მოვიდეთ აწ უაღრესითა შეცვალებითა, შეცვალებულთა,
თავნი თვისნი განვიმზადეთ
ხვალისად, კეთილად აღსვლად
მთად ღვთისად წმიდად, უცვალებელისა
ქრისტეს დიდებისა
აელვარებულისა ხილვად. (საგალობელი დღესასწაულისა)
ეს სიტყვები, ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ მოვიყვანეთ ერთისა საეკლესიო საგალობელისაგან, რომელიც ითქმის მწუხრსა ზედა აწინდელისა დღესასწაულისასა.
ვგონებ, რომელ ზოგიერთთა თქვენგანთა, რომელნი ყურადღებით და სასოებით ისმენთ საეკლესიო წიგნთაგან საკითხავთა, იცით, რომ სადღესასწაულო საგალობელნი და წასაკითხავნი, ფრიად მშვენივრად აღსნიან დღესასწაულის მნიშვნელობასა, და მრავალთა მშვენიერთა და აღმაშენებელთა გრძნობად მომყვანებელთა აზრთა და დარიგებათა იპყრობენ თვის შორის. ამ სახით, ზემო მოყვანილი სიტყვებით წმიდა ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ, რათა თავნი ჩვენნი განვამზადოთ უაღრესითა შეცვალებითა, ესე იგი, სიცუდისაგან და სიბოროტისაგან შევიცვალოთ თავნი ჩვენნი, ანუ, მოკლედ ვსთქვად, ჩვენცა ფერი ვიცვალოთ, და, ესრედ, კეთილად აღვიდეთ მთად წმიდად, ხილვად უცვალებელის ქრისტეს დიდებისა.
მართლა, რისთვის იცვალა ფერი უფალმან იესო ქრისტემან მთასა ზედა? რად გამოაჩინა მან ბრწყინვალე დიდება თვისი მთასა ზედა თაბორსა, მაშინ როდესაც მას, ვითარცა მოგვითხრობს სახარება, არაოდეს არ უყვარდა თვისი დიდების გამოჩენა, არამედ ჰმალვიდა და ჰფარავდა თავსა თვისსა სოფლისაგან? სხვათა შორის, მისთვის, რათა აღგვიხსნას და ცხადად გვაჩვენოს ჩვენ საიდუმლო მომავალისა ცხოვრებისა ცათა შინა, და დიდებისა მართალთა კაცთა. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე აღვიდა მთასა ზედა თაბორსა, და დადგა ლოცვად, მაშინ იცვალა მათ წინაშე მოციქულთა სხვა ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, და სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. (მათ. 17, 2). ამასვე არ იტყვის წმიდა მოციქული პავლე მართალთა ზედა? რომელ იგინი სასუფეველსა შინა ცათასა გაბრწყინდებიან ვითარცა მზე? მაშასადამე, შეიძლება ვსთქვათ, რომ ცხონება მართალთა სასუფეველსა შინა იმაში მდგომარეობს, რომელ იგინიცა ფერს იცვლიან და განბრწყინდებიან, ღირსებისამებრ თვისისა, ვითარცა უფალი მთასა ზედა თაბორსა.
გარნა ესრეთი განბრწყინვება, ანუ ესრეთი ფერის-ცვალება უცბად, მოუმზადებელად არ მოხდება. დიდი მეცადინეობა, მომზადება და მოთმინება უნდა ვიხმაროთ ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთა, რათა ვეღირსნეთ ესრეთსა ფერის-ცვალებასა. აქვე, ამ ქვეყანაზე და ახლავე უნდა დავიწყოთ ჩვენი ფერის-ცვალება. მოვედით აწ უაღრესითა შეცვალებითა შეცვალებულთა, ვიდრემდის აქვე ვართ ქვეყანასა ზედა, თავნი თვისნი გავამზადეთ ხვალისად, ესე იგი მომავალისა საუკუნოისათვის, კეთილად აღსვლად მთად წმიდად ღვთისად, ესე იგი სასუფეველსა შინა ცათასა, უცვალებელისა ქრისტეს დიდებისა აელვარებულისა ხილვად.
მართალია, მთელი ქვეყნიური ცხოვრება კეთილ-გონიერის ქრისტიანისა, სხვა არაფერი არ უნდა იყოს, გარნა ერთი მხოლოდ განუწყვეტელი და ხარისხითი-ხარისხად აღმავალი სულიერი ფერის-ცვალება, ესე იგი შეცვალება, ანუ გადასვლა არა კეთილისა და წმიდასა მდგომარეობასა შინა, და ესრედ აღსვლა მდაბლისა ხარისხისა - უმაღლესსა ხარისხსა ზედა სიწმინდისა და სათნოებისასა. სულიერი ცხოვრება და მდგომარეობა ქრისტიანისა თანდათან, დღითიდღე უნდა იცვლებოდეს, განახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, ამაღლდებოდეს. უმაღლესი ნიჭი, ანუ თვისება კაცის სულისა, არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თანდათან უნდა იზრდებოდეს,, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: ნუ თანა-ხატ-ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მათ გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული. (რომ. 12,2). ამ სოფელს ნუ დაემსგავსებითო, არამედ შეიცვალენით გონების განახლებითაო, რათა იცნათ ნება ღვთისა. თუ გონება ჩვენი თანდათან არ მდიდრდება და არ განახდება ღვთის მცნებითა, საღმრთო წერილის, ანუ ღვთის სიტყვის სწავლითა, მაშინ იგი შეიქმნება ბიწიერი, სოფლიერი, მაშასადამე, ფერს ვერ იცვლის, ვერ გაბრწყინდება. მეორე, უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი, არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმარტავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შესცვალოს, ერთი სიტყვით, სხვა სულიერი და საღმრთო ფერი მისცეს. სიტყვა ღვთისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ, თუ გული, ანუ სურვილი კაცისა ცოტ-ცოტად არ იცვლება სულის წმიდის ტაძრად, მაშინ იგი გადიქცევა ცოდვისა და ეშმაკისა სადგურად. მაშასადამე, მორწმუნე და გონიერი ქრისტიანე მღვიძრად უნდა იდგეს სახმილავსა ზედა გულისა თვისისა, და დღითი-დღე მიუშვებდეს სულსა წმიდასა, რათა მადლმან სულისა წმინდისამ ცოტ-ცოტად სცვალოს სულიერი ფერი მისი. ერთი სიტყვით, კაცი მონათლული ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ყოველი ძველი, ცოდვისაგან წამხდარი ფერი განიძარცვოს, და ახალი, განათლებული მადლითა, შეიმოსოს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: განიძარცვედ ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ, და შეიმოსეთ ახალი იგი განათლებული მეცნიერება, მსგავსად ხატისა მას დამბადებულისა მისისა.
მაშასადამე, ცხადი არის, რომელ თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდექით ჩვენსა სულიერსა ფერის-ცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფევლისასა, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. თუ გული მისი მუდამ იყო აქ აღვსებული ბოროტებითა. ამაოებითა, ცოდვითა, იქ როგორღა გაბრწყინდება და რით განათლდება? აქ უნებლივად გაგვახსოვნდება ჩვენ ერთი არა-გონიერი ჩვეულება, რომელიც ძველად ჰქონდათ ჩვენთა წინაპართა და ახლაც, ერთის მხრით, დაშთენილი არს ჩვენ შორის. ზოგიერთი საბრალო ქრისტიანე, თუმცა მორწმუნე არის და სასოება აქვს, გარნა წარტაცებული სოფლის ამაოებითა, სიკვდილადმდე ანუ სრულიად არ ჰფიქრობს, ანუ ჰფიქრობს ძრიელ მცირედ და სუსტად სულის ცხონებაზე, და როდესაც მოიწევა უკანასკნელი ჟამი, მაშინ იწყებს ურვას, მწუხარებას, შიშითა და სირცხვილითა არა იცის რა ჰქმნას, და ესრედ საცოდავად შეშინებული, გადავა ამ სოფლიდან. გარნა ზოგიერთნი კიდევ მასზე უარესად და უგუნურად მოიქცევიან. ზოგიერთთა იმედი აქვსთ თავის შეძლებაზე, ანუ სიმდიდრეზე; სიცოცხლეში, არ სცდილობენ, რომ სული და გული, ხასიათი შეიცვალონ, ერთი სიტყვით, გასავებული ცოდვისაგან ფერი სულისა შეიცვალონ სათნოების, ესე იგი ღვთის და მოყვასის სიყვარულის, ფერად, და როდესაც მიადგება მათ სიკვდილი, მაშინ იგინი გასცემენ მრავალთა სასყიდელთა, თუ მონასტრებსა შინა, თუ ეკკლესიათა, ანუ საწირავად, და ამით მხოლოდ ჰფიქრობენ, რომ სცხონდებიან. რასაკვირველია, წირვა-ლოცვა და გაცემული სამოწყალო, ვითარცა გვასწავლიან წმიდანი მამანი, შეეწევიან კაცის სულის ცხონებას, გარნა როდის? მხოლოდ მაშინ, როდესაც მიცვალებული თავის სიცოცხლეში არ იყო უდები, არამედ სულსა თვისსა ამზადებდა, ცუდსა და მყრალსა ცოდვის ფერსა იცვლიდა, და ბოლოს, საწირავიცა და სამოწყალოც გასცა იმ სასოებით, რათა ლოცვამან ეკკლესიისამან და მოყვასთა მისთა, დაკლებულნი მისგან შეავსონ და განამტკიცონ ღვთის წინაშე. ამინ.