ძმანო ქრისტიანენო! თუმცა მე არა ერთ-გზის მიწირავს ამ თქვენს ძველს ეკკლესიაში, გარნა მოძღვრება და დარიგება ჯერედ ერთხელაც არ მომიცია თქვენთვის, ვითარცა სხვათა სოფლის ეკკლესიათა შინა, ჩვეულებისა და მოვალეობისამებრ ჩვენისა. ეს მოხდა მისთვის, რომელ წირვა ჩვენი აქა ყოველთვის დაემთხვია უბრალო, სანიადაგო დღეებში, როდესაც თქვენ იყავით მუშაობაში და მოსვლა საყდარში არ გცალოდათ. თუმცა დღესაც უბრალო დღე არის, მაგრამ დღეს მე განგებ დაგიბარეთ თქვენ წირვის მოსასმენად, რადგანაც მსურდა დღეს მაინც გადამეხადა ჩემი ვალი თქვენ წინაშე. მე ვალი მმართებს თქვენი: ჩემი ვალი ის არის, რომ გასწავლო, დაგარიგო სჯულში და ქრისტიანობაში. თუ ეს ვალი არ გარდავიხადე, მეშინია, ღმერთმა არ მომკითხოს ოდესმე. ახლა, პირველად, მადლობას გეტყვი, რომ ისმინეთ ჩემი დაბარება და მოხვედით აქ. ნუ ნანობთ ერთი საათის, ანუ საათნახევრის მოცდენას მუშაობისაგან! მუშაობა ყოველ დღეს შეგიძლიათ; გარნა მღვდელ-მთავრის წირვის და დარიგების მოსმენა არა ყოველს დღეს შეგიძლიათ. მარტო მუცლისთვის არ უნდა ზრუნვიდეს კაცი; სულსაც უნდა თვისი საზრდო; სულის საზრდო არის სწავლა, ნუგეში, განათლება; თუ გულმოდგინეთ ისმენთ დღევანდელ სწავლასა და დარიგებას, იმედი მაქვს - არ ინანებთ, რომ მოხვედით ეკკლესიაში. გარნა რა საგანზედ მოგცეთ მე დღეს თქვენ დარიგება? ამას გარდაგვიწყვეტს დღეს წარკითხული სახარება.
ვინც ყურადღებით ისმინა დღევანდელს წირვაზე წარკითხული სახარება, მას უთუოდ ახსოვს მოკლე მოთხრობა უნაყოფო ლეღვის ხეზე. ერთხელ, როდსაც უფალი იესო ქრისტე მიდიოდა გზაზე და მოემშია, დაინახა მახლობლად ერთი ლეღვის ხე, რომელი იყო მწვანე, ფურცლოვანი და მშვენიერი; მივიდა მასთან, სურდა იმის ნაყოფისა ჭამა, გარნა ნახა, რომ არცა ერთი ნაყოფი არა ება იმ ხეს. ეწყინა ეს უფალსა იესო ქრისტეს და დასწყევლა ხე იგი. მეორე დღეს, როდესაც უფალი მობრუნდა იერუსალიმითგან, მოწაფეთა მისთა შეხედეს, რომ ხე იგი იყო გამხმარი; გაუკვირადთ და შეეშინდათ მათ ამ ამბავისაგან. ეს მოკლე მოთხრობა, ძმანო ჩემნო, ჩვენთვის დაიწერა სახარებაში, სამოძღვრებლად და სასწავლებლად ჩვენდა. რას გვასწავლის ჩვენ ეს მოთხრობა? გვასწავლის იმას: თუკი უფალმან ხე დასაჯა უნაყოფობისათვის, არა უმეტესად დასჯის კაცსა, თუ უნაყოფო იქმნება იგი? ხეს არა აქვს ჭკუა და გრძნობა, იმან არ იცის, რას იქმნს, გარნა მაინც არ მოითმინა ღმერთმან, და დასწყევლა იგი, რათგანაც უნაყოფო იყო. კაცს აქვს ჭკუა, აქვს სჯული, კაცს შეუძლია გაარჩიოს ავი და კარგი; მაშასადამე კაცს უმეტესად დასჯის ღმერთი, თუ ნაყოფი არ გამოიღო. რა ნაყოფი უნდა გამოიღოს კაცმან? ნაყოფი კაცისა არის ყოველი კეთილი, მართალი და პატიოსანი საქმე, რომელსაცა იგი იქმნს ამ ქვეყანაში. მონათლული ქრისტიანე კაცის ნაყოფი ის იქმნება, როდესაც იგი ასრულებს იესო ქრისტეს მცნებასა, სახარების სწავლასა, შეძლებისა გვარად თვისისა. მართალია, ერთ-ნაირი და ერთი ზომის ნაყოფი არ შეუძლიანთ გამოიღონ ყოველთა ქრსისტიანეთა; როგორადაც ხეხილებში არის დიდი განსხვავება: ზოგიერთი ხეხილი გამოიღებს უფრო ძვირფასსა და ტკბილს ნაყოფს, სხვა უფრო დაბალს და უბრალოს, ეგრედვე ქრისტიანეთა შორის, ზოგიერთმა ქრისტიანემ დიდი ნაყოფი უნდა გამოიღოს და ზოგიერთმა მცირე. გარნა უნაყოფო არც ერთი ქრისტიანე არ უნდა დარჩეს. საღმრთო წერილში არის თქმული, რომელ ვისაც ღმერთმან მეტი მისცა, მისგან მეტს მოითხოვს; ვისაც ღმერთმან მიანიჭა დიდი სიმდიდრე, ანუ სწავლა, ანუ ნიჭიერება, მათ უნდა ეცადონ და უდიდესი ნაყოფი გამოიღონ ღვთის წინაშე. გარნა ვისაც ესენი ნაკლებად აქვს, არც მათ უნდა იფიქრონ, რომ მათგან კი ღმერთი არ მოითხოვს ნაყოფსა. მე რომ ღმერთმან თქვენზედ მეტი მომცა შეძლება, სწავლა და ნიჭი, ჩემთვის დიდი ცოდვა იქმნება, რომ თქვენზედ მეტი ნაყოფი არ მივართვა ღმერთს; გარნა არც თქვენ უნდა იყოთ ღვთის წინაშე უნაყოფონი. თუ ვინმე თქვენგანმან ესრედ იფიქრა თავის გულში: რა ნაყოფი შემიძლია მე მივართვა ღმერთსა! მე ვარ ერთი ღარიბი, საწყალი გლეხი; დღე და ღამ ვმუშაობ და ძლივს ჩემს თავს და ცოლ-შვილს ვარჩენ და გადასახადს ვიხდი. სხვა რა შემიძლია, რომ კეთილი რაიმე ვქნა? თუ ვინმე ესრედ იფიქრა, ის შემცდარი არის, რათგანაც შენ, ძმაო, ხარ ერთი საწყალი, ღარიბი გლეხი კაცი, შენგნით ისიც საკმაო ნაყოფი იქმნება, თუ კარგად და გულმოდგინედ ასრულებ ყოველსა საგლეხო საქმესა, თუ ბეჯითად მუშაობ და მადლობ ღმერთსა, თუ მეცადინე კაცი ხარ და შენს ცოლ-შვილს კარგად ინახავ, თუ გადასახადს და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს, კარგი გულით იხდი და ასრულებ, თუ მეზობლობაში არავის არ აწუხებ და კიდეც, რაც შეგიძლია, გაჭირვებულს კაცს შეეწევი და ხელს შეუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქმნება შენგნით; ამითაც დაკმაყოფილდება ღმერთი. ბოლოს, რაც გინდა საწყალი და ღარიბი კაცი იყო, ერთი საქმე მაინც ყოველთვის შეგიძლია, რომელიც თითქმის უდიდესია ყოველთა სხვათა საქმეთა და უმფრო იამება ღმერთს, და რომელსაც ღმერთი ყოვლის კაცისაგან მოითხოვს, დიდისა და მცირისა, შეძლებულისა და შეუძლებლისაგან. რომელი არის ეს საქმე? ის, ძმაო ჩემო, რომ შენის სული და გული შეუნახე და მიართვი ღმერთსა; თუ სხვა არაფერი შეგიძლია, ეს მაინც ქმენი; შენი სული არ დაუკარგო შენსა შემოქმედსა, არ გაიფუჭო სული და გული ისრე, რომ ღვთისათვის დაკარგული არ იყოს იგი. ეს ადვილად შეგიძლია: თვით ის შენი სისაწყლე და სიღარიბე, რომელიც შენ გაწუხებს, არათუ არ დაგიშლის, კიდეც შეგეწევა ამ საქმეში. თუ სულ-გრძელად მოითმენ შენს სისაწყლეს, თუ არ დაღონდები, მხნედ იქნები, ითმენ ღვთის გულისათვის ყოველს იწროებას, სასოება არ მოგაკლდება, იცოდე, რომ ეს დიდი ნაყოფი იქმნება შენგნით ღვთის წინაშე და მარტო ამით ცხონდები, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.