ყოველივე სწავლაი მეყვსეულად
არა არნ სიხარულ,
არამედ მწუხარება; ხოლო
უკანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაი
მის მიერ წურთილთა
მათ მოაგის სიმართლე (ებრ. 12,11)
წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რომ, თუ კაცი ჩავარდა რომელსამე სწავლაში, ანუ სასჯელში, უბედურებაში, იგი სწუხს, მაგრამ შემდეგ, თუ განიწრთნა, ანუ გამოიცადა, ჭკუა იხმარა, ის სასჯელი მისთვის სასარგებლო შეიქმნება; ნაყოფსა მშვიდობისასა გამოიღებს და სიმართლეს მოიგებს. უბრალო და კეთილი ყოფა-ქცევის კაციც რომ იყოს სასჯელში ჩავარდნილი, იგიც გამოიცდება, თუ ჭკუიანად მოიქცა, და უმჯობესი შეიქმნება. მით უმეტესად თუ დამნაშავე და ბოროტის მოქმედის კაცი დაისაჯა და სწუხს, მაგრამ ჭკუა იხმარა, მოითმინა, შეინანა, სასარგებლოდ გამოიყენებს თავისთვის სასჯელს, და გამართლდება სულიერად.
თქვენ ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, ამ საპყრობილესა შინა დაჭერილნი, სასჯელში ხართ, მწუხარე ხართ, მაგრამ, თუ ჭკუას იხმართ, თუ ეცდებით, შეიძლება, რომ ეს თქვენი სასჯელი შემდეგ სასარგებლოდ დარჩეს თქვენთვის, ნაყოფი სიმართლისა მოგაგოსთ; ესე იგი გაჰმართლდეთ სულიერად ღვთის წინაშე, მოგიტეოსთ ღმერთმან ცოდვანი თქვენნი. რა უნდა ჰქნათ თქვენ და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აწინდელმა თქვენმა მწუხარებამ და სასჯელმა გაგამართლოსთ ღვთის წინაშე და სიხარულად გარდაიქცეს? ამაზედ ვსთქვათ ორიოდე სიტყვა.
იქნება თქვენს შორის ერთი, ანუ ორი ვინმე პირი შეცდომით არის ჩაგდებული ამ საპყრობილეში, ესე იგი უმართლოდ აიღეს მასზედ ეჭვი, დანაშაული არ არის. ამისთანა პირმა მოთმინებით უნდა მიიღოს ეს შემთხვევა, სასოება არ დაჰკარგოს ღმერთზედ, კიდევ უნდა ჰმადლობდეს ღმერთს. აი რას იტყვის წმიდა მოციქული პავლე: რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი ( ებრ. 12, 6-7) ღმერთი განგებ მიუშვებს სწავლასა, ანუ სასჯელსა ზოგიერთ კაცზე, რომ უმჯობესი შეიქმნას, გამოიცადოს. სასჯელი, ტანჯვა ხანდისხან მოასწავებს ღვთის მოწყალებას და სიყვარულს, და არა რისხვას და სიძულვილს. ვინც სულგრძელად და ჭკუით მოითმენს სასჯელს, იგი ღვთის შვილად შეირაცხება.
მაგრამ საპყრობილეში უბრალონი და არა-დამნაშავენი თითქმის არაოდეს არ შთავარდებიან, არამედ ყოველთვის ბრალეულნი და დამნაშავენი. გარნა იმათაც კი შეუძლიათ და კიდეც უფრო მომეტებულად უნდა ეცადონ აღსრულება ზემომოყვანილი წმიდა მოციქული პავლეს დარიგებისა. რა სახით? მით, რომ შეინანონ, შეიკვდიმონ თვისი ცუდი ყოფა-ქცევა. დაფიქრდით ძმანო, რამ შემოგიყვანათ ამ საპყრობილეში? რამ მოგაყენათ ამისთანა სირცხვილი, უბედურება? ნუ ატყუებ შენს სინდისს! გარნა ღმერთმა არ იცის შენი გული, და არ იცის რა გიქნია? სასამართლოში რომ წაგაყენებენ წინაშე მსაჯულთა, შენც და შენი ადვოკატიც ცდილობთ როგორმე გაათეთროთ შენი თავი, და კიდეც ხშირად აღასრულებთ ამ სურვილს, რაც გინდა დანაშაულობა გქონდეს. მაგრამ ღვთის წინაშე ამისთანა ღონისძიება არ შეგეწევა; ღვთის წინაშე შენს გულში ყოველთვის ესრედ უნდა იტყოდე: უცოდვილეს ვარ ყოველთა კაცთა! შენ უწყი ყოველნი ჩემნი საქმენი და გულის თქმანი, შემინდე, შემეწიე! შემეწიე, რომ ამიერიდგან მაინც მოვიშალო ცუდი ყოფა-ქცევა, მომეც სინანული. შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, შენ მხოლო განგარისხე. თუ ასე ილოცავ ძმაო, თუ გულწრფელად აღიარებ წინაშე ღვთისა შენთა ცოდვათა, აღთქმას მისცემ, რომ ამიერითგან უარყო ეშმაკი და ყოველნი მისნი საქმენი. ამით შენ არცხვენ ეშმაკსა სასჯელსა ამას გარდააქცევ ჯილდოდ, მწუხარებას - სიხარულად. ერთი სიტყვით, მოიგებ ნაყოფსა კეთილსა... განმართლებასა და ცხონებას, რომელიც მოგცეს თქვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.