ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
მოგილოცავთ კურთხევასა ახლისა ამის თქვენის შრომით და წარსაგებელით აშენებულის ეკკლესიისასა! ვსთხოვ ღმერთსა, რომ ახალმან ამან ეკკლესიამან განაახლოს სულიერიცა თქვენი ცხოვრება, მოგცეს განათლება, მოგიმატოს მადლი და ნუგეში ზეციერისა მამისა. უეჭველად არის, რომ კიდეც ესრედ მოხდება, თუ თქვენი მხრითგანაც არ დააკლებთ მეცადიენეობასა და გონიერად ისარგებლებთ ახლისა ამის ეკკლესიისაგან, და არა ისრე, როგორც აქამომდე სარგებლობდით. სამწუხაროდ, არა თუ თქვენ, არამედ თითქმის ყოველგან ჩვენს ქვეყანაში ეკკლესიას ისე ვერ ეპყრობიან, როგორც ჯერ არს,ამისთვის სულიერიცა სარგებლობა მცირედი აქვსთ ქრისტიანეთა ეკკლესიისაგან. თქვენ კიდევ სხვათა უმეტესად იყავით მოკლებული ეკკლესიის მადლისაგან: უწინდელი თქვენი ეკლესია იყო ერთობ ვიწრო, შორს და მაღალს გორაზე აშენებული; ვერც მოხუცებულნი, ვერც ყმაწვილნი, ვერც დედაკაცნი ადვილად ვერ დადიოდნენ ძველს საყდარში, ავს ტაროსში და სიცივეში სულ ვერავინ ვერ მიდიოდა. ამისთვის იმ ეკკლესიას თითქმის არაფერი მნიშვნელობა არა ქონდა თქვენთვის. თქვენ თვითონ ხედავდით და გრძნობდით ამას და, დიდი ხანია, გსურდათ აშენება ეკკლესიისა მარჯვე, დაბალს ადგილზედ და აჰა, შეწევნითა ღვთისათა, დღეს აღსრულდა თქვენი სურვილი. ეს ახალი ეკკლესია არის მახლობლად თქვენდა, ამასთანავე საკმაოდ ვრცელი, მაშასადამე ყოველს კაცს შეუძლიან მოვიდეს და მოისმინოს წირვა-ლოცვა.
გარნა, როგორც წინედ ვსთქვით, თუ კაცმა არ იცის ჯეროვნად მოხმარება და სარგებლობა ეკკლესიისა, სიარული ეკკლესიაში და წირვა-ლოცვის მოსმენა, მისთვის დარჩება უსარგებლოდ. ვინც ეკკლესიაში მოვა და წირვა-ლოცვას ისმენს დაფანტულითა გონებითა, ეკკლესიითგან რომ გავა, არაფერი მადლი არ გაყვება; ზოგიერთნი საცოდავნი, უსწავლელნი კაცნი ისე ფიქრობენ, რომ ოღონდ წირვას დაესწროს, ორიოდე პირჯვარი გადაიწეროს, მეტი არაფერი საჭირო არ არისო. რას კითხულობენ ეკკლესიაში და რას გალობენ? რა დარიგება, რა აზრები იყო წარკითხულსა სახარებასა და სამოციქულოში, რას ნიშნავს და რას მოასწავებს სხვა და სხვა მოქმედება ეკკლესიასა შინა? ამას არავინ არ კითხულობს. მაგალითად ვსთქვათ: შენ ხედავ საყდარში მრავალს ანთებულს სანთლებს ხატთა წინაშე და თითონაც მიიტან და ანთებ სანთელსა: რას ნიშნავს ეს და რას მოასწავებს? იქმნება ამაზე არც კი გიფიქრია შენ. ახლა მაინც შეიტყვე: ანთებული წმინდა სანთელი შენ გასწავლის იმას, რომ თვით შენი გულიც და სულიც უნდა იყოს აღნთებული ღვთის წინაშე ლოცვითა, ერთგულებითა და სიყვარულითა. ეკკლესიაში შენ ხშირად პირჯვარს იწერ; გიფიქრია და იცი, რას ნიშნავს პირჯვარის დაწერა? სამი თითი ერთად, რომლითაც პირჯავრს იწერ, ნიშნავს წმიდა სამებასა; ორი მათგანი - იესო ქრისტეს ბუნებასა, ესე იგი, კაცისა და ღვთის ბუნებასა; პირველად შუბლზე დაისხამ თითებს, რათა განიწმიდოს შენი აზრი, მერმე გულზე, რათა განიწმიდოს გული, და მერე მხრებზე, რათა განძლიერდე ქრისტეს გულში; ჯვარის სახეს მისთვის გამოჰხატავ, რათა დაგიფაროს და დაგიცვას ჯვარცმულმა ქრისტე იესომ. მღვდელი ანუ დიაკონი ხშირად აიღებს საყდარში საცეცხლურსა, უკმევენ ტრაპეზსა, საკურთხეველსა, ხატებსა, ერსა. რას ნიშნავს ეს მოქმედება? ნიშნავს ამას: როგორც საკმეველი არის კეთილ-სუნნელოვანი და კვამლი მისი ადის ზეცას, ეგრედვე შენიცა ლოცვა უნდა იყოს ღვთის წინაშე შეზავებული გულის სიტკბოებით და ზეცად აღიწეოდეს. მღვდელი ანუ ეპისკოპოსი შემოსილი და მწირველი მოასწავებს და წარმოადგენს თვით უფალსა იესო ქრისტესა. მთელი წირვა არის მოკლედ გამოხატვა და წარმოდგენა უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა. როდესაც მღვდელი, ანუ დიაკონი სახარებასა წაიკითხავს, წარმოიდგინე, რომ გესმის ხმა და ქადაგება თავად უფლისა იესო ქრისტესი. როდესაც მღვდელი სამკვეთლოთგან გამოასვენებს ტარიგსა და შეასვენებს საკურთხეველში და დაასვენებს ტრაპეზზე, იცოდე, რომ ის არის თვით უფალი იესო ქრისტე, შემავალი იერუსალიმს, რათა მიიღოს ტანჯვა და ჯვარცმა ჩვენთვის. ბარძიმში არის მისი სისხლი დაფეშხუმზე მისი ხორცი. ერთი სიტყვით, ყოველსა ეკკლესიურს მოქმედებასა და წესსა აქვს თვისი მნიშვნელობა; მაშასადამე, როდესაც შენ სდგეხარ ეკკლესიაში, არც გონებითა და არც გულითა არ უნდა იყო უქმი, დაფანტული: გონებითა უნდა განიზრახვიდე, რას ნიშნავს და რას გვასწავლის ის, რასაც ხედავ და რაიცა გესმის; გული უნდა გქონდეს მდუღარე, მონანული, შემუსვრილი შენისა უღირსებისა და ცოდვისათვის. ამ სახით და ამ შემთხვევაში შენ ეკკლესია მოგცემს დიდსა სულიერსა სარგებლობასა; შენ და ეკკლესიას შორის დაიბადება მტკიცე და ღვთაებრივი კავშირი: შენ შეიყვარებ ეკკლესიასა, მოგეწონება წირვა-ლოცვის მოსმენა; ეკკლესიას ექმნება შენს გულში გავლენა და მოქმედება: იგი ცოტ-ცოტად გამოგიცვლის შენ გულს, გაგიკეთებს სასოებას და ხასიათს და ესრედ ცოტ-ცოტად მოამზადებს სულსა შენსა ზეციერისა სუფევისათვის, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.