1. ულმობელობა, როგორც ხორციელი ასევე სულიერი, არის მოკვდინება გრძნობისა, ის ხანგრძლივი სნეულებისა და დაუდევრობის შედეგად იშობა.
2. უტკივილობა გულისა ესაა დაუდევრობის ბუნებად გარდაქმნა, გონების სიბრმავე, ბოროტ ჩვევათა მშობელი, გულმოდგინეობის დამაბრკოლებელი, ღვაწლის მახე, ლმობირების არმცნობელი, სასოწარკვეთილების კარი, დავიწყების დედა, რომელიც ღვთის უშიშობას შობს და შობის შემდგომ საკუთარი მშობელის დედად იქცევა.
3. უგრძნობელი უგუნური ბრძენია, მასწავლებელი, რომელმაც საკუთარ თავს განსჯის, მჭერმეტყველი თავისი თავის წინააღმდეგ რომ ქადაგებს, ბრმა - მხედველობას რომ ასწავლის, წყლუ;ლებათა განკურნების შესახებ საუბრობს და ამასთან საკუთარ თავს გამუდმებით სწყლავს და სწამლავს, ვნებას შეაჩვენებს და მისთვის მავნებელ საკვებს კი თავს არ ანებებს. ვნებათაგან განსაკუთრებისთვის ლოცულობს და დაუყოვნებლივ საქმით აღასრულებს მათ. ამისათვის საკუთარ თავს კი ურისხდება, მაგრამ საკუთარი სიტყვისა არ რცხვენია უბადრუკს. - ბოროტად ვიქცევიო, - მოსთქვამს და გულმოდგინებით აგრძელებს ავ საქმეთა ქმნას. მაგით ვნების წინააღმდეგ ლოცულობს, ხოლო საქმით მას ემორჩილება. სიკვდილის შესახებ ბრძნადმეტყველებს და ისე ცხოვრობს, თითქოს უკვდავებისთვის იყოს დაბადებული. სულისა და სხეულის გახსნებაზე ოხრავს და თავად ისე თვლემს, თითქოს მარადიული არსებობა ჰქონდეს მინიჭებული. თავშეკავებაზე ლაპარაკობს და ნაყროვანებას ესწრაფვის. უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ კითხულობს და თავად აღზევდება ამპარტავნებით. მღვიძარებაზე საუბრობს და მაშინვე ძილს მიეცემა. აქებს ლოცვას და ისე გაურბს მას, ვითარცა მახვილს; მორჩილებას ამკობს და თავად ურჩობს. უვნებელთ ადიდებს და თვით არ რცხვენია, რომ ძონძების გამო ავმეხსიერობს და დაობს. აღშფოთებული მრისხანებს და შემდეგ კვლავ საკუთარი მრისხანება აღაშფოთებს: და კვლავ და კვლავ ძლეული საკუთარ მდგომარეობას ვერ გრძნობს. გამძღარი შეინანებს და ცოტა ხნის შემდეგ გაძღომას გაძღომაზე დაურთავს. მდუმარებას შენატრის, მაგრამ მას მრავალსიტყვაობით ადიდებს. მოკრძალებას ასწავლის, მაგრამ ხშირად სწორედ მისი სწავლებისას შფოთავს. ცოდვილი ძილისგან გამოფხიზლებული მოსთქვამს, მაგრამ თავს მოიდრეკს თუ არა, კვლავ ვნებას ეძლევა. განსჯის სიცილს და სიცილითვე ასწავლის გლოვას. სხვათა წინაშე განიკითხავს საკუთარ ამპარტავნებას და ამ განკითხვით დიდებას ეძიებს. ვნებით უცქერს მშვენიერ სახეებს და უმანკოებაზე მეტყველებს. ერში იმყოფება და განდეგილობას აქებს; იმას ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს ვნებს. მოწყალეთ ადიდებს, ხოლო ღატაკებს აძაგებს. ყოველთვის საკუთარ თავს ამხელს, მაგრამ გონს მოსვლა არ შეუძლია.
4. ბევრი ისეთი მინახავას სიკვდილისა და საშინელი სამსჯავროს ხსენებაზე ცრემლს რომ ღვრის, შემდეგ კი თვალზე ცრემლშეუმშრალი სატრაპეზოდ ისწრაფის. განვუცვუფებრივარ იმას, თუ მათი მბრძანებელი ნაყროვანების მყრალი ვნება, რომელიც ხანგრძლივი ულმობელობითაა განმტკიცებული, როგორ ახერხებს დასძლიოს თვით ცრემლიც.
5. ჩემი უძლურების შესაბამისად ავხსენი ამ უგუნური და დაუნდობელი, გაქვავებული და სასტიკი ვნების მზაკვრობა, მაგრამ მის შესახებ ფართო მსჯელობა განზრახული არა მაქვს. იგი, ვინც უფლის მიერ უძლიერესია და შეუძლია, ამ ვნებით გამოწვეულ წყლულებზე შესაფერისი წამალი დაიდოს, ნუ დაიზარებს და აღასრულოს ეს საქმე. მე არ მრცხვენია, რომ ამასთან დაკავშირებული ჩემი უძლურება ვაღიარო, რადგან შეპყრობილი ვარ მის მიერ და მისი ხერხებისა და ცბიერების საკუთარი ძალით შეცნობას ვერც შევძლებდი, თუ არა თვით მისივე აღიარება. როდესაც იგი ღვთის შიშით და განუწყვეტელი ლოცვით სასტიკად ვტანჯე, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა ამ მოღალატემ და ბოროტმოქმედმა: - ყოველგვარი იმ სიკეთის, რაც სიმხნევითა და გულმოდგინებით იშობა, რადგან მათი მოკვდინება მამისგან ვისწავლე. მე სიცილის დედა ვარ, მე ვარ ძილის მშობელი და სიმაძღრის მეგობარი, მე ცრუ ღვთისმოსაობის მოყვარული ვარ, როდესაც მამხილებენ, არ ვწუხვარ და არც ვინმეს სწავლებას შევისმენ.
როდესაც ყოველივე ეს მოვისმინე მე უბადრუკმა და გამაკვივრვა ამ შეშლილის სიტყვებმა, მისი დედის სახელი ვიკითხე. ის კი ამბობდა: - მე ერთი სახით არ ვიშობი, არამედ მრავალნაირი და დაუცხრომელია ჩემი შობა. მე ძალას სიმაძღრე მაძლევს, დრო ამაღორძინებს, ბოროტი ჩვეულება განმამტკიცებს და ვისაც იგი აქვს, ჩემგან ვერ გათავისუფლდება. მხოლოდ მაშინ, თუ მარადის მღვიძარებას საუკუნო სასჯელზე ფიქრს შეურთებ, მცირეოდენ შვებას იგრძნობ და მიხვდები, თუ ვინ არის დედაჩემი, რომლისგანაც ვიშობი და მასთან წამოიწყებ ბრძოლას, რადგან ყველაში ერთი და იგივე დედა არ მშობს.
საფლავებთან სიახლოვეს ილოცე ხშირ-ხშირად და მიცვალებულთა სახეები გულში წარუშლელად აღიბეჭდე. თუ ყოველივე ამას შენს გულში მარხვის კალმით არ გადაიწერ, უკუნითი უკუნისამდე ვერ დამამარცხებ.