სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
ყველას გილოცავთ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს - გილოცავთ, დღეს ჩვენი სულების გათავისუფლებისა, დღეს ჯოჯოხეთის ბჭეთა შემუსვრისა და სამოთხის კარის გახსნისამ დღეს საუკუნო ცხოვრებისა, დღეს ნათელის შემოსვლისა ქვეყანაზე და ღვთის მიერ ყოველი ადამიანის შეწყალებისა.
დღეს არის კვირაცხოვლობა და თომა მოციქულის ხსენების დღე. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით წმიდა სახარების სიტყვები თომა მოციქულის მიერ უფლის აღდგომის აღიარების შესახებ. რატომ იხსენებს ეკლესია აღდგომის შემდგომ კვირას თომა მოციქულის მიერ უფლის აღდგომის აღიარებას? ალბათ, ბევრჯერ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ თომამ ბოლოს ხომ აღიარა და რატომ იხსენებს ეკლესია იმ დაბრკოლებას, რომელიც ჰქონდა მას? ადამიანის სულიერი მდგომარეობა დღეს მსგავსია იმისა, რაც იყო ადრე და რაც იქნება ხვალ. ამიტომ, ჩვენ ამ ქვეყნად მყოფნი უნდა ვიხსენებდეთ წარსულს, რათა არ დავუშვათ შეცდომები მომავალში, და თუ განმეორებით შევცდებით, ვიცოდეთ გამოსავალი, რათა არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას. თომა მოციქული, რომელიც ისმენს სხვა მოციქულებისაგან უწყებას მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მაინც ამბობს, რომ არ ირწმუნებს, სანამ თვითონ არ იხილავს, სანამ ხელს არ დაადებს მის ჭრილობებს და მის გვერდს, რომელიც იყო განგმირული ლახვრით, საიდანაც გადმოედინა სისხლი და წყალი. ე.ი. თომა მოციქული ცდილობს გამოიძიოს აღდგომის ჭეშმარიტება ფიზიკური შეხებით და დარწმუნდეს ფიზიკური ხილვით. ეს არის ადამიანის თვისება, გამომეძიებლობა, სანამ თვითონ არ დარწმუნდება, ვერ ირწმუნებს. ეს თვისება ბევრ ჩვენთაგანს ახასიათებს და არა მარტო დღეს, არამედ საუკუნეების მანძილზე და ალბათ, მომავალი თაობებისთვისაც იქნება ეს დამახასიათებელი. რა საშუალებაა ხსნისა ამ მდგომარეობიდან, როდესაც უამრავი მოწმობა გვაქვს თაობიდან თაობამდე ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტების შესახებ და ჩვენ მაინც ვბრკოლდებით და ვამბობთ: „სანამ მე ამაში არ დავრწმუნდები“, „სანამ მე არ ვიხილავ“, „სანამ მე არ შევეხები“? აი, ამიტომაც ეკლესია კვლავ და კვლავ იხსენებს თომა მოციქულის სიტყვებს: „არ ვირწმუნებ, სანამ არ შევეხები“ და იხსენებს იმ დღეს, როდესაც თომამ თაყვანი სცა უფალს და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“. სანამ არ დადგა გარდატეხის წამი მის ცხოვრებაში, ის იყო მოწაფე; ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იგი ხდება მოციქული, მოწმე ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებისა. და ჩვენც ვინატროთ, რომ თომა მოციქულის მეოხებით მასთან ერთად ვთქვათ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“. მაშინ ჩვენ აღარ დაგვჭირდება არავითარი სხვა მოწმობა იმიტომ, რომ ეს იქნება შინაგანი მოწმობა, გაცხადება ჩვენში ქრისტეს აღდგომისა. მაშინ ჩვენი მოწაფეობა ახალ ხარისხს შეიძენს, მაშინ დაიწყება ჩვენი ახალი ცხოვრება; მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ქრისტიანები; მაშინ უფალი იქნება ჩვენს გულში განუშორებლად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მაგრამ როგორ ხდება ამ დღის დადგომა? ეს არის საოცარი რამ. იყო წამი, როდესაც თომას არ სწამდა და დადგა წამი, როდესაც მან ირწმუნა. ეს გადასვლა ერთი წამიდან მეორე წამში არის უდიდესი საიდუმლო. საიდუმლო, რომელიც მხოლოდ უფალმა იცის; იმიტომ რომ უფალი გულთა მხილველია და უფალმა იცის როდის, როგორ, სად, ვისთან შევიდეს გულში და გამოუცხადოს აღდგომის ჭეშმარიტება.
მე გაგახსენებთ თქვენ დასაწყისს მაცხოვრის მოღვაწეობისა, როდესაც უფალმა ნათანაელს, რომელიც ფილიპემ მოიყვანა მაცხოვართან, უთხრა: „აჰა, შეჭმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუა არა არს“. გაკვირვებულმა ნათანაელმა ჰკითხა: „ვინაი მიცი მე, რაბი?“ და უფალმა უპასუხა, რომ: „პირველ ფილიპემ ხმობამდე შენდა, იყავ რა ლეღუსა ქვეშე, გიხილე შენ“ (ინ. 1, 29). და ნათანაელი გაოგნებული თაყვანს სცემს და ამბობს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაილისა!“ რა საიდუმლო უთხრა ასეთი უფალმა ნათანაელს, რომ ადამიანი, რომელიც არ იცნობდა უფალს, თაყვანს სცემს მას მეორე წამს და აღიარებს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაილისა“. ეს იგივე საიდუმლოა, რაც თომა მოციქულთან, რომელიც ჯერ ამბობს, რომ არ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავ, შემდეგ კი თაყვანს სცემს და ამბობს: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“. საიდუმლო ამ განცხადებისა იმაში მდგომარეობს, რომ ნათანაელი როდესაც ლეღვის ხის ქვეშ იჯდა, უქმად არ იჯდა, ის ელოდა უფალს, ის ეძებდა მესიას, კითხულობდა წერილს და წინასწარმეტყველებებს უფლის მოსვლის შესახებ და მან იგრძნო, რომ არა მარტო ვიღაც იყო მასთან, ვიღაცა ანუგეშებდა მას და ამზადებდა. და როდესაც უფალმა უთხრა მას, რომ „პირველ ფილიპეს ხმობამდე შენდა, იყავ რა ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ“, ნათანაელი მიხვდა, რომ ის ვიღაც, ვინც იყო მასთან, იყო უფალი. უფალი უხილავად იყო მასთან, ხედავდა მას, უფალი მოახლოებული იყო, მაგრამ ნათანაელი ვერ ხედავდა მას და ვერ ხვდებოდა, რომ ეს იყო უფალი. ახლა მან თვითონ უთხრა მას ცხადად: „ეს მე ვიყავი“, და ნათანაელმა თაყვანი სცა მას და თქვა: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაილისა“. ასევე სამარიტელმა დედაკაცმა, რომელმაც ირწმუნა, რომ მის წინაშე იდგა წინასწარმეტყველი, ბოლოს უთხრა: „ვიცი, რომ მესია უნდა მოვიდეს და ის ყველაფერს გვეტყვის ჩვენ“, ანუ ის დედაკაცი მივიდა იმ ზღვრამდე, სადამდეც შეეძლო ადამიანს მისულიყო, რომელიც ელოდა მესიის მოსვლას; და უფალმა უთხრა: „ეს მე ვარ“, ხოლო სამარიტელმა დედაკაცმა ირწმუნა, აღიარა და დაამოწმა და უთხრა თავის ახლობლებს და მეგობრებს: „წადით, ნახეთ, ეს ხომ არ არის მესია, და თქვენც დარწმუნდით“, იმიტომ რომ თვითონ იყო დარწმუნებული.
იგივე მეორდება თომა მოციქულთან. როდესაც თომამ თქვა, რომ „არ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავ და დავდებ ჩემს ხელს მის ჭრილობებზე“, - ის ვერ ხედავდა აღდგომილ უფალს, ხოლო როდესაც უფალი მოვიდა ცხადად, და უთხრა თომას: „მოდი, მიხილე, დასდევ ხელი“, თომა მიხვდა, რომ როცა იგი თვითონ ამბობდა „არ ვირწმუნებო“, უფალი იქ იდგა, დუმდა და ელოდა. თომა ვერ ხედავდა, რომ უფალი იქ იყო, ხოლო როდესაც უფალმა გაუმეორა მას მისი სიტყვები, მაშინ დარწმუნდა, რომ უფალი ახლა კი არ გამოეცხადა პირველად, არამედ მაშინაც მასთან იყო, მხოლოდ თომა ვერ ხედავდა მას. უფალს ესმოდა მისი სიტყვები, მაგრამ რატომღაც დააყოვნა და იმწამსვე არ უთხრა, იმწამსვე არ გამოეცხადა. უფალმა თომას ადამიანური უძლურება გაითვალისწინა, რომ იგი უნდა მომზადებულიყო, თომაში უნდა გაძლიერებულიყო სურვილი აღდგომილი უფლის ხილვისა და როდესაც ამ სურვილმა მიაღწია კულმინაციას, უფალი გამოეცხადა მას, მაგრამ მაშინაც რომ არ ეფიქრა, თითქოს მოჩვენებას ხედავდა, გაუმეორა მას ის სიტყვები, რომელიც მან ცოტა ხნით ადრე თქვა და უთხრა: „მოჰყუენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი, და მოიღე ხელი შენი, და დამდევ გუერდსა ჩემსა“ (ინ. 20,27) და ეს სიტყვები იყო მოწმობა თომასთვის, რომ უფალი მუდამ გვხედავს, რომ უფალი მუდამ ჩვენთან არის, რომ უფალი გულისხმიერია და უფალი ელოდება, სანამ ჩვენი უძლურება მისცემს საშუალებას მას ჩვენთან განცხადებისა, რათა ვირწმუნოთ იგი, ვაღიაროთ, თაყვანი ვსცეთ და ვთქვათ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ და იყოს მოწმობა მისი აღდგომისა ჩვენ თანა, უკუნითი უკუნისამდე, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“. უფალმა ორი საშუალება მოგვცა მისი მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში დარწმუნებისა: ერთი - უფლისადმი სიყვარულით გამომეძიებლობის შედეგად მოცემული გამოცხადებით ანუ ხილვით და მეორე - ხილვის გარეშე აღდგომის მოწმეთა სიტყვისადმი ნდობით და რწმენით, რაზედაც თქვა: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“. ეს ნეტარება ყველასათვის არის მოცემული და უხვად მოგცეთ თქვენ ღმერთმა მეოხებითა წმიდისა დიდებული მოციქულისა თომასი, რათა ერთობით ვადიდებდეთ უფალს, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქრისტე აღსდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17 (119), 2001 წ.