ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
წმიდა მოციქული იაკობ წიგნსა შინა თვისსა სწერს, სხვათა შორის, რომელ თუ ვინმე მხოლოდ ისმენს სიტყვასა ღვთისასა და არ ასრულებს მას, ის გაემზგავსება იმ კაცს, რომელმან სარკეში თავის სახე განიხილა ერთ წამს, და მაშინვე დაავიწყდა იგი: უკეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყვასა ამას და არა მყოფელ, ესე ვითარი იგი მზგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადოს პირი ქმნილებისა თვისისა სარკითა; რამეთუ განიცადა თავი თვისი და წარვიდა, და მეყვსეულად დაავიწყდა, რაბამ რა იყო (იაკობ 1, 23, 24). ეს სიტყვები უმეტესად ითქმის მაზედა და ეკუთვნის მათ, რომელნი მოემზადენ და მიიღეს ზიარება, თუ იგინი არ ეცდებიან თვით საქმითაც აღასრულონ ის, რაც ესმოდათ ეკლესიაში, რაც გაიგონეს მათ მოძღვართაგან და რისთვისაც მიიღეს ზიარება.
მართლა, თქვენ, ძმანო ჩემნო, რომელთა ახლა ეზიარეთ და სხვანიც, რომელთა მიიღეს ზიარება ამ დიდ-მარხვის განმავლობაში, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე იყო საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები, რომელი წაიკითხებოდენ ეკკლესიაში. ვინც ყურადღებით ისმენდა მათ, უთუოდ იგი შეიტყობდა მისის სულის სახესა და მდგომარეობასა; მეორე სარკე იყო თვით თქვენი გონება და სინიდისი; როდესაც თქვენ ემზადებოდით საზიარებლად, ეკკლესიაში მიდიოდით, ლოცულობდით, უთუოდ, სხვათა შორის, კიდეც დაფიქრდებოდით თქვენს სულიერ მდგომარეობაზე და შეიტყობდით სულიერსა ღირსებასა, ანუ უღირსებასა თქვენსა. მესამე სარკე იყო აღსარების თქმა წინაშე მოძღვრისა თქვენისა, და დარიგება მოძღვრისაგან მიღებული.
აწ რა უნდა ქნათ თქვენ შემდგომად მისა, რომ სამთა ამათ სარკეთა შინა განიცადეთ სულიერი სახე თქვენი? არ უნდა დაივიწყოთ ის ნაკლულევანება, ის ცოდვები, რომელნიც უთუოდ დაინახეთ სულთა შინა თქვენთა, და ეცადეთ მათი გასწორება. რისთვის განიხილავს კაცი სარკეში თავის პირისახეს? მისთვის, რომ განისინჯოს, თუ გასვრილი, ანუ წამხდარი არა აქვს პირისახე და თუ გასვრილი აქვს წავა და დაიბანს პირს, და, როდესაც დაიბანს, კიდეც შეხედავს და სარკის წინაშე გაიწმენდს პირსა თვისსა. თქვენც ესრედ უნდა მოიქცეთ, ძმანო ჩემნო! სამნი ზემოხსენებულნი სარკენი უთუოდ ცხადად გვაჩვენებდა, რომ სულიერი ჩვენი სახე არის გასვრილი და უწმინდური მრავალთა ცოდვათაგან ჩვენთა; დავიბანოთ სულიერი პირი ცრემლითა, გავწმინდოთ სულიერი სახე ჩვენი კეთილთა საქმეთა მიერ, ცუდთა ჩვეულებათა მოშლითა. სარკეში ხშირად ჩახედვა და სარკით სარგებლობა უმეტესად უყვართ ქალებს, მისთვის, რომ რითაც შეუძლიათ გაამშვენიერონ თავიანთი პირისახე; თუ რამე ცუდი გამოთქმულება აქვს მათს თვალებს, ანუ პირის-სახეს, გამოიცვალონ და უმჯობეს გამოთქმულებას მიაჩვიონ! ამას ისინი იქმან ერთისა მხოლოდ ამაოებისათვის. უმჯობესი ის იქნება, და უფრო დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ იგივე საქმე ვქნათ საუკუნო ცხონებისათვის სულთა ჩვენთასა, ხშირად შევხედოთ სამთა იმათ სულიერთა სარკეთა და, თუ რამე ცუდი გამოთქმულება შევატყვეთ ჩვენს სულს, მოვიშალოთ იგი და მივაჩვიოთ უმჯობესსა გამოთქმულებასა და ჩვეულებასა; ერთი სიტყვით, გავისწოროთ ცხოვრება.
სარკეში ხშირად ჩახედავს კაცი, დილით მაინც ერთხელ არ ჩახედოს არ შეიძლება. რისთვის? მისთვის, რომ ძნელია მთელი დღის განმავლობასა შინა პირი კაცის არ შეისვაროს მტვერისაგან, ოფლისაგან და სხვა ქვეყნის ჭუჭყისაგან, და არ დასჭირდეს პირის დაბანა და გასუფთავება. სულიერიცა პირი ჩვენი, ჰაზრი, გული, არ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში არ გაისვაროს რომელიმე სულიერი ჩირქისაგან, ცოდვისა და გულის თქმისაგან; ამისთვის საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც ყოველთვის მასთან არის უხილავად, და რომელსა ეწოდება სინიდისი. თუ ბეჯითად და გონიერად ჩახედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის უნდა, დაიბანდეს სულსა თვისსა ლოცვითა, ცრემლითა და სინანულითა ორჯელ მაინც დღეში, დილით და საღამოით. ამინ.