ძვირფასო ს.ფ. ამჟამად ქრისტეს ცხოვრებისა და სახის წარმოჩენა - გადმოცემაზე ვმუშაობ. მისი სიწმინდისა და სიდიადის გარდა იცით რა მხვდება თვალში ყველაზე ძალიან, ის, რომ მაცხოვრის პიროვნებაში არ არსებობს ოცნება და ფანტაზია ფიქტიურისა და არარეალურისადმი. იგი უდიდესი რეალისტია. მხოლოდ თავის თვალწინ და თავის ხელთ არსებულ საქმეს აკეთებს და აღასრულებს. მისი აზრი უფრო სიღრმისეულია, ვიდრე მრავლისმომცველი; ხოლო სიტყვა ზოგადიდან კი არა, კონკრეტული შემთხვევიდან მომდინარეობს. შედარებებიც იმ წუთში, მომენტალურად, მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდანაა მოყვანილი. სადილობს - შედარება აქედანაა; მინდორშია - და იგავური სახეები იქიდანაა; ცაზე ღრუბელია და იმით სარგებლობს; ჩავა მზე, ჩამობნელდება და ამ სახეს იყენებს.
საოცარია! არაფერია ხელოვნური და გამოგონილი სიტყვაში, არც გრძნობასა თუ ქმედებაში. აღიქვამს რა ირგვლივ რეალურ გარემოს და გარემომცველ პირთა რეალურ მდგომარეობას, მეყსეულად მოქმედებს მათზე.
ჩვენ კი სულ სადღაც სხვაგან ვცხოვრობთ და ვიმყოფებით; ყოველთვის წარსულზე ან მომავალზე ვფიქრობთ და ვოცნებობთ. აწმყო გვისხლტება ხელიდან და იგი არასდროს მსჭვალავს ჩვენს პიროვნებას.
ქრისტე კი აწმყოზე ზემოქმედებს. აბსტრაქტულისა და უსაგნოსადმი არ მიისწრაფის. მომავალიც მისთვის ფანტაზია, ტკბილი ან მწარე ოცნება კი არა, არამედ ღვთის მიერ განსაზღვრული რეალობა და უცილობელი აწმყოა და მოწაფეებს მომავალზე უბრალოდ, როგორც რეალურ მოვლენაზე ესაუბრება. მომავალზე ფუჭი მისწრაფების, ოცნების, აწმყოთი დაუკმაყოფილებლობის, მომავლისაკენ სწრაფვის და ფანტაზიების არარსებობა, ჩემის აზრით, მაცხოვრის მიერ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს წარმოადგენს.
ჩვენთვის, ამ ეპოქის ადამიანებისთვის, ეს გასაოცარია. გასაოცარია რადგან, სულ სადღაც მივისწრაფით, ვოცნებობთ და რეალობით არ ვცხოვრობთ. არ ვმუშაობთ იმაზედ რაც ჩვენს ხელთაა; არანაირი საქმიანობა კმაყოფილებას არ გვანიჭებს, და ყოველივე უმნიშვნელოდ, არარაობად გვესახება.... უსასრულობა შეიძლება ბალახის ღეროშიც კი ვეძიოთ, თუმცა სამყაროც არ გვაკმაყოფილებს; გლობალური მისწრაფებებით და მიზნებით ვწუხვართ მსოფლიოზე, ჩვენს გვერდით კი გაჭირვებულს ვერ ვამჩნევთ; აბსოლუტური, საყოველთაო ზნეობის დამკვიდრებისაკენ მივისწრაფით, თავად ბოროტ გულისთქმებში და ხორციელ გარყვნილებაში ჩაძირულნი და ვერც ვამჩნევთ ამას!
ჩემს სიტყვებზე მაგალითის მოყვანაც შემიძლია. დიახ, ვამჩნევ ამ ბოროტებას, ეშმაკის ამ მანქანებას ანუ ოცნებებს, მისწრაფებებს. არარეალურისადმი, არარსებულისადმი, ჩვენს ძალებს, რომ ფიტავენ და გვართმევენ უნარს ვიმოქმედოთ რეალობაზე, იმ რეალობაზე, რომელიც ითხოვს კიდევაც ჩვენს შრომას, ღვაწლს. საყოველთაო სიყვარულზე ვოცნებობთ, როცა ნამდვილი სიყვარულით ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანებიც კი არ გვიყვარან! არ გვაქვს რა აწმყოთი ცხოვრების უნარი, ვცხოვრობთ მომავლით. ამიტომაც აწმყო ისეთივე ცუდი და ბოროტი მიდის ჩვენგან, როგორიც მოვიდა, რამეთუ არ გაგვიუმჯობესებია ღვაწლითა და სიყვარულით. ჩვენს გარშემო მყოფნი ვერ გრძნობენ ჩვენს სიკეთეს, სითბოს, ნათელს. ზარმაცნი და უდარდელნი თავს ოცნებებით, მისწრაფებით ვინუგეშებთ. და ვმშვიდდებით, რაღაც უსაგნო, სადა, უსახო რომ გვიყვარს, რაღაც შორეულზე ვმუშაობთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ფანტაზიაა და მეტი არაფერი.
ჩემო ძვირფასო, გიყვარდეს ლიზა, ჩასჭიდე ხელი; ეს იქნება რეალური და წმინდა საქმე; სხვაგან ნუ იყურები. იგი იზრდება და ლიზას მიმართ შენი სიყვარული მისი ნორმალური ფიზიკური და სულიერი აღზრდისაკენ უნდა მიმართო. რამდენი რამაა საოცარი და მშვენიერი, როგორი ცოდნა, გმირობა და თავგანწირვაა საჭირო ამისათვის. მთელი სამყარო არა ღირს ერთ ადამიანად და იგი შენი ზემოქმედებისა და ყურადღების ქვეშ იმყოფება. ოჰ, ეს ფანტაზია, უდიდესი და საშიში მტერი! სულ სხვაგან გამყოფებს, სადღაც რაღაცას გინდა გადაწვდე, ის კი რაც ახლოსაა, სიყვარულისა და ღვაწლის გარეშე გვეცლება ხელიდან. ჩემო ძვირფასო, ღვთის გულისათვის, გევედრები, იბრძოლე და ცარიელი, უსარგებლო მისწრაფებები მოიშორე, განაგდე.
რეალობა, მხოლოდ და მხოლოდ რეალობა. აი, რას გვასწავლის ქრისტე. უნდა დავემორჩილოთ მას, უნდა ვძლიოთ ჩვენში ჩაბუდებულ ოცნების ვნებას. ნუ წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ვინმედ ან რაიმედ; გვიყვარდეს ის, ვინც ჩვენს თვალწინაა; ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს ხელთაა.
გეხალისებათ მემკვიდრეობაზე ამდენი ძიება და კითხვა? ამით მხოლოდ გავირთულებთ ცხოვრებას და ვერანაირ სარგებლობას ვერ მოვუტანთ საკუთარ თავს. ნამდვილ ქრისტიანთათვის მემკვიდრეობა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ არსებობს განახლება და აღორძინება; რომ არსებობს მეორედ შობის სასწაული, სასწაული რომლისათვისაც მოვიდა უფალი.
თუ ვაღიარებთ მემკვიდრეობითობას და თაყვანს ვსცემთ მას როგორც ბედისწერას, მაშინ ხომ ჩვენ წარმართებისაგან არ გავირჩევით? და განა ქრისტე ამ ბოროტმემკვიდრეობითობისაგან ჩვენს დასახსნელად არ მოვიდა? ხოლო თუ ჩვენ კვლავ ბედით დამძიმებულები და ბედისწერის მონები ვართ, მაშ რაღაა ქრისტიანობა? რისთვის მოვიდა უფალი? განა მემკვიდრეობით ცოდვათა და უძლურებათაგან გამოხსნისათვის არ მოგვიწოდა ქრისტემ განახლებისაკენ? სული წმინდა ხომ სწორედ ამიტომ გარდამოვიდა?
დავივიწყეთ რა ქრისტეს მაცხოვნებელი ძალა, არ ვიცით რა არის აღორძინება და განახლება, არ განგვიცდია სულიწმიდისმიერი აღფრთოვანება; და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით მემკვიდრეობითობისა და ბედისწერის გავლენის ქვეშ. ყოველი თეორია მემკვიდრეობითობის შესახებ მხოლოდ ღრმა მორწმუნე ქრისტიანთათვისაა სარგებლობის მომტანი. ქრისტიანი ამ თეორიებს მემკვიდრეობითობასთან ბრძოლის გასაადვილებლად იყენებს, წარმართისთვის კი ეს თეორიები ყოვლად უსარგებლოა, რამეთუ იმყოფება მემკვიდრეობითობის გავლენის ქვეშ. განა ირონია არ არის: გავუმხილოთ ავადმყოფს ავადმყოფობის ისტორია და განვითარების პერსპექტივა მაშინ, როცა განკურნების არანაირი საშუალება არ არსებობს?
საყვარელო, განთავისუფლდი მონური შიშისაგან, შენი საკუთარი სტიქიური ბუნებისა და ყოველგვარი მემკვიდრეობის წინაშე რომ გაქვს. აღიჭურვე ქრისტეს რწმენით; ეს რწმენა მოგანიჭებს ბრძოლის უნარს და გაგათავისუფლებს კიდეც მისგან.
ჩემო ძვირფასო, ჩვენ ყველა დაბრმავებულნი ვართ! უფრო და უფრო ვგრძნობ ამას და შიში მიპყრობს. არა მარტო საეროებმა, არამედ სულიერმა მოძღვრებმაც დავივიწყეთ ქრისტეს ნამდვილი მისია, უარვყავით მისი ცხოვრება.
არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ასე. სულ მალე კრიზისი - გმირობისა და მსხვერპლის ხანა დაგვიდგება; დასავლეთიდან წამოსული სულიერი ‘სიბნელე, ჩვენზე, მცირედ მორწმუნეებსა და გაუნათლებლებზე მოქუფრული ქუხილითა და ელვით გაიფანტება...
საოცარია, მხოლოდ ჯოჯოხეთი და არსებული ტანჯვა გაინტერესებს? სხვა ყველაფერი, რაც ქრისტეში განსაცვიფრებელი, დადებითი, მშვენიერი და უეჭველია უკვე ამოწურე და ახლა გსურს, შენი ცოდნა გარკვეული დეტალებით, ფორმებით და იმ განმარტებებით შეავსო, რითაც სრულიად არ იცვლება ქრისტესადმი სიყვარული და რწმენა?
საყვარელო, მინდა გკითხო: რას ეძებ ქრისტეში? რისთვის მოუხმობ? შვება, ნუგეში, ბედნიერება, შინაგანი ცხოვრების სისავსე და მთლიანობა გსურს იპოვო, თუ შენთვის საინტერესო თეორიული საკითხები გინდა გადაგიწყვიტოს? როგორ მოუხმობ ქრისტეს, როგორც ცხოვრების შეჭირვებათაგან, გულში არსებულ ტანჯვათაგან და ნებელობის უძლურებათაგან განმათავისუფლებელს, თუ როგორც ფილოსოფოსსა და მასწავლებელს? მნიშვნელოვანია ამ საკითხის გარკვევა, რამეთუ შედეგი სხვადასხვაგვარი იქნება.
დაუკვირდი ქრისტეს ცხოვრებას. მას დაჰყვებიან მოციქულები, ადამიანები, რომელთაც ოჯახი და საერთოდ, ყველაფერი მიატოვეს მისთვის. ნუთუ ფიქრობ, მათ არ ჰქონდათ შეკითხვები? მითუმეტეს, ქრისტე ხშირად მათი რწმენისა და მსოფლმხედველობის საპირისპიროდ მოქმედებდა. განა მოწაფეები კამათობენ მასთან? განა ეკითხებიან? პასუხი ერთია: არა. არა, რადგან მათ ისე უყვართ, იმდენად მიილტვიან მისკენ გულით (გრძნობენ რა მის უსასრულო სიწმინდეს), რომ ყოველგვარი პირობის გარეშე სწამთ მისი, რომ მათთვის საჭიროს განუცხადებს.
შენ გგონია ქრისტესთან მისულ ცოდვილებს, შეკითხვები არ ჰქონდათ? ან ცოდვილ დედაკაცს არ შეეძლო ეთქვა: როგორ, მე დამნაშავე ვარ? მას ხომ მანკიერმა ბუნებამ, ამდენი ტანჯვა მიაყენა, განა არ შეეძლო უამრავი შეკითხვა მიეცა? მაგრამ არაფერი უკითხავს, რამეთუ ქრისტეში შვებას, ნუგეშს, სინდისის სიმშვიდეს და შეწყალებას ეძიებდა.
დაუკვირდი, შეკითხვებით თუ მიმართავს რომელიმე, ვინც ქრისტემ სიყვარულით გამოირჩია და დაიმეგობრა? გადაჭრით შეიძლება ითქვას: არავინ!
ახლა ვნახოთ, ვინ მიდის მასთან ამგვარი კითხვებით? ვინ და მწიგნობრები, ფარისევლები, სადუკევლები, ისინი ვინც იუდეველთა ინტელექტს, პოლიტიკას და ზნეობრიობას წარმართავდნენ და ვინც არც იმდენად ცუდნი და ბოროტმოქმედნი იყვნენ, როგორებადაც გვსურს წარმოვაჩინოთ. მათ საკუთარი ფილოსოფიური და პოლიტიკური თეორიები შექმნეს. ისინი იუდეველთა ნაციონალური და სულიერი თავისუფლების თავგამოდებულნი და ყოფითი აზრით პატიოსანი მებრძოლები იყვნენ. ადამიანური თეორიებით გაერთიანებულნი გადაეშვნენ რაციონალიზმში, მოიხიბლნენ ყოფითი წარმოდგენებით, და ვეღარ შეძლეს ქრისტეს ღვთაებრიობის შემეცნება. ისინი მიმართავდნენ მას შეკითხვებით, ეკამათებოდნენ, ითხოვდნენ მისგან ნიშ-სასწაულებს, მაგრამ შედეგად რა მიიღეს?
იცი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მათთან ქრისტეს? თუ ესაუბრებოდა მხოლოდ იმიტომ, მათი ცბიერება და ვერაგობა რომ ემხილებინა; არაფერს განუმარტავდა, რადგან ერთ განმარტებას, მეორე კითხვა მოჰყვებოდა; თითოეულ პასუხზე, ათი ახალი შეკითხვა ჩნდებოდა, რამეთუ ეჭვები ისევე მრავალფეროვანი და უსასრულო შეიძლება იყოს, როგორც მოსაზრებანი.
ქრისტესთან მხოლოდ აზრით, გონებით ვერ მიხვალ. ქრისტე ხომ ცხოვრებაა. თავისი მოსვლით ხომ ცხოვრება მოიტანა, სიცოცხლე მოგვანიჭა. ამიტომ, თეორიულ შეკითხვებს ქრისტესადმი არანაირი კავშირი არ ჰქონდა მის მისიასთან. ამგვარი შეკითხვები ზედაპირულია, მოვლენის არსს ვერ სწვდება და ქრისტე წარმოაჩენს შეკითხვის ავტორების ამგვარ ხასიათს და მათთან ღრმა ურთიერთობაში აღარ შედის.
როცა გულით გვიყვარს, მაშინ ეჭვები აღარ გვაწუხებს, უბრალოდ ვენდობით მას. ქრისტესადმი ამგვარი დამოკიდებულება ნაყოფის მომცემია.
ამით უფალი ჩვენს აზროვნებას კი არ თრგუნავს, არამედ უბრალოდ ჩვენგან, პირველ რიგში, ნდობას, გულით მინდობას ითხოვს. თანდათანობით ყველა ეჭვი გაქარწყლდება, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა...
მოციქულები შეკითხვებით არ აწუხებენ და ხომ ხედავ, სულიერად როგორ აღორძინდნენ, აზროვნების როგორ სიმაღლეზე ავიდნენ! თეორიიდან ცხოვრებისაკენ კი არა, ცხოვრებიდან თეორიისაკენ ვიდოდნენ; ეჭვებიდან ქრისტესკენ კი არა, ქრისტედან ყოველგვარი ეჭვებისა და გაუგებრობების გაქარწყლებისაკენ; გონებიდან გულისაკენ კი არა, არამედ გულიდან გონებისაკენ.
თუ ქრისტეს მიმართ შეკითხვებს წამოჭრი, ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს იმ მიზეზით, რომ ფაქტებმა, მოვლენებმა, შეიძლება უსასრულო რაოდენობის ეჭვი აღძრას, უსასრულო რაოდენობის შეკითხვები წარმოაჩინოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ქრისტესთან მისვლას; ვერასოდეს ვიპოვით მასში შვებას და ამცხოვრებისეული ბოროტებისაგან გათავისუფლებას. მათ ვისაც გულით სწყურიათ ქრისტე, ქრისტესთან ამგვარად არ მიდიან.
ჩემო საყვარელო, იმას კი არ ვამბობ, ეჭვები და გაუგებარი საკითხები არ გაარკვიო-თქო, უბრალოდ, მინდა გაგაფრთხილო, რომ ეჭვებს ძირითადი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიანიჭო. ქრისტეს იმის გამო კი ნუ იწამებ და აღიარებ, შენთვის საინტერესო ყველა საკითხს ისე რომ გადაგიჭრის, როგორც გსურს, არამედ, გულით შეიყვარე იგი. გონებით და აზრით კი ნუ შეიყვარებ, (რამეთუ პილატესა და იროდსაც უდანაშაულოდ მიაჩნდათ იგი), არამედ გულით, უბრალო, ადამიანური გულით. შეიყვარე ისე, თითქოს ახლა შენს წინაშეა, თითქოს მიჰყვები და უსმენ მას. ქრისტეს რომ გულით უსმენდე, რომ გიყვარდეს, ყოველივეს შეასრულებდი, სიცოცხლესაც კი დათმობდი იმ მთავარი და ძალზედ გასაგებისათვის, რაც მის მოძღვრებაშია...
ჩემო საყვარელო, მწერ, რომ ჯოჯოხეთი და ტანჯვა წვრილმანი კი არა უმთავრესია...
მე კი გეუბნები, რომ წვრილმანია! უწინ მეც შენსავით ვფიქრობდი, ახლა მივხვდი, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პირველხარისხოვნად მანამ ჩანს, სანამ შორს ვართ ქრისტესგან; მაგრამ მივუახლოვდებით მას, შევიყვარებთ, დავემხობით მის წინაშე, და როგორც კი შევიგრძნობთ მის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს, დავინახავთ, რამდენად წვრილმანი და უმნიშვნელოა ჯოჯოხეთი, ტანჯვა.
ფიქრობ, ჯოჯოხეთზე და გაწუხებს კითხვები: ტანჯვა ფიზიკური იქნება თუ სულიერი? მარადიული თუ დროებითი? გადარჩება თუ არა ყველა? განა ჰკითხავს ამას ქრისტეს ის, ვინც მთელი არსებით, სულით და გულით ეძიებს მას? განა აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური იქნება ტანჯვა თუ სულიერი? მთავარი ხომ ტანჯვის არსებობაა, და თუ როგორი იქნება განა მეორეხარისხოვანი არაა? ამას გარდა, ნუთუ შეიძლება მკვეთრად გამიჯნო სულიერი და ფიზიკური, შინაგანი და გარეგანი ტანჯვა? ადამიანი ხომ სულისა და ხორცის ერთობაა და ამიტომ განა შინაგანი ტანჯვა გარეთ არ ვლინდება და პირიქით?
ბოროტება, საერთოდ, ტანჯვაა. ეგოიზმს, შურს, გულის ყოველ ცოდვილ მოძრაობას, მავნე მიდრეკილებებს შედეგად ყოველთვის ტანჯვა მოაქვს.
ეჭვებით დამძიმებულხარ, წუხხარ, როგორ შეიძლება ტანჯვა მარადიული იყოს. უსამართლობად გეჩვენება. მაგრამ ჩვენ ხომ ვერც წარმოვიდგენთ რა არის მარადიულობა. მარადიული აწმყო, ყოველგვარი წარსულისა და მომავლის გარეშე. რას გავიგებთ? ჩვენი ცნობიერებით შეუძლებელია ჩაწვდე მარადიულობას. აბსოლუტური უდროობა ისევე წარმოუდგენელია, როგორც ოთხგანზომილებიანი სივრცის წარმოდგენა; ჩვენ ვკამათობთ მოვლენის სამართლიანობაზე მაშინ, როცა არც კი ვიცით რაზეა საუბარი.
მითხარი გეთაყვა, ქრისტე შენზე კეთილია თუ არა? შენზე ძალიან უყვარს თუ არა ადამიანები? თუ უსასრულოდ კეთილია და უსასრულოდ დიდი სიყვარული აქვს, განა ადამიანებისათვის რაიმეს ცუდს და უსამართლოს მოიგონებდა? განა ცხადი არ არის, რომ უნდა გჯეროდეს ქრისტესი? მისი სამართლიანობა და სიკეთე ხომ უსასრულოდ აღემატება ჩვენსას.
ქრისტესადმი ასეთი დაეჭვება არ შეიძლება, რადგან ამგვარ აზრებში უნდობლობა გამოსჭვივის. გამოდის, თითქოს ჩვენ უფრო კეთილები და სამართლიანები ვართ. ამგვარ დასკვნებს კი ვაკეთებთ ქრისტეს იმ გამონათქვამების საფუძველზე სათანადოდ რომ არც გვესმის.
გვაწვალებს კითხვა: ცხონდება, გადარჩება თუ არა ყველა. წმინდად რიტორიკული შეკითხვაა, რადგან ისინი ცხონდებიან, ვისი ცხოვრებაც თანხმობაშია ქრისტესთან და არ ეწინააღმდეგება მას.
განა მნიშვნელოვანია თითოეული მორწმუნისათვის იმის გაგება, ბევრი ცხონდება თუ ცოტა. ღმერთი ყველაფერს იღონებს, რომ მიიზიდოს ადამიანის თავისუფალი ნება, მაგრამ რამდენი შეისმენს უფლის სიტყვას და რამდენი ეურჩება სიამაყის გამო უცნობია და ისევე დაფარულია, როგორც ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამი. მთავარია, რომ ქრისტეს ყველას გადარჩენა ნებავს. იმის ცოდნა კი, თუ რამდენი გაუღებს გულს მის სიყვარულს და რამდენი ეურჩება, შეუძლებელია.
დაფიქრდი, განა აიძულებ ვინმეს სიყვარულს. სიყვარულის მშვენიერება ხომ თავისუფლებაშია! ღმერთი არ გვაიძულებს შევიყვაროთ, რადგან იძულებით სიყვარული არაბუნებრივი და შეუძლებელია თავისუფალი ნების მქონე არსებისათვის, პიროვნებისათვის. ამიტომ შეკითხვა, გადარჩება თუ არა ყველა, არასწორია.
ასეთი შეკითხვებით თითქოს ვცდით და ვამოწმებთ ქრისტეს, მაშინ, როცა მასში მთავარს და მნიშვნელოვანს ყურადღებას არ ვაქცევთ. მსგავსი საკითხები ეკლესიაშიც განირჩეოდა, მაგრამ მხოლოდ რწმენის შემდეგ. მართლაც, ადამიანი, გულით რომ ირწმუნებს, შეიყვარებს და მიენდობა უფალს, უნდა დაინტერესდეს ქრისტეს ყოველი სიტყვით, რამეთუ ირწმუნა ქრისტე და ახლა მრავალი საკითხის გარკვევა შეუძლია.
მაგრამ რადგან ჯერ არ გადაგიწყვეტია გაჰყვები თუ არა ქრისტეს გზას, ასეთი შეკითხვები მხოლოდ ზიანის მომტანია. დაუსრულებელი კითხვები იმ გზით სიარულს ნა - იმდენად ყოვლისმომცველი, ამოუწურავი და გამოუთქმელად ძვირფასია, რომ უსასრულოდ აღემატება შენს სკეპტიციზმს, ეჭვებს, თეორიებს.
ერთხელ ქადაგებისას, უფალმა ბრძანა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო...“ (იოანე 6, 54). ამ სიტყვებმა მრავალი მოწაფე დააბრკოლა (იოანე 6, 61), რამეთუ მძიმე მოსასმენი და აღსაქმელი იყო. (იოანე 6, 60). ისინი გაშორდნენ უფალს (იოანე 6, 66), თორმეტმა მოციქულმა კი, როცა ქრისტემ ჰკითხა, ხომ არ აპირებდნენ მის მიტოვებას, დიადი და უკვდავი სიტყვებით უპასუხეს: „უფალო ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გქონან შენ“ (იოანე 6, 68).
აი, როგორები იყვნენ მოციქულები. განა მათ სხვადასხვა აზრი ან შეკითხვები არ ჰქონდათ? მაგრამ ყოველივე ეს არარაობა იყო მოძღვრის სიყვარულთან შედარებით. განა რას წარმოადგენდა მათი ადამიანური მოსაზრებანი იმ ღვთაებრივ სიბრძნესთან შედარებით, უფლის პიროვნებიდან რომ გამოსჭვიოდა?! მოციქულები ხედავდნენ, რომ მასში სიცოცხლე, ნათელი, ჭეშმარიტება და ღმრთეება იყო. ნდობა ქრისტეს მიმართ ურყევია: „ვისა მივიდეთ“ ანუ „ვიღასთან წავიდეთო“, ამბობენ ისინი.
ასევე ჩვენც, ვისთან შეიძლება წავიდეთ; რა შეიძლება ვამჯობინოთ ქრისტესადმი რწმენას? დააკვირდით საზოგადოებას, გადახედეთ ისტორიას, გაიაზრეთ რას მივაღწიეთ და რისი მიღწევა გვსურს აქ, დედამიწაზე. რა შეედრება უფალს? სად ნახავთ იმგვარ სიწმინდეს და სიდიადეს, როგორიც მასშია და რომელიც სამყაროს განახლებას ეყოფა.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: საქმე ეხება ცოცხალ პიროვნებას. მხოლოდ პიროვნებას შეიძლება უყვარდეს; მხოლოდ პიროვნებას შეიძლება სჯეროდეს და სწამდეს. პიროვნებიდან გამომდინარე ყოველი ქმედება და სიტყვა კერძო გამოვლინებაა, რომელიც მართალია ახასიათებს ამ პიროვნებას, მაგრამ ვერ ამოწურავს მას. ეს ყოველივე რაღაც მინიშნება, იეროგლიფი უფროა სხვა პიროვნებისა თუ პიროვნებათათვის განკუთვნილი, რომელთაც მათთვის საინტერესო პიროვნების არსის შეცნობა სურთ.
ადამიანის პიროვნების შეცნობაც არ შეიძლება ცალკეული ქმედებებისა და სიტყვების მიხედვით და რაღა ითქმის ქრისტეს პიროვნებაზე. პიროვნება - ეს რაღაც სიტყვით გამოუთქმელი საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ სიყვარულითა და რწმენით შეიმეცნება.
რასაკვირველია, შეკითხვები უნდა გქონდეს, მაგრამ შეკითხვებმა სიმშვიდე არ უნდა დაგაკარგვინოს. არ შეიძლება, ეჭვებს ქრისტესადმი რწმენა გადააყოლო. თეორიულ გაურკვევლობებს ნუ მიანიჭებ დიდ მნიშვნელობას და ნუ დაიტანჯები, ნუ გგონია, რომ მათ რაიმე მნიშვნელობა აქვთ შენი გადარჩენისათვის.
ქრისტეს მიმართ ნდობა და რწმენა, აი რა არის მთავარი; აი რა უნდა იყოს ურყევი! ქრისტეს ვერავინ შეცვლის და მთელი შენი ცხოვრება მას უნდა მიუძღვნა. მასთან ერთად ყოფნაში, მასთან ზიარებაშია ბედნიერება, სიცოცხლის აზრი, ჭეშმარიტება და გადარჩენა. მხოლოდ ამის შემდეგ, პიროვნული ინტერესების გამო შეიძლება მეორეხარისხოვანი და გაუგებარი საკითხების გარკვევა.
ეკლესიის ერთგული შვილები, საჭიროებისდა მიხედვით, იღვწოდნენ სხვადასხვა საკითხის გასარკვევად, მაგრამ ეს მოღვაწეობა ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ცოცხალი პიროვნების მიმართ თავდადებული ერთგულებიდან გამომდინარეობდა. რაც არ უნდა რთული გადასაწყვეტი ყოფილიყო საკითხი, ქრისტესადმი უნდობლობის ეჭვი მათ არასოდეს შეხებიათ. მოციქულებთან ერთად ეკლესია ყოველთვის იმეორებდა: „უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუაი ცხოვრებისა საუკუნოისა გქონან შენ. ჩუენ მარადის შენთანა ვართ და ვერც სიკვდილი და ვერც სხვა ვერაფერი ვერ დაგვაშორებს შენგან“...
მინდა დავუბრუნდე საკითხებს, შენ რომ გაწუხებს; კერძოდ ჯოჯოხეთს, იქ ტანჯვისა და საერთოდ ტანჯვის მარადიულობის შესახებ. ვეცდები მოკლედ წარმოგიდგინო ჩემი მოსაზრება.
1. ბოროტებას აუცილებლად ტანჯვისაკენ მივყავართ.
2. აბსოლუტურად სულერთია, ტანჯვა სულიერი იქნება თუ ფიზიკური; თანაც ადამიანი სულისა და ხორცის ერთობაა და ერთი ნაწილის ტანჯვა მეორეშიც ვლინდება. ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ყოველგვარ ინტერესს მოკლებულია.
3. ტანჯვა ბოროტების პარალელურია. სანამ იარსებებს ბოროტება, იარსებებს ტანჯვაც.
4. ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და შეუძლია მარადიულად ეწინააღმდეგებოდეს სიკეთეს; შესაბამისად, ტანჯვაც მარადიული იქნება. ასეთ შემთხვევაში ღმერთსაც არ ეთანადება ტანჯვისაგან მისი გათავისუფლება და ბედნიერების მონიჭება, რამეთუ სიკეთის სიყვარული, ანუ ღმერთის სიყვარული შეიძლება მხოლოდ თავისუფალი ნების არჩევანი იყოს, ადამიანი კი, თავად არის ვითარცა ღმერთი და ძალდატანებით თვით ღმერთსაც არ ეთანადება რაიმეს შეცვლა*.
5. სიკეთისა და ჭეშმარიტების მიმართ წინააღმდეგობას ამ ცხოვრებაშიც ვხედავთ, ვიტანჯებით ქრისტესთან განშორებით, რადგან ადვილად ვერ ვახერხებთ საცდურთაგან თავის დაღწევას და მთელი არსებით ქრისტეს შეყვარებას, მასთან შეერთებას.
რატომ არ ვუშვებთ, რომ მოიძებნებიან ადამიანები ან სულები, რომლებსაც არ სურთ შეელიონ სიამაყეს, ეგოიზმს, ოცნებებს, არ სურთ უბრალოებითა და თავმდაბლობით შეიყვარონ ქრისტე. ჭეშმარიტება და სიკეთე ხომ მარტივი და უბრალოა. განა მაცხოვარი უბრალოებას არ გვასწავლის? ჩვენ კი რაღაც რთული გვინდა, გრანდიოზულზე ვოცნებობთ. წარმოსახვისა და ოცნებების ტყვეობაში მყოფნი ვერ ვხედავთ, ჩვენთვის უბრალოებისა და სიყვარულის განხორციელება რომ მოკვდა. იგი გვეძახის, ჩვენ კი ყველანაირად თავს ვარიდებთ სიმდაბლითა და უბრალოებით აღვსილ მის სიყვარულს.
ხომ შეიძლება ამგვარი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდეს? რატომ არ ვუშვებთ, რომ ასეთი ყოფა შეიძლება უსასრულოც კი იყოს? ვინ მაიძულებს ჩემი ოცნებები უარვყო? ვიცი რომ მე ისინი მტანჯავენ; ვიცი, რომ ბედნიერება და სიმშვიდე მხოლოდ ქრისტეშია... მაგრამ მაინც ღვთის ნების წინააღმდეგ ვოცნებობ. ეს ძალიან ადვილი გასაგებია. ქრისტიანული მოძღვრება მარადიული ტანჯვის შესაძლებლობის შესახებ ძალზედ ლოგიკურია და უშუალოდ ადამიანში თავისუფალი ნების არსებობიდან და ღვთის ადამიანისადმი ღირსეული დამოკიდებულებიდან მომდინარეობს.
6. სანამ იქნება სიკეთისადმი წინააღმდეგობა - მანამ იქნება ტანჯვა, ასევე, სანამ სინანულის ჟამია და მოერევი საკუთარ თავს, სიამაყეს, ეგოიზმს და შეუერთდები ქრისტეს - მოიპოვებ ბედნიერებას. ყველაფერი თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ეკლესია წმინდა მამების მიერ ამგვარად განსჯის: თუ სატანამ მაშინ არ დასთმო თავისი პოზიცია, ოცნებები და სიამაყე, როდესაც განხორციელებული ღმერთი ადამიანთათვის კვდებოდა, თუ მაშინ არ გაუჩნდა სინანული, როდესაც უფლის ჯვარზე სიკვდილს, უსაზღვრო სიყვარულს და თავგანწირვას ხედავდა, მაშინ სხვამ რამ უნდა შესძრას, რა მოვლენამ უნდა მოჰმადლოს სინანული?!
აი, მოკლედ მოსაზრებანი, იმქვეყნიურ ტანჯვას რომ შეეხება.
ასევე გაწუხებდა საკითხი ამქვეყნიური ბოროტების შესახებ. მთავარია გახსოვდეს, რომ ქრისტე სულიერი სასუფევლის დასაარსებლად, სულიერი ბედნიერების მოსანიჭებლად მოვიდა და არა დედამიწაზე არსებული ცხოვრების წესის შესაცვლელად. ამქვეყნიური, ღვთის ნებასთან დაპირისპირებულობის გამო, თვითგანადგურებისაკენ მიისწრაფის. ამიტომ ქრისტეს მიმდევარმა არ უნდა მოითხოვოს ყოფითი ცხოვრების განსაკუთრებული ცვლილება და ცხოვრებისეული გაჭირვების შემცირება.
ქრისტე იმ ძალებს გვანიჭებს, გაჭირვების გადასატანად რომ გვეხმარება; ეს ძალები საშუალებას გვაძლევენ, ყოფით ცხოვრებაში სულიერი მხნეობა, ძლიერება, ბედნიერება, მტკიცე რწმენა რომ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ.
ამქვეყნიური ყოფა დაზიანებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ყველაფერს განურჩევლად ანადგურებს და ყოველივეს ტანჯავს. მაგრამ არის ყოფიერების სფერო, რომელსაც ქრისტეს მეშვეობით მსახვრალი კბილანები ვერაფერს აკლებენ - ეს ადამიანის სულია. მოვა დრო, ჩვენი სხეული დისჰარმონიის გამო დაიშლება. სწორედ მაშინ სული გამოსხლტება ამ საშინელი მანქანიდან და იმ ძალებით იარსებებს, რომელიც მას ქრისტემ მიანიჭა. ქრისტეს სამეფოს ამ ცხოვრებიდან სრული დამოუკიდებლობა ჩვენთვის უდიდესი სიმშვიდის და იმედის მომგვრელია.
ამიტომ ამახვილებდა ქრისტე ყურადღებას, რომ იგი სულიერი მეუფეა, მისი მეუფება არაამქვეყნიურია. ამქვეყნიური მეუფება. დასაბამს ცოდვილი ადამიანების ნებიდან იღებს. იგი ამ მოშლილი მანქანის შესაჩერებლად ან შესაკეთებლად კი არ მოვიდა, არამედ მასში ისეთი არსებობის დასამკვიდრებლად, ეს მანქანა რომ ვერ შეეხებოდა. მაცხოვარმა ადამიანებს განწმენდის, განსულიერების და იმ სფეროში შესვლის საშუალება მისცა, სადაც უხეში მატერიალური მანქანის გამანადგურებელი კბილანები მათ ვერაფერს დააკლებდა.
ალბათ გესმის რატომ არის ეს აზრი დამამშვიდებელი. ალბათ ხვდები, თუ რატომ იყო, რომ ქრისტეს მიმდევრები ტანჯვასა და დევნილებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას პოულობდნენ. ისიც გასაგებია რატომ არ მიისწრაფოდნენ ისინი გარე ცვლილებებისა და რეფორმებისაკენ და მხოლოდ ადამიანის შინაგან გარდაქმნას ცდილობდნენ. ცხადია, არც გარე სამყაროს გაუმჯობესებისთვის ზრუნვა იყო უცხო, რამეთუ ხედავდნენ, როგორ ანადგურებდა დაუნდობელი ცხოვრება მათ ახლობლებს, მაგრამ ეს მხოლოდ მოწყალების საქმე იყო. ამას სიყვარულის კანონი ითხოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მთავარია ადამიანს ქრისტეს სული მოეცეს, ქრისტეს ეზიაროს, რომ ზეციური სიხარული იგემოს, იმ სამეუფოს ცხოვრებით იცხოვროს, რომელსაც უხეში მატერიალური ყოფა ვერ შეეხება. ესაა ქრისტიანობის მთავარი მიზანი. გამოჰყავს რა ქრისტიანობას ადამიანები ეგვიპტის ტყვეობიდან, შინაგანი სამყაროს იმ აღთქმული მიწისაკენ მიჰყავს, სადაც უფალი სუფევს წმინდანებით და ზეციური ძალებით...
შენ გაინტერესებს იმქვეყნიური ცხოვრება, ანუ სულის უკვდავება. ჩემთვის უკვდავებას განუზომელი თეორიული და ლოგიკური საფუძველი აქვს, თუმცა ამ თეორიების წარმოჩენისა და განვითარების საშუალება არ მაქვს. ერთს ვიტყვი, თუ აზრი უკვდავების არსებობა-არარსებობას შორის მერყეობს, მილიონჯერ უმჯობესია ქრისტესთან დავდგეთ. თუ ქრისტე უკვდავებას ქადაგებს, ჩვენ ვინ ვართ, რომ საწინააღმდეგო ვამტკიცოთ! განა უსასრულოდ არ გადაფარავს ჩვენს ეჭვებს მისი სიტყვა?
და საერთოდ ჩვენ გვწამს თუ არ გვწამს მისი აღდგომა? გვწამს რომ იგი ახლა ჩვენთან არის? თუ გვწამს, განსახილველიც არაფერია. ხოლო თუ არ გვწამს, ქრისტიანებიც არა ვართ, ჩვენთვის ქრისტე აჩრდილია, თავად ჩვენ კი - ყველაზე საცოდავი ადამიანები. მაშინ თვით ქრისტე ყოფილა ყველაზე საბრალო, ყველაზე უფრო შემცდარი და გზააბნეული რომელმაც ჩვენც შევუცდენივართ. და თუ ეს ასეა, ღირს კი სიცოცხლე? თუ ქრისტე შემცდარია, მაშინ ფურთხის ღირსია მთელი მსოფლიო. მძაგს იგი და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე, თუნდაც თითქოსდა „შემცდარი ქრისტეს“ გვერდით მდგარი უსასრულოდ უფრო ბრძენი ვარ, ვიდრე მისი ყველა უარმყოფელი! რამეთუ ასეთი თითქოსდა „მცდარობა“ ყოველგვარ უაზრო რეალობაზე უსაზღვროდ აღმატებული, ძვირფასი და ბრძნულია.
ღმერთო ჩემო, ადამიანის პიროვნების უკვდავების იდეისათვის ახლავე კოცონზე დასაწვავად გავიდოდი და რაც უფრო მეტად დამიწყებდნენ ყიჟინას, რომ უკვდავება არ არსებობს, მით უფრო სასიხარულო იქნებოდა ჩემთვის ეს კოცონი. სწორედ მაშინ ჩემი რწმენა და თითქოსდა „ილუზია“ ქრისტესა და უკვდავების შესახებ უსასრულოდ ბრძნული იქნებოდა, ვიდრე ეს სულელური, ამაზრზენი და კანიბალური სამყარო. თუ ქრისტე არ არის ჭეშმარიტება, თუ მისი სული, მისი სიტყვა, მისი სიყვარული არ არის ჭეშმარიტება, მაშინ მე მძულს და არარაობად მიმაჩნია ყველაფერი სხვა.
თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა, თუ ნაწამები, ნაცემი, დამცირებული დაიღუპა და განადგურდა, მაშინ დამიწყევლია ყოველგვარი ჭეშმარიტება და ვდგები ვითომცდა „შემცდარი“ მაგრამ განსაცვიფრებელი, წმინდა და ღვთაებრივი ტანჯულის მხარეს.
არ ვაღიარებ „ჭეშმარიტებას“, რომელმაც ქრისტე არ დაინდო! არ ვცემ თაყვანს ასეთ „ჭეშმარიტებას“, არ ვცნობ მას, ქედს არ ვიხრი მის წინაშე. აღვემატები ამგვარ „ჭეშმარიტებას“, რამეთუ ჩემთან არს ქრისტე, მშვენიერი, სამყაროში განუმეორებელი სულით. არ არსებობს ჭეშმარიტება, თუ იგი ქრისტეში არაა! არ არსებობს არანაირი სიმართლე, თუ კი ქრისტე დაიღუპა! წამით! ერთი წამითაც კი არ ღირს სიცოცხლე თუ კი ქრისტე მოკვდა, თუ კი იგი აღარ არის!
ვეძებთ მიზანს ცხოვრებაში, ვებღაუჭებით ცხოვრებას, არ გვწამს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ და ვერ ვამჩნევთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენს წინაშე ცეცხლოვანი ასოებით ბრწყინავს კითხვა: სად არის ქრისტე? სად არის იგი წმიდა, განაწამები და ჯვარცმული? თუ ჩვენ ვებღაუჭებით ამ ცხოვრებას და უარვყოფთ იმქვეყნიურს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ამ ცხოვრებასთან ერთად ვტანჯეთ და ჯვარს ვაცვით ქრისტე!
თუ ამ ცხოვრებაში, რომელმაც ქრისტე ჯვარს აცვა, კიდევ აზრს ხედავ, მაშინ შენც ქრისტეს მკვლელი ხარ!
და არ არსებობს შეჩვენება და წყევა, რომელიც შეესაბამება იმ „ჭეშმარიტებას“, რომლის მიხედვითაც ცოცხალი ქრისტე არ არსებობს.
მაგრამ არა! ქრისტე ცოცხალია! ეს არც სიცრუეა და არც მოჩვენება! ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტებაა. ქრისტე ცოცხალია და მაშასადამე ჩვენც მარადიულად ვიცოცხლებთ!
„სადაც მე ვიქნები, თქვენც იქ იქნებით“ - ბრძანა მან.
და ჩვენც მასთან ვართ! განუშორებლად მასთან ვართ! ვერც ჯოჯოხეთი, ვერ სიკვდილი ვერ დაგვაცილებს მისგან! მასთანაა სიცოცხლე და უკვდავება.
11 იანვარი 1892 წელი.