ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 21

შიშისათვის

1. შიში ამპარტავნული სულის ბავშვური ჩვეულებაა.

2. შიში სარწმუნეობისგან გადახვევაა - მოულოდნელი ჭირის მოლოდინია.

3. მშიშარა უბედურებას წინასწარ წარმოიდგენს.

4. მშიშარა თავის გულს წარმოდგენილი შიშით მუსრავს.

5. შიში იმედს გვიკარგავს.

6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

7. მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპრტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებას, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ.

8. ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან.

9. სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.

10. გზას რომ გაუდგები, ლოცვით შეიარაღდი და როდესაც მიხვალ, ხელი აღუპყარ უფალს და ჰგვემე მტერი იესოს ქირსტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

11. როდესაც ამ სენისგან გათავისუფლდები, ადიდე მხსნელი, რადგან თუკი მადლობას შესწირავ, საუკუნოდ დაგიცავს იგი.

12. ჩვენი გლოვის შესაბამისად წარიდევნება იგი და როცა გლოვა შემოგვაკლდება, შიში ძლიერდება.

13. „შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა“ (იობ. 4,15). - ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.

14. ზოგჯერ ჯერ სულს იპყრობს შიში, ზოგჯერ კი - ჯერ ხორცს, ხოლო მეორეს ამ ვნებას იგი გადასცემს, რომელიც პირველად მიიღებს მას.

15. როდესაც ხორცი შეძრწუნდება და სული კი შიშს არ მიიღებს, მაშინ ამ სენისგან გათავისუფლება ადვილია, მაგრამ თუ ყოველთვის - მოულოდნელ უბედურებასა ოცნებას - შემუსვრილი გულით უშიშრად ვიტვირთავთ და არაფრად ჩავაგდებთ, მაშინ ჭეშმარიტად დაგვიტოვებია შიში.

16. არც ღამის სიბნელე და არც ადგილის უდაბურება არ აძლევს ჩვენზედ ძალას ეშმაკს, არამედ - სულის უნაყოფობა და ზოგჯერ კი ეს ღვთის დაშვებითა და მისი განგებულებით ჩვენს განსასწავლად ხდება.

17. ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საუკუთარი ჩრდილიც აშინებს.

18. როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს; ამიტომ, როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას, უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კეთილი მცველი მოგვევლინა უფლისაგან, რომლისა არ დიდება აწ და ამრადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.