ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ტაძრათ მიყვანება ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მარიამისა, რომელსა დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ყოველთა ღვთის მოყვარეთა და ღვთის მოსავთა ქრისტიანეთა მოსცემს დიდს სწავლასა, ნუგეშსა და გაღვიძებასა. მივაქციოთ ყურადღება რომელთამე გარემოებათა ზედა აწინდელთა დღესასწაულისა და შევიტყოთ რაზომად არიან იგინი ჩვენთვის აღმაშენებელნი. პირველად ვსთქვით მშობელთა ზედა ყოვლად-წმინდისა მარიამისა, იოაკიმ და ანნასა ზედა. თუმცა იგინი იყვნენ ყოვლის მხრით ბედნიერნი და კმაყოფილნი დიდის საცხოვრებელის პატრონნი, დიდისა შთამომავლობისანი და პატივცემულნი, და რომელიც ყოველსა ზედა უდიდესი და უმჯობესია, იყვნენ ღვთის წინაშე მართალნი და ღვთის სჯულის მოშურნენი და აღმასრულებელნი; გარნა ერთი დიდი მწუხარება დაავიწყებდა მათ ყოველსა სხვასა ბედნიერებასა - მათა არ ჰყავდათ არც ერთი შვილი. მაგრამ მიჰხედეთ მათ მოთმინებასა, სულგრძელებასა და სასოებასა! თუმცა მათ მიაღწიეს სიბერემდი, მაშასადამე, მოსპობილი ჰქონდათ ყოველი იმედი შვილოსნობისა, გარნა მაინც არ დაუკარგავთ სასოება ღმერთზე, არამედ თანდათან უმატებდენ ლოცვასა, მოღვაწებასა და სხვათა სათნოებასა. ამისთვის ღმერთმანაც დააჯილდოვა მათი სათნოება, აღასრულა გულისა მათისა წადილი და მისცა მათ შვილი.
შენცა, ძმაო, ჰბაძევდე ესრეთსა მათსა სულგრძელებასა და ბეჯითობასა. არ დაჰკარგო სასოება არაოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს შენ აღსრულებასა შენისა პატიოსნისა სურვილისასა.
მივიქცეთ კვალად იაკობისა და ანნასადმი. ამათ ღვთის წინაშე დასდვეს აღთქმა, რომელ, თუ ღმერთი მათ მოსცემდა შვილსა, იგინი მას შესწირვიდენ ღმერთს, ტაძარში. ეს აღთქმა მათ აღასრულეს. ყოვლად-წმინდა იყო ჯერედ ყრმა სამისა, ანუ ოთხისა წლისა, მაგრამ მათ წაიყვანეს იგი იერუსალიმს, მიიყვანეს ტაძარში, და აქ მიაბარეს იგი აღზრდად და სწავლად საღმრთო წერილისა და საღმრთო მსახურებასა შინა. თუ კარგად დაუკვირდები, არა მცირესა სწავლასა და სარგებლობასა ჰნახავ ამ წმიდა იოაკიმეს და ანნას მოქცევაში! სიბერის დროს მდიდართა ამათ კაცთა შეიძინეს ერთი მხოლოდ შვილი. ამისთანა შემთხვევაში, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, არაოდეს არ გამოიმეტებდა და არ განიშორებდა შვილსა. ერთი შვილის მეტი არ მყავსო, იტყვის ამისთანა შემთხვევაში ზოგნი, აქ რომ დამეკარგოს, რაღა უნდა ვქნაო, და ნამეტანითა მოფერებითა, უგუნურითა სიყვარულითა, უმეტესად აფუჭებენ თვისსა შვილსა თავის სახლში, ვიდრე ასწავლიან. არა ესრედ მოიქცენ გონიერნი იაკობ და ანნა. მათ გონიერად არჩიეს მოკლება თავის ნუგეშისა, ვიდრეღა დატევება თვისისა შვილისა უსწავლელად და გაუზრდელად. მერმე ისიც იფიქრე, რა სწავლას ცდილობდენ იგინი თავის შვილისათვის: იგინი იყვნენ ერთობ მდიდარნი; მაშასადამე შეეძლოთ მათ თვის სახლში მოწოდება მრავალთა მსწავლელთა და სხვა ახალი მოდით, ანუ წესით, გაზრდა თავის შვილისა, ესე იგი სხვადასხვა უცხო ენებისა, კარგად და ახალი მოდის ლაპარაკი, ცეკვა, საკრავების დაკვრა და ამის მსგავსნი სწავლანი; მაგრამ ბრძენი იოაკიმე და ანნა ასე ჰფიქრობდენ. მათ უნდოდათ, რომ მათი შვილი გამოსულიყო მართალი, პატიოსანი და სასარგებლო ქვეყნისათვის და მოყვასთათვის, და არა ერთი რომელიმე მსგავსი მაიმუნისა, რომელიც თავისას არაფერს არც იქმს, არც იტყვის, არამედ სხვა კაცთა ქცევას გამოჰხატავს; კარგია, თუ ცუდი ის, რასაც სხვები იქმან, იმას არ გაჰსინჯავს, არამედ მარტო იმას სცდილობს, რომ სხვათა კაცთაგან არაფრით არ განირჩეოდეს, რომლისა მაგალითსა სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ აწ ჩვენ შორის.
ბოლოს ესეც უნდა დავუმატოთ: მართალია ეს ყოველი, ესე იგი ტაძრად მიყვანება ყოვლად-წმინდისა და ყოველნი მისნი წინანი და უკანანი გარემოებანი მოხდენ და აღსრულდენ ღვთის ნებით და განგებით; თვით ღმერთი ამზადებდა მარიამს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან მას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნა და ღვთის-მშობელს არც აერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იცოდენ, რომ ესე ყოველი, ღვთის განგებით იყო; ისინი ამას ყოველსა თვისი კეთილი სურვილით აღსრულებდენ. შენც ისე მოიქეცი, ძმაო! შენი ნებით, შენი სურვილით ჰქენი, ეძიე, შეუდეგი ყოველს კეთილ საქმეს, რომელთა შორის შვილების გაზრდა ქრისტიანულად, წმიდად, პატიოსნად, უდიდესია და უკეთესი ყოველთა, და ამით შენ აღასრულებ თვით ღვთის ნებას, რომელიც და მოგცეს თქვენ ყოველთა მშობელთა. ამინ.