1. უცხოობა (*) არის შეუქცევადი დატოვება მშობლების და ყოველივე იმისა, რაც ამ ქვეყნად წინ აღუდგებოდნენ და აბრკოლებდნენ ჩვენს კეთილ ზრახვებს.
2. უცხოობა - ესაა სიბრძნე განშორება კადნიერებისგან, რაღაც უცნაური სიბრძნე, განუმარტებელი ცოდნა, საიდუმლო ცხოვრება, უხილავი, უჩინარი ფიქრი, სწრაფვა ყვედრებისა და დამდაბლებისკენ, გაჭირვების და იწროების სურვილი, საღმრთო სურვილების აღმოცენება, ღვთის სიყვარულის გამრავლება, ამპარტავნების უარყოფა, დუმილის სიღრმე, გზა ღვთაებრივი ნეტარებისკენ.
3. ჩვეულებრივ, თავდაპირველად ეს გულთქმა, ღვთაებრივი ცეცხლის მსგავსად, ძლიერად და ხანგრძლივად უბიძგებს ადამიანს, რომ იგი განეშოროს თავისიანებს და ამგვარ სათნოებათა მოყვარეს სიღატაკისა და იწროების სურვილით აღავსებს, მაგრამ რამდენადაც დიდებული და საქებარია ეს ღვაწლი, იმდენად დიდ გასნჯას მოითხოვს იგი; რადგან ყოველგვარი უცხოობა სათნოება არ არის.
4. და თუ უფლის თქმით (*), ყოველი წინასწარმეტყველი შეურაცხყოფილია თავის მამულში, ჩვენც უნდა გავფრთხილდეთ, რათა სოფლის უარყოფა ამპარტავნების მიზეზად არ გვექცეს.
5. რადგან უცხოობა არის განშორება( ყოველივესგან მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთთან აზრობრივად განუყოფელად იმყოფებოდე.
6. უცხოობა არის ჭეშმარიტი საქმე და სიყვარული გლოვისა.
7. უცხოობა ის არის (*), როდესაც მოღვაწე როგორც ახლობლების, ასევე - უცხოთა სიყვარულს გაურბის.
8. როცა განმარტოებას ესწრაფი, ნუ დაუცდი სოფლისმოყვარე ადამიანებს, რადგან შეიძლება სიკვდილი მოულოდნელად წამოგადგეს თავს.
9. სხვების ცხონებაზე ყველა ვერ იზრუნებს, რადგან მოციქული ამბობს: თითოეულმან თავის თვისისათვის სიტყუა მისცეს ღმერთსა, ძმანო და კვლავ რომელი ეგე სხვასა ასწავებ თავსა თვისსა არა ასწავება? (რომ. 2.21). თითქოს და ეთქვას - უნდა ვზრუნავდეთ თუ არა ერთმანეთზე, ეს არ ვიცით, მაგრამ საკუთარ ხსნას კი აუცილებლად უნდა ვესწრაფოდეთო.
10. უცხოობისას განერიდე ამაო ხეტიალს და სიძვის ეშმაკს, რადგან სწორედ ჩვენი უცხოობა აძლევს მას ჩვენივე გამოცდის საბაბს.
11. კარგია ქონების უარყოფა, ხოლო მისი მშობელი - სოფლისაგან განრიდებაა.
12. ამ ქვეყნიდან უფლის სახელით განრიდებულს სამყაროსთან აღარანაერი კავშირი აღარ უნდა ჰქონდეთ, რათა არ აღმოჩნდეს, რომ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად აირჩია უცხოობა.
13. ქვეყნიერებისგან განრიდებული მას ნუღარანაირად შეეხები, რადგან ვნებებს უკან დაბრუნება სჩვევიათ.
14. ევა თავისი ნების წინააღმდგ განიდევნა სამოთხიდან, ბერი კი საკუთარი ნებით ტოვებს მამულს; რადგან ევა კვლავ ურჩობის ხისგან ჭამას მოინდომებდა, ხოლო მონაზონს აუცილებლად რამე განსაცდელს შეამთხვევენ ხორციელი ნათესავები.
15. იმ ადგილს, სადაც შეიძლება დაეცე, ისევე უნდა გაურბოდე, როგორც მახვილს, რადგან, როცა აკრძალულ ნაყოფს ვერ ვხედავთ, ის იმდენად ძლიერ აღარ გვსურს.
16. ნურც მტრების მზაკვრობა და ცბიერება გამოგეპარებათ: ისინი გვირჩევენ, რომ ამქვეყნიურს არ განვეშოროთ, ჩაგვაგონებენ, რომ დიდ ჯილდოს მოვიპოვებთ, თუ დედაკაცს ვიხილავთ, მაგრამ თავის შეკავებას შევძლებთ. მათ კი არ უნდა დავემორჩილოთ, არამედ სწორედ მათი შეგონების საწინააღმდეგოდ უნდა მოვიქცეთ.
17. როდესაც ჩვენი ახლობლებისგან განშორების ერთი ან რამდნიმე წლის შემდეგ ცოტაოდენ კრძალულებას, ან ლმობიერებას, ან თავშეკავებას მოვიხვეჭთ, მაშინვე ამაო ზრახვები დაგვესხმიან თავს და გვიბიძგებენ, სამშობლოში დავბრუნდეთ დასამოძღვრად, მაგალითად, მათთვის, ვინც უწინდელი ჩვენი ურჯულო საქმეები იცოდა. თუ ამასთან ერთად სიტყვაუხვები ვართ და ცოტაოდენი სულიერი გონება გვაქვს, ეს ბოროტი ძალები გვარწმუნებენ, რომ ერში სულთა მხსნელთა და მასწავლებელთა სახით დავბრუნდეთ. ამის შედეგად კი ჩვენ, ვინც უკვე ნავსაყუდელს მივაღწევთ, საბოლოოდ მაინც საწყალობლად დავინთქმებით მორევში.
18. ვეცადოთ, ლოთის ცოლს კი არა - თვით ლოთს მივბაძოთ, რადგანაც თუ სული კვლავ დაუბრუნდა იმ სამყოფელს, საიდანაც გამოვიდა, ჰგავს მარილის, რომელმაც ძალა დაკარგა და უძრავი ხდება.
19. უკანმოუხედავად განეშორე ეგვიპტეს (*), რადგან მათ, ვისი გულიც მასზედ იყო მიჯაჭვული, ვერ იხილეს იერუსალიმი ანუ - მიწა უვნებლობისა.
20. თვით მოსე ღვთისმხილველი უფლისგან თავისი ხალხის სახსნელად მიივლინა ეგვიპტეში - სიბნელის ქვეყანაში - და მრავალი ტანჯვა დაითმინა.
21. სჯობს, მშობლები დაამწუხრო, ვიდრე უფალი, რადგან მან შეგვქმნა და გვაცხოვნებს ჩვენ, ხოლო მშობლებს ხშირად დაუღუპავთ საყვარელი შვილები და მარადიული სატანჯველისთვის მიუციათ ისინი.
22. უცხოობაში იგია, ვინც ყველგან გონიერად იმყოფება და ხალხში ისეა, როგორც უცხოთა შორის - არამცოდნე ენისა.
23. ჩვენ უსაყვარლეს ადამიანებსა და ადგილებს მათდამი სიძულვილის გამო კი არ განვეშორებით (ნუ იყოფინ!), არამედ იმ ზიანს გავურბივართ, რომელიც მათ შეუძლიათ მოგვაყენონ.
24. როგორც ყოველგვარი სიკეთის - ამ საქმის მასწავლებელიც თვით ქრისტეა; რადგან ვნახეთ, რომ მანაც არაერთგზის დატოვა თავისი ხორციელი მშობლები და როდესაც უთხრეს - დედა შენი და ძმანი შენნი გეძიებენ შენ (მარკ. 3.32), სახიერმა უფალმა და მოძღვარმა ჩვენმა მათ მიმართ უვნებელი სიძულვილი აჩვენა და ბრძანა: დედა ჩემი და ძმანი ჩემნი იგინი არიან, რომელნი ყოფდენ ნებასა მამისა ჩემისა ზეცათასა (მათ. 12,49).
25. დაე, იგი იყოს მამა შენი, რომელსაც სურს და ძალუძს, რომ შენთა ცოდვათა უღლის დასამხობად შენთან ერთად იღვაწოს; ხოლო დედა შენი - ლმობიერება, რომელიც შეძლებს, სიბილწისგან განგწმიდოს. ძმა - თანამოშურნე და თანამოღმვაწე მაღლისკენ სწრაფვაში.
26. განუყოფელი მეუღლე კი - მარადიული მოხსენება სიკვდილისა; შენს საყვარელ პირმშოებად დაე გულისმიერი გოდება იქცეს; მონად - საკუთარი სხეული გაიხადე, ხოლო მეგობრები მოიხვეჭე ზეციურ ძალებში, რომლებიც სულის განსვლის ჟამს უმეტესად შეგეწევიან, თუ დაუმეგობრდები მათ. - ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა (ფს. 23,5).
27. ღვთის სიყვარული მშობლებისადმი სიყვარულს აცხრობს და ვინც იტყვის, რომ ერთიც უყვარს და მეორეც - თავს იტყუებს, რადგან ნათქვამია: ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად (მათ. 6.24).
28. უფალი ამბობს: არა მოვედ მე მიფენად მშვიდობისა, ანუ მშვიდობისათვის მშობელთა და შვილთა და ძმათა შორის (მათ. 10.34), რომელთაც ჩემი მონობა სურთ, არამედ მახვილისა, რათა ერთმანეთისგან განვყო ღვთისმოყვარე და სოფლისმოყვარე, ნივთიერი და უნივთო, დიდებისმოყვარე და სიმდაბლისმოყვარე, რადგან უხარია უფალს, როდესაც ვინმე მისი სიყვარულისთვის გამოეყოფა და განუდგება სოფელს.
29. იხილე და გაფრთხილდი რომ შენს მიერ შეყვარებულ ნათესავთა გამო ირგვლივ ყოველივე დამთქმელ წყლად არ გექცეს და შენ სოფლისმოყვარების წარღვნამ არ დაგღუპოს.
30. ნუ მიგდრეკს ახლობელთა და მშობელთა ცრემლი; წინააღმდეგ შემთხვეავაში საუკუნო ტირილი მოგელის.
31. როდესაც ნათესავები გარშემოგერტყმიან ფუტკრების, ან უკეთ ვიტყვი, კრაზანების მსგავსად და დაგტირიან, მაშინ დაუყოვნებლივ სულიერი თვალი შენს საქმეებს და მომავალ სიკვდილს მიაპყარ, რათა შეძლო ერთი მწუხარება მეორეზე გადაიტანო.
32. ჩვენიანები (*), ან უკეთ - არაჩვენიანები, ცბიერად გვპირდებიან, რომ ყოველივეს გააკეთებენ, რაც გვიყვარს; მათი განზრახვა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს კეთილ ზრახვას აღუდგნენ წინ. ხოლო შემდეგ თავიანთი მიზნებისთვის გამოგვიყენონ.
33. სოფლისგან განშორების შემდეგ მოვალენი ვართ ავირჩიოთ საცხოვრებელი, რომელიც ამპარტავნებას კი არ დაგვიკმაყოფილებს, არამედ უფრო მეტად დაგვამდაბლებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩვენ ვნება გვამოქმედებს.
34. დამალე შენი კეთილშობილური წარმოშობა და შენი წარჩინებულობით ნუ განდიდდები. ისე არ მოხდეს, რომ შენი საქმე ერთი იყოს და სიტყვა - მეორე.
35. არავინ ისეთი ზომით არ მისცემია უცხოობას, როგორც დიდებული იგი, რომელსაც ესმა ხმა: გამოვედ ქვეყანისგან შენისა და ნათესავისგან შენისა და სახლიდგან მამისა შენისა (შესაქმ. 12,1). და ამასთან იგი უცხო, ბარბაროსთა მიწაზე იქნა მოწოდებული.
36. ხშირად უფალი უმეტესად განადიდებს მას, ვინც უცხოობის ღვაწლს ამ უდიდებულესის მსგავსად იტვირთავს და თუმცა ეს დიდება უფლისგან მოდის, კარგია, თუ მას სიმდაბლის ფარით ავიცდენთ.
37. თუ ეშმაკები და თუნდაც ადამიანები უცხოობის, როგორც დიდი ღვაწლის გამო, ქებას შეგვასხამენ, მასზედ ვიფიქროთ, ვინც ჩვენთვის - მსგავსად მწირისა - გარდამოვიდა ციდან და მივხვდებით, რომ სამაგიეროს მას ვერასოდეს მივუზღავთ.
38. ლტოლვა ნათესავის ან ვინმე სხვა ადამიანის მიმართ მეტად მავნეა. მან შეიძლება, თანდათანობით სოფლისკენ მიგვიზიდოს და ლმობიერების ცეცხლი სრულად დაშრიტოს ჩვენში.
39. ისევე, როგორც შეუძლებელია, ერთი თვალით ზეცას შესცქეროდე, მეორეთი კი - მიწას უმზერდე. ასევე შეუძლებელია, სულიერი უბედურება არ მოვიდეს მასზე, ვინც აზრითა და სხეულით სრულიად ვერ მოსწყდა თავის ნათესავებს და არანათესავებს.
40. კეთილი და სათნო ზნე დიდი შრომითა და ღვაწლით მოიპოვება შეიძლება ის, რაც დიდი გარჯით იყო მოხვეჭილი, ერთ წამში დაიკარგოს, რამეთუ ერული და წარმავალი გახრწნიან გონებათა ტკბილთა და წესთა კეთილთა (კორ. 15,33).
41. ვინც სოფლის უარყოფის შემდეგ ერის ადამიანებს მიმართავს, ან მათ სიახლოვეს იმყოფება, იგი უეჭველად ან მათ საქმეებსა და ბადეში ეხვევა, ან გულს მათზე ფიქრით იბილწავს; ან თუ არ შეიბილწება მასთან ერთად.
სიზმრებისთვის, რომლებიც დამწყებებს სჩვევიათ
42. შეუძლებელია, დავმალოთ ის, რომ ჩვენი გონება სრუყოფილი არ არის და ყოველგვარი უჯეროებითაა სავსე; იმიტომ, რომ პირი განასხვავებს საკვებს, სმენა შეიცნობს აზრებს, მზის შეხედვისას ჩვენი თვალის უძლურება წარმოჩინდება, ხოლო სულის უგუნურებას სიტყვა ამჟღავნებს. მაგრამ სიყვარულის კანონი იმასაც სწვდება, რაც ძალას აღემატება. ამგვარად, მე ვფიქრობ (და არ ვამტკიცებ), რომ უცხოობაზე საუბრის შემდეგ ან თვით მასზედ საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ცოტაოდენი სიზმრების შესახებაც უნდა ითქვას, რათა ჩვენი ბოროტად ცბიერი მტრის ამ მზაკვრობის შესახებაც ვიცოდეთ.
43. სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უძრაობის ჟამს.
44. ჩვენება თვალის მოტყუებაა აზრების მიძინებისას.
45. ჩვენება გონების მოკლებაა სხეულის გაძლიერების ჟამს.
46. ჩვენება ხილვაა იმისა, რაც არ არსებობს.
47. მიზეზი, რომელიც გვაიძულებს ამ შესავალი სიტყვის შემდეგ სიზმრებზე ვილაპარაკოთ, აშკარაა.
48. როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ, სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს.
49. ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს.
50. ამპარტავნების ეშმაკები - წინასწარმეტყველნი სიზმრად; ისინი გაიძვერულად, გარემოებათა მიხედვით ხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მის შესახებ, რათა საკუთარი ხილვების ახდენის შედეგად განვცვიფრდეთ და როგორც წინასწარჭვრეტის ნიჭთან ახლოს მყოფნი გონებით ავმაღლდეთ.
51. ვისაც ეშმაკისა სჯერა, მას იგი ხშირად წინასწარმეტყველად ევლინება. ხოლო ვინც არად აგდებს მას, მათ წინაშე ყოველთვის მატყუარად წარმოჩინდება.
52. როგორც სული, იგი ჰაერის სივრცეში ყოველივე მომხდარს ხედავს და როდესაც შენიშნავს, რომ ვინმე კვდება, მცირედმორწმუნეს სიზმრის საშუალებით აცნობებს.
53. ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივიდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსებს.
54. როდესაც ანგელოზები გვიჩვენებენ ტანჯვას, საშინელ სამსჯავროსა და განშორებას, გამოღვიძებულთ შიში და გლოვა გვიპყრობს. დაე ეს იყოს შენთვის ხიბლის ნიშანი.
55. თუ ჩვენ სიზმრად ეშმაკებს დავმორჩილდებით, ისინი ჩვენზე თავდასხმას სიფხიზლის დროსაც გააგრძელებენ.
56. ვისაც სიზმრების სჯერა, ის სრულიად გამოუცდელია. ხოლო ვისაც მათ მიმართ რწმენა არა აქვს, იგია სიბრძნისმოყვარე.
57. ამგვარად მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე, რომელიც მხოლოდ ტანჯვისა და სამსჯავროს შესახებ გამცნობს და თუ სასოწარკვეთილება შეგიპყრობს, მაშინ ისიც ეშმაკისგან ყოფილა.
1.
რა აღუდგება წინ ჩვენს გულისთქმას თუ არა ნივთი, ქონება, საჭმელი, სურვილი,
განცხრომა და ვნებები.
4.
უცხოობა მაშინ გახდება დიდებისმოყვარების მიზეზი, როდესაც კაცი თავს დიდებულთა
შვილად აჩვენებს, თავხედობს და ამპარტავნებაშია.
5.
განშორება ყველაფრისგან არის განშორება გულისთქმათაგან და სურვილებისგან,
რადგან თუ ესენი თან ახლავს კაცს, მისი უცხოობა უსარგებლო იქნება.
7.
თავს უწოდებს სურვილებს, ხოლო გარეშე საქმეებს იმას - რაც არის საჭმელი,
ნათესავები, მეგობრები და სხვა ამგვარი.
19.
შეხედე, როგორ ისჯებიან მხოლოდ ფიქრისა და სურვილების გამო?! რადგან საქმეს კი
არ დაუბრუნდნენ ისინი, არამედ მხოლოდ მოისურვეს და სასჯელი მიიღეს, ისევე, როგორც
ხორციელად კი არ შევიდა ეს ხალხი ეგვიპტეში - არამედ მხოლოდ სურვილი ჰქონდათ იქ
შესვლისა. ამიტომ დაისაჯნენ აღთქმულ ქვეყანაში შეუსვლელობით. ამისთვისვე
გვაფრთხილებს ნეტარი მამა იოანე, რომ ბოროტ გულისთქმებს ვერიდოთ.
32.
როდესაც ამბობს ჩვენიო, ჩვენს ნათესავებს გულისხმობს - ხორციელი ნათესაობიდან
გამომდინარე და არა ნამდვილად ჩვენსას, რადგან ჩვენი სულისთვის უკეთესი რაც არის,
იმას არ გვეუბნებიან ისინი და ჩვენი ბოროტი აზრები ჩვენი არიან, მაგრამ ამავე დროს
- არა ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი არ არიან. ეგვიპტეს ამა
სოფლის სიმბოლოდ წარმოგვიდგენს, რომელიც ვნებათა სიბნელითაა სავსე.