დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, სიტყვანი: დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დასდგა იესო, ღაღად-ჰყო და ჰსთქვა: უკეთუ ვისმე სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა. რას ნიშნავს, ძმანო სიტყვანი ესე? სიტყვათა ამათ შინა მაცხოვარი გვიწოდს ჩვენ მისვლად მისადმი და სმენად სწავლისა და მოძღვრებისა და აღუთქვამს მადლსა სულისა წმიდისასა, რომელი დღეს გარდამოეფინა მოციქულთა ზედა. განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვანი ესე: აღვხსნათ და ცხადათ წარმოვიდგინოთ საღმრთო ჰაზრი, პყრობილი მათ შინა. პირველად მაცხოვარი იტყვის: რომელსა სწყუროდეს. მაშასადამე, იგი უწოდს არა ყოველსა კაცსა, არამედ იხმობს მას, რომელსა სურს სმენად საღმრთოისა სწავლისა, რომელი ეძიებს განათლებასა და მიღებას მადლისა სულისა წმიდისასა. არიან, ძმანო, ზოგიერთნი კაცნი, რომელთა ნამდვილად სწყურისთ სმენა საღმრთოისა სწავლისა, რომელთა გული ნამდვილად მოშურნე არს მიღებად მადლისა და განათლებისა სულისაგან წმიდისა და რომელი სწუხან, უკეთუ დიდხანს მოაკლდათ საღმრთო სწავლა და მადლი. თვით ბუნება და გული მიიზიდავს ესრეთთა კაცთა ეკკლესიისადმი და ყოვლისა საღმრთოისა მოქმედებისა და წესდებულებისადმი. ეს ნიშნავს, რომ ბუნება მათი და გული არის მრთელი, ესე იგი არა გაფუჭებული ცოდვისაგან. ვისაც გული აქვს წრფელი და ხასიათი უმანკო, არა დაშავებული და დავარდნილი ცოდვისაგან, იგი დიდხანს ვერ გაძლებს თვინიერ საღმრთოისა მადლისა და სწავლისა. წინაამდეგ ამისა, არიან სხვანი პირნი, რომელთა გული გრილ არს სმენად საღმრთოისა სწავლისა და მიღებად მადლისა სულისა წმიდისაგან. ამათ არ სწყურის კითხვა და განზრახვა საღმრთოისა წერილისათვის, გული არ მიიზიდავს მათ საღმრთო სიტყვისადმი. დიდი უბედურება არის, ძმანო, კაცისათვის ესრეთი მდგომარეობა! როდესაც კაცი ხორციელად ავად გახდება, მაშინ მას სრულიად დაეკარგება სურვილი და გემო საჭმელისა და სასმელისა. თუმცაღა მას სწყურიან და ხშირად ითხოვს სასმელსა, გარნა ყოველი სასმელი იგი არის მისთვის უგემური და ვერც მოუნელებს წყურვილსა მისსა; გარნა თუ ავადმყოფმა კაცმა მოითხოვა საჭმელი და სასმელი და გემოვნებით მიიღო იგინი, მაშინ ვიტყვით, რომელ იგი მორჩებაო. ეგრეთვე არს სულიერიცა მდგომარეობა კაცისა; ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა ჩვენისა არის საღმრთო სწავლა და მადლი სულისა წმიდისა. ვისაც არა აქვს სურვილი მიღებად საღმრთოისა ამის საჭმელისა და სასმელისა, ვინც ანუ ისმენს სწავლასა ამას, ანუ კითხულობს საღმრთოსა წერილსა, ანუ სდგას ეკკლესიასა შინა წირვა-ლოცვად, გარნა ვერ გრძნობს გემოვნებასა და გული მისი არს გრილ, ცხადი არის, რომელ იგი ავადმყოფია სულიერად. ესე ვითართა კაცთა, თუმცა აქვსთ მოუნელებელი წყურვილი, ვითართა ავად-მყოფსა ხორციელსა, თუმცა იგინი მიიღებენ მრავალ-გზის სხვათა და სხვათა სასმელთა, ესე იგი მრავალ-ფერთა სწავლათა. ჰაზრთა და მოთხრობათა სოფლიურთა გარნა ვერ მოინელებენ წყურვილსა თვისსა, ვინაითგან სულნი მათნი ეძებენ და გაძღებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებენ სასმელსა საღმრთოისა წყაროისაგან. ოდეს მაცხოვარი იტყოდა სიტყვათა ამათ, მაშინ მსმენელთა მათთა შორის ზოგნი იყვნენ გულ-წრფელნი, კეთილისა ხასიათისანი, მაგალითებრ მოწაფენი და მოციქულნი მისნი, რომელთა ისმინეს სიტყვა და რწმენა, ამისთვისცა მიიღეს მათ აღთქმული მადლი სულისა წმიდისა; ხოლო სხვანი, ვითარცა მწიგნობარნი და ფარისეველნი, იყვნენ გულ-გრილნი სწავლასა ზედა; გული მათი აღვსებული შურითა, ამპარტავნებითა და ანგაარებითა, ვერ შეიწყნარებდა წმიდასა ამას და საღმრთოსა სწავლასა, ამისთვისცა დაშთნენ იგინი მკვდარნი ცოდვასა შინა თვისსა. რა ვქმნა? იტყვის ვინმე: რა დამნაშავე ვარ, უკეთუ არა მაქვს წყურვილი: ძალად ხომ ვერ მოვიწყურვებ? არა, ძმაო! წარმოიდგინე: როდესაც შენ დაგეკარგება სურვილი ჭამისა და სმისა, გეშიანიან და იტყვი: ავათ ვარო, და ცდილობ როგორმე მოირჩინო თავი შენი; ეგრეთვე მოიქეც, უკეთუ სული შენი არა გრძნობს შიმშილსა და წყურვილსა საღმრთოისა მადლისათვის. გაქვს ჭკუა და სინიდისი; ამათ უნდა განაჩინონ წყურვილი საღმრთოისა მადლისა გულსა შინა შენსა. უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება: ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა. ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულის-ზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწის-მოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი ხედავს მას აღებულსა ცოდვითა და ბოროტებითა, ვერ გაძლებს იგი მას შინა. როგორათაც კაცი ვინმე პატიოსანი, აღზრდილი სიყრმითგანვე შემკულსა და მდიდარსა სახლსა შინა, ვერ შევა და ვერ იცხოვრებს უწმინდურსა და აყროლებულ სახლში. ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა: გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა: ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მაშინ ღმერთმა კვალადვე მოუვლინა მას სული წმიდა. ბაძევდი მისა მონანებასა, ვითარცა ხშირად ბაძავ მისსა ცოდვასა.
იქმნება სხვამ ვინმე იფიქროს: მადლობა ღმერთსა! მე თითქმის ყოველთვის დავდივარ ეკკლესიასა შინა: მე მსურს სმენა წირვა-ლოცვისა, მხიარულებით ვისმენ საღმრთოსა სწავლასა, მიყვარს საუბარი და გამოკითხვა საღმრთოთა საგანთა ზედა. არა ძმაო! შენც განიცადე კარგად თავი შენი: იქმნება რომელ არა საღმრთო წყურვილი მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, არამედ ერთი მხოლოდ უბრალო ჩვეულება; ანუ მიბაძავ სხვათა, ანუ გეშინიან, რომ არ შთავარდე განკითხვასა შინა კაცთასა; გარნა უკეთუ ნამდვილად წყურვილი საღმრთოისა მადლისა მოგიყვანს შენ ეკკლესიასა შინა, უკეთუ ნამდვილად გიყვარს შენ საღმრთო მადლი, მაშა-სადამე შენ მიგიღიეს მადლი სულისა წმიდისა, და უკეთუ მიგიღიეს, ნაყოფიცა უნდა გქონდეს; ხოლო ნაყოფი სულისა წმიდისა არს, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება. გქონანა სათნოებანი ესე, ანუ ერთი რომელიმე მათგანი? ბოლოს, ჩვენ ყოველთა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, მტკიცედ უნდა გვახსოვდეს სიტყვანი პავლე მოციქულისა, რომელნი მან მისწერა ეფესელთა: ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღვთისასა, რომლითაცა იგი აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა. ყოველი ქრისტიანე არის აღბეჭდილი სულითა წმიდითა საიდუმლოთა შინა; ყოველსა ნათელ-ღებულსა და ზიარებულსა კაცსა აქვს რაოდენიმე ნაწილი ნიჭისა სულისაგან წმიდისა, ხოლო ცხად-არს, რომელ ცოდვითა და უწმინდურებითა თვისითა იგი შეაწუხებს და კიდევაც განაშორებს მადლსა ამას; ხოლო კრძალული, ღვთის-მოყვარე, წმიდა კაცი განამტკიცებს, განამრავლებს მადლსა ამას, იმ ზომად, რომელ მდინარენი მუცლისა მისისაგან სდიოდენ წყლისა ცხოველისანი, ვითარცა სთქვა მაცხოვარმან. ხოლო აწ ვევედროთ ღმერთსა წმიდისა წინასწარმეტყველისა დავითის-თანა: სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, ღმერთო! ამინ.