მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!
ვგონებ, თქვენ ყოველთა გაგიგონიათ და იცით, რომელ, ვისაც სურს, რათა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე და აცხოვნოს სული თვისი, მას უნდა ქონდეს ორი ესე: მართლ-მადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფა-ქცევა. ღვთის მადლით, მართლ-მადიდებელი სჯული ანუ სარწმუნოება გვიპყრიეს ჩვენ ყოველთა მტკიცედ; ვერაფერს იტყვის, რომ ჩვენ არ გვახსოვდეს რომელიმე წეს-დებულება ანუ ბრძანება სჯულისა; რაც ვისწავლეთ წმიდათა მამათაგან, ის ყოველი გვახსოვს და გვწამს, გარნა კეთილს ყოფა-ქცევაში და სჯულის აღსრულებაში ვართ ფრიად სუსტნი და ნაკლულევანნი. ხოლო უფალი იესო ქრისტე წმიდა სახარებასა შინა გვასწავებს ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი მის მოწაფე არს მხოლოდ იგი, რომელი აღასრულებს მცნებათა მისთა. არა საკმაო არს სულის ცხოვნებისათვის ერთი მხოლოდ სარწმუნოება, არამედ სარწმუნოება შეერთებული საქმეთა-თანა; ყოველი კაცი უნდა ეცადოს და განიწმიდოს თავი თვისი ბოროტებისა და ბილწებისაგან; ყოველმან უნდა განიკითხოს თავი თვისი და სცნას, რა ცოდვა ბუდობს მას შინა, რა ნაკლულევანება სჭირს მას.
ამისათვის მე მსურს, ძმანო, დღეს მოკლედ გითხრა თქვენ, რა ნაკლულევანება და რა ცოდვა შევნიშნე საზოგადოდ ამ ჩვენის ქვეყნის მცხოვრებთა შორის. პირველი და უსაშინელესი ჩვენი ცოდვა ის არის, რომელ სიყვარული და ერთობა ჩვენ შორის არ იპოვება; არ დარჩა თანხმობა და კეთილ-განწყობილება მოყვასთა შორის, აღარ გვახსოვს უმთავრესი მცნება ღვთისა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ მცირე ჟამის განმავლობასა შინა, რაც აქ მე მოვსულვარ, ისრე არაფერი მაკვირვებს და მაწუხებს, როგორც საზოგადო განხეთქილება, მტერობა, შური, შურის-ძიება და სიძულილი, რომელი სუფევს ქვეყანასა ჩვენსა; არა-თუ მეზობელთა შორის აღარ არის სიყვარული და მოყვარობა, არამედ ნათესავნი და მახლობელნი უმეტეს განხეთქილებაში არიან: ძმა ძმას ემტერება, მამა და შვილნი ვეღარ სდგებიან ერთად; დედანი ხშირად სწყევლიან შობილთა თვისთა, ძენი აღარ ემორჩილებიან მშობელთა. საშინელ არს და საზარელ წარმოდგენა ამის ყოვლისა. ამოდენი ჩივილი, დავა და მტერობა, რაც ამ პატარა ქვეყანაში არის, არსად არ გაგონილა ქვეყანაზედ. სხვა ქვეყანაში, ძმანო, როგორ შეიძლება, მამა შვილს ანუ ძმა ძმას გაეყაროს; პირველად სირცხვილი არის და მეორედ ოჯახის დაცემა. თქვენც იცით, რომელ, რაც მეტი მუშაკი არის ოჯახში, ის ოჯახი უფრო გაკეთებულია და აღშენებულია; გარნა აქ როგორ შეიძლება ძმამ ძმასთან გასძლოს; თუ როგორმე ძმები კარგად იქნებიან ერთმანეთში, რძლები მაინც ვერ გასძლებენ ერთად ვერაოდეს. ამ მიზეზისა გამო ოჯახები არიან დაცემულნი და ღარიბნი; თუმც, ღვთის მადლით, მიწა და მამული გვაქვს ფრიად ნაყოფიერი, გარნა მაინც ღარიბნი ვართ. ამ მშვენიერს მამულში რომ იდგნენ ვინმე უცხო თესლნი, ძლიერ მდიდარნი და გაკეთებულნი იქმნებიან. ცხად არს, რომელ ჩვენმა უთანხმოებამ და განხეთქილებამან არა თუ სულითა წარწყმიდა, არამედ აქაც, ამ სოფელში, გაგვაფუჭა და დაგვამდაბლა.
მეორე ჩვენი ვნება და ჭირი უმეტესად კეთილ-შობილთა შორის არის უსაქმობა ანუ უქმად დროების გატარება. ახლა, ძმანო, ისრედი დროება და ჟამი მოიწია, რომ ყოველი კეთლ-შობილი კაცი უნდა დაადგეს რომელსამე საქმესა და იყოს შრომაში და გამოზარდოს თავი თვისი შრომითა თვისითა. ძველს დროში კეთილ-შობილთა არ შეეძლოთ სხვა საქმე რაიმე გაეკეთებიათ, თვინიერ ომობისა და ლაშქრობისა, ვინაითგან მაშინ მრავალთა მტერთაგან იყო შეიწროებულ ქვეყანა ჩვენი და არა ქონდათ მათ დრო, თვინიერ ომობისა; გარნა აწ მოგვცა ღმერთმან მშვიდობა. შრომა და მუშაობა არ დაამდაბლებს კაცსა, არამედ უქმობა უმეტესად წაახდენს და დაამდაბლებს კეთილშობილსა წოდებასა. უქმად მყოფი ადვილად იქმნს ყოველსა ცოდვასა, გონება და გული მისი მიდრეკილ არს ყოვლისა ბილწებისადმი; ხოლო კაცი, რომელსა არა აქვს მოცალება და ყოველთვის არის საქმეში, ადვილად ვერ შესცდება. რისგან განმრავლდა კეთილ-შობილთა შორის ურიგობა და სჯულის-გარდახდომილება, რისგან გვესმა მრავალნი შემარცხვენელნი საქმენი მათ შორის, თუ არა უქმობისაგან?
მესამედ, ჩვენი ცოდვა ის არის, რომელ არ გვიყვარს სიმართლე არც ლაპარაკში და არც ყოფა-ქცევაში. ყოველთვის მრუდედ ვლაპარაკობთ და მრუდედ ვიქცევით. მაცხოვარი გვასწავებს: ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ. ისრე უნდა უყვარდეს კაცსა სიმართლე, როგორც მშიერს კაცს სურს და უყვარს პური. მაგრამ სად არიან ჩვენში სიმართლის მოყვარენი? ყოველნი მას სცდილობენ, რომ დამალონ სიმართლე, ანუ დააბნელონ იგი. საქმემ იქამომდე მიაღწია, რომელ მესმა, ვითომც ზოგნი, მოწოდებულნი მოწმედ, ფიცის ქვეშეცა იტყვიან სიცრუესა; გარნა ამას არ დავიჯერებ. ისრე როგორ გაფუჭდება სინიდისი, ისრე როგორ გაგიწყრება ღმერთი, რომ ფიცის ძალი დაგვავიწყდეს!
ბოლოს, ძმანო, ამასაც დავუმატებ თქმულზედ: მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. ამაზედ ვალი მაქვს გითხრა, რომ წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და, ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყუებენ მკითხავები მოკლე ჭკუის კაცთა. ბევრი გამიგონია მე მათგან წახდენილი კაცი და ბევრი ავად-მყოფი მათითა უმეცრებითა მომკვდარიყოს.
ვეცადოთ, ძმანო, რომ სჯული ქრისტესი აღვასრულოთ საქმით და გამოვაჩინოთ ჩვენი სარწმუნოება ყოფა-ქცევაში. გახსოვდეს, რომ მარტო სარწმუნოება ვერ გვაცხოვნებს, თუ არ შევაერთეთ მასთან ყოფა-ქცევა. ქრისტიანე ცუდად მცხოვრები უარესად განარისხებს ღმერთს, ვიდრე მოუნათლავი უსჯულო, და უარესად დაისჯება, რაიცა ღმერთმან განაშოროს ჩვენგან. ამინ.