მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?
ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა გარდასცემს სასოებასა, სწავლასა, მადლსა და ცხოვნებასა მისსა. ვინც ეკკლესიას არ ეკუთვნის, იგი არ არის ქრისტიანე, მისთვის, რომელ ვერ მიიღებს მადლსა იესო ქრისტესსა.
ახლა ის ვიფიქროთ, რა სახით გარდამოგვცემს ეკკლესია მადლსა უფლისა იესო ქრისტესსა? პირველად მით, რომელ წმიდა ეკკლესია მოგვანიჭებს ჩვენ ნათლისღებასა. ნათლის-ღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს; ვინც ნათელ-იღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა.
მეორედ, მით, რომელ, ოდესცა მოსულხარ შენ ჰასაკში, წმიდა ეკკლესიამ გასწავლა შენ ქრისტიანობა, გაგაცნო იესო ქრისტე და მისი სახარება. ეკკლესიაში ყოველ წირვა-ლოცვაზედ კითხულობენ საღმრთო წერილსა. თუ გულს-მოდგინედ და ყურად-ღებით ისმენ წირვასა და ლოცვასა, ჭკუა შენი განათლდება, შეიტყობ ყოველსა, რაიცა ქმნა ღმერთმან შენისა განწმენდისა და ცხოვნებისათვის; გარნა ესეც არ არის საკმაო. ეკკლესია არა თუ განანათლებს გონებასა შენსა და გარდამოგცემს იესო ქრისტეს მადლსა, არამედ სრულებით შეგაერთებს მასთან. ოდესაც შენ ეზიარები სისხლსა და ხორცსა იესო ქრისტესსა, მაშინ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, შენ ხარ ერთ-ხორც და ერთ-სულ უფლისათანა. აჰა, ვითარსა დიდსა მადლსა და სულიერსა ხარისხსა მოგვცემს შენ წმიდა ეკკლესია! და სხვათაცა შვიდთა საიდუმლოთა შინა წმიდა ეკკლესია მოგანიჭებს შენ მრავალ-ფერსა მადლსა სულისა წმიდისასა, არაოდეს, არცა ერთს შემთხვევაში, არ დაგიტევებს შენ ობლად. ყოველს საქმეში და შემთხვევაში, ჟამსა სიხარულისასა, ანუ მწუხარებისასა, ჭირში ანუ ლხინში, წმიდა ეკკლესია წინა-გიძღვის შენ ლოცვითა, კურთხევითა, ნუგეშინის-ცემითა, მოძღვრებითა. თუ ცოდვაში შთავარდი, ეკკლესია მიგიღებს შენ, ვითარცა შვილსა და სახელითა იესო ქრისტესითა მოგცემს შენ შენდობასა, უკეთუ მოინანე ცოდვა შენი. ავად გახდი - წმიდა ეკკლესია ილოცავს შენთვის, აკურთხებს ზეთსა, გაცხებს შენ მით სახელითა იესო ქრიტესითა და მოგანიჭებს შენ კურნებასა სნეულებათასა და შენდობასა ცოდვათასა. ოდეს შენ გახვალ ამიერ სოფლით, წმიდა ეკკლესია გიძღვის შენ ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვითა, შეავედრებ ღმერთსა შენს სულსა. ბოლოს, ოდეს შენ დაავიწყდები ყოველთა შენთა მახლობელთა, მაშინაც არ დაავიწყდები შენ წმიდასა ეკკლესიასა, ვინაითგან ყოველს წირვა-ლოცვაში იგი იხსენებს გარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა და ევედრება ღმერთსა, რათა მისცეს მათ სასუფეველი ცათა. ერთი სიტყვით, იმ დღიდან დაწყებული, როდესაც იხილე შენ ეს სოფელი პირველად, ვიდრე უკანასკნელისა შენისა აღმოფშვინვადმდე, წმიდა ეკკლესია, ვითარცა დედა გივლის შენ და სცდილობს გამოგზარდოს შენ სულიერად, რათა ღირსი მორწმუნე იქმნე იესო ქრისტესი.
გარნა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, თქვენცა თქვენი მხრით უნდა იხმაროთ ყოველი ღონისძიება და მეცადიენეობა, რათა არა უსარგებლოდ დაშთეს თქვენთვის ესოდენი მადლი უფლისა იესო ქრისტესი, რომელსა თქვენ გარდამოგცემსთ წმიდა ეკკლესია. რა სახით უნდა ისარგებლოთ ამ მადლითა, ან რა უნდა ქმნათ? ნაყოფი კეთილი უნდა გამოიღოთ, ხოლო ნაყოფი ქრისტეს მადლისა არის კეთილი, წმიდა და პატიოსანი ცხოვრება ამა სოფელსა შინა. ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გეტყვისთ სახარებასა შინა უფალი იესო ქრისტე: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი. აჰა, რა სიახლოვე არის ჩვენ და უფლისა იესო ქრისტეს შორის! როგორც რომ რტო ანუ ნორჩი ვენახსა ზედა, ისრე ჩვენ უფალსა იესო ქრისტესა ზედა უნდა ვიყვნეთ დამოკიდებულნი. მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და მამა ჩემი მოქმედი არს, იტყვის უფალი: - ყოველმან რტომან რომელი ჩემთან არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი უკეთუ ვინმე არ დაადგრეს ჩემთანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწვას (იოან. იე. ა, ბ, ვ.). ყოველი ქრისტიანე არის რტო ჭეშმარიტისა ვენახისა იესო ქრისტესი. გარნა შენც იცი და გინახავს, ძმაო, თუ რომელი რტო ვენახისა განხმა, მოსჭრიან და განაგდებენ: ხოლო, უკეთუ რტო არის ნედლი, ფურცლიანი და ნაყოფს გამოიღებს, იგი ახარებს ვენახის პატრონსა. ეგრედვე ქრისტიანე, უკეთუ არის კეთილი და სათნო, განახარებს მამასა ზეციერსა. ეცადე, ძმაო, ვინაითგან წმინდამან ეკკლესიამან გიყო შენ ისრედი სიკეთე, რომ გაგზარდა იესო ქრისტეს რტოდ, ეცადე რაიმე ნაყოფი გქონდეს, რათა ყოველთვის ეგო ვენახსა ზედა. თვით საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა, შეიძინე სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, მოთმინება, სიმდაბლე, სიმართლე. შენი სათნოება ის არის, როდესაც შენ ხარ შრომის მოყვარე, მღვიძარე, ფრთხილ, ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი და ოჯახი, - მომთმენი და თავმდაბალი, ვინაითგან ხშირად შეიძლება იყო ღარიბ და შეიწრებულ, შენს მეზობელს არაოდეს არ ავიწროებდე, არამედ შეეწეოდე შეძლებისამებრ შენისა. ცრუ-მოწმობისა გეშინოდეს და ყოველთვის მართალს იტყოდე, შენს მეზობელს არ ატყუებდე, არავის არ წაეჩხუბებოდე, შენს სახლში და ოჯახში იყო მყუდრო, ცოლშვილი და ძმები გიყვარდეს, ვითარცა თავი თვისი, კარგად იქცეოდე მათთან და სცდილობდე, რომ კეთილად გაზარდო შვილი შენი. რაც გმართებს სამსახური ხელმწიფისა, ანუ ბატონისა, სცდილობდე, რომ გარდაიხადო. ერთი სიტყვით, ისრე ატარებდე შენს ცხოვრებას, რომ ყოველმან კაცმან სთქვას შენზედ: იმ კაცს ღმერთი ახსოვსო და ნამუსი აქვსო.
კიდევ გეტყვი ერთხელ, ძმანო ჩემნო, ვინაითგან თქვენ ეს ახალი ეკკლესია აღაშენეთ და არა მიმხედველნი თქვენისა სიღარიბისა, არ დაზოგეთ არც შრომა, არც საფასე, - მაშასადამე, იმდენიც ეცადეთ, რომ ეკკლესია სწორედ სასარგებლო იყოს თქვენთვის, ესე იგი, ამიერითგან იყვნენ თქვენ უმჯობესნი სულიერად. რა ჭკუა და რა გონება იქმნება, რომ ეკკლესია უმჯობესი აღაშენოთ და ისრედნივე დარჩეთ, როგორადაც უწინ იყავით? მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.