მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!
დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ ყოველნი ჩვენნი სულიერნი სწავლა და დარიგება.
ერთი ცუდი და მავნებელი ცოდვა, ანუ ჩვეულება დანერგულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა და სახლთა შინა ჩვენ ქვეყანაში და ამ ცუდ ჩვეულებაზე ჩვენ აქამომდე არ გვითქვამს თქვენ წინაშე მოძღვრება; ახლა უნდა აღვასრულო ამაზე ჩემი მოვალეობა. რომელი არის ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო, რომელ ვიცით ერთი მეორესთან, ერთი სახლითგან მეორე სახლში ჭორის გატანა, ანუ ენის მიტანა: გვიყვარს და ვიცით ერთი მეორესთან და ერთი სახლითგან მეორე სახლში ცუდი ამბავის და ენის მიტანა, კაცის ცუდად შესმენა, ჭორის და უბრალო ამბავის გავრცელება, კაცის კაცთან საიდუმლოდ ყურში შეგონება და დაბეზღება, ერთი სიტყვით, ყოველი ის ცოდვა, რომელსა კაცი აღასრულებს და იქმს თვისითა ბოროტითა ენითა. ეს ბოროტი და მავნებელი ჩვეულება ფრიად გავრცელებული და მავნებელი არის ყოველთა სოფელთა სახლთა შინა. ვიწყოთ უკანასკნელი გლეხის სახლითგან ვიდრე უპირველესის თავადიშვილის სახლამდე. ისე უყვართ ზოგიერთებს ყოველი ჭორის გაგონება და ენის მიტანა, რომელ ზოგჯერ ერთი სახლითგან მეორეს სახლში, ანუ ერთი შეკრებულებითგან მეორეს შეკრებულებაში გაჰგზავნიან გზირს, რომ ყოველიფერი გაიგინოს, შეიტყოს და მოიტანოს ამბავი; და ეს ჩვეულება უმეტესად განძლიერებული კი არის ქალთა შორის. ამათ ფრიად და ნამეტნავად უყვართ ყოველი ჭორის გაგონება, ენის მიტანა. ზოგიერთნი დედაკაცნი მთელ დღეს ამაში ატარებენ; ზოგიერთი ქალისათვის დღიური საზრდო არის ჭორის გაგონება და ენის მიტანა.
ვინ აღწერს, რამდენი ვნება და მწუხარება წარმოსდგება ესრედისა საძაგელისა ჩვეულებისაგან, რაოდენნი მეზობელნი გადაეკიდნენ ერთმანეთს ენის მიტანითა, რაოდენი შფოთი, ჩხუბი, უკმაყოფილება მომხდარა მეზობელთა, მოყვარეთა და მონათესავეთა შორის. ვგონებ, რომელ ეს საძაგელი ჩვეულება უნდა იყოს ერთი დიდი მიზეზი იმ სამწუხაროის სიძულვილისა, შურისა, განხეთქილებისა, რომელსა ვხედავთ ჩვენ თითქმის ყოველს სოფელში, მახლობელთა, მეზობელთა და მონათესავეთა შორის.
ზოგიერთთა კაცთა ეს ჩვეულება ცოდვადაც არ მიაჩნიათ. ესრეთ ჰფიქრობენ, რომ ეს არის მხოლოდ დროების გატარება; გარნა გაიგონეთ, ძმანო, რაფერ იტყვის და როგორ გვასწავლის ამაზე საღვთო წერილი: ავიღოთ სამოციქულო, გავხსნათ მესამე თავი წმიდა იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მეორეს მუხლში, წმიდა იაკობი ესრეთ იტყვის, რომელ კაცი მრავალგზით და მრავალფერად შესცოდებს ღმერთსაო, გარნა ვინც არ სცოდავს ღვთის წინაშე, იგი სრული კაცი არისო, მას შეუძლია ყოველი თვისი გვამი დაიმორჩილოს: ფრიად სცოდავთ ყოველნივე, რომელნი სიტყვითა არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღვირ-სხმად ყოვლისავე გვამისა (იაკ. თ. გ. ბ.) ეს მისთვის, რომელ ენით შეცოდება ადვილი არის, დიდს შრომას არ მოითხოვს, და თუ ენა დაიმორჩილა კაცმა, მაშინ სხვა ცოდვასაც ადვილად წინააღუდგება. მეექვსესა მუხლსა შინა წმიდა იაკობი ენას უწოდებს ცეცხლად, სიცრუის სამკაულად, მთელი გვამის შემაგინებელად, გენიის ცეცხლითგან ანთებულად: და ენა ეგრედვე ცეცხლ-არს, სამკაულ სიცრუისა, ენა დადგომილ-არს ასოთა შინა ჩვენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გვამსა და აღაგზნებს ურმის თვალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ-არს გეენისააგნ (იაკ. გ. ვ.), როდესაც შენ, ძმაო, ენას მიუტან ვისმე და ბოროტად შეასმენ შენს მოყვასს, მისს გულში შენ აანთებ ცეცხლსა შურისა და სიძულვილისასა; მაშასადამე, სიმართლით უწოდებს წმიდა იაკობი მას ცეცხლად, როდესაც შენ ენას მიუტან და ამბავს წაიღებ ერთი სახლითგან მეორეს სახლში, მაშინ შენ მარტო იმას კი არ იტყვი, რაც გინახავს და გაგიგონია, ხშირად შენ შენსას დაუმატებ, გაავრცელებ, გაადიდებ და შეამკობ, მაშასადამე, აქაც სიმართლით უწოდებს მოციქული ენას სიცრუის სამკაულად. ეგრეთვედ არა უმართლოდ იტყვის წმიდა მოციქული იაკობ იქავე, რომელ ენა არის დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკვდინებელითა, მისთვის რომელ, როგორღადაც გველისა გესლი მოსწამლავს კაცსა და მოჰკლავს, ეგრედვე ხშირად მზაკვრისა ენისა შენისა გესლმა მოსწამლა ზოგჯერ გული კაცისა და მოჰკლა მუნ სიყვარული და მეგობრობა მოყვსისა.
აჰა, რა ფიცხელად განიკითხავს და აყვედრებს საღმთო წერილი მოქმედებასა ბოროტისა ენისასა! აბა ნუ გგონია, ძმაო, რომ მცირე საქმე იყოს ენის მიტანა, ჭორი და ბოროტ-სიტყვაობა. ადვილია სიტყვის თქმა და ამბავის მიტანა, გარნა ვინ იცის, რამდენი მძიმე საქმე შეუდგება მას. მცირეა ცეცხლის ნაპერწკალი, გარნა ხშირად დიდს ქალაქს დასწვავს. თავის ნათქვამს სიტყვას კაცი უკან ვეღარ დაიბრუნებს: უნდა მძიმედ იფიქროს და მერმედ თქვას ყოველი სიტყვა.
გახსოვდეთ, ძმანო ჩემნო, რა დიდი ცოდვა არის ენის მიტანა და ცუდად შეგონება კაცისა, მეტადრე თქვენ, დედანო ქრისტიანენო, ნუ დაივიწყებთ ამას. რათგანაც თქვენ დღეს ყოველნი მოსრული-ხართ ამა წმიდა უდაბნოში. ზოგიერთნი შორითგან, ზოგიერთმა ღამეც გაათიეთ და ძილიც მოიკელით, ცისკარი მოისმინეთ და წირვა, მაშასადამე, არა მცირედი შრომა მიიღეთ, ახლა შეავსეთ და დააგვირგვინეთ თქვენი შრომა მით, რომ ეს მცირე-ოდენი სწავლა მიიღეთ გულში და ნუ დაივიწყებთ, რა დიდი ცოდვა არის ენის მიტანა კაცთან, შეგონება და დასმენა ერთი მეორესთან.თუ ამ კეთილს განზრახვას მიიღებთ, რომ ამას იქით ამ ცოდვას განეშოროთ, უთუოდ რომ წმიდანიცა მოწამენი იქმნებიან თქვენი შემწენი ამ კეთილ საქმეში. ამინ.