109. იყავი( სულით მოშურნე, მაგრამ ამას გარეგნულად ნურც წარმოაჩენ, ნურც გამომეტყველებით, ნურც ურთიერთობებით, ნურც რამენაირი სიტყვით, ნურც საიდუმლო მინიშნებით. და თვით ამ ღვაწლს მანამდე ნუ შეუდგები, ვიდრე მოყვასის დამცირებას არ მიატოვებ. თუ ამას ვერ შეძლებ, შენს ძმებს მიბაძე და საკუთარ თავზე განსაკუთრებულ აზრს ნუ შეიქმნი.
110. მე ვნახე გამოუცდელი მოწაფე, რომელიც სხვათა თანდასწრებით მოძღვრის სათნოებებს აქებდა და ეგონა, რომ სხვისი ხვავისგან დიდებას თვით მოიპოვებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ უპატიობა მოიმკო, როდესაც ყველამ უთხრა: - ასეთმა ნაყოფიერმა ხემ როგორღა გამოიღო უნაყოფო რტოები?
111. მაშინ კი არ ვართ მომთმენნი, როდესაც მამისგან ლანძღვას ვაჟკაცურად ვიტანთ, არამედ მაშინ, როცა ყოველი ადამიანისგან სიძულვილსა და წყლულებს ვითმენთ. რადგან მამისგან გამო ვითმენთ ყველაფერს.
112. გულითადად შესვი ლანძღვა, როგორც წყალი ცხოვრებისა, მიიღე ის ყოველი ადამიანისგან, ვინც კი შენს დაწყლულებას ისურვებს ასეთი მკურნალობით, რომელიც სიძვის ვნებისაგან განგწმენდს. რადგან მაშინ შენს სულში უღრმესი სიწმინდე გამობრწყინდება და შენს გულში ღვთაებრივი სინათლე არასოდეს გამოილევა.
113. ვინც ნახავს, რომ ძმათა კრებულში სიმშვიდე შეაქვს, დაე, ის საიდუმლოდაც ნუ შეიქებს თავს ამის გამო, რადგან ირგვლივ ყველაგან ქურდებია ჩასაფრებული.
114. შენი მეხსიერების სიღრმეში ამოკვეთე ქრისტეს სიტყვები: მონანი ვართ უხმარნი, რომელთა თანა - გუედვა ყოფად, ვყავთ (ლუკ. 17,10).
ჩვენი საქმეები სამართლიანად ამ სოფლიდან განსვლის შემდეგ განისჯება.
115. საერთო სავანე არის ქვეყნიური ზეცა. თავი უნდა ვაიძულოთ, რომ გულით ასეთივე განწყობილება შევინარჩუნოთ, ისევე როგორც - უფლის მსახურმა ანგელოზებმა.
116. ზოგჯერ ამ ქვეყნიურ ზეცაში მყოფ ადამიანებს გაქვავებული გულები აქვთ, ზოგიერთი კი, პირიქით - ლმობიერებითაა დამშვიდებული, რათა თავმდაბლობას გაექცეს და შრომა ცრემლით დაატკბოს.
117. მცირე ცეცხლს ბევრი ცვილის დარბილება შეუძლია: ხშირად მცირე უპატიობაც კი, რომელიც ჩვენ მოგვეწევა, უცებ მოარბილებს, დაატკბობს და აღმოფხვრავს მთელ სისასტიკეს, უგრძნობელობასა და სიმკაცრეს გულისას.
118. ერთხელ ბნელ ადგილას მიმალული ორი ადამიანი ვნახე, ისინი მოღვაწეთა შრომას და სულთქმას აკვირდებოდნენ და ისმენდნენ. მაგრამ ერთი ამას იმისთვის აკეთებდა, რომ მიებაძა მათთვის, მეორე კი იმისათვის, რომ ამ ღვაწლის შესახებ განეცხადებინა და ამგვარად მოღვაწენი კეთილი საქმისაგან განეშორებინა.
119. პირუტყვივით მდუმარე კი არ უნდა იყო, როცა დუმილი საჭირო არ არის და ამით სხვებს შფოთვასა და სიმწარეს მოუტან და ნურც მაშინ დაიგვიანებ, როცა სისწრფეს გიბრძანებენ და ნუ დააყოვნებ, სხვაგვარად ცოფიანსა და მეამბოხეზე უარესი საქმის მოქმედი ხარ.
120. „ვიხილენ ესევითარნი“, როგორც იტყვის იობი, ზოგიერთი სული აყოვნებდა ზნის თავისებურების გამო, ზოგი კი - ეშმაკობით და გამიკვირდა: რა მრავალგვარია სიბოროტე ვნებათა.
121. საერთო სავანეში ყოფნისას იმდენ სარგებელს ფსალმუნებისგან ვერ მიიღებ, რამდენსაც - ლოცვისგან, რომელსაც სენაკში ასრულებ, რადგან ლოცვას მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე - გალობას.
122. გამუდმებით ებრძოლე აზრებს დაფანტულობას და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, თუ გონება მეტად გაგირბის, რადგან ახლადდამწყებ მორჩილთაგან უფალი განუბნეველ ლოცვას არ ითხოვს.
123. ნუ გაწუხებს გონების გაბნევა, არამედ გიხაროდეს, როდესაც მას კვლავ მოიკრებ, რადგან სრულიად წარუტაცებელი გონება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ.
124. ვისაც გულის სიღრმეშო საიდუმლოდ დაუდვია მცნება, რომ მაცხოვნებელი ღვაწლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იტვირთოს და ხორცის ათასგზისი მოკვდინების შემდეგაც კი არ დაუთმოს მტერს: ის ასეთ განსაცდელში ადვილად არ ჩავარდება. ეს დაბრკოლებანი და ჭირნი ყოველთვის გულის დაეჭვებისგან, ადგილისადმი უნდობლობიდან მომდინარეობს.
125. ისინი, ვინც აქეთ-იქით სიარულს ესწრაფიან, ყველაფერში გამოუცდელნი არიან, სულის უნაყოფობას უპირველესად მოუთმენლობა წარმოშობს.
126. თუ შენ უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში სამკურნალოდ მიხვალ, ისე იმყოფებოდე იქ, როგორც გამვლელი, ამასთან ფარულად დააკვირდი იქაურ ყოფას და მცხოვრებთა სულიერ გამოცდილებას. თუ ამ სულიერ მხატვართა და მსახურთა შორის შენი წყლულების მკურნალებს შეიცნობ, და მით უმეტეს, თუ მათ შორის იპოვი იმას, რასაც უნდა ეძებდე, ე.ი. წამალს სულიერი ქედმაღლობის წინააღმდეგ, მაშინ უკვე შეუერთდი მათ და საკუთარი თავი დუმილის ოქროზე გაყიდე. გაყიდე იგი მორჩილების ქარტიაზე, მსახურების ხელწერილზე და ანგელოზთა მოწმობით შენივე ნების ხელწერილი გაანადგურე.
127. რადგან თუ მხოლოდ აქეთ-იქით სიარულს მოუნდები, მაშინ დაკარგავ იმ სასყიდელს, რომლითაც ქრისტემ გამოგისყიდა.
128. ადგილი და სავანე, რომელშიც დაემკვიდრები, უნდა იქცეს შენს სამარედ - ვიდრე სამარის კარამდე. სამარიდან ვერავინ წამოდგება, ვიდრე საყოველთაო აღდგომის დღე არ დამდგარა და თუ ვინმე გამოვიდა, იცოდე, რომ ისინი დაიღუპნენ. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვეს.
129. როდესაც ზარმაცი ხედავს, რომ მას მძიმე საქმეს აკისრებენ. ამას ის ლოცვას ამჯობინებს, მაგრამ თუ საქმე მსუბუქია, ლოცვას ცეცხლივით გაურბის.
130. ხდება რომ, როდესაც ვინმე რაიმე მსახურებას ძმის თხოვნით აღასრულებს, დატოვებს მას, რომ ის დაამშვიდოს, სხვა თავის მსახურებას სიზარმაცის გამო დატოვებს, კიდევ სხვა არ დატოვებს ამპარტავნების გამო, სხვა ვინმე კი - გულმოდგინების გამოისობით.
131. თუ აღთქმა დადე, რომ რომელიმე სავანეში უნდა იცხოვრო, ანდა ძმებთან ერთად და ხედავ, რომ ამგვარი ცხოვრებით სულიერ სარგებელს ვერ პოულობ, მაშინ იქიდან წამოსვლაზე უარს ნუ იტყვი. იცოდე, რომ გამოცდილი ყველგან გამოცდილია და - პირიქით.
132. ყვედრება ერში მრავალ განყოფასა და უთანხმოებას იწვევს, ხოლო ნაყროვანება ძმათა შორის ყოველგვარი დაცემისა და გმობის დარღვევის მიზეზია სავანეში.
133. თუ ამ ბატონს დაამარცხებ, მაშინ ყოველი ადგილსამყოფელი მხოლოდ უვნებლობის მოხვეჭის საშუალება იქნება შენთვის. მაგრა, თუ იგი დაგეუფლა, მაშინ სამარის კარამდე დიდ ჭირში იქნები.
134. უფალი ბრმებს განაბრძნობს, მორჩილის თვალებს განანათლებს, რათა მან თავისი მოძღვრის სათნოებანი დაინახოს და უბნელებს თვალს, რათა არ შენიშნოს მისი ნაკლოვანებები. ხოლო მოძულე კეთილსა ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.
135. ვერცხლისწყალი არის სახე მორჩილებისა და სიმდაბლისა, რომელიც ყოველგვარ სითხეზე დაბლა ჩადის, მაგრამ ბიწი არაფრისა ერევა.
136. მოშურნენი უმეტესად უნდა აკვირდებოდნენ საკუთარ თავს, რომ, როდესაც ზარმაცებს განიკითხავენ, თვითონ უმეტესი განკითხვა არ დაიმსახურონ. ლოთი, მე ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გამართლდა, რომ ასეთ ხალხში ცხოვრობდა და არასოდეს არავის განიკითხავდა.
137. ყოველთვის და უმეტესად საერთო ფსალმუნთგალობისას უშფოთველობა და მდუმარება უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ეშმაკებს სწორედ შფოთითა და დრტვინვით აქვთ ლოცვის ჩაკვლა განზრახული.
138. მორჩილი ისაა, ვინც ხორცით კაცთა შორის დგას, ხოლო გონებით (ლოცვით) ცის კარს უკაკუნებს.
139. წყენა, დამცირება და ყოველი მსგავსი შემთხვევა მორჩილის სულში აბზინდის სიმწარეს ნერგავს, ხოლო ქება და პატივი ისევე ტკბილია, როგორც თაფლი გემოთმოყვარისთვის, მაგრამ თუ პირველისა და მეორის თვისებებს განვიხილავთ, გამოჩნდება, რომ აბზინდა შინაგან უწმინდურებას განსწმენდს, ხოლო თაფლი ნაღველს ასნეულებს.
140. მათ, ვინც ღვთის წინაშე ჩვენზე მზრუნეველობა იტვირთა, მთლიანად უნდა მივენდოთ მაშინაც, როდესაც გვგონია, რომ ჩვენი სულისთვის საზიანოს ამბობენ, ამ დროს ჩვენი მათდამი სარწმუნოება ისე გამოიცდება, როგორც - სიმდაბლის ბრძმედში.
141. ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიშანია, როდესაც ეჭვის გარეშე ვემორჩილებით მოძღვარს მაშინაც როდესაც ვხედავთ, რომ მისი ბრძანება ჩვენს მოლოდინს არ ემთხვევა.
142. მორჩილება სიმდაბლეს შობს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმდაბლე - მსჯელობის უნარს, როგორც კასიანე დიდი შესანიშნავად და მეტად ბრძნულად საუბრობს თავის სიტყვაში განსჯის შესახებ: განსჯის უნარი დაკვირვებულობას წარმოშობს, ხოლო აქედან გონების განათება იწყება. ვინ არ ისრუვებდა, რომ მორჩილების კეთილი გზით ევლო, როცა დაინახავდა, რომ მისგან ასეთი სიკეთე გამოდის?
143. ამაზე ხომ დიდმა სათნომყოფელმა და მგალობელმა ბრძანა: განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, მორჩილსა ღმერთო, მოსვლა შენი გულად მისად (ფს. 76,11).
144. მთელი ცხოვრების განმავლობაში ნუ დაივიწყებ იმ დიდ მოღვაწეს, რომელსაც მთელი თვრამეტი წლის განმავლობაში ხორციელი ყურით არასოდეს მოუსმენია თავისი მოძღვრისგან სიტყვა - ცხონდი, მაგრამ შინაგანად თვით უფლისგან ყოველდღიურად ესმოდა არა სიტყვა - ცხონდი, რომელიც მხოლოდ ცხონების სურვილს გამოხატავს, არამედ - სცხონდი - რაც უკვე სრულად დამტკიცებულ და უეჭველ აზრს გამოხატავს.
145. ასევე საკუთარი თავი და სულიერი სარგებელი ვერ შეუცნიათ იმ მორჩილებს, რომელნიც რაკი წინამძღვრის კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობას შეამჩნევენ, მისგან ითხოვენ, რომ მათთვის სასურველი მორჩილება მიიღონ. დაე, მათ იცოდნენ, რომ ასეთ მორჩილებისგან ისინი აღმსარებლობის გვირგვინს მოაკლდებიან, რადგან მორჩილება თვალთმაქცობისა და საკუთარი სურვილების სრული უარყოფაა.
146. ზოგიერთი, როცა მოძღვრისგან რაიმე დავალებას მიიღებს და მერე შეიტყობს, რომ ამ დავალების შესრულებით ვერ აამებს მას, ტოვებს საქმეს, ხოლო მეორე, თუნდაც ასეთი რამ შეამჩნიოს, დაეჭვების გარეშე აღასრულებს მას. უნდა გამოიცადოს, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო ღვთისმსახურად.
147. შეუძლებელი საქმეა, რომ ეშმაკი საკუთარ ნებას აღუდგეს წინ, ამაში შენ ისინი დაგარწმუნებენ, რომლებიც დაუდევრად ცხოვრობენ, მაგრამ გამუდმებით ერთ უშფოთველ ადგილას ან ერთსა და იმავე სავანეში იმყოფებიან.
148. თუ ჩვენ რომელიმე ერთ ადგილას ვცხოვრობთ და გვებრძვიან, რომ სხვა ადგილას გადავიდეთ, ეს ბრძოლა იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი გადასვლა უფლისთვის სათნო არ არის, რადგან როდესაც გვებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინააღმდეგობას ვწევთ.
149. არ მინდა უსამართლოდ დავმალო და არაადამიანურად ვმევახშეობდე, არ მინდა თქვენს წინაშე ვდუმდე იმაზე, რაზეც არ შეიძლება დუმილი. დიდმა იოანე საბაიტელმა მამცნო ამბები, რომლებიც ჭეშმარიტად ღირსია მოსმენისა. ხოლო შენ, თავად, ღირსო მამაო, გამოცდილებით იცი, რომ ეს კაცი ყოველგვარი სიცრუისგან, ყოველგვარი ცბიერი სიტყვისა და საქმისგან უცხოა. მან შემდეგი ამბავი მომითხრო: - აზიაში (ის იქიდან იყო მოსული), სავანეში, სადაც აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი, ერთი კადნიერი ზნისა და დაუდევარი ცხოვრების მქონე მოხუცი იმყოფებოდა. ამას მის განსაკითხად კი არ ვამბობ, არამედ სიმართლის გამო. არ ვიცი, როგორ მოახერხა მოწაფის მოპოვება?! ეს იყო ახალგაზრდა ყმაწვილი, სახელად - აკაკი. იგი იყო უბრალო ჩვევების, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი, რომელსაც ამ ბერისგან იმდენი ტანჯვა დაეთმინა, რომ ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენებოდა. რადგან ბერი ყოველდღიურად არამარტო ლანძღავდა და აყვედრიდა მას, არამედ სცემდა კიდეც. მორჩილი უსაზღვროდ ბევრს ითმენდა. როდესაც ვხედავდი, რომ იგი ნაყიდი მონის მსგავსად ყოვედღიურად უკიდურეს ტანჯვაში იყო, როცა შევხვდებოდი, ვეუბნებოდი: - რას იტყვი, ძმაო აკაკი, როგორ ხარ დღეს? - ამ კითხვის პასუხად ის მაშინათვე მიჩვენებდა ან ლურჯ ლაქას თვალის ქვეშ, ხან დაწყლულებულ თავ-კისერს. რადგან ვიცოდი მისი ღვაწლი, ვეუბნებოდი: - კარგია, კარგი, დაითმინე და სარგებელს მიიღებ. როდესაც თავის უწყალო ბერთან ცხოვრების ცხრა წელი შეასრულა, აკაკი ღვთის წინაშე მივიდა და მამათა განსასვენებელში დაიფლა. ხუთი დღის შემდეგ მისი მოძღვარი იქ მყოფ ერთ დიდ მამასთან მივიდა და უთხრა: - მამაო, ძმა აკაკი მიიცვალა. მაგრამ მან უპასუხა: - მერწმუნე, მამაო, მე მეეჭვება ეს ამბავი. - წამოდი და შენი თვალით იხილე. - მიუგო ბერმა. მამები ერთად წავიდნენ სასაფლაოზე და წმინდა მამამ როგორც ცოცხალს, ისე მოუხმო მოღვაწეს: - ძმაო აკაკი, შენ მიიცვალე? ამ კეთილგონიერმა მორჩილმა სიკვდილის შემდეგაც მორჩილება გამოიჩინა და უპასუხა: - მამაო, როგორ შეიძლება მოკვდეს ის, ვინც მორჩილების ღვაწლი იტვირთა?.. მაშინ ბერი, რომელიც აკაკის საფლავის ახლოს სენაკი მოიწყო და უკვე ღვთისმოსაობით გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები. სხვა მამებს კი ყოველთვის ეუბნებოდა: - მე მკვლელობა ჩავიდინე. მე მგონია, მამა იოანე, რომ ის ბერი, მიცვალებულს რომ ელაპარაკა, თვით იოანე საბაიტელი იყო, რადგან მან ერთი სხვა ამბავიც მიამბო, - თითქოსდა სხვა მოღვაწეზე - შემდეგ კი დანამდვილებით შევიტყვე, რომ საკუთარ ამბავს ჰყვებოდა.
150. იქვე, აზიის სავანეში ერთ მოკრძალებულ, მშვიდ და უშფოთველ ბერს ჰყავდა მორჩილი; როდესაც მან ნახა, რომ ბერი თითქოს უფრთხილდებოდა მას და პატივში ჰყავდა, იფიქრა, რომ ამგვარი მდგომარეობა კარგის მომტანი არ იყო (*), ამიტომ ბერს ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა, რომ გაეშვა იგი. ბერს სხვა მოწაფეც ჰყავდა და ამიტომ ერთთან განშორება დიდად სამძიმო არ ყოფილა მისთვის. აქედან წასული მორჩილი, თავისი მოძღვრის წერილის მეშვეობით პონტოში, ერთ-ერთ მონასტერში მივიდა. ამ სავანეში მოსვლის პირველივე ღამეს მას ესიზმრა, რომ ვიღაცეები აწამებდნენ მას ვალის გამო და ამ საშინელი წამების შემდეგ 100 ლიტრი ოქრო ვალი კვლავ დარჩა. გამოღვიძებული დაფიქრდა სიზმრად ნახულზე და თავისთვის თქვა: - ჰოი, საწყალო ანტიოქე (ასე ერქვა მას), ჭეშმარიტად დიდი ვალი დაგრჩა შენ. - ამ სავანეში კიდევ სამი წელი ვიცხოვრე - ყვებოდა იგი, შემდგომ ყოველგვარ მორჩილებას უსიტყვოდ ვასრულებდი და როგორც უცხო, ყველასგან შეურაცხყოფილი და დამცირებული ვიყავი (რადგან ჩემს გარდა უცხოტომელი ბერი იქ არ იყო). მაშინ კვლავ სიზმრად ვიხილე, რომ ჩემი ვალიდან 10 ლიტრი ოქროს ფასი ვიღაცამ გადაიხადა და ხელწერილი მომცა. გამოღვიძებული ამ ხილვის მნიშვნელობას მივხვდი და თავს ვუთხარი: ჯერ მხოლოდ ათი. როდის გადავიხდი მთლიანად? საბრალო ანტიოქე! შენ დიდი შრომა და დიდი უპატიობა გჭირდება! ამ დროიდან მე ჭკუიდან შეშლილად ვაჩვენებ თავს. ამასთან მსახურება არ შემიწყვეტია. იქაური უმოწყალო მამები, როდესაც ამ მდგომარეობაში მხედავდნენ და ძველ გულმოდგინეობასაც მატყობდნენ, სავანეში ყველაზე მძიმე საქმეებს მაკისრებდნენ, 13 წლის განვალობაში ამგვარი ცხოვრების მერე სიზმრად ისევ ისინი გამომეცხადნენ, ვინც ადრე ვიხილე, მოვიდნენ და მომცეს ხელწერილი, რომელიც მთლიანად მანთავისუფლებდა ვალისგან. ამგარად, როცა იმ სავანის მამები შეურაცხმყოფდნენ, მე ჩემს მოვალეობას ვიხსენბდი და ვაჟკაცურად ვითმენდი. ყოვლადბრძენი იოანე, მამაო, ამ ამბავს თითქოს სხვა ადამიანის შესახებ მიამბობდა, ამიტომაც დაირქვა ანტიოქე. სინამდვილეში კი თვით იყო ის მოღვაწე, რომელმაც შეძლო, მოთმინების საშუალებით თავისი ცოდვების ხელწერილი გაენადგურებინა.
151. მაგრამ ისიც მოვისმინოთ, თუ ღირსმა მამამ ამგვარი მორჩილებით როგორი ნიჭები მოიხვეჭა. როდესაც ღირსი საბა განწმენდელის ლავრაში იმყოფებოდა, მასთან სამი ახალგაზრდა მივიდა. სურდათ, რომ მას დამოწაფებოდნენ, მან სიხარულით მიიღო ბერები. გაუმასპინძლდა და შეეცადა, რომ მძიმე მოგზაურობის შემდეგ ნუგეში ეცა მათთვის. სამი დღის შემდეგ წმიდა მამამ უთხრა: - ძმებო, მე მეძავი ვარ ბუნებით და არ ძალმიძს, რომელიმე თქვენგანი მოწაფედ მივიღო, - მაგრამ ისინი არ შეცდნენ, რადგან მისი წმიდა ცხოვრების შესახებ იცოდნენ. დიდხანს ევედრებოდნენ და რომ ვერაფერს გახდნენ, ბოლოს ფეხებში ჩაუცვიდნენ და შესთხოვეს, რომ დარიგებინა მაინც ისინი, თუ სად გაეტარებინათ ბერული ცხოვრება. ბერი ამას დათანხმდა და რადგან ნახა, რომ ისინი მორჩილებითა და სიმდაბლით იწყნარებდნენ მის ნათქვამს, ერთ-ერთ მათგანს უთხრა: - უფალს სურს, შვილო ჩემო, რომ შენ დაყუდებაში გაატარო ცხოვრება იმ ადგილას, რომელზედაც შენი სულიერი მამა მიგანიშნებს. მეორეს უთხრა: - წადი დაუტევე შენი ნება და გადაეცი იგი უფალს. აღიღე შენი ჯვარი და მონასტერს მიაშურე და ჭეშმარიტად დაიუნჯებ სიმდიდრეს ცათა შინა. ბოლოს მესამეს მიმართ: - გამუდმებით გახსოვდეს უფლის ეს სიტყვები: ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება, წადი და შენთვის მოძღვარი ღვთის წინაშე ყველაზე სასტიკ და მკაცრ ადამიანთა შორის შეარჩიე და მოთმინებაში განმტკიცებულმა ყოველდღიურად დამცირება და გინება ისე შესვი მისგან, როგორც - რძე და თაფლი. ამ ძმამ წმიდა იოანეს უთხრა: - და, მამაო, თუკი იგი დაუდევარია, როგორ მოვიქცე? - მან უპასუხა: - რომც დაინახო, რომ იგი სიძვის ცოდვაშია, ნუ დატოვებ მას, არამედ საკუთარ თავს უთხარი, რომ მზვაობრობა განიგმირება შენში და ხორციელი ვნება დაიშრიტება.
152. ყველა, ვისაც ღვთის შიშის მოხვეჭა გვსურს, მთელი ძალით უნდა ვიღწვოდეთ, რათა ამ სათნოების სავანეში სათნოებათ მაგიერ ცბიერება და ბოროტება, ეშმაკობა და თავხედობა, გაიძვერობა და მრისხანება არ შევიძინოთ. რადგან საერთოდ ეს ხდება ხოლმე და არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ვიდრე ადამიანი უბრალო მუშად რჩება გემზე, ან მიწის მუშად, მის წინააღმდეგ მეფის მტრები არცთუ ძლიერად იბრძვიან, მაგრამ, როდესაც ნახავენ, რომ მან აიღო სამეფო ბეჭედი და ფარი, საჭურველი, ლახვარი და მშვილდი მეფისა და საომრად შეიმოსა, მაშინ კბილებს ააღჭრიალებენ მასზედ და ყველა მის მოკვდინებას შეეცდება. ასე რომ, თვალი არ უნდა მივრულოთ.
153. მე ვნახე, რომ კეთილი და მშვენიერი ყმაწვილები სასწავლებელში სიბრძნის მისაღებად მოვიდნენ. მათ განათლების და კეთილი სარგებლის შეძენა სურდათ, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის გამო უკმეხობისა და ცოდვის გადა ვერაფერი შეიძინეს. ვისაც გონება შესწევს, ამ ნათქვამს შეიმეცნებს.
154. შეუძლებელია, რომ ვინმე ყოველდღიურად ბეჯითად სწავლობდეს რაიმე ხელობას და ყოველდღიური წარმატება არ აღწევდეს მასში; მაგრამ ერთნი სცნობენ ამ წარმატებას, მეორენი კი ღვთის განსაკუთრებული განგებულების ძალით, ვერ ამჩნევენ მას.
155. კარგი ვაჭარი (*) ყოველ საღამოს მთელი დღის მოგებასა და წაგებას ითვლის, მაგრამ იგი ამას ვერ შეძლებდა, ყოველ წუთს ნავაჭრს რომ არ იწერდეს. ამიტომაა, რომ ყოველწუთიერი თვითგანსჯა ყოველდღიურად განანთლებს სულს.
156. როდესაც უგუნურს საყვედურობენ ან სჯიან, მრისხანების და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, ან მაშინათვე შენდობას ითხოვს მბრალდებელისგან, მაგრამ არა მორჩილების გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ბრალდება შეწყვიტოს.
157. როდესაც გსაყვედურობენ და ბრალს გდებენ, მდუმარედ იყავი და სულიერი წამალი მიიღე - როგორც სიწმინდის მნათობები.
158. როცა სულიერი მკურნალი შეწყვეტს შენს მხილებას, მაშინ შეინანე მის წინაშე, რადგან მრისხანების ჟამს შეიძლება, შენი სინანული მან არც მიიღოს.
159. მონასტერში ყოფნისას, თუმცა ყოველგვარი ვნების წინააღმდეგაა ბრძოლა საჭირო, მაგრამ განსაკუთრებით ორ მათგანს უნდა აღვუდგეთ წინ: ნაყროვანებასა და მრისხანებას. რადგან ძმათა სიმრავლის გამო.
160. მორჩილებაში მყოფთ ეშმაკი მათთვის შეუძლებელ სათნოებათა აღსრულების სურვილს უღვივებს. ამგვარადვე, დაყუდებაში მცხოვრებთ იგი მათთვის არათვისობრივ აზრებს უნერგავს.
161. გამოუცდელ მორჩილთა გონება რომ გაჩხრიკო, იქ მეტად ცოდვილ აზრებს აღმოაჩენ. ესენი: დაყუდების, გაძლიერებული მარხვის, გონების გაბნევის გარეშე ლოცვის, დიდებისადმი სრული გულგრილობის, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნის, განუწყვეტლად ლმობიერი გულის, სრული ურისხველობის, ღრმა მდუმარების და უმაღლესი სიწმინდის სურვილი. ღვთის განსაკუთრებული განგებულებით, რადგან მათ ეს სათნოებები არა აქვთ, ისინი თავდაპირველად გადალახავენ ხოლმე მათთვის დადგენილ საფეხურს, რადგან ეშმაკის მიერ არიან ცდუნებულნი, რომელიც ცდილობს, რომ მათ ყველა ეს სრულყოფილება დროზე ადრე ეძებონ. და რადგან მოთმინება არ ჰყოფნით, ვეღარც თავის დროზე მოიპოვებენ ხოლმე მათ.
162. საპირისპიროდ, ეს მაცდუნებელი დაყუდებული ადამიანის გულში მორჩილისთვის შესაფერის სოფლის სიყვარულს ნერგავს: მორჩილის მსახურება, ძმათა შორის სიყვარული, მანუგეშებელი თანაცხოვრება მონასტერში, ავადმყოფის მოვლა. ამ შემთხვევაში მაცდურის განზრახვა ისაა, რომ ისინიც პირველთა მსგავსად მოუთმენელნი გახადოს.
163. ჭეშმარიტად, დაყუდების გონიერად ტვირთვა შეუძლია მას, ვინც შრომაში და ბრძოლაში შემწეობა მიიღო.
164. ჩვენი ვნებების ხარისხის მიხედვით უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი წინამძღვრის მორჩილებაში მივიღებთ სარგებელს და შესაბამისად - ისეთი ვეძებოთ.
165. თუ თავშეუკავებელი და ხორციელ ვნებათაკენ მიდრეკილი ხარ, მოძღვრად მოღვაწე უნდა აირჩიო, რომელიც საკვებით დიდად არ გცემს ნუგეშს და არა - სასწაულმოქმედი, რომელიც მზადაა ყველას შეურიგდეს და ტრაპეზით გაუმასპინძლდეს. თუ ქედმაღალი ხარ, წინამძღვრად ისეთი ადამიანი შეარჩიე, რომელიც მოკრძალებული და ტკბილი კი არ იქნება, არამედ - მკაცრი და ჯიუტი.
166. არ უნდა ვეძებოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის უნარს ფლობს, არამედ - ჭეშმარიტად თავმდაბალი და ზნით და ადგილსამყოფელით შესაფერისი საიმისოდ, რომ ჩვენი უძლურებები განკურნოს.
167. ზემოხსენებული ღირსი კვიროსის მაგალითის მიხედვით, ის მორჩილებაში შეგეწევა: ყოველთვის ფიქრობდე, რომ წინამძღვარი გცდის და არასოდეს შესცოდავ.
168. როცა მოძღვრის მიერ გამუდმებით მხილებული იქნები და მაინც იგრძნობ, რომ სიყვარული და რწმენა მისდამი იზრდება შენში, მაშინ იცოდე, რომ სულიწმიდა უხილავად დამკვიდრდა შენს სულში და ძალი მაღლისა გფარავს შენ. ამასთან, ნუ იხარებ და განდიდდები, თუ წყენის და უპატიობის დიდსულოვნად დათმენა შეგიძლია და პირიქით, კარგია, თუ გამუდმებით ტირი იმის გამო, რომ რაღაც სასჯელის ღირსი მოიმოქმედე და წინამძღვარი შენს წინააღმდეგ განაწყვე. ნუ შეძრწუნდები და განაწყენდები, თუ შენზე ვიტყვი (და ამის მოწმე მოსეა), რომ სჯობს ღვთის წინაშე შესცოდო, ვიდრე - სულიერი მამის წინაშე, რადგან თუ ღმერთი განვარისხეთ, მოძღვარს შეუძლია, რომ მასთან შეგვარიგოს, მაგრამ, თუ განვარისხეთ მოძღვარი, მაშინ უკვე აღარავინ გვეყოლება, ვინც გვიშუამდგომლებს. მე ვფიქრობ, რომ ორივე ეს ცოდვა თანაბარი მნიშვნელობისაა.
169. შევამოწმოთ თუ ყურადღებით განვსაჯოთ, თუ მოძღვრის ბრალდება როდის უნდა დავითმინოთ მადლობითა და უვნებლად და როდის - თავი ვიმართლოთ. მე მგონია, რომ, ყოველთვის, როცა უპატიობა მხოლოდ ჩვენ გვეხება, უნდა ვდუმდეთ (რადგან ეს სულიერების მოხვეჭის შესაძლებლობაა), მაგრამ თუ ბრალდება სხვა პირს ეხება, მაშინ სიყვარულისა და მშვიდობის დაურღვევლობის მიზნით, უნდა დავიცვათ იგი.
170. მორჩილების უპირატესობაზე იმათ შეუძლიათ გითხრან, ვინც განუდგნენ მას; რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეიცნეს, თუ რომელ ცაზე იმყოფებოდნენ.
171. ვინც უვნებლობასა და ღმერთს ესწრაფის, მას დაკარგულად მიაჩნია ყოველი დღე, როდესაც არავისგან მიიღებს ყვედრებას.
172. როგორც ის ხეები, რომელთაც ქარი ებრძვის და მიწაში ღრმად იდგამენ ფესვებს, ასევე მორჩილებაში მყოფთ ძლიერი და შეურყეველი სული აქვთ.
173. ვინც დაყუდებისას თავისი უძლურება შეიცნო და მორჩილებაში მოვიდა, ის იყო ბრმა, რომელსაც ქრისტეს დანახვით თვალი აეხილა.
174. გამხნევდით, ძმანო, მოღვაწენო, გამხნევდით და კვლავაც გეტყვით, გამხნევდით და ნურასოდეს შეწყვეტთ წინსვლას. ყური უგდეთ ბრძენს, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს: ღმერთმა ჯერ თანაცხოვრებელთა შორის ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა (სიბრძნ. 36) თავის წიაღში. რომელსა შვენის დიდება და ძლიერება უკუნისამდე, მამისა თანა დაუსაბამოისა და სულისა წმიდისა და თაყვანსიცემა, ამინ.
14.
რად ამბობს, მორჩილების გარეშე უფალს ვერავინ იხილავსო. მაშ როგორ იხილა მარიამ
მეგვიპტელმა და მამა ანტონიმ და მრავალმა სხვამ?! არამედ ამგვარად გავიგოთ ეს
სიტყვები: ვინც მხურვალება შეიძინა, ხორცი სულს დაემორჩილა და სინდისის მხილება ანუ
მამხილებელი გონება თავისი თავის ბოროტ მსაჯულად დაადგინა, მასში ღვთის ძლიერი
სიყვარულის ცეცხლი აღიგზნო, იგი საღმრთო მცნებების მორჩილი გახდა. ხილულ
მორჩილებაზე უწინ უხილავი მორჩილება მიიღეს ამ წმინდანმა ადამიანებმა, რომლებიც
მორჩილების გარეშე მიაღწიეს წარმატებას. რადგან ესოდენი საღმრთო ცეცხლი შეიძინეს,
ამიტომ გახდნენ იმგვარნი. მაგრამ მძიმე და ძნელად მოსაპოვებელია ამგვარი ღვაწლი და
ვისაც მსგავსი აზრები და საქმე არ მოუპოვებია, მორჩილების გარეშე იგი ღმერთს ვერ
იხილავს. რადგან საჭიროა, ან ღვთის მცნებებს მორჩილებდეს კაცი და ისე მიაღწიოს ამ
სიმაღლეს, ან მოძღვრის მორჩილება უნდა მოიპოვოს და ამით მიაღწიოს ღვთის მორჩილებას.
მოძღვრის მორჩილება კი იგივე ღვთის მორჩილებაა, რადგან მორჩილი მოძღვარს ღვთის
მცნებებისთვის ემორჩილება.
15.
თავმდაბალი საკუთარ თავს არ შეაგონებს კარგი მორჩილი ვარო, არც იმას იტყვის,
ცოდვათა მიტევება მოვიპოვეო და სწორედ მას აქვს ცოდვების შენდობა. ხოლო ვინც
ამპარტავანია, იგი ურჩია და თავი მორჩილი ჰგონია და ფიქრობს, რომ ცოდვათა შენდობა
მოიპოვა, სინამდვილეში კი მას ეს შენდობა მოპოვებული არა აქვს.
16.
გამოძიებას იმას უწოდებს, როდესაც მოწაფე გამოიძიებს მოძღვირს სიტყვას: ან მე
რატომ მითხრა ასეთი რამ, ან - ასე რად ამბობდაო.
48.
სხვა არ იყო რა ეს შეცოდება, თუ არა - ჩუმად ჭამა. მან ჯორის ტვირთიდან შეჭამა
რაღაც ჩუმად და აღიარა. აქ სიძვაზე კი არ ამბობს, როგორც ვიღაც უგუნურებმა მოიგონეს
და არც ღიმილით მიუგებდა სიძვის საქმეზე მოძღვარი მას.
76.
აქ ურჩობა და ამპარტავნება იგულისხმება.
95.
მორჩილება სიმდაბლის დასაწყისია, რადგან ვინც საკუთარ თავს არ შეიცნობს, როგორც
სათნოებათაგან ნაკლულევანს, მორჩილებას ვერ შესძლებს, საკუთარი უძლურების მიხვედრას
სული მორჩილებაში მოჰყავს, ხოლო ღვთის შიშით შეპყრობილი მორჩილება სიმდაბლეს შობს
და სიმდაბლე კი - ამპარტავნებას განდევნის. ამგვარად ხდება კაცი უვნებლობის
სამყოფელი.
95.
მარიამი - მოსეს და.
109.
ამას კრებულში მყოფთა შესახებ ამბობს, რადგან თუ მდაბალი ხარ, სულიერი საქმე
შენს გულში აღასრულე, ნურც სიტყვით, ნურც ქმედებით გამოაჩენ მათ. საქმე კი გონებაში
დანერგილ ლოცვას გულისხმობს; მაგრამ თუ განიკითხავ სხვებს, ვინც უქმობაში არიან,
მაშინ სჯობს, რო არც შენ გქონდეს ეს საქმენი და არც ძმებს აბრალებდე რამეს. არამედ
უმჯობესია, შენც მათი მსგავსი იყო, ვიდრე საკუთარი მცირეოდენი ღვაწლის გამო
ამპარტავანი და დიდებისმოყვარე გახდე.
151.
ხორციელი პატივი და სულიერი შეურაცხყოფა ნიშნავს იმას, რომ ბერი მისი
სულისათვის არ ზრუნავდა.
155.
ვინც ყოველდღე ამოწმებს და განიკითხავს საკუთარ თავს და მთელს ცხოვრებას ამ
საზრუნავითა და სატკივარით ატარებს, თუ როგორ განვლო დღემ და ღამემ მისთვის, ის
არის თავისი საქმეების კეთილი ვაჭარი.