ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

სიტყვა 4

ნეტარი და ყოვლადქებული მორჩილების შესახებ

1. თანამიმდევრულად საჭიროა, ქრისტესთვის მოღვაწეთა და მოწამეთა შესახებ ვისაუბროთ, რადგან, როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე.ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ოქროს ფრთებით ზეცას უსხეულოდ ამაღლება: და, ალბათ, ამ ფრთების შესახებ იგალობა სულიწმიდით ცხებულმა: ვინცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისვენო (ფსალ. 542,6) ჭვრეტითა და სიმდაბლითა.

2. ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ განზრახვას; სულიერი მახვილის აღმართვისას ყოველთვის საკუთარ ნებას აკვდინებენ, როგორც კი მის მოახლოებას შენიშნავენ და მოთმინებისა და მოკრძალების რკინის აბჯრით შემოსილნი ყოველგვარი შეურაცხყოფის მომწყვლელ ისრებს თავიდან იცოდნენ; მათ ცხონების ჩაფხუტი ახურავთ - როგორც მათივე წინამძღვრის ლოცვითი საფარველი. ფეხები ერთად არასდროს უდგათ, არამედ ერთით მსახურებენ, მეორეთი კი ლოცვაზე არიან დამყარებული.

3. მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.

4. მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველყოფილი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში.

5. მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა.

6. მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.

7. მორჩილება არის ყოველგვარი განსჯის უარყოფა განმსჯელი გონების მიერ.

8. თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ - სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგრძნობა. მაშინ ამ ნეტარი და ცხოველი მიცვალებულის გულისტკივილსა და მწუხარებას იწვევს ის, როცა ხედავს, როგორ აღასრულებენ პირად ნებას, რადგან საკუთარი სასჯელის ტვირთი აშინებს.

9. ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ვინც ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ; იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრულად უარჰყო თვითნებობა იმ საკითხებშიც კი, რომელსაც კეთილად, სულიერად და ღვთისთვის სათნოდ მიიჩნევს, მან უკვე მიაღწია მიზანს, ვიდრე ღვაწლს შეუდგებოდა, რადგანაც მორჩილება არის უნდობლობა თავისა - ყველანაირ კეთილ საქმეში - თვით სიცოცხლის ბოლომდე.

10. როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი ხსნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებლობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად - მორევი; და ამგვარად, განმზადებული წარწყმედა არ მოიპოვოთ.

11. მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურებისა და მორჩილების ასპარეზზე გავალთ, იმ ჟამიდან უკვე აღარანაირად აღარ უნდა გამოვცადოთ და განვსაჯოთ ჩვენი კეთილი მსაჯული და წინამძღოლი, თუნდაც მასში, როგორც ხორციელ კაცში, შეიძლება, ცოდვის მწიკვლიც შევნიშნეთ. თუ ასე არ მოვიქცევით და თავად ვიქნებით მსაჯულნი, მორჩილება აღარანაირ სარგებელს აღა მოგვიტანს.

12. მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხორცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირი დაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვიძრავენ მათ წინააღმდეგ: იმიტომ რომ, რამდენადაც სარწმუნოება გამრავლდება მათ გულებში, იმდენადვე ხორცი წარმატებულ კეთილადმსახურებას შესძლებს. ხოლო, ვინც ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი უკვე დაეცა. რამეთუ ყოველი რომელი არა სარწმუნოებით იყოს, ცოდვა არს (რომ. 14,23).

13. როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯულო, არამედ - ისაა ჩემი.

14. მამები (*) ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს, ლოცვას - გალავანს, უმანკო ცრემლს - საბანელს, ხოლო ნეტარ მორჩილებას მათ უწოდეს აღმსარებლობა, რომლის გარეშე ცოდვითა და ვნებით შობილი ღვთის პირს ვერ იხილავს.

15. მორჩილი (*) საკუთარ თავს თვითონ გამოუტანს სასჯელს; რადგან თუ იგი ღვთის სახელით სრულ მორჩილებაშია, მაშინ, თუმცა თვითონ თავს სრულად მორჩილად არ თვლის, მაგრამ თვითგანსჯისგან (ე.ი. სინდისის მხილებისგან) თავისუფალია. თუ ის რაიმეში თავის ნებას მისდევს, მაშინ შეიძლება, ეგონოს კიდეც, რომ მორჩილებაშია, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ ტვირთს თავად ზიდავს. კარგი იქნებოდა, წინამძღვარი არ წყვეტდეს მის მხილებას, მაგრამ თუ იგი დღემდე დადუმდება, მაშინ უკვე აღარ ვიცი, რა უნდა ვთქვა.

16. ვინც ღვთის სახელით - წრფელ მორჩილებაშია, (*) იგი კეთილად აღასრულებს თავის ღვაწლს, რადგან სხვათა საქ მეების გამოძიებით ეშმაკთა ცბიერებას არ იზიდავს.

17. პირველ რიგში, ჩვენი კეთილი მსაჯულის წინაშე განმარტოებით ვაღიარებთ ცოდვებს; თუ დაგვაკისრებს - ყველას წინაშეც, რადგან განცხადებული წყლულები მეტად აღარ გაღრმავდება, არამედ - განიკურნება.

 

მონანულ ავაზაკთა შესახებ

18. ერთხელ ერთ მონასტერში მივედი და იქ კეთილი მსაჯულისა და მოძღვრის საშინელი სასამართლო ვნახე. ჩემს იქ ყოფნაში მონასტერში ერთი ავაზაკი მოვიდა და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა. კეთილმა მკურნალმა და მწყემსმა მას უთხრა, შვიდი დღის განმავლობაში მონასტერში განესვენა და მხოლოდ სავანის განაწესს დაჰკვირვებოდა. მეშვიდე დღე რომ გავიდა, მოძღვარმა უხმო მას და განმარტოებით გამოჰკითხა, სურდა თუ არა საცხოვრებლად დარჩენა და როდესაც თანხმობა განაცხადა, კვლავ ჰკითხა, თუ რა ცოდვები ჰქონდა ჩადენილი ერში. ავაზაკმა დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ აღიარა ყველა ცოდვა, მაშინ მოძღვარმა გამოსაცდელად უთხრა: - მსურს, რომ ეს ყველაფერი ძმათა წინაშე აღიარო.

19. რადგან უკვე ჭეშმარიტად სძულდა ცოდვა და სირცხვილს არად აგდებდა, იგი უყოყმანოდ დათანხმდა, ყველაფერი საჯაროდ ეღიარებინა: - თუ გსურს, შუა ალექსანდრიაში ვაღიარებო. მაშინ მწყემსმა ეკლესიაში შეკრიბა თავისი ცხვრები, სულ 330 და რადგან კვირა დღე იყო, ლიტურგიის დროს ბრძანა, ეს უბიწო მსჯავრდებული შემოეყვანათ, ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული და ზოგიერთი ძმა ხელს ჰკრავდა და მსუბუქად უბიძგებდა. მას ბეწვის ძაძა ემოსა და თავზე ნაცარი ჰქონდა წაყრილი. მხოლოდ ამის შეხედვამაც კი შეაძრწუნა ყველა და ტირილი დაიწყეს, რადგან არავინ უწყოდა, თუ რას ნიშნავს ეს.

20. როდესაც იგი წმიდა კარს მიუახლოვდა ამ წმიდა კაცთმოყვარე მსაჯულმა - მაღალი ხმით შესძახა: - შეჩერდი, ღირსი არა ხარ, რომ შეხვიდე. საკურთხევლიდან გამომავალი მოძღვარის ხმის გაგონებაზე იგი შეძრწუნდა (რადგან, როგორც შემდეგ თვითონ ფიცით არწმუნებდა ყველას, მან ადამიანის კი არა - მეხის ხმა გაიგონა). ავაზაკი მიწაზე დაეცა, თრთოდა და ერთიანად შიშს მოეცვა, როდესაც მან, მიწაზე დამხობილმა, ცრემლით დაალტო ფიცარნაგი, მაშინ საოცარმა მკურნალმა, მის სახსენებლად ყოველგვარ ზომას მიმართა და ყველას ცხონებისა და ჭეშმარიტი სიმდაბლის მაგალითი უჩვენა. უბრძანა, რომ მის მიერ ნამოქმედარი ყოველგვარი ურჯულოება ყველას წინაშე დაწვრილებით ეღიარებინა.

21. მან ერთიმეორის მიყოლებით აღმოთქვა თავისი აღმაშფოთებელი ცოდვები - არა მხოლოდ ხორცისმიერი, ბუნებითნი და ბუნების საწინააღმდეგო - ადამიანთა და პირუტყვთა მიმართ ჩადენილი, ასევე გრძნეულება, მკვლელობა და სხვა ბოროტმოქმედებანი, რომელთა მოსმენა და აღწერა უჯერო საქმეა. აღსარების დასრულებისთანავე მწყემსმა ბრძანა, რომ იგი აღკვეცილიყო და ძმათა კრებულს შეერთებოდა.

22. მოძღვრის სიბრძნით განცვიფრებულმა, მარტოდ რომ დავრჩით, ვკითხე, თუ სინანულის ასეთი უცნაური სახე რად გამოიყვანა; - ორი მიზეზის გამო - მიპასუხა ამ ჭეშმარიტმა მკურნალმა.

23. - პირველ რიგში იმიტომ, რომ აღმსარებელი ამჟამინდელი სირცხვილით მომავალი სირცხვილისგან მეხსნა; რაც ახდა კიდეც, რადგან იგი, ძმაო იოანე, მანამდე არ წამოდგა ფიცარნაგიდან, სანამ ყველაფრისთვის შენდობა არ მიიღო.

24. და ეს უეჭველია: რადგან ერთი ძმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, მარწმუნებდა, რომ ნახა ვიღაც საშინელი კაცი, ხელში მას ნაწერი ქაღალდი და კვერთხი ეჭირა და როდესაც იგი თავის რომელიმე ცოდვას აღმოიტევებდა, იმ კვერთხით შლიდა შლიდა მას და სამართლიანადაც: რადგან ამბობს დავითი - უთხრა ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე ყოველი უღმრთოება გულისა ჩემისა. (ფსალ. 31.5).

25. მეორე - მონასტრის საძმოში არიან ისეთები, რომლებიც ზოგიერთ ცოდვას არ აღიარებენ და მე მსურდა, მათ მაგალითად ეს აღსარება გამოსდგომოდათ, რომლის გარეშეც მიტევებას ვერავინ მიიღებს.

26. ამ ღირსეული მოძღვრის და მისი სამწყსოს სხვა არაერთი ღირსახსოვარი და საოცარი საქმენიც ვიხილე. შევეცდები, მათი უმრავლესობა თქვენც მოგითხროთ. იქ დიდხანს დავყავი, მათი ცხოვრების წესს ვაკვირდებოდი და მეტად გაკვირვებული ვიყავი, როცა ვხედავდი, თუ ეს მიწის მკვიდრნი ზეცის მკვიდრებს როგორ ბაძავდნენ. ისინი ერთმანეთთან დაურღვეველი სიყვარულით იყვნენ დაკავშირებულნი და რაც უფრო საოცარია, სწორედ ამგვარი სიყვარულისას მათთვის უცხო იყო ყოველგვარი თავისუფლება და ამაოდმეტყველება; პირველ რიგში ასწავლიდნენ იმას, რომ ძმის სინდისი არ დაეწყლულებინათ. თუ ვინმეს ძმის სიძულვილში ამხელდნენ მოძღვარი მას განსჯიდა როგორც ავაზაკს და სხვა განსაკუთრებულ მონასტერში აგზავნიდა.

27. ერთხელ ერთმა ძმამ მის წინაშე მოყვასი დასწყევლა: ამ ღირსმა მამამ მაშინათვე ბრძანა, გაეგდოთ იგი, თანაც ამბობდა, რომ - არაფრით არ უნდა დავუშვა, მონასტერში ორი ეშმაკი იყოს - ერთი ხილული და მეორე - უხილავიო.

28. მე ამ ღირს მამათა მართლაც სასარგებლო და საოცარი საქმეები ვნახე: საძმო - ღვთის მიერ შეკრებილი და შეკავშირებული. ისინი სასწაულებრივ საქმეებს იქმოდნენ და ხილვები ჰქონდათ. ისინი ისე წვრთნიდნენ საკუთარ თავს და განსწავლიდნენ ღვთაებრივ სათნოებებში, რომ წინამძღვრის შეხსენება თითქმის არ სჭირდებოდათ. ისინი საკუთარი ნებით აღძრავდნენ ერთმანეთს საღვთო სიფხიზლეში. მათ ჩვეულებებით განმტკიცებული ჰქონდათ ზოგიერთი სამაგალითო და საღვთო წესი.

29. მაგალითად, თუ მოხდება, რომ რომელიმე მათგანი წინამძღვრის არყოფნაში ვინმე სასაყვედურო ან განსასჯელ სიტყვას იტყოდა, ან ამაოდმეტყველებაში ჩავარდებოდა, მაშინ მეორე ძმა შეუმჩვნევლად ანიშნებდა, მისი საქციელის უწესობას შეახსენებდა და ამგვარად შეაკავებდა მას. თუ ის გონს არ მოეგებოდა, მაშინ შემხსენებელი მეტანიით განეშორებოდა.

30. როცა საუბარი აუცილებელი იყო, სიკვდილის და საშინელი სამსჯავროს მოხსენება იყო საუბრის მუდმივი თემა.

31. არც იქაური ტრაპეზარის დიდებული სათნოებების შესახებ დავდუმდები. როდესაც ვნახე, რომ თავისი მსახურების აღსრულებისას იგი გამუდმებით ცრემლს ღვრიდა და გულაჩვილებული იყო, ვთხოვე, გაემხილა, თუ ეს მადლი როგორ მიიღო. ბევრი თხოვნის შემდეგ დავითანხმე იგი და მომიგო: მე არასოდეს მიფიქრია ხალხს ვემსახურები-მეთქი - არამედ ღმერთს, საკუთარი თავი ყოველგვარი დაყუდებისთვის უღირსად მიმაჩნდა და ეხლა, როდესაც ამ ცეცხლს შევცქერი, მარადიული და დაუშრეტელი ალი მაგონდება.

32. იქაურ მამათა მიერ აღსრულებული სხვა სათნოებებზეც მოვისმინოთ: ნეტარნი გონიერ ლოცვას ტრაპეზის დროსაც კი არ წყვეტდნენ, არამედ ცალკეული მხოლოდ მათთვის ცნობილი საიდულმო ნიშნებით ახსენებდნენ ერთმანეთს გონიერი ლოცვის შესახებ. მხოლოდ ტრაპეზის დროს როდი იქცეოდნენ ამგვარად, არამედ ყოველთვის, ნებისმიერ თავყრილობაზე.

33. თუ რომელიმე რაიმე ცოდვით დაეცემოდა, მაშინ ძმები დაბეჯითებით სთხოვდნენ მას, ამ შემთხვევაზე პასუხიმგებლობა მთლიანად თავად ეკისრათ. მოძღვრის წინაშე პასუხი მათ ეგოთ და სასჯელიც მიეღოთ. ამიტომ ეს ბრძენი დიდი მამა, რადგანაც თავისი მოწაფეების ეს ჩვეულება იცოდა, უფრო მსუბუქად სჯიდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ დასჯილი დამნაშავე არ იყო, არც კი გამოიძიებდა, თუ სინამდვილეში რომელი მათგანი ჩავარდა ცოდვაში.

34. როგორ შეიძლებოდა მათ შორის მკრეხელობასა და ამაოდმეტყველებას ჰქონოდა ადგილი! თუ ვინმე მოყვასთან ჩხუბს იწყებდა, მაშინ სხვა - შემოსწრებული ძმა მეტანიას აღასრულებდა და ამგვარად წყდებოდა მათ რისხვა. თუ მათ შორის ავმეხსიერებას შენიშნავდა ვინმე, მოვიდოდა წინამძღვრის ნაცვალთან და ჩხუბის შესახებ მოახსენებდა, მას ისინი მზის ჩასვლამდე უნდა შეერიგებინა. მაგრამ თუ ისინი გაკერპდებოდნენ და უარს იტყოდნენ, მათ ან საკვების მიღება ეკრძალებოდათ შერიგებამდე ან სავანიდან განიდევნებოდნენ.

35. ამ საქებარ სიფრთხილეს ისინი ამაოდ როდი იცავდნენ, მას უხვი ნაყოფი მოჰქონდა. მრავალი ღირსი მამათაგანი არა მხოლოდ მოღვაწეობითი ცხოვრებით განდიდდა, არამედ - დაკვირვებულობით, განსჯის უნარითა და კეთილი მორჩილებით. მართლაც საოცარ და ანგელოზებრივ სანახაობას წარმოადგენდა: ჭაღარით შემკული და სიწმინდით გაბრწყინებული წმიდა ბერები მორჩილებაზე ბავშვებივით მიისწრაფოდნენ და თავიანთი სიმდაბლე განადიდებდა მათ.

36. იქ მე ვნახე მამები, რომლებიც 50 წლის განმავლობაში იყვნენ მორჩილებაში და ვკითხე, თუ რა ნუგეშს პოულობდნენ ამგვარ ღვაწლში. ზოგმა თქვა, რომ მორჩილების სათნოების სიღრმეს ჩასწვდნენ და მისი საშუალებით ყოველგვარ ბრძოლაში იმარჯვებენ. სხვების თქმით კი, ისინი სრულყოფილებას გინებისა და ლანძღვის უდრტვინველი დათმენით მისწვდნენ.

37. ცბიერი ადამიანი გაორებულია: იგი სულ სხვაა გარეგნულად სხვაა - გულის მდგომარეობით, ასევე მარტივი გაორებული არ არის, არამედ რაღაც ერთ მთლიანს წარმოადგენს. ამ მამათა სიმარტივე განუსჯელი და უაზრო არ ყოფილა, როგორც მოხუცებული ერისკაცებისა, რომელთაც შეშლილებს უწოდებენ, არამედ გარეგნულად ისინი ყოველთვის მოკრძალებულნი, თავაზიანნი და მხიარულნი იყვნენ და მათი სიტყვა და ხასიათი გულწრფელი, ბუნებრივი და მხურვალე იყო, რასაც ბევრში ვერ იპოვი. შინაგანად და სულიერად ისინი უბოროტო ყრმათა მსგავსად ღვთისა და თავიანთ წინამძღვრის ნებით სუნთქავდნენ და საკუთარ ვნებებს და ეშმაკებს გონების მტკიცე და მკაცრი თვალით უცქერდნენ.

38. მთელი ჩემი ცხოვრების ჟამი არ მეყოფა მე, ჰოი წმიდაო მწყემსო ჩემო და ღვთივსათნო კრებულო, ნეტარ მამათა სათნოებებისა და ზეცის მობაძავი ცხოვრების აღსაწერად. ამასთან, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ჩვენს სიტყვას მათ შესახებ მონათხრობით გავამშვენებთ და ამგვარად ღვთივსათნო მოშურნეობას აღვძრავთ თქვენში, ვიდრე ჩემი საკუთარი სწავლება გადმოგიშალოთ, რადგან უეჭველია, რომ უარესს უკეთესი სჯობს. ოღონდ გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ აქ რაიმე მონაგონს ვყვებით: რადგან ურწმუნოება ყოველგავრ სარგებელს აქარწყლებს, მაგრამ ისევ ჩვენს სიტყვას დავუბრუნდეთ.

 

ისიდორეს შესახებ

39. ერთი კაცი, სახელად ისიდორე, წარმოშობით ალექსანდრიელი თავადის ჩამომავალი იყო. ის უკვე რამდენიმე წლის განმვალობაში იყო განშორებული სოფელს და ამ მონასტერს შეკედლებული. ყოვლად მაღალღირსმა წინამძღვარმა, როდესაც მონასტერში მიიღო, შენიშნა, რომ იგი მეტად ცბიერი, მკაცრი, ბოროტი და ამპარტავანი იყო. ნეტარმა მამამ კაცობრივი მოხერხებულობით ეშმაკის მანქანებას სძლია და უთხრა ისიდორეს: - თუ შენ ნამდვილად გადაწყვიტე, რომ ქრისტეს უღელი იტვირთო, მაშინ მე მსურს, რომ პირველ რიგში მორჩილებაში განისწავლო. ისიდორემ უპასუხა: - როგორც რკინას - მჭედელს, ისე გადმოგცემ ჩემს თავს, წმიდაო მამაო, გემორჩილები.

40. მაშინ ამ სიტყვებით დამშვიდებულმა დიდმა მამამ დაუყოვნებლივ დაიწყო „რკინის ისიდორეს“ განსწავლა მორჩილების ღვაწლში და უთხრა: - მსურს, რომ შენ, ჭეშმარიტო ძმაო, სავანის კართან დადგე და შემსვლელსა და გამსვლელს მიწამდე სცე თაყვანი, თანაც ეუბნებოდე: - ილოცე ჩემთვის, მამაო, მე ბოროტი სულით ვარ შეპყრობილი.

41. ისიდორე ისე დაემორჩილა თავის სულიერ მამას, როგორც ანგელოზი - უფალს; როდესაც ამგვარ ღვაწლში შვიდი წელიწადი გაატარა და დიდი სიმდაბლე და ლმობიერება შეიძინა, მაშინ ღირსმა მოძღვარმა შვიდწლიანი გამოცდისა და ისიდორეს უმაგალითო მოთმინების შემდეგ ისურვა, რომ იგი, როგორც ღირსეული, ძმათა შორის მიეთვალათ და ხელდასხმის ღირსიც გაეხადა. მაგრამ ის დიდხანს ევედრებოდა მოძღვარს, ხან სხვათა, ხანაც ჩემი - უღირსის საშუალებით, რომ ნება მიეცათ მისთვის, იქვე დარჩენილიყო და თავისი ღვაწლი ბოლომდე ეტვირთა, თანაც ამ სიტყვებით აშკარად მიანიშნებდა, რომ მისი აღსასრული მოახლოებული იყო და რომ უფალი თავისთან იხმობდა; ეს აღსრულდა კიდეც. მოძღვარმა იმავე მორჩილებაში დატოვა და იგი ათი დღის შემდეგ ამ დამდაბლებული მდგომარეობიდან უფლის დიდებაში ავიდა. შვიდი დღის შემდეგ კი ამ სავანის მეკარეც გაიყვანა ღმერთმა ამ სოფლიდან. ნეტარი მას სიცოცხლის განმავლობაში ეუბნებოდა: - თუ ღვთის წინაშე კადნიერებას მოვიპოვებ, შენ იქაც განუშორებლად ჩემთან იქნები. ამ ურცხვენელი მორჩილებისა და ღვთივმიმსგავსებული სიმდაბლის ღირსსახსოვარი მაგალითის მიხედვით ასეც მოხდა.

42. ერთხელ დიდ ისიდორეს, როდესაც ის ჯერ კიდევ ამქვეყნად იყო, ვკითხე, თუ ჭიშკართან ყოფნისას რა ღვაწლს აღასრულებდა გონებით. ამ ღირს მამას არ სურდა, ჩემთვის სულიერი სარგებელი მოეკლო და არ დამიმალა: - თავდაპირველად - მითხრა მან - მე განვიზრახე, რომ ცოდვების გამო ჩემი თავი მონად გამეყიდა და ამიტომ უდიდესი სიმწარით, საკუთარ თავზე ძალდატანებით და სისხლის დათხევამდე მისული იძულებით მეტანიებს აღვასრულებდი. ერთი წლის შემდეგ ჩემი გული მწუხარებას აღარ განიცდიდა და თვით უფლისგან ამ მოთმინების სამაგიერო ჯილდოს ელოდა. როდესაც კიდევ ერთი წელი გავიდა, უკვე მთელი ჩემი გულით სავანეში ყოფნისათვის და მამათა ცქერისათვის, მათი სახის შეხედვისათვის და წმიდა ზიარებისათვის უღირსად ვთვლიდი თავს. ამიტომ მუდამ ძირს ვიმზირებოდი, აზრობრივად კიდევ უფრო დაბლა და შემსვლელებსა და გამომსვლელებს უკვე მთელი გულწრფელობით ვევედრებოდი, რომ ჩემთვის ელოცათ.

 

ლავრენტის შესახებ

43. ერთხელ, როდესაც ამ დიდებულ წინამძღვართან ერთად ვტრაპეზობდი, მან თავისი წმიდა ბაგე ყურთან მომიტანა და მითხრა: - გსურს, რომ ღრმა მოხუცებულობაში გაცხადებული ღვთაებრივი გონიერება გიჩვენო? - მე შევევედრე და ღირსმა მამამ მეორე ტრაპეზიდან უხმო ერთ ბერს, მას სახელად ლავრენტი ერქვა. უკვე ორმოცდაშვიდი წელი ცხოვრობდა სავანეში და ტაძრის მერე პრესვიტერად ირიცხებოდა. იგი მოვიდა, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და მიწამდე სცა თაყვანი. მაგრამ როდესაც წამოდგა, იღუმენმა მას ხმა არ გასცა, არამედ მაგიდასთან ფეხზე მდგომი უჭმელად დატოვა. სადილი კი ის იყო იწყებოდა. იგი ამგვარად ერთი თუ ორი საათის განმვლობაში იდგა და მე უკვე მრცხვენოდა, რომ ამ უკვე მთლიანად ჭაღარა მოღვაწისთვის, რომელიც შობიდან 70 წელს ითვლიდა, სახეში შემეხედა. ის ასე იდგა სადილის დამთავრებამდე; როდესაც ავდექით, იღუმენმა იგი ნეტარ ისიდორესთან გააგზავნა ბრძანებით, რომ იქ 39-ე ფსალმუნის კითხვა დაეწყო.

ხოლო მე ამ მოხუცებულის გამოცდა ვისურვე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ტრაპეზთან დგომისას. მან მიპასუხა: მე ჩემს წინაშე მყოფ იღუმენს ისე ვუცქერ, როგორც ქრისტეს. არც არასდროს მიფიქრია, რომ დავალებას მოძღვარი მაძლევს, არამედ - ღმერთი. ამიტომაა, მამაო იოანე, რომ მე მის წინაშე ისე კი არ ვდგავარ, როგორც ადამიანურ ტრაპეზთან, არამედ ისე - ვითარცა ღვთის სამსხვერპლოსთან და ღვთის მიმართ ვლოცულობ. ხოლო მოძღვრის სიყვარულითა და რწმენით მის წინააღმდეგ არანაირ ბოროტ ზრახვას არ განვიცდი. როგორც გვეუბნება წერილი: სიყვარული ბოროტსა არა იგონებს. ამასთან, ისიც იცოდე, მამაო, რომ თუ ვინმემ თავი საკუთარი ნებით სიწრფელისთვის და თვითნიერებისათვის გადადო, მტერი მასში ადგილს ერთი წამითაც კი ვერ დაიმკვიდრებს.

 

ეკონომოსის შესახებ

44. როგორც ამ პირმეტყველ ცხოვართა მოძღვარი ბრძანდებოდა, იმგვარივე ეკონომოსი გაუგზავნა მას სავანეში მართლმსაჯულმა უფალმა, რადგან იგი შეუდარებლად უმანკო იყო და - ძალიან მოკრძალებული. ერთხელ დიდი მამა მოჩვენებითად განურისხდა მას და ბრძანა, რომ ეკლესიიდან დროზე ადრე გასულიყო. ვიცოდი, რომ უდანაშაულო იყო იმ საქმეში, რაშიც იგი მოძღვარმა ამხილა, ვუთხარი კიდეც ამის შესახებ, როცა მარტო დავრჩით, მაგრამ ყოვლადბრძენმა კაცმა მიპასუხა: - მეც ვიცი, მამაო, რომ იგი უდანაშაულოა, მაგრამ, როგორც ის იქნებოდა დიდი უსამართლობა და სისასტიკე, რომ მშიერი ყრმისთვის პირიდან ლუკმა წაგვეგლიჯა, ისეთივე ზიანს მიაყენებს წინამძღვარი საკუთარ და მოღვაწის სულს, თუ მას გვირგვინების მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს. იმ გვირგვინების, რომელთა მოპოვებაც მას წყენის, უპატიობის, დამცირებისა და გინების დათმენის სანაცვლოდ შეუძლია. ეს სამჯერ უფრო მეტ ზიანს მოიტანს. ჯერ ერთი, თავად წინამძღვარი მოაკლდება ჯილდოს, რომელსაც ის დროულად საყვედურისა და სასჯელის დაკისრებით მიიღებდა, მეორე, როდესაც შეეძლო, ერთის სათნო-ყოფით სხვებისთვისაც მაგალითი მიეცა და არ გააკეთა, და მესამე, ყველაზე მძიმე ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მათ, ვინც ყველაზე ვაჟკაცურნი და დამთმენნი ჩანან, როდესაც გარკვეული დროით ყურადღება მოაკლდებათ და როგორც სათნოებებში განმტკიცებულნი, წინამძღვრისგან აღარც სათნოებებში განმტკიცებულნი, წინამძღვრისგან აღარც მხილებას და არც გინებას აღარ იღებენ, სანატრელ მოკრძალებასა და მოთმინებას კარგავენ. რადგან მართალია, ეს ნიადაგი კეთილიცაა, უხვიც და ნაყოფიერიც, მაგრამ თუ ის უპატიობის წყლით არ მოირწყა, გაველურდება და მზვაობრობის, სიძვისა და უშიშრობის ეკლებს გამოიღებს. სწორედ ამიტომ წერდა დიდი მოციქული: ქადაგე სიტყუაჲ, ზედ-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ!.. (2ტიმ. 4,2). როცა მე შევეწინააღმდეგე წინამძღვარს და კაცთა მოდგმის უძლურებაზე მივუთითე, ისიც ვუთხარი, რომ შესაძლებელია, ამგვარმა ამაო, ან თუნდაც ჭეშმარიტმა მხილებამ მრავალი დააბრკოლოს და განაშოროს სამწყსოს. ამ სიბრძნის მოძღვარმა მითხრა: - სული, რომელიც ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით მოძღვარზეა მიჯაჭვული, სიკვდილის ფასადაც კი არ დაშორდება მას, მითუმეტეს, თუ ამ სულმა მისგან თავისი წყლულების განკურნება მიიღო, როდესაც მოიხსენებს წერილს: - „არცა ანგელოზთა, არცა მთვარობათა. არცა ძალთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლონ ჩუენ განყენებად ქრისტესგან“. (რომ. 8,38).

თუ სული ამგვარად არ მიეჯაჭვა, არ დაეყრდნო და მთლიანად არ მიემსჭვალა მოძღვარს, მაშინ საოცარია, ასეთი ადამიანი ტყუილად რაღად იმყოფება იმ ადგილას, სადაც მოძღვართან თვალთმაქცური და ცრუ მორჩილებითაა დაკავშირებული? და მართლაც, ეს დიდი მამა ამ შემთხვევაში როდი ცდებოდა და თავისი სამწყსოს პირველმეტყველ ცხვრებს მწყემსავდა, უქადაგებდა, სრულყოფილებიკენ მიჰყავდა და მათ სულებს ქრისტეს უმანკო მსხვერპლად სწირავდა.

 

ამბა კვიროსის შესახებ

45. კვლავ ვისმინოთ და ღვთის სიბრძნით განვცვიფრდეთ, რომელმაც ყველაზე მწირ ჭურჭელში დამკვიდრება ინება. კვლავ ამ სავანეში ყოფნისას ზოგიერთი დამწყების რწმენა და მოთმინებაც გაოცებდა და ისიც, თუ როგორი დაუღალავი სიმტკიცით ითმენდნენ ისინი წინამძღვრის საყვედურებსა და სასჯელს, ზოგჯერ კი - გაძევებასაც კი... და ამას მხოლოდ წინამძღვრისგან კი არა, - უფრო მცირედთაგანთა მხრიდანაც იტანდნენ. სულიერი სარგებლისათვის ერთ-ერთ ძმას, სახელად კვიროსს, რომელიც უკვე თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ სავანეში ცხოვრობდა, მივმართე. მას, როგორც ვატყობდი, ყველა შეურაცხყოფდა: მომსახურენი კი, თითქმის ყოველდღიურად აძევებდნენ ტრაპეზიდან, რადგანაც ამ ძმას ბუნებით ცოტა შეუკავებელი ენა ჰქონდა. - ძმაო კვიროს, რატომაა, რომ ტრაპეზიდან ყოველდღიურად გაგდებენ? ხშირად ვხედავ, რომ უვახშმოდ წვები. მან მომიგო: - დამიჯერე, მამაო, ეს მამები მე მცდიან, ვარ თუ არა ნამდვილი ბერი. და როდესაც ისინი ასეთ უსამართლობას სჩადიან, მე ვიცი მათი და დიდი მამის განზრახვა, ამიტომაა, რომ მისი ატანა ჩემთვის მძიმე არ არის. უკვე თხუთმეტი წელია ამ აზრით ვცხოვრობ; როგორც თვითონ ისინი ჩემი მონასტერში მოსვლისას ამბობდნენ - ქვეყნისგან განდგომილი მოსურნე აქ ამგვარად 30 წლის განმავლობაში იცდება. ისიც მართალია, მამა იოანე, რომ გამოუცდელი ოქრო სუფთა არ არის.

ღირსი კვიროსი ამ მონასტერში ჩემი ყოფნის დროს ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ კი მშვიდობით წარსდგა უფლის წინაშე და სივდილის პირს მყოფმა მამებს უთხრა: - გმადლობთ, გმადლობთ თქვენ და უფალს, რომ თქვენ მცდიდით ჩემი ხსნისათვის და ამ 17 წლის განმავლობაში ეშმაკის საცდურისგან გავთავისუფლდი. მართლმსაჯულმა მოძღვარმა მას აღმსარებელი უწოდა და ბრძანა, დაეფლათ იმ წმინდანების გვერდით, რომლებიც იქ განისვენებდნენ.

გაგრძელება...