ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
როდესაც მე ვსწირავ ზოგიერთ სოფლის ეკკლესიასა შინა, ხშირად მაქვს გული შეწუხებული და მწუხარე, მისთვის, რომელ ვიცი და მესმის ცუდი ამბავი იმ სოფლის მცხოვრებთა ქრისტიანეთა ზედა, მესმის მათი ცუდი ყოფა-ქცევა, უწესობა, სჯულის წინააღმდეგობა, უკმაყოფილება მრევლსა და მოძღვარს შორის. გარნა, როდესაც მე მომიხდება წირვა ამ თქვენს ეკკლესიაში, მე ვარ მხიარული და გულსმოდგინებით ვასრულებ წირვის წესსა. რისთვის? - მისთვის, რომ თქვენზე არ მესმის ცუდი ამბავი, არამედ მესმის და კიდევაც ვხედავ, რომელ, ღვთის მადლით და ღვთის შეწევნით, თქვენ შორის არის ნიშნები კეთილისა ქრისტიანობისა.
პირველად, თვით ეს ეკკლესია, ყოველთა სხვათა სოფლის ეკკლესიათა უდიდესი და უმჯობესი, თქვენის ერთგულებით აღშენებული წინედ ამისა და ახლა კიდევ შესაფერი სამრეკლო, დაწყებული და თითქმის გათავებული, ცხადად ამტკიცებენ, რომელ თქვენ გაქვსთ დიდი სასოება და ერთგულება ღვთისა. გარნა ეკკლესიის და სამრეკლოს აშენება არასფერს დაამტკიცებდა, თუ სხვაფერაც კარგნი არ ყოფილიყავით. ჩემთვის ის უფრო არის სანატრელი და სანუგეშო, რომელ თვით ამ თქვენ შორის დიდ სოფელში სუფევს მშვიდობა და მყუდროება, არ მესმის რომ თქვენს შორის იყოს შფოთი, შური და ცილობა, არამედ მესმის, რომ თქვენ გიყვარსთ მყუდრო ცხოვრება, კვირას და დღესასწაულს დღეს წირვა-ლოცვაზედ სიარული და, რომელიც ჩემთვის უმეტესად არის სასიამოვნო, თქვენ გაქვსთ ერთგულება და მორჩილება წინაშე სულიერთა თქვენთა მოძღვართა. დიდი სიკეთე არის და დიდი მადლი, ძმანო ჩემნო, როდესაც მოძღვართა და მოწაფეთა შორის სუფევს თანხმობა და სიყვარული! მაშინ ქრისტიანული სჯულის უკეთესად აღსრულდება. გარნა, სადაცა არ არის თანხმობა და ერთგულება მღვდელთა და ერთა შორის, იქ ქრისტიანული წესი ვერ აღსრულდება კეთილად. რა სახით უნდა აღასრულოს მოძღვარმა თვისი მოვალეობა, თუ კი მის მოწაფეს არ აქვს მორჩილება და არ ისმენს მისსა დარიგებასა. სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენს ქვეყანაში ხშირად და უსაფუძვლოდ იციან ერის კაცებმა მოძღვართა ზედა საჩივარი და უკმაყოფილება; გარნა ამ თქვენს დიდს სოფელში არ გამიგონია ჯერედ ესრედი ამბავი. ამაზედ მე ვმადლობ ღმერთსა და თქვენც მოგილოცავ ამას. ძმანო, ეცადეთ, რომ ყოველთვინ ესრედ იყოს თქვენ შორის.
ახლა, ძმანო, ქრისტიანენო, ისმინეთ მოკლე განმარტება დღეს წარკითხულის სახარებისა. ვინც კარგად ყური დაუგდო დღეს წარკითხულს სახარებას, იმას უთუოდ ახსოვს, რა დიდი და საკვირველი სასოება და სარწმუნოება ქონდა ერთს საწყალს უბრალო დედა-კაცს. იგი დიდი ხნითგან იყო სნეული; ვერც ერთმა ექიმმა ვერ მოარჩინა იგი. მაშინ მან გაიგონა იესო ქრისტეზე, რაოდენსა სასწაულსა იქმოდა იგი. პირდაპირ ვერ გაბედა მისვლა და თხოვნა შემწეობისა, არამედ იფიქრა თავის გულში: საკმაო იქმნება, რომ მისს შესამოსელს უკანითგან ხელი ვახლოო; მართლა, მიეახლა იგი და უკანითგან ხელი შეახო იესო ქრისტეს შესამოსელს და მაშინვე მორჩა სნეულობისაგან. აჰა, რა ცხოველი სარწმუნოება ქონდა უბრალოსა მას დედაკაცსა!
სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს. მკვდარი სარწმუნოება ის არის, რომელიც გულში არ მუშაობს, ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა ვერ შეაგონებს და ვერ აქმნევინებს; ერთი სიტყვით, საქმით არ გამოსჩნდება. ზოგიერთს ქრისტიანე კაცს რომ შეხედავ, ვერაფრით ვერ შეატყობ, აქვს თუ არა სარწმუნოება. საყდარში დადის, პირჯვარს იწერს, მაგრამ საქმე და ყოფა-ქცევა მისი არ აცხადებს მისსა სარწმუნოებასა; ცივი გული აქვს, ცოდვას არ ერიდება, ღვთის ნებაზედ არ დადის, არამედ თავის ბოროტს სურვილს ასრულებს; ზოგიერთი მოუნათლავი თათარიც კი სჯობია მას ყოფა-ქცევით. სარწმუნოება! გული მისი არის მხურვალე ყოველს კეთილს საქმეზე; ფრთხილად გაარჩევს ცოდვასა და მადლსა და სხვა კაცშიაც რომ ნახავს რომელსამე კეთილს საქმეს, უხარია; არავის არ ატყუებს, არავის არ აჭირვებს, არამედ არის ყოველს კაცთან ლმობიერი და მოწყალე. ვევედროთ, ძმანო, ღმერთსა, რომ მან გააცოცხლოს ჩვენს გულში სასოება და სარწმუნოება. ამინ.