რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; და
რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს (ლ. ია, კგ).
სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო, მრავალ-გზის მოიყვანს ისრედთა სიტყვათა ქრისტესთა, რომელნი არიან ერთობ მოკლენი, გარნა ძლიერნი, აღვსებულნი უღრმესითა აზრითა და უვრცელესითა სწავლითა. ერთი ესრედთა სიტყვათაგანი არის ეს მოკლე სიტყვა: რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს: და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. ვგონებ, რომ განმარტება იმ აზრისა, რომელსა იპყრობს ეს მოკლე თქმა, დარჩება სასარგებლოდ ჩვენთვის. მაშასადამე, შევიტყოთ, რას გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ამ სიტყვითა და მით შევავსოთ დღევანდელი ჩვენი ღვთის მსახურება.
პირ-და-პირი, ანუ ასო-ასო ჰაზრი მოყვანილისა სიტყვებისა არის შემდგომი: მაცხოვარი ეტყვის თვისთა მსმენელთა: ვინც არ მიიღებს ჩემსა სწავლასა და სჯულსა, ვინც არ არის მოზიარე და თანახმა ჩემის ჰაზრისა, იგი არის ჩემი მტერი: ეგრედვე, რომელიც მიიღებს ჩემსა სწავლასა და არ აღასრულებს მას, რომელიც არ სცდილობს, რომ შეიძინოს და დაამდიდროს თავი თვისი სათნოებითა, რომელთა მე ვასწავლი, იგი წახდება სულიერად, დაღარიბდება: რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. აჰა, პირ-და-პირი, ანუ ასო-ასო აზრი მოყვანილისა სიტყვისა. ახლა ის გამოვიკვლიოთ, რისთვის სთქვა მაცხოვარმან ესრედი ძნელი და ფიცხელი სიტყვა? განა არ შეიძლება, ვინმემ სწავლა ქრისტესი არ მიიღოს, მაგრამ მაინც არ იყოს მისი მტერი? განა კიდევ არ შეიძლება, რომ კაცი, არ შედგომილი მისთა მცნებათა და სწავლათა, სხვა რომელიმე საშუალებით გამდიდრდეს სულიერად, ანუ კარგი, კეთილი კაცი შეიქმნეს?
ფიცხელი და მძიმე არის ეს თქმა, ძმანო ქრისტიანენო, მაგრამ იგი არის მართალი და ჭეშმარიტი. პირველად, სწავლა მაცხოვარისა არის ჭეშმარიტი, ღვთისაგან მოვლინებული; მაშასადამე, ვინც უარ-ყოფს ამ სწავლასა, იგი უარ-ყოფს თვით ღმერთსა, მისთვის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება; მაშასადამე, იმ კაცს ჭეშმარიტება სძულს და უყვარს სიცრუე. საშუალო გზა არ არის კაცისათვის: იგი ან უნდა იყოს ჭეშმარიტების მორჩილი, ან მტერი; ვინც მიიღებს და დაემორჩილება ჭეშმარიტებას, იგი არის ქრისტესთან, ვინც არა, იგი არის მისი მტერი.
მეორედ, მაცხოვარმან გვასწავლა ჩვენ ისრედნი მცნებანი, რომელნი არიან უმაღლესნი და უწმიდესნი. კაცის ბუნების განათლება და აღდგენა და განწმენდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი ასრულებს მცნებათა ქრისტესთა. მაშასადამე, ვინც არის ჭეშმარიტი აღმსრულებელი ქრისტეს მცნებათა, იგი გამდიდრდება სულიერად; ვისაც არ ახსოვს ქრისტეს მცნება, ვინც სცხოვრობს თავის ცოდვილს ნებაზე, იგი განაბნევს სულიერსა ღირსებასა: რომელი არ არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრბეს ჩემთანა, იგი განაბნევს.
კაცის ბუნებასა, ძმანო ქრისტიანენო, ორი უმთავრესი ნიჭი, ანუ თვისება აქვს: აზრი და საქმე, ფიქრობა და მოქმედება. აჰა, ორნი კერძონი კაცის ბუნებასა! აზრითა, ანუ ფიქრითა შენითა, შენ უნდა იყო მონაწილე და თანახმა ქრისტეს აზრისა და სწავლისა; მოქმედებითა ანუ ნებითა შენითა უნდა იყო თანამშრომელი და თანა-შემწე მისი. მაშასადამე, იცი, ძმაო, რას გიბრძანებს შენ მაცხოვარი ამა სიტყვებითა: რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არ შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. გიბრძანებს, პირველად, სწავლასა, განათლებასა ჭკუისასა ანუ აზრისასა და მერმე გიბრძანებს შრომასა, მუშაობასა.
რა სახით იქმნება იესო ქრისტე აზრისა თანახმა და მოზიარე, თუ პირველად არ შეიტყვე, რას ასწავლიდა იგი, თუ არ გაანათლე გონება შენი ყოვლითა მისითა სწავლითა, თუ არ შეგიძლია გაარჩიო ჭეშმარიტი აზრი ცრუ აზრისაგან, თუ არ შეგიძლია დააფასო ქრისტეს სწავლა, ასწონო იგი და იგრძნო, რა დიდი საუნჯე არის სახარება და ვითარ უმჯობეს არს იგი ყოველთა შენგან კაცობრივსა სწავლათა; მაშასადამე, მაცხოვარი მოითხოვს შენგან სწავლასა, ჭკუის განათლებასა. კიდევ გაგიმეორებ, თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულითა. მასასადამე ეცადე, ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლითა. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს სწავლითა. უსაშინელესი მტერი კაცისა, მისი დამღუპველი და წამხდენი არის უმეცრება და უსწავლელობა. ეს ჩვენი ქვეყანა, იმერეთი, იღუპება უმეცრებითა და უსწავლელობითა. ნახევარი, ნახევარზე მეტიც, რაც მოხდება ამ ქვეყანაში ბოროტი საქმე, ჩხუბი, კაცის კვლა, ქურდობა, სიცრუე, ფიცის-გატეხა წარმომდინარეობს უსწავლელობისაგან. უმეცარსა და უჭკუოსა კაცსა არაოდეს არ შეუძლია ქრისტეს-თანა ყოფნა; მაშასადამე, თუ გსურს ქრისტეს-თანა ყოფნა, შეუდეგი სწავლასა და ჭკუის განათლებასა. არ დავმალავ, რათგანაც, მართალია, რომ ზოგიერთი სწავლული კაციც უარყოფს ქრისტეს სჯულსა, არის ურწმუნო და წინააღმდეგი სახარებისა; გარნა ესრედი სწავლა არის ცრუ და არა ჭეშმარიტი; ამასთანავე უმეცრება და უსწავლელობა მაინც უმეტესად უშლის კაცს მიეახლოს ქრისტესა, მისთვის, რომ უმეცარი ვერ შეიგნებს, რაი არს სწავლა სახარებისა, ხოლო განათლებულს შეუძლია დააფასოს იგი და ოდესმე მიიღოს მისი სწავლა; უმეცარს კაცს, ნაცვლად ჭეშმარიტისა ქრისტეს ჰაზრისა, გული აქვს ავსებული მარტო ცრუ აზრითა და წარმოდგენითა და ფიქრითა.
რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. ცხადია, რომ ამ სიტყვებით მაცხოვარი შენ გასწავლის შრომას, მუშაობას. კაცი უქმი, მცონარე, რომელსა არ უყვარს გარჯილობა, ვერ გამდიდრდება სულიერადაც. სათნოების და წმიდა ზნეობის შეძენას დიდი შრომა და მოღვაწება უნდა. წმიდათა მამათა, უდაბნოსა შინა მცხოვრებთა, რასაკვირველია, ჩვენზე უკეთ ესმოდათ, რა სახით უნდა სცხოვნდეს კაცი, და რას გვასწავლიდენ იგინი? როგორც რომ გამოვიდოდენ წირვითგან, ან ცისკრითგან, მაშინვე დაიწყებდენ მუშაობასა. ერთს წამს უქმად არ გაატარებდენ. თავის თავს თავის ხელის ნაშრომით არჩენდნენ. ახლაც ისე იქცევიან მთაწმიდას მრავალნი მამანი. ლოცვას რომ გაათავებენ, მუშაობას დაიწყებენ; მუშაობას რომ გაათავებენ, ლოცვას შეუდგებიან. ერთი სიტყვით, ვისაც კი ესმის, რა სახით გვასწავლიდა ჩვენ მაცხოვარი, იმან იცის, რა დიდი მადლი აქვს შრომას და მუშაობას. ვინც უქმად ატარებს თავის დროებას, იგი ქრისტიანი არ არის. ვინც თავის შრომით არ არჩენს თავის თავს, ვინც სცხოვრობს და რჩება სხვისი ნამუშევრით და შრომით, იგი ამაოდ ამძიმებს დედა-მიწასა. ამინ.