და, აჰა, ხმა იყო ღრუბლით გამო და ჰრქვა:
ესე არს ძე ჩემი, საყვარელი,
რომელი მე
სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ (მათე 17, 5).
ფერის-ცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა აწ ჩვენ ვდღესასწაულობთ, ძმანო ქრისტიანენო, არის ერთი სხვათა უმეტესად შესანიშნავი გარემოება ქვეყნიერისა მისისა ცხოვრებისა, ამისთვისაც წმიდა ეკლესიამ საჭიროდ და ღირსად შეჰრაცხა დაწესება საკუთარისა დღისა სადღესასწაულოდ ამ შემთხვევისა, და გვიწოდებს ჩვენ, რათა ჩვენცა აღვიდეთ მთასა ზედა მისთანა: მოვედით და აღვიდეთ მთად მიმართ უფლისად და სახით ღვთისა ჩვენისა, და ვიხილოთ დიდება ფერის-ცვალებისა, დიდება ვითარცა მხოლოდ-შობილისა მამისა მიერ. დავემორჩილოთ ხმასა ეკლესიისასა, და აღვიდეთ სულითა, აზრით და გულით მთასა ზედა თაბორსა, და მუნ ვიხილოთ უფალი გაბრწყინვებული, ვითარცა მზე, და ვისმინოთ ხმა ზეცით მეტყველი: ესე არს ძე ჩემი, საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისა ისმინეთ.
საკვირველნი და შესანიშნავნი იყვნენ ყოველნი გარემოებანი, რომელნი წინა უძღოდენ და უკანა უვიდოდენ ფერისცვალებასა უფლისა იესო ქრისტესსა. იგინი ყოველნი არიან აღვსებულნი დიდითა სწავლითა, და მრავალთა აზრთა განაღვიძებენ გონებასა შინა ჩვენსა. მაგალითებრ, რისთვის იცვალა უფალმან ფერი მაღალსა მთასა ზედა, და არა სხვა ადგილს? რისთვის იცვალა ამ დღეს, და არა უწინ, ანუ მერმე? რისთვის წაიყვანა მოწმედ მხოლოდ სამნი მოციქულნი, და არა თორმეტნი? რისთვის მოვიდენ ზეცითგან მხოლოდ მოსე და ილია, დასწრებად ფერის-ცვალებასა ზედა, და არა სხვანი რომელნიმე წინასწარმეტყველნი? დიაღ, ღირს და სასარგებლო იქმნება ახსნა და განმარტება ამათ ყოველთა და სხვათაცა მრავალთა გარემოებათა, რომელნი გარემოუვიდოდენ ფერის-ცვალებასა უფლისასა; გარნა ჩვენ დღეს მივაქციოთ ყურადღება მხოლოდ ერთს საგანზედ, ესე იგი შევიტყოთ, რისთვის იცვალა უფალმან ფერი? რათ გამოაჩინა მან ესრეთი ღვთაებრივი თვისი დიდება წინაშე მოწაფეთა თვისთა, მაშინ, როდესაც მას არ უყვარდა თავის გამოჩენა, და არავისგან არ ეძიებდა და არ მიიღებდა დიდებასა?
წმიდა ეკლესია ერთსა შინა საგალობელსა თვისსა ერთი მხრით აღგვიხსნის ამას. იგი იტყვის, რომელ უფალმან მისთვის გამოაჩინა დღეს დიდება წინაშე მოწაფეთა თვისთა, რათა, როდესაც ისინი იხილავენ მისსა ვნებასა, ჯვარცმასა, განკიცხვასა, სიკვდილსა, არ დაბრკოლდენ, არ დაჰკარგონ სარწმუნოება, არამედ გაიხსოვონ ფერისცვალება მთასა ზედა თაბორსა, და მიჰხვდენ, რომელ ყოველი ვნება და დამდაბლება, მაცხოვარმან მიიღო თავისი ნებით, ჩვენისა ცხონებისა და გამოხსნისათვის. ეს იყო ერთი მიზეზი, რომლისათვისაც მაცხოვარმან ფერი იცვალა მთასა ზედა თაბორსა, გარნა მეორე მიზეზი, ანუ საგანი ფერის-ცვალებისა, მიზეზი უმაღლესი, იყო ის, რათა მთელმა ქვეყანამ, ყოველმან ნათესავმან კაცთამან, მაშინდელმან, ახლანდელმან და მომავალმან გაიგონოს, და ვისაც სული და გული აქვს მიმღებელი, ისმინოს და მიიღოს და მიითვისოს ეს სიტყვა, ზეგარდამოსული ზეციერისა მამისაგან: ესე არს ძე ჩემი, საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ.
პირველად, მიაქციეთ, ძმანო, ყურადღება საიდგან გამოვიდა ეს საკვირველი სიტყვა? ის გამოვიდა არა ქვეყანისაგან, არამედ ზეცითგან. ეს სიტყვები სთქვა არა კაცმან ვინმემ, არცა ანგელოზმან, არამედ თვით ღმერთმან, ცის და ქვეყნის შემოქმედმან. თვით ზეციერი მამა და შემოქმედი ჩვენი იტყვის დღეს, რომელ იესო ქრისტე არის მისი საყვარელი და სათნო ძე და გვიბრძანებს, რათა მაგისი ვისმინოთ. თუ გარემოება მართალია, ესე იგი, თუ მართლა თვით ზეციდგან ეს ხმა იყო და ეს სიტყვები მოციქულთა გაიგონეს, წარმოიდგინე, მაშინ, ძმაო, რა დიდსა ნუგეშსა, რა დიდსა სიხარულსა, რა დიდსა სიმტკიცესა შეიქმს ჩვენ ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთათვის ეს შემთხვევა! და, რომ ეს გარემოება მართალია, ეს ჩვენ ვიცით მხილველთა მოწმეთაგან, რომელნიც დაესწრენ და იხილეს დიდება იესოს ფერის-ცვალებისა. ერთმან მათგანმა, პეტრე მოციქულმან, თავის სიცოცხლეშივე დასწერა თავის ხელით წიგნში ეს გარემოება. მისგან დაწერილი წიგნი მასუკან ყოველთვის არის ჩვენ, ქრისტიანეთა, ხელში. სხვათა დამსწრეთა მოწმეთა, თუმცა თვისი ხელით არ დაუწერიათ, გარნა მაშინვე დააწერინეს თვისთა მოწაფეთა, სამთა: მათეს, ლუკას და მარკოზს, და ამათგან დაწერილი სამი სახარება იმ დღიდგან მარადის არის ხელთა შინა ქრისტიანეთასა, და წაიკითხების საყდარში.
დიდითა კრძალვითა და დიდითა სიხარულითა და ნუგეშითა უნდა განვიზრახვიდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამას ყოველსა, დიდსა და აღურაცხელსა მადლობასა უნდა შევსწირვიდეთ ღმერთსა მას ზედა, რომ მან მოგვცა ესრეთი ცხადი დამტკიცება ჩვენის სჯულისა, ესრეთსა კლდესა ზედა დაამყარა იგი სჯული, რომელ, ვისაც კი უყვარს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვისაც გული ცოტა-ოდენ გამზადებული აქვს და შეუძლია შეყვარება სიწმინდისა, სათნოებისა, ღვთის მცნებისა და ღვთის სიტყვისა, მას არცა ერთი მცირედი მიზეზი არარ დააბრკოლებს მიღებად და რწმენად სახარებისა.
მეორედ, მივაქციოთ, ძმანო, ყურადღება მას ზედა, რა აზრი არის ამ სიტყვებში: ესე არს ძე ჩემი, საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ.
ამ სიტყვებით თვით ღმერთი მოკლედ გამოჰხატავს ორსა უმთავრესსა კერძოსა, ანუ შინაგანსა არსებასა ჩვენისა საღმრთოისა სჯულისასა. ქრისტიანულს სჯულს აქვს ორი კერძო; ერთი არის სწავლა, რომელსა ეწოდება დოღმატი, ესე იგი რომელიმე აზრი, თვით ღვთისაგან გამოცხადებული რომელსამე საღმრთოსა, ჩვენის სულის ცხონებისათვის საჭიროსა საგანსა ზედა; მეორე კერძო მცნება, ანუ რომელიმე ბრძანება, ანუ მოვალეობა. პირველი, ესე იგი დოღმატი, ანუ სწავლა, ჩვენ უნდა მივიღოთ და ვირწმუნოთ ჭკუითა; მეორე, ესე იგი მცნება, ანუ ბრძანება, უნდა აღვასრულოთ საქმითა. ის სიტყვა რომელი მთასა ზედა თაბორსა მოვიდა ზეცითგან: ესე არს ძე ჩემი, საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ, - იპყრობს თვის შორის უმაღლესსა ქრისტიანულსა დოღმატსა და უდიდესსა მცნებასაცა.
ესე არს ძე ჩემი, საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ! აჰა, უპირველესი ქრისტიანული დოღმატი, სწავლა, რომელსა ზედა დამყარებულნი არიან ყოველნი სხვანი ქრისტიანულნი სწავლანი და დოღმატნი. იესო ქრისტე არის საყვარელი, მხოლოდშობილი ძე ღვთისა ჩვენი მაცხოვარი. მან შეგვარიგა ღმერთთან; მას მხოლოსა შეუძლია გამოყვანა ჩვენი ცოდვისაგან და მიყვანა ზეციერისა მამისადმი.
მაგისი ისმინეთ! აჰა, უმაღლესი და უპირველესი ქრისტიანული მცნება, ანუ ბრძანება! იესო ქრისტეს სმენა, ანუ მორჩილება არის წყარო ყოველთა სხვათა ქრისტიანულთა სათნოებათა, ესე იგი ყოველი საქმე, რომელსა იქმს ქრისტიანე, მხოლოდ მაშინ არის კეთილი და ღვთის სათნო, როდესაც იგი არის ქმნილი ქრისტეს მორჩილებითა; გარნა ყოველი ის საქმე, რომელსა კაცი იქმს თავის მნებელობით, თავის-მოყვარეობით, თავის-მოწონებით, თუ გინდ იგი იყოს ჭკუიანი და სასარგებლო საქმე, არ შეერაცხება მას სათნოებად.
მაგისი ისმინეთ! ესე იგი, რაც მან გიბრძანოსთ, რაც დაგიდვასთ მცნება, ის ჰქმენით. თქვენი ნება და ჭკუა დაუმორჩილეთ მის ნებას და სურვილსა. არა მარტო სასმენელით, ანუ ყურით, მისი სწავლა მიიღეთო, არამედ გულითა და სულით შეიყვარეთო. იგი გამოგზავნა ზეციერმან მამამან საცხონებელად ჩვენდა. რა ზომად მას დაემორჩილება კაცი, იმ ზომად ამაღლდება ზნეობით, მიეახლება ღმერთსა და ცხონდება. ამინ.