება გარეშე მოზღუდული კედლითა და დაცული ღვთის მადლითა, და თუ რომელიმე ხალხი არ მიიღებს ამ ვენახს, ანუ მიიღებს, და კარგად არ შეიმუშავებს, არ მოიხმარს ღვთის სჯულსა, ნაყოფს არ გამოიღებს, ღმერთი მათ ჩამოართვმევს ამ საღმთოსა ვენახსა, და მისცემს სხვას, უფრო ღირსსა ხალხსა; და თუ რომელიმე ერი, ანუ ხალხსა დაემართა ეს საქმე, ის ხალხი დაეცემა და დაიღუპება, თვით აქ ამ ქვეყანაშიაც, და შეიქმნება ვითარცა ერი უნაყოფო, გამხმარი ხე.
დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთთა თქვენგანთა კიდეც გაუგონიათ ეს იგავი, და იციან, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეს იგავი სთქვა ურიათა ზედა, და მათი მომავალი ხვედრი აჩვენა. პირველად ეს იგავი კიდეც აღსრულდა ებრაელის ერსა ზედა, რომელმან არ შეიწყნარა ქრისტეს სჯული, და ამისთვის ქალაქი მათი იქნა აოხრებული, და მათ დაჰკარგეს თვისი ქვეყანა, და დაფანტული არიან სხვათა შორის თესლებისა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ გიფიქრიათ და არ იცით, რომ იგავი ესე, ვითარცა ღვთიური სიტყვა, იყო არა მხოლოდ ურიათა ზედა, არამედ მთელი ქვეყნისათვის და ყოველთა ერთათვის, და წინასწარმეტყველება, მას შინა თქმული, მრავალგზის აღსრულდა მრავალთა კავკასიის ერთა ზედა და თვით ჩვენთა წინაპართა, ქართველთა ზედაცა.
მე დამივლია მრავალნი კავკასიის მხარენი: სვანეთი, ოსეთი, აფხაზეთი, ახალციხე, ქართლ-კახეთი, იმერეთი და სამეგრელო. როდესაც ამ ქვეყნებში დავდიოდი, ერთი გარემოება მაკვირვებდა მე, და უნებლივად ფიქრში შემიყვანა. ყოველ კუთხეებში: მთებში, ტყეებში, ხეობებში, მინდვრებზედ, სოფლებში და უდაბურ ადგილებში, ვხედავდი მრავალთა ძველთა ნიშანთა ქრისტიანობისა, ეკლესიათა, მონასტერთა, ჯვრებსა, დიდ-დიდსა ტყავის წიგნებსა. აქედამ სჩანს, რომ ძველ დროებაში, არა თუ მარტო ჩვენი წინაპარნი ქართველნი, არამედ სხვანიცა, ყოველნი კავკასიის მცხოვრებნი, სხვა-და-სხვა ერნი და ნათესავნი: ოსნი, აფხაზნი, სვანნი, ლეკნი და ჩერგეზნი, იყვნენ განათლებულნი ქრისტიანულის სჯულითა. მაგრამ საკვირველი ის არის და შესანიშნავი, რომელ ქრისტიანობა ყოველგან, ყოველ სხვა ხალხებში ადრევე მოისპო, და დარჩა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს მოხდა მისთვის, რომ ყოველნი სხვანი კავკასიის ერნი არ გამოჩნდნენ კარგნი მუშაკნი ღვთის ვენახისანი, არ შეიყვარეს კარგად ქრისტიანობა; გარნა ჩვენთა წინაპართა სულით და გულით მიითვისეს და შეიყვარეს ქრისტიანობა. ქრისტიანობა გარდაიქცა, ესრედ ვსთქვათ, სისხლად და ხორცად ჩვენთა მამათა. ვისაც ცოტაოდენი წაუკითხავს და გაუგია ცხოვრება ჩვენთა წინაპართა, იცის რანაირად თავ გადადებულნი იყვნენ ქრისტეს სჯულის დაცვისათვის, რაოდენი მსხვერპლი შესწირეს მათ ამ საქმეს, რაოდენი ტანჯვა და აოხრება მოითმინეს მათ. ეს მცირე და ერთი მუჭა სუსტი ხალხი, გარემოცული მრავალთა ურწმუნო ხალხთაგან, დღე და ღამე დაიარაღებული იცავდა თავის სჯულსა უწყალოთა მტერთაგან. სპარსნი, თათარნი, ლეკნი, ჩერქეზნი, ოსნი განმავლობასა შინა მრავლისა საუკუნისა, მას ჰგლეჯდენ, ჰმუსვრიდენ, აოხრებდენ, სტყვევნიდენ. უნებლივად განცვიფრდება გონება კაცისა, რამ დაიცვა ეს ერთი მუჭა ერი ამოდენა მტერთაგან! იგინი დაიცვა, ძმანო ჩემნო, სჯულმან ქრისტესმან! იგი დაიფარა მართლ-მადიდებელი ეკლესიის სიყვარულმან, და არა თუ მარტო დაიცვა და დაიფარა სრულიად ამოწყვეტისაგან, არამედ კიდეც გაანათლა და გაადიდა, რაოდენიც მაშინ შესაძლებელი იყო. სარწმუნოებითა თვისითა გამხნევებულითა, მათ არა თუ დაიცვეს თვისი ქვეყანა და ეკლესიები უცხოთა მტერთაგან, არამედ გააჩინეს მწიგნობრობა და მწერლობა, გადმოსთარგმნეს საღმთო წერილი და წერილნი წმიდათა მამათა, დააწესეს საკუთარს ენაზედ წირვა, ლოცვა და მწერლობა. ერთი სიტყვით, მრავალთა კავკასიის ტომთა და ერთა შორის, მხოლოდ ჩვენთა წინაპართა მიიღეს ცოტაოდენი წარმატება და განათლება, და დაიცვეს თვისი ენა და ხალხოსნობა ქრისტეს სჯულის შემწეობითა. ამისთანა სიკეთე და ბედნიერება მისცა ქრისტეს სჯულმა ჩვენთა წინაპართა! ახლა ის გაიხსოვნეთ და იფიქრეთ, რა მოუვიდა, რა დაემართა სხვა მრავალთა კავკასიის ერთა და ტომთა: ლეკთა, ჩერგეზთა, სვანთა, აფხაზთა და სხვას? იგინი ყოველნი, რადგან არ შეიწყნარეს ქრისტიანობა, დარჩნენ ველურს, დაცემულს მდგომარეობაში. არა თუ განათლება ვითარიმე არ გაჩნდა მათ შორის, არამედ სახელებიცა მათი ძლივს იხსენება, თუმცა, უეჭველია, ზოგიერთნი მათგანნი ოდესმე უმრავლესნი და უმძლავრესნი იყვნენ ჩვენთა წინაპართა ზედა. ვინც გულ-წრფელად და პირმოუთნეველად შეჰხედავს ამ ისტორიულს მოვლენას, იმას არ შეუძლიან არ სთქვას, რომ ეს არის ერთი უდიდესი ღვთის სასწაული!
ახლა, ვგონებ, თქვენც გაიგეთ, რა მნიშვნელობა აქვს კაცობრივის ცხოვრებაში ქრისტიანულს სჯულს. ვგონებ, თქვენ მიხვდით, რომ ამ ქვეყანაზედ მხოლოდ იმ ნათესავს, ანუ შთამომავლობას აქვს სახელი და წარმატება, რომლის შორის დანერგილია საღმრთო ვენახი ღვთისა, ესე იგი ქრისტიანობა. ჩვენ წინაპართა რომ ქრისტიანობა არ მიეღოთ და არ შეეკავებინათ, ჩვენც ახლა ვიქმნებოდით უსახელო. ველური და წარმართი.
და აწინდელი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა,მყუდრო, მშვიდობიანი, წარმატებული, დაცული ყოველთა მტერთაგან რისგან არის? შენ მეტყვი, რომ მძლავრი რუსეთის ხელმწიფის მოწყალებისა და მფარველობისაგან. მართალია! მაგრამ, ვგონებ, თქვენ ჯერედ, რადგანაც მცირე წლოვანი ხართ, არ გიფიქრიათ, საიდგან და რისგან მივიღეთ ჩვენ ეს ბედნიერება, რომ დაცული ვართ დღეს რუსეთის ხელმწიფისაგან. ეს უკანასკნელი ბედნიერება მოგვანიჭა ჩვენ ქრისტეს სჯულმან! რუსეთის ხელმწიფემ რისთვის მიიღო ჩვენი ქვეყანა? რათა დაცული იქმნას ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი სჯული. ჩვენ წინაპართა, მეფეთა, დიდებულთა ამით შეაბრალეს ეს ქვეყანა და თვისი თავი რუსეთის ხელმწიფეს და მიაღებინეს, რომ მართლ-მადიდებელნი იყვნენ, ვითარცა რუსეთის მცხოვრებნიცა.
აჰა, რაოდენად დავალებული ვართ ჩვენ ქრისტეს სჯულითა. აჰა, რაოდენი ძალა და ღონე აქვს საღმრთო სჯულსა ჩვენსა თვით ამ ქვეყნის წარმატებისა, არსებისა და ცხოვრებისათვის! ნუ დაივიწყებთ ამას, საყვარელნო ყრმანო. სხვათა საგანთა შორის, კლასებში უნდა ისწავლოთ სჯულიცა თქვენი. ისწავლეთ იგი არა ზეპირად, არამედ სულით და გულით მიითვისეთ იგი. გახსოვდესთ, რომ რა ზომად კაცი მიითვისებს და შეიყვარებს ამ სჯულს, იმ ზომად იქმნება იგი პატიოსანი, მხნე, წარმატებული ყოველსა კეთილსა საქმესა შინა. თუ ვინმემ დაგიწყოს ლაპარაკი, ანუ შეგონება რაიმე ამა სჯულის წინააღმდეგი, იგი შეჰრაცხე, ვითარცა ცოფიანი ძაღლი, რომელმან, თუ უკბინა კაცს, მოსწამლავს და მოჰკლავს. ამინ.