ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან,
რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა
ცხოვართათა,
ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელი,
ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი.(
მათ. 7, 15 - 16).
ამ სიტყვებით, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ, მოვერიდოთ ცრუთა წინასწარმეტყველთა, ესე იგი ცრუთა მოძღვართა, მასწავლებელთა, რომელნი არა ჭეშმარიტებასა გვასწავლიან, არამედ სიცრუვესა, ღვთისაგან გამოცხადებულის სჯულის და სიტყვის წინააღმდეგსა სწავლასა.
ახლა სწორედ მრავლდებიან ესრეთნი ცრუნი წინასწარმეტყველნი ანუ მასწავლებელნი. ეს რომ მართალია, სუყველამ ვიცით. ზოგიერთთა ჩვენგანთა არა თუ ვიცით, არამედ სატირლად და საგოდებლად გაგვიჩნდა ესა. ბევრნი მამანი არიან, რომელნი სტირიან ახლა და თავს იკლავენ ჯავრითა, ახლანდელთა ცრუ წინასწარმეტყველთა მიზეზით. მაშასადამე, ჩვენ სულიერთა მოძღვართა თქვენთა, მიუცილებელი მოვალეობა გვაქვს, ხშირად გაგაფრთხილოთ თქვენ ამა ცრუ წინასწარმეტყველთაგან. მათ ახლაც ისეთი ნიშნები აქვსთ და სახე, როგორიც ჰქონდა ცრუ-წინასწარმეტყველთა, მაშინ, როდესაც იესო ქრისტე იტყოდა ამა სიტყვებსა: ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელ, ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ახლანდელი ცრუ-წინასწარმეტყველნიც მოდიან სამოსლითა ცხოვართათა. ისინიცა შეაგონებენ, რომ მათ ჰსურსთ თქვენი წარმატება, სიკეთე და ბედნიერება; ტკბილად გელაპარაკებიან, მაგრამ შინაგან არიან მგელმტაცებელ. იმათ ჰსურსთ, რომ მოგტაცონ შენ ის, რაც არის უძვირფასესი კაცისათვის: მოგტაცონ და წაგართვან შენ ღმერთი და სჯული, ანუ, უმჯობეს არს თქმად, შენი სული გააშორონ და მოსტაცონ ღმერთსა და სჯულსა, და ჩააბარონ ეშმაკსა და ჯოჯოხეთსა. ვინ იცის, იქმნება მართლაც ზოგიერთა მათგანნთა ქვეყნის ბედნიერება ჰსურს, მაგრამ ის ზომა და საშუალება, რომელსაც იგინი აცხადებენ, შეიქმნება დაღუპვა ქვეყნისა, და არა გაბედნიერება: ნაყოფთა მათთაგანს სცანით იგინი, იტყვის მაცხოვარი. ჭეშმარიტად, შეგიძლიათ, ძმანო, თუ დაუკვირდებით, მათთა ნაყოფთაგან იცნათ, ვინ და რანი არიან, იგინი, ესე იგი, მათის ცხოვრებისაგან და, უმეტეს სიტყვათაგან იცნათ რა კაცნი არიან იგინი. აჰა ზოგიერთი მათი ნიშნები: თითქმის ყოველნი ახლანდელნი ცრუ წინასწარმეტყველნი გამოსულნი არიან სასწავლებელთაგან, რომელნიცა მათ არ შეასრულეს, - ზოგმა სიზარმაცით, ზოგმა ცუდის ყოფაქცევისა გამო. მაშასადამე, ისინი ყოველნი არიან ნახევრად, ანუ ზედაპირად სწავლულნი, რომელიც უსწავლელზედ უარესია, და თვითონ კი თავის თავს ჰრაცხვენ მეცნიერად, ბრძნად და წინასწარმეტყველად. მათი ამპარტავნება და თავხედობა ეთანასწორება მათს უმეცრებას. გარდა ამისა, უმეტესი მათგანი სრულიად ცუდის ყოფა-ქცევისა არიან, არც ერთს ცოდვას არ ერიდებიან: ბევრნი მათგანნი ახლავე, სიყმაწვილეში, ლპებიან ცუდის სნეულებისაგან. მაგრამ უმჯობესად და უსწორესად თვით მათის სიტყვებისაგან და ლაპარაკისაგან შეიტყობ, თუ რა ნაყოფს უნდა მოველოდეთ მათგან. სიტყვაც და ლაპარაკიც ხომ ნაყოფია კაცის სულისა და გულისა, და ამასთანავე გამოაჩენს, რა საქმე უყვარს კაცს, რა საქმეს შეუდგება იგი. აბა, რას ლაპარაკობენ იგინი და რას წინასწარმეტყველებენ? ახლა, ამ მოკლე სიტყვებით ყოველიფერს, რასაც იგინი ჰბოდვენ, ვერ აგიხსნი, მხოლოდ რაოდენსამე მათსა ლაპარაკსა, როგორათაც გამიგონია, გეტყვი. ღმერთი, ეკლესია და საღმთო სჯული მათ არა სწამს, - ამაზე მრავალ-გზის მითქვამს, მარტო ეს არის საკმაო, რომ შეიტყოთ, რა ცოფნი და ბრმანი არიან ისინი. ვისაც ღმერთი და მისი სჯული არა სწამს, იმას რაღა კეთილი სიტყვა და საქმე შეუძლია ქვეყანაზე. მართლაც, სხვანიც მათნი აზრნი და სწავლანი არიან ერთობ განსაცვიფრებელნი და უგუნურნი. მაგალითებრ: უმცროს უფროსობა აღარ უნდა იყოს ქვეყანაზე, არამედ სუყველანი უნდა გასწორდნენ პატივითაც, ქონებითაც. -- თუ კი თვით ღმერთმა, ანუ როგორადაც იგინი იტყვიან, ბუნებამ, კაცი კაცთან არ გაასწორა, არც ჭკუით, არც გულით, არც გონებით, არამედ თვით დაბადგებიდგან და სიყრმიდგან ზოგიერთნი ნიჭიერნი და ღონიერნი გამოდიან და ზოგიერთნი სუსტნი და უღონონი ჭკუით და სულითაც, ვინ და როგორღა გაასწორებს მათ? გონება და ცხოვრება ყოველი კაცისა როგორ შეიძლება, რომ გასწორდეს? ზოგიერთი კაცი არის ჭკვიანი და მშრომელი, და, რასაკვირველია, ბევრს შოულობს; ზოგიერთი არის ზარმაცი და გარყვნილი, და რაც დედ-მამამ დაუტევა, ისიც დააბნია. ნუ თუ პირველმა თავის ნაშრომი და ნაოფლარი გაუყოს მეორეს? რა სამართალი იქნება ესა? ან კი რა გამოვა აქეთგან? გამოვა ის, რომ პირველი წახდება და გაღარიბდება, და მეორეც არ გამდიდრდება. ზარმაცებს, გარყვნილებს, რასაკვირველია, კი იამებათ, რომ ჭკუიანთა და მდიდართა გაუყონ და გაუზიარონ თვისი ქონება, მაგრამ რა საშუალებით მოვახდინოთ ეს ცვლილება? აქ, ძმანო, ისინი, ახლანდელი ცრუ წინასწარმეტყველნი, თურმე ერთს ისეთს რამე საშუალებას იტყვიან, რომ არ დაიჯერებ, ზღაპარი გეგონება; არც მე მჯერა, მაგრამ მრავლის მხრით გამიგონია და კიდეც წამიკითხავს. ისინი, თურმე, ამბობენ, რომ ვინც თანახმა არ გახდება ამ ჩვენის პლანისა და დაწყობილობისაო, იმათ უნდა სისხლი გამოუშვათ, ამოვწყვიტოთო, და მასუკან კაცობრივი ნათესავი გაბედნიერდებაო.
მაგრამ გეყოფა, რაც აქამდის ვსთქვით. მე მცხვენია ამ საღმრთო ადგილისაგან, რომ ესრეთი გადარეული და ცოფიანი აზრები მოვიყვანე თქვენს წინაშე, გარნა საჭიროებამ მაიძულა. როგორც წარსულ კვირას მოგახსენე, ცუდი და მძიმე დროება არის ახლა, ძმანო ჩემნო. მეშინის, რომ ვინმე თქვენგანი არ წარიტაცონ იმა ცრუთა წინასწარმეტყველთა. უმეტესად გაუფრთხილდით თქვენთა ძეთა და ასულთა. ისრეთი ურცხვენელნი არიან ის წინასწარმეტყველნი, რომ არავის ზოგვენ, არამედ ჰრყვნიან თვით მცირე-წლოვანთა ყრმათა.
ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი. ამინ.