ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებილი ღვთის სიუხვე განგვიცხადოს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვისაც უნდა სიტყვითა და თხრობით აგრძნობინოს თაფლის სიტკბოებას იმ ადამიანს, ვისაც მისი გემო არ გაუსინჯავს და ამიტომ ამაოდ მეტყველებს. ხოლო პირველი, ან სრულიად გამოუცდელია იმ სიტყვასა და საქმეში, რომლის განმარტებაც სურს, ან - ამპარტავნებით შეპყრობილი.
ოდესღაც მამათა კრებულში გამოიკვლევდნენ განძს, რომლის ბუნება სიტყვით აუხსნელია, მისი გამოცნობა მხოლოდ იმ სახელის მიხედვით შეიძლებოდა, რომელიც ზედ ეწერა: სანატრელი სიმდაბლე; ყველა, ვინც ღვთის სულის მტვირთველი იყო, შეიკრიბა სულიერ სამსჯავროზე და თითოეულის სიბრძნისა და ცოდნის ფიცარი მოჰქონდა; დაიწყეს გამოძიება, თუ რა იყო სანატრელი სიმდაბლის ბუნება. ზოგი ამბობდა, სიმდაბლე საკუთარი სათნოებების დავიწყებააო, სხვებმა თქვეს, სიმდაბლე ის არის, როდესაც კაცი საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელად და უცოდვილესად მიიჩნევსო, სხვებმა - საკუთარი უძლურების კეთილად მიხვედრაო, კიდევ სხვებმა - სიმდაბლეა, როცა კაცი მრისხანების ჟამს მოყვასს პატიების თხოვას დაასწრებსო. ზოგიერთმა ასე ახსნა; სიმდაბლე ღვთის მადლისა და წყალობის მიხვედრააო; ითქვა ისიც, რომ სიმდაბლე არის სულიერი შემუსვრილების მიღწევა და საკუთარი ნების უარყოფა.
1. ხოლო მე, როდესაც ყოველივე ეს მოვისმინე, საკუთარ თავში გულმოდგინებით გამოვიკვლიე ამ სანატრელი სათნოების ბუნება. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვერაფერს მივხვდი და ძაღლის მსგავსად ავლოკე ამ სანატრელი მამების ბაგეთაგან და ტაბლისგან გადმოცვენილი ნამცეცები. ასე განვმარტავ და ვიტყოდი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ სიმდაბლე უთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ მან იცის, ვინც იგი მოიპოვა.
ის არის სიმდიდრე, სახელი და საჩუქარი ღვთისა, რადგან ამბობს: ისწავლეთ არა ანგელოზთაგან, არც კაცთაგან, არც წიგნთაგან, არამედ ჩემგან - ყოველთა შემოქმედისაგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა“ (მათ. 11.29) - ტვირთისა და მაცდური ზრახვებისაგან.
2. ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად შეკრებილი სიხარულისა და მხიარულების მომასწავებელია და ამიტომ თითოეული მათგანი თავისი ნიშნით გამოირჩევა.
როდესაც ამ ყოვლადსაქებარი სათნოების მტევანი ყვავილობას იწყებს, მაშინ იმისთვის ვიშრომოთ, რომ ყოველგვარი კაცობრივი ქება-დიდება მოვიძულოთ და საკუთარი თავიდან ყოველგვარი გულისწყრომა და მრისხანება განვდევნოთ.
როდესაც სათნოებათა ეს დედოფალი აღორძინდება ჩვენს სულში და სულიერად გაიზრდება, მაშინ ჩვენს მიერ ქმნილ სათნოებებს სისაძაგლედ მივიჩნევთ და გამუდმებით იმას ვიფიქრებთ, რომ ცოდვის ტვირთს ყოველდღიურად ვიმძიმებთ ჩვენთვისვე გაუგებარი ფლანგვით და რომ მადლის სიუხვეს, რომელიც ღვთისგან მოგვეცა და რომლის ღირსიც არ ვიყავით, მომავალ ცხოვრებაში სატანჯველს გამრავლებისათვის ვხარჯავთ. სწორედ ასეთ დროს იმყოფება ჩვენი გონება უვნებლად, გულის შემუსვრილების კიდობანში კრძალვით შენახული. თავის გარშემო ქურდების ხმა და ფიქრები ესმის, მაგრამ თვითონ უვნებელია, რადგან სიმდაბლე ხელშეუხებელი საუნჯეა.
3. ამგვარად, მცირეოდენი სიბრძნისმეტყველება გავბედე იმაზე, თუ ეს მარადაყვავებული ნაყოფი სიმდაბლისა, ამის შესახებ თვით უფალს ჰკითხონ მისმა უახლოესმა მეგობრებმა.
4. ამ სიმდიდრის რაოდენობის შესახებ საუბარი შეუძლებელია; მის ხარისხზე - კიდევ უფრო ძნელი; თუმცა მისი თვისებების შესახებ შევეცდებით ჩვენთვის მომადლებული გონების ძალით ვთქვათ.
5. ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომს და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქვება; მას შეერთვის და, ასე ვიტყოდი, შეეზილება ღვთისთვის დაღვრილი კეთილი ცრემლი წყლად, შემდეგ ღვთისმიერი ცეცხლი აენთება მასში; გამოცხვება და გამტკიცდება ნეტარი სიმდაბლე, რომელიც აღუზავებელი და მედიდურობას მოკლებული იქნება.
6. ამიტომ ეს სანატრელი ჯაჭვი და, უკეთ რომ ვთქვათ, ცისარტყელა*, შეერთდება და ერთი ძალის მქონე იქნება. შეერთებული იმოქმედებს მათი ძალა და საქმეები და რა უნდა თქვა ამ სამთაგან ერთ-ერთზე ისეთი, რომ მეორესა და მესამეს არ მიესადაგებოდეს. ამიტომ, რაც აქ მოკლედ ვთქვი, მინდა თქვენს წინაშე ის წარმოვაჩინო.
7. პირველი თვისება ამ კეთილი და დიდებული სათნოებების სამებისა არის სიხარულით მიღება და ტვირთვა ყოველგვარი ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. როდესაც კაცი სულის გაშლილი ხელებით მიიღებს და შეიტკბობს ყოველგვარ მხილებასა და სირცხვილს - როგორც სულიერ სნეულებათა გამანადგურებელ წამალს და დიდი ცოდვებისგან განმწმენდელს; მეორე თვისება ამ სამი ძლიერი სათნოებისა არის მრისხანების მოკვლა, გულის შემუსვრა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება; ხოლო მესამე კეთილი კიბე არის თავისი სათნოებების სრული დაუჯერებლობა და დაურწმუნებლობა დასარწმუნეობით სურვილი სწავლისა.
8. „დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4); ხოლო ყოველგვარი უწმიდური ვნების მწვერვალი არის პატვიმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თავის მეუღლეს ყოველგვარი შხამისაგან; რადგან არასოდეს ყოფილა, რომ მასში თვალთმაქცობის ამ ბოროტ გველს თავი გამოეჩინოს და ნეტარ სიმდაბლეს მაშინათვე არ შეერცხვინოს და მოეკლას იგი. მას ვერასოდეს შეეწყვილება სიძულვილი, ვერც ურჩობა, ვერც შეპასუხება, გარდა იმისა, როდესაც ურწმუნოებს მართლმორწმუნის სიტყვებით ეპასუხება.
9. ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი, მოწყალე, მშვდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება, და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისგან, რადგან ნათქვამია: „სიმდაბლესა შინა მომიხსენა ჩვენ უფალმან და მიხსნნა ჩვენ მტერთა ჩვენთაგან“ (ფს. 135. 23-24), ყოველგვარი ვნებისა და ბრძოლებისაგან.
10. თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეე ჩასწვდეს.
11. ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: „თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავ. 16.5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ“. ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ.
12. ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს; არამედ უვნებლობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს.
13. იცოდე, ძმაო, რომ „ღელეთა განამრავლონ იფქლი“ (ფსალ. 64.13).
14. ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც ამოედინება „ბორცვთა შორის“ (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება.
15. დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე“ უფალმა (ფს. 114.6).
16. სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანსვცემ სამგვამოვნებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით.
17. ყოველივე ხილულს მზე ანათებს და სათნოების ყოველგვარ საქმეს სიმდაბლე განამტკიცებს.
18. თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის.
19. ერთი* ადგილი არსებობს ყოველივე შექმნილთა შორის, რომელმაც მზე მხოლოდ ერთხელ იხილა და ერთი საფიქრალი, რომელიც მრავალჯერ სიმდაბლეს შობს.
20. ერთი დღე იყო*, როდესაც დედამიწის ყველა მკვიდრმა გაიხარა; და ეს ის ერთადერთი სათნოებაა, რომელსაც ეშმაკი ვერ მიითვისებს.
21. ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავენ სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს.
22. სხვაა სიმდაბლე, სხვა - მოღვაწეობა სიმდაბლის მოსახვეჭად და სულ სხვა - ქება მდაბლისა. პირველი სრულთა კუთვნილებაა, მეორე - ჭეშმარიტი მორჩილების, ხოლო მესამე - ყოველი მართლამდიდებელი მორწმუნისა.
23. ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ გაიძარცვება. რადგან, თუ შიგნით სიმდიდრე არ არსებობს, კარიდან მას ვერ გაიტანენ.
24. ცხენი ვიდრე მარტო მირბის, თავი სწრაფი ჰგონია, მაგრამ, როდესაც სხვა ცხენებთან ერთად ირბენს, თავის უძლურებას შეიცნობს.
25. როდესაც კაცს ბუნებრივი* სიკეთით თავმაღლობა აღარ სჩვევია, ნიშნავს, რომ მისი განკურნება დაწყებულა, მაგრამ ვიდრე ამ ვნების სიმყრალეს იყნოსავს იგი, კეთილსურნელებას ვერ იგრძნობს.
26. წმიდა სიმდაბლე ამბობს: ვისაც ვუყვარვარ, მაგრამ ჯერ სრულად ვერ შეერთებულა ჩემთან, ის არავის განსჯას არ მოჰყვება, უფროსობას არ დაიწყებს და თავისი სიბრძნის წარმოჩინებას არ შეეცდება, ხოლო ჩემთან შეერთების შემდეგ მას უკვე „სჯული არა უც“ (1 ტიმ. 1.9).
27. ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალენენ და მის გულში თავისქება ჩანერგეს. ამ ნეტარმა კი კეთილი საშუალება მონახა მათ დასაძლევად: თავისი სენაკის კედელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახელები, როგორიცაა სრული სიყვარული, ანგელოზებრივი სიმდაბლე, წმიდა ლოცვა, გამოუთქმელი სიწმიდე და სხვა ამის მსგავსნი. როდესაც აზრები ქებას დაუწყებდნენ მას, იტყოდა: ვიჩქარო სამხილებელში მისვლა!Qმივიდოდა, სათნოებათა სახელებს წაიკითხავდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა: ჰოი, საბრალოვ, ეს ყველაფერი რომ შეგეძინა, მაშინაც კი ჯერაც შორს იქნებოდი ღვთისაგან, არც ერთი ამათგანი ჯერაც რომ არ შეგიძენია, როგორღა ამპარტავნდები?!
28. ამგვარად, ჩვენ ვერ შევძლებთ, ვთქვათ, თუ რაში მდგომარეობს ამ სიმდაბლის ძალა და ბუნება, მაგრამ მისი თვისებებისა და საქმეთა მიხედვით მის არსებასაც მივწვდებით.
29. სიმდაბლე ღვთაებრივი საფარველია, რომელიც საკუთარი სათნოებების დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.
30. სიმდაბლე არის თვითგანსჯის უფსკრული, რომელსაც უხილავი მტერი ვერ სწვდება.
31. სიმდაბლე არის „გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა“ (ფს. 60.40).
32. „არა ირგოს მტერმან მისგან და შვილმან“ ანუ „განზრახვამ უსჯულოებისამ ვერ შესძინოს ვნებათა მისა“ (ფს. 88.23). და მის წინაშე დასცემს მის მტრებს და მოძულეებს დაამხობს (ფს. 88.24).
33. აქ ნაჩვენებ თვისებათა გარდა, რომელთაგან ყველა - გარდა ერთისა - ამ სულიერი საგანძურის მხოლოდ გარეგნულ ნიშნებს წარმოადგენდნენ, არსებობს სხვა თვისებებიც, რომელთაც ამ სიმდიდრის დიდებული მფლობელი საკუთარ სულში აღმოაჩენს.
34. ამ სათნოების წმიდა მყოფობას მაშინ შევიცნობ შენში, როდესაც გამოუთქმელი ნათლით და ლოცვისადმი უძლიერესი სიყვარულით აღვივსები. ვიდრე ამ მადლს მიაღწევდე, უნდა მოიპოვო გული, რომელსაც სხვათა ცოდვათა ხილვა არ ძალუძს; ხოლო ყოველივე ზემოთქმულის წინამორბედი კაცობრივი დიდებისადმი სიძულვილია.
35. ყოველმა, ვინც საკუთარი უძლურება ჭეშმარიტი სულიერი ცნობით შეიცნო, კეთილ ნიადაგში კეთილი თესლი დათესა, ხოლო, ვინც ამგვარად არ დათესს, იგი სიმდაბლეს ვერასოდეს აღმოაცენებს.
36. ვინც საკუთარი უძლურება შეიცნო, მან უფლის შიში მოიპოვა და ვინც ამ შიშით ივლის, იგი სიყვარულის ბჭეს მიაღწევს.
37. სიმდაბლე* სასუფევლის კარია, იგი იქ შეიყვანს იმათ, ვინც ამ კარს მიუახლოვდებიან. რადგან, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის შესახებ ამბობდა უფალი: „შევიდეს და გამოვიდეს“ (იოან. 10.9) უშიშრად ამ სოფლიდან და „საძოვარი პოოს“ სამოთხეში.
38. ხოლო, ვინც მონაზვნობაში სხვა გზით მოვიდა, „მპარავია“ და „ავაზაკი“ იგი.
39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან.
40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო.
41. ეს სათნოება მართლმორწმუნე, წმიდა და ღვთისმოყვარე ადამიანებს ახასიათებთ.
42. საკუთარ თავს ცოდვილს მრავალი ვუწოდებთ და შეიძლება, მართლაც ასე ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენი სიმდაბლე მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვები შეურაცხგყოფენ.
43. დაე, იგი, ვინც სიმდაბლის ამ აუცილებელ ნავსადგურს მიაღწია, ნუ შეჩერდება და ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია: დაე, თავს აიძულებდეს, ყოველგვარი სიტყვით, აზრით და სხვა საშუალებებით, გამოძიებითა და გამოცდით, ლოცვის აღსრულებით; ვიდრე ღვთის შეწევნით და ამგვარი ღვაწლით სამუდამოდ არ განერიდება ამპარტავნების ზღვას და თავისი სულის ნიავს არ გამოიყვანს მისგან. რადგან იგი, ვინც ამ ბოროტებას მოიკვეთს, სხვა ცოდვების მიტევებას ჩქარა მიიღებს, როგორც მეზვერე.
44. ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ, მათ გამო თავს ყოველთვის მევალეებად გრძნობენ და ამით მოიპოვებენ სიმდაბლეს; კვლავ სხვები მომავალი ცოდვების გამო შეიმუსრავენ თავს; სხვებმა სათნოებათა ეს საოცარი მშობელი მათზე მოსული განსაცდელებისა და სნეულებების საშუალებებით შეიცნეს; სხვები თავს ყოველდღიურად გამოუსწორებელი ცხოვრების გამო განსჯიან; სხვებმა ვედრებით: რომ უფალმა ყოველგვარი ნიჭი წაიღოს მათგან, გაითავისეს სიმდაბლე; არიან ისეთებიც, თუმც, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, კიდევ არიან თუ არა, რომლებიც მით უფრო მეტად იმდაბლებენ თავს ღვთის წინაშე, რაც უფრო წარემატებიან მისი წყალობით, ისინი თავს ამგვარი სიმდიდრის უღირსებად სცნობენ და ამგვარად სულში ინახავენ აზრს, თითქოს დღითი დღე ცოდვას იმრავლებდნენ; აი, სიმდაბლე, აი, ნეტარება, აი, სრუყოფილება!
45. თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებლობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა.
46. აი, კეთილი წყვილი - სიმდაბლე და სიყვარული. პირველი აღგამაღლებს, ხოლო მეორე ამაღლებულს შემოგიდგება და დაცემის საშუალებას არ მოგცემს, რადგან „სიყვარული არასადა დაეცემის“.
47. სხვა საქმეა გულის შემუსვრილება; სხვა - საკუთარი თავის შეცნობა; სულ სხვა - სიმდაბლე.
48. გულის შემუსვრილებას ცოდვით დაცემა წარმოშობს, რადგან ვინც დაეცემა, იგი იმუსრავს გულს და ლოცვაზე საქები კადნიერებით დგას, იმედის კვერთხს ეყრდნობა და სასოწარკვეთილების ძაღლს განდევნის.
49. თავისი თავის შეცნობა არის საკუთარი სულიერი მდგომარეობის და სიმაღლის ზუსტი ცოდნა და დაუვიწყებლად ხსოვნა და ძიება ყველა უმნიშვნელო ცოდვისაც კი.
50. სიმდაბლე ქრისტეს უხილავი მოძღვრებაა, რომელიც ღირსთა შორის უხილავად არსებობს და ადამიანური სიტყვით მისი გადმოცემა შეუძლებელია.
51. ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას მცირედ გრძნობს, მაგრამ როდესაც აქებენ, გული ოდნავ მაინც შეუტოკდება და ქების სიტყვა ეამება (და არ შეაძრწუნებს ის), მაშინ, დაე, იგი ტყუილუბრალოდ თავს ნუ იცდუნებს.
52. იყო კაცი, რომელიც ამბობდა: „ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი“ (ფს. 113.9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. „შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა“ (ფს. 21.26) მომავალ საუკუნეში, რადგან ვიდრე იქ არ მივალ და შენმიერი ქება ამ სოფელში ჩამესმის, ამ ქებას არარად მივიჩნევ და მავნებლადაც ჩავთვლი.
53. თუ უკიდურესი საზღვარი ამპარტავნებისა ის არის, რომ ადამიანი კაცობრივი დიდების მოსახვეჭად თვალთმაქცურად იმ სათნოებებს იჩემებს, რომლებიც მას არა აქვს, მაშინ უღრმესი სიმდაბლის ნიშანი იქნება, რომ ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, საკუთარ თავზე ისეთ ცოდვებს იღებს, რომლებიც მას არ ჩაუდენია, ან არ უარყოფს, როდესაც სიცრუით აბრალებენ რამეს.
54. ასე მოიქცა ის სულიერი მამა, რომელმაც ხელში აიღო პური და ყველი და სიმდაბლით თავის კარებთან დაჯდა. ასევე - ის სიწმიდის მოღვაწე, რომელმაც სამოსელი განიძარცვა და ქალაქი უვნებლად განვლო.
55. ასეთები ადამიანებს ვეღარ დააბრკოლებენ, რადგან ლოცვის მიერ სხვათა დარწმუნების ძალა შეუძენიათ.
56. ხოლო, ვინც ამათგან პირველს, ე.ი. საცდურს ეძებს, მაშინ იგი ავლენს, რომ მეორე ნიჭი ნაკლებადა აქვს; რადგან იქ, სადაც ღმერთი მზადაა, სათხოვარი შეგვისრულოს, ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.
57. ის ვირჩიოთ, ძმებო, რომ ღვთისათვის ვიყოთ სასურველნი და არა - კაცთათვის, რადგან ღმერთს უხარია, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ კაცთაგან შეურაცხყოფას ვეძებთ, რათა ამაო ამპარტავნება დავძლიოთ და გავანადგუროთ.
58. ასეთ ნიჭს მოგვცემს სრული უარყოფა სოფლისა, რადგან ყოველგვარი შეურაცხყოფისა და დათმენა მეტისმეტად დიდი საქმეა.
59. ნუ გაგიკვირდება ეს სიტყვები, საყვარელო, რადგან ისეთი არავინაა, ვინც ერთი ნაბიჯით კიბის თავზე ასვლას შეძლებდა.
60. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ“ ღვთისა „მოწაფენი“ ვართ (იოან. 13.35), როდესაც არა „სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან“, არამედ, როცა „სახელები“ ჩვენი დაიწერება „ცათა შინა“ (ლუკ. 10.20) სიმდაბლისასა.
61. ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ. ვინც გონიერად წაიკითხავს, მიხვდება ამ სიტყვების აზრს.
62. ღვთის მიერ ნეტარი სიმდაბლე ოცდაათ, სამოც და ასეულ საფეხურს აივლის. ამ უკნასნკნლზე სრულნი ავლენ, საშუალოზე - გულმოდგინენი, ხოლო პირველზე ასვლა ყველასათვის შესაძლებელია.
63. ვინც საკუთარი თავი შეიცნო, თავის შესაძლებლობაზე აღმატებულ საქმეს არასოდეს შეეჭიდება და მას ამ სანატრელ გზაზე შეუდგამს ფეხი.
64. როგორც ჩიტები უფრთხიან შავარდენს, ისე ერიდება სიმდაბლე ბილწსიტყვაობას.
65. წინასწარმეტყველების, ნიშნებსა და სასწაულების აღსრულების გარეშე მრავალმა დაიმკვიდრა სამოთხე, მაგრამ გარეშე სიმდაბლისა - არავინ შესულა მასში.
66. რადგან პირველთა (ნიჭების) დამცველი არის მეორე (სიმდბლე); მაგრამ ხშირად, უგულისხმო ადამიანებში პირველი მეორეს მოაკვდინებს.
67. იმისათვის, რომ ნეტარი სიმდაბლე შევიძინოთ, უფალმა ისე განაგო, რომ მოყვასი უკეთ ხედავს ჩვენს წყლულებს, ვიდრე ჩვენ - თავად. ამიტომ საკუთარ წყლულებს თვითონ კი არ ვმკურნალობთ, არამედ - სულიერი მწყემსი და როდესაც განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვწივართ მადლობას.
68. მდაბალი თავის ნებას, როგორც მაცდურს, ისე უარყოფს მუდამ, - თვით უფლისადმი ვედრებაშიც კი; იგი სიმდაბლით ითხოვს მისგან შესაბამის სიკეთეს და სარწმუნოებით სწავლობს ამის საშუალებით.
69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა.
70. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ, უცოდველად დაიცვან თავი. რადგან მიწიერი ანგელოზის პავლესაგან მოვისმინე: „არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვიმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს“ (1 კორ.4.4). ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს იგი, რადგან ნებსით თავის დამდაბლებით უნებურ ცოდვებს განვეშოროთ; ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მათ გამო სიკვდილის ჟამს საშინელი ტანჯვა მოგველის.
71. ვინც რაიმეს ითხოვს უფლისაგან და საკუთარი თავი ამ სათხოვარის ღირსად არ მიაჩნია, იგი უმეტესს მიიღებს. ამის მოწმე ის მეზვერეა, რომელმაც მიტევება ითხოვა და გამართლება მიიღო.
72. ავაზაკმა მხოლოდ მოხსენება ითხოვა ცათა სასუფეველში და სამოთხე დაიმკვიდრა.
73. ისევე როგორც შესაძლებელია, დედამიწაზე ცეცხლის დიდი ან მცირე ბუნება არსებობდეს, არამედ მისი ბუნება ერთია და ამიტომ მცირე ნაკვერჩხლისა და დიდი ცეცხლის ბუნება მსგავსია; ასევე, სადაც ჭეშმარიტი სიმდაბლე დამკვიდრდება, იქ ცოდვის მწიკვლი ვერ იარსებებს.
74. ვიდრე ნებით ვცოდავთ, ჩვენში სიმდაბლე არ იმყოფება; აქედან შეიძლება მივხვდეთ, თუ როდის მკვიდრდება ჩვენში იგი. რადგან უფალმა იცოდა, რომ გარეგნული მაგალითი დაამდაბლებს სულს, მან არდაგი მოირტყა და სიმდაბლის ძალა და გზა გვაჩვენა, რადგან სული საქმეს ხედავს და როგორიცაა საქმე, ისეთივეა სული.
75. ანგელოზს მთავრობა ამპარტავნების საბაბად გაუხდა, მაგრამ მთავრობა მას ამისათვის არ ჰქონია ბოძებული.
76. სხვაა სულეირი მდგომარეობა სამეფო ტახტზე მჯდომი ადამიანისა და სხვა - მისი, ვინც სიბინძურეზე მიგდებულა. და ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ დიდი და მართალი იობი ქალაქგარეთ სიბინძურეზე იჯდა, რადგან სწორედ მაშინ მიიღო სრული სიმდაბლე და სულერი სიბრძნით ვთქვა: „ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობ. 42.6).
77. ყოველ ადამიანზე მეტად შემცოდე მანასეს მაგალითს მოვიტან, მან კერპმსახურებით შებილწა ტაძარი ღვთისა და მთელ ქვეყანას რომ მისთვის ემარხულა, ამ ურჯულოებას მაინც ვერ გამოისყიდდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა - სიმდაბლემ შესძლო მისი უკურნებელი წყლულებსი განკურნება.
78. „უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა“, - ეუბნება დავითი უფალს, „შევსწირეცა შენდა... ყოვლადდასაწველი“, მაგრამ შენ „საკუერთხი არა გთნდეს“, რადგან „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი“. (ფს. 50.16-27) და ყოველივე ის, რაც ამას მოსდევს და ყველამ იცის.
79. „შევსცოდე უფალსა“! აღმოხდა ოდესმე ამ წმიდა სიმდაბლეს - მრუშობისა და კაცის კვლის შესახებ და წამსვე ესმა:…„უფალმა აღხოცა ცოდვაი შენი“ (2 მეფ. 12.13).
80. ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან.
81. თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან.
82. ვისწრაფოთ და მთელი ძალით ვიშრომოთ, ძმებო, რომ ამ სათნოების მწვერვალზე ავიდეთ; და თუ წვერამდე ვერ მივაღწიეთ, შევეცადოთ, რომ მის მხრებზე დავსხდეთ, მაგრამ თუ არც იქ მისასვლელად მოგვდევს მუხლის ძალა, მაშინ კალთებამდე მაინც მივიდეთ, რადგან ასე მგონია, რომ ვინც აქედანაც გადმოვარდება, საღმრთო მადლს ვეღარასოდეს მიიღებს.
83. სიმდაბლის გზა და ძირი, მაგრამ არა - მისი არსი, არის: უპოვარება, უცხოობა, სიბრძნის დაფარვა, მოწყალების თხოვა, წარჩინებულობის არგამხელა, კადნიერების განგდება, მრავალმეტყველებისაგან განშორება, რადგან ამგვარად სულს სხვა ვერაფერი დაამდაბლებს. რადგან ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ამპარტავნების საფუძველი გვაქვს, მაგრამ ხორციელ პატივს უკანმოუხედავად გავურბივართ.
84. როდესაც რომელიმე ვნების დასამარცხებლად იარაღს აისხამს, შემწედ სიმდაბლე წაიყვანე, რადგან მაშინ „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (ფს. 90.13); ანუ ამით ცოდვასა და სასოწარკვეთილებას გააქრობ და ქრისტეს ძალით ეშმაკსა და ვეშაპს, ანუ - ხორცს, დასთრგუნავ.
85. სიმდაბლე ცოდვის უფსკრულიდან სულის ცაში ამყვანებელი კიბეა.
86. იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ დანერგილი სიკეთე იხილა და იგი გაკვირვებამ შეიპყრო. სთხოვა მას, მისი მშობელის სახელი ეთქვა და მანაც მხიარული სახით მიუგო: „როგორ იკითხავ ჩემი მშობლის სახელს, როდესაც იგი საკვირველი და უსახელოა, მის სახელს არ გეტყვი, ვიდრე შენში არ დამკვიდრდება ღმერთი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“ ამინ.
6.
ცისარტყელას სიმდაბლეს უწოდებს, მისი კეთილი მრავალფეროვნების გამო.
19.
აქ საუბარია მეწამული ზღვის და იორდანის ფსკერზე, რომელთაგან პირველად მოსემ
გამოაჩინა და მეორე - ისუ ნავემ.
20.
ეს ის დღეა, როდესაც ნოე კიდობნიდან გამოვიდა.
25.
ბუნებრივი, თანდაყოლილია ხორციელი მაღალი შთამომავლობა, ხელ-მარჯვეობა, კარგი
სწავლის უნარი, მშვენიერი ხმა, გარეგნობა.
37.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ქრისტეს მსგავსი სიმდაბლით შეუდგება მონაზვნობის გზას,
იგი კარგად აღასრულებს ამქვეყნიურ ცხოვრებას. „საძოვარი პოოს“ - ნიშნავს, რომ
საღმრთო განსვენებას მიიღებს.