1. მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ, როგორი თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11.29). ამიტომ საჭიროა, ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ თავად მზეს, რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი, ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ.
2. სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს.
3. სიმშვიდე ის არის: როდესაც მოყვასი გაგინებს და შეურაცხგყოფს, შენ განწმენდილი გულით მთელი სულით ლოცულობ მისთვის.
4. სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მასზე მომდგარ ყოველგვარ ღელვას დაამარცხებს და თვითონ არ ირყევა.
5. სიმშვიდე ყოველგვარი განსაცდელის მადლობით და სიხარულით დათმენაა.
6. სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი - დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა „ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი“ (ფს. 24.9), ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კადნიერება; ის სულიწმიდის სამკვიდრებელია, რადგან სულიწმიდა ამბობს: ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და ჩემი სიტყვების მოშიშს (ეს. 66,2).
7. სიმშვიდე მორჩილების დამხმარეა, ის ღვთის შიშის წიანმძღვარია, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მიმსგავსებულობა, ანგელოზებრივი თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებათა საწინააღმდეგო იარაღი.
8. მდაბალ და მშივდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება.
9. მშივდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან.
10. მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას მოიმოქმედებს.
11. მშვიდ სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: „უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს. 24.9) და უმეტესად განაბრძნობს მათ.
12. უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია.
13. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით.
14. მრისხანე და მზაკვარი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა და მათი საუბრისას არც ერთი გულწრფელი სიტყვა არ თქმულა.
15. თუ პირველს გაუხსნი გულს - იქ განკითხვას იპოვი, ხოლო თუ მეორის გულს გამოიძიებ, იქ მზაკვრობას ნახავ.
16. უბრალოება სულის მარტივი წესია, რომელიც უძრავია ბოროტებისადმი.
17. მზაკვრობა არის ხელოვნება, ან უკეთ რომ ვთქვათ ეშმაკეული სისაძაგლე, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისაგან.
18. ორგულობა ბოროტი წესია, რომელიც მზაკვრობითაა შექმნილი და სულისა და გონების დამაბნელებელია.
19. უბრალოება არის წრფელი აზრები, მართალი ბუნება და ჭეშმარიტი სიტყვა - არც გამოგონილი და არც წინასწარგამზადებული.
20. უმანკოება სულის მხიარულებაა, რომელიც სრულიად განშორებულია მზაკვრობას.
21. უმანკოება თვისებაა წმიდა სულისა, რომელიც ისეთივეა, როგორც თავიდან იყო შექმნილი და ყველასადმი კეთილი, ტკბილი და უშფოთველია.
22. მზაკვრობა არის სამართლიანობის გარყვნა, გონების განდიდება, საკუთარი თავის ამაოდ გამართლება - კეთილი განზრახვის მომიზეზებით, ცრუ ფიცი, ორაზროვანი სიტყვა, გულდახურულობა, პირფერობის უფსკრული, სიცრუის ჩვეულება, ბუნებად გადაქცეული თვითგანდიდება, სიმდაბლის მოწინააღმდეგე, სინანულის ნიღაბი, გლოვისაგან განშორება, ის აღსარების წინააღმდეგ მებრძოლია, თვითრჯულობაში განმტკიცებული, დაცემის მიზეზი, დაცემულის აღდგომის დამაბრკოლებელი, თავხედური ღიმილი მხილებისას, უგუნური ჩივილი, თვალთმაქცური ღვთისმოსაობა; ერთი სიტყვით - ის ეშმაკეული ცხოვრებაა.
23. მზაკვარი კაცი ეშმაკის მოყვასი და მეგობარია, უფალი გვასწავლის, რომ ამისთანების შესახებ ვთქვათ: „გვიხსენ ჩუენ ბოროტისაგან“ (მათ. 6.13).
24. უნდა გავურბოდეთ მზაკვრობის უფსკრულს, უკეთურებას მღვიმეს, რადგან ნათქვამია: „უკეთურნი ადრე მოისრიან“ (ფს. 36.9), „ვითარცა თივაი მსთუად განხმენ“ (ფს. 36.2), რადგან ეშმაკის საძოვარნი არიან ისინი.
25. როგორც სიყვარულია ღმერთის სახელი, ასევე სიმართლე, ამიტომ მიმართავს ბრძენთა ბრძენი „ქება ქებათში“ წმიდა გულს: „ღირსად შეგიყვარეს შენ“ (ქებ. 1.4), ხოლო მამამ მისმა თქვა: „ტკბილ და წრფელ არს უფალი“ (ფს. 1.3). და მის მიმსგავსებულთა შესახებ იტყვის იგი: „რომელმან განარინნის წრფელნი გულითა“ (ფს. 7.10) და ამასაც იტყვის: „სიმართლენი შეიყვარნა“ უფალმა „და სიწრფოებანი იხილა პირმან მისმან“ (ფს. 10.7).
26. უბრალოების სადარი არაფერია, ამიტომ იყო, რომ ვიდრე მას ფლობდა, ადამს თავისი სულის სიშიშვლე და ხორცის სირცხვილი არ უხილავს.
27. ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის დაცული, მეორე კი დიდი სიმშვიდისა და სიმდაბლის მომასწავებელია. პირველის ჯილდო დიდი არ არის, მეორისა კი - უფრო აღმატებულია.
28. ყველას, ვისაც სურს, უფალი მოიპოვოს, გულწრფელად და უბრალოდ, მარტივი და წმიდა გულით უნდა მიმართოს მას: რაკი იგი მარტივი და ბოროტების არმქონეა, მარტივ და უმანკო სულებს ეძიებს, რადგან სიმარტივე და უბრალოება სიმდაბლის გარეშე არ არსებობს.
29. მზაკვარი არის ცრუწინასწარმეტყველი, რომელსაც ჰგონია, რომ სხვათა სიტყვის მიხედვით მათ აზრებს ჩასწვდება და გარეგნული მოქმედებების მიხედვით - შინაგან მდგომარეობას ამოიცნობს.
30. ვნახე უბრალონი, რომელთაც მზაკვართანგან მზაკვრობა ისწავლეს და როდესაც ეს ბუნებად ექცათ, დაიღუპნენ.
31. რამდენადაც უბრალონი ადვილად გადაიქცევიან მზაკვრებად, იმდენად მზაკვარნი ძნელად მოიპოვებენ უბრალოებას.
32. ჭეშმარიტმა უცხოობამ, მორჩილებამ და დუმილმა მრავალი შეუძლებელი რამ შესაძლებელად აქცია და მრავალი განუკურნებელი განკურნა.
33. თუმცა სწავლულობა და ცოდნა ბევრს ამპარტავნებაში ჩააგდებს, უსწავლელი კაცი თავს ვერ იმაღლებს.
34. მაგალითი და სახე ჭეშმარიტი უბრალოებისა გახდა ანტონი დიდის მოწაფე ნეტარი პავლე, რადგან მცირე დროში ასეთი წარმატებისათვის სხვას არავის მიუღწევია და ვერც მიაღწევს.
35. უბრალო მონაზონი პირმეტყველი ცხვარია და თავისი ტვირთი მთლიანად მოძღვრის მხრებზე გადაუდვია მას.
36. როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს.
37. „ძნელად შევიდეს მდიდარი სასუფეველსა ცათასა“ და უგუნურნი და მზაკვრობით განბრძობილნი ძნელად მოიპოვებენ სიმშვიდეს.
38. ხშირად დაცემამ მზაკვარი მოაქცია და უვნებელი ცხოვრება და უმანკოება მოუტანა მას.
39. იჩქარე, ძმაო, რომ სულელად აქციო შენივე თავი, ამაო სიბრძნე დატოვო და ამგვარად მარადიული ცხოვრება და უბრალოება მოიპოვო ქრისტე იესოს მიერ, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.