1. გლოვა არის დავიწყება ბუნებისა, როგორც დავით წინასწარმეტყველს დაავიწყდა ჭამად პური თავისი და იგალობა ეს (ფს. 101,5).
2. ჭეშმარიტი გლოვა ყოველივე ხორციელი ნუგეშის მოკვეთაა მწუხარების გარეშე.
3. ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა.
4. სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანულის გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს.
5. გლოვა ისეთი გრძნობაა, რომელიც გულს გამუდმებით აღსარებისკენ უბიძგებს, იმდენად იწვის გული მხურვალე განცდით.
6. მათი თვისება, ვინც გლოვა ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათი, ვინც უკვე მიაღწია - ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტანჯვის ნებსით ძიება, ცოდვილთა განუკითხველობა, ყოველგვარ ძალას აღმატებული გულმოწყალება.
7. პირველნი მოწონების ღირსნი არიან; მეორენი - საქებარნი; მაგრამ ნეტარია იგი, ვინც მწუხარებას ეძიებს და ვისაც უპატიობა სწყურია, ადგან იგი ჭეშმარიტად უკვდავი საკვებით გაძღება.
8. როცა გლოვას შესძლებ, მთელი ძალით გაუფრთხილდი მას, რადგან ვიდრე მთლიანად გაითავისებდე, იკარგება და როგორც ცვილს ადვილად დაადნობს ცეცხლი, ასევე მასაც მითქმა-მოთქმა, ხორციელი ტკბობა და ზრუნვა გაადნობს, განსაკუთრებით მრავლისმეტყველებასა და სიცილს ერიდე.
9. ცრემლთა წყარონი, რომელიც ნათლისღების შემდეგ მოგვემადლება, ნათლისღებაზე უპირატესია, თუმც ეს სიტყვები რამდენადმე კადნიერად ჩანს. რადგან ნათლისღება ძველ ბოროტებათაგან განგვწმენდს, ხოლო ცრემლი ბანს იმ ცოდვასაც, რომელსაც ნათლობის შემდეგ ვიქმთ. ყრმობისას მიღებულ ნათლობას ყოველი ჩვენგანი შემდეგ შებილწავს ხოლმე. ცრემლით კი კვლავ განვბანთ მას. კაცთმოყვარე ღმერთს ჩვენთვის რომ გლოვა არ მოენიჭებინა, მაშინ ჭეშმარიტად, ძალიან ცოტა თუ ცხონდებოდა.
10. ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს, მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვშუამდგომლობს, ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმიდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია.
11. თუკი სიბრძნისმოყვარებას არაფერი შეესატყვისება ისე, როგორც ტირილი, ასევე არაფერი უპირისპირდება მას სიცილისა მსგავსად.
12. ნეტარი მხიარული წუხილი მოწყალებისა მთელი ძალებით შეინარჩუნე და გამუდმებით ამ საქმეში ივარჯიშე, ვიდრე ის ყოველივე მიწიერზე არ აღგამაღლებს და განწმენდილს არ წარგადგენს ქრისტეს წინაშე.
13. გამუდმებით ჯოჯოხეთის ბნელი, ცეცხლოვანი უფსკრულის სახება უნდა გვედგას თვალწინ, უწყალო მსახურნი, შეუსმენელი და უმოწყალო მსაჯული, ქვესკნელის ალთა უსასრულო სიღრმე და მიწისქვეშეთის ვიწრო სავალი, უფსკრულის საშინელებანი და სხვა ამის მსგავსნი, რათა უდიდესმა შიშმა ჩვენს გულში ჩაბუდებული ვნებიანობა მოსწყლას, სული უხრწნელ სიწმინდეს შეუერთდეს და საკუთარ თავში უნივთო ნათლის ბრწყინვალება შეიწყნაროს, რომელიც ყოველგვარ ცეცხლზე უბრწყინვალესი იქნება.
14. ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცხრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის წინაშე და აწყინებს ლოცვის მოუწყენელ ღმერთს.
15. ვინც სულიერი ცრემლი მოიპოვა, მას ყველა ადგილი გლოვისთვის შესაფერისად გამოუჩნდება, ხოლო, თუ ვინმესთვის ეს მხოლოდ გარეგნული საქმეა, მას ყოველთვის ურჩევნია, რომ შესაფერისი ადგილი და მდგომარეობა შეარჩიოს.
16. როგორც დამალული საუნჯე უფრო ძნელად მისაწვდომია მტაცებელთათვის, ვიდრე - სავაჭროდ გამოფენილი. ამგვარად უნდა ვიფიქროთ ზემოთქმულის შესახებაც.
17. ნუ მიბაძავთ მკვდართა დამმარხველებს, რომლებიც ხან დასტირიან მათ ხან კი მათთვის სვამენ და თვრებიან, არამედ ემსგავსე დილეგის ტუსაღს, ყოველდღიურად გვემას რომ იტანს მტარვალთაგან.
18. ვინც ხან გლოვობს და ხან ტკბება და სამხიარულო ამბებს ჰყვება, ის იმ კაცს ჰგავს, ვინც სიძვის ძაღლებს ქვის ნაცვლად პურს ესვრის; თითქოს ამით განდევნის, სინამდვილეში კი თავისკენ იზიდავს მათ.
19. შინაგანად სტიროდე, მაგრამ არ გამოხატო და საკუთარ თავში ჩაღრმავდი, რადგან ეშმაკს ისე ეშინია გლოვის, როგორც ქურდს - ძაღლისა.
20. ჩვენ, მეგობრებო, საქორწილო ზეიმზე კი არა ვართ წვეულნი, არამედ ყველა, ვინც აქ არის მოხმობილი, მოწოდებულია, რომ საკუთარ თავს გლოვობდეს.
21. ცრემლი განსჯის მიერ იშობა, ხოლო განსჯის მამა აზრი და გონებაა.
22. როდესაც სარეცელზე მოსასვენებლად წვები, შენი საფლავად დადება გაიხსენე და ნაკლებს იძინებ. როცა სატრაპეზოდ ჯდები, საკუთარი თავი მატლების საბრძოლო ტრაპეზად წარმოიდგინე და ნაკლებად დატკბები.
23. წყლის სმისას ნუ დაივიწყებ უქრობი ცეცხლით გამოწვეულ წყურვილს და ყოველივე ამით შესძლებ, რომ საკუთარი ბუნება დაიმორჩილო.
24. სამართლიანი შეურაცხყოფის, მოძღვრისაგან მიღებული უპატიობა და სასჯელის ჟამს, მართლმსაჯული ღმერთის სამსჯავრო გავიხსენოთ და ჩვენში დანერგილ მწუხარებასა და პირუტყვულ მრისხანებას როგორც ორლესული მახვილით, ისე გავანადგურებთ სიმშვიდითა და მოთმინებით.
25. ჟამითა მოაკლდების ზღუასა (იობ.14,11) ამბობს იობი; თანდათანობით და მოთმინებით ჩვენს მიერ მოიხვეჭება და სრულ-იქმნება სათნოებები, რომელთა შესახებაც ვლაპარაკობთ.
26. დაე, ყოველ საღამოს მარადიული ცეცხლის გახსენებით წვებოდე და მასთან ერთადვე დგებოდე დილით და ფსალმუნებისას მოწყინების ვნება ვეღარასოდეს დაგჯაბნის.
27. დაე, გლოვის ღვაწლისთვის თვით შენმა სამოსელმაც კი განგაწყოს. რადგან გმოსავს შავი, რომელიც მწუხარების ნიშანია. ყოველი, ვინც მიცვალებულს გლოვობს, შავად იმოსება.
28. თუ ცრემლის სურვილი არ გაქვს, მაშინ თავად ეს იტირე, ხოლო თუ გაქვს ცრემლი, კიდევ უფრო მეტად იგლოვდე, რადგან საკუთარი თავი უზრუნველ და უშფოთველ ცხოვრებას ცოდვების აღსრულებით განაშორე და მწუხარე და დარდით სავსე მდგომარეობამდე მიიყვანე.
29. სახიერი და მართალი მსაჯული ჩვენი, უეჭველია, რომ როგორც ყველაფერში, ასევე გლოვის ღვაწლშიც ჩვენი ბუნების ძალის მიხედვით განიკითხავს. რადგან მინახავს, რომ ზოგიერთი ცრემლის მცირე წვეთს სისხლის ფასად ღვრის, სხვა კი ცრემლთა ნიაღვარს სულ ადვილად გარდამოადენს. მაგრამ მე მოღვაწეთა ძალისხმევის მიხედვით შემიფასებია მათი საქმე და არა - ცრემლთა სიმრავლით. ვფიქრობ, რომ ღმერთიც ასევე სჯის.
30. მგლოვარენი არ უნდა ღვთისმეტყველებდნენ და ზეციურ ამბებს არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ეს მათ ცრემლთა წყაროს დაწყვეტს. რადგან იგი, ვინც ღვთისმეტყველებს, მქადაგებლის კათედრაზე მჯდომარეს ჰგავს. ხოლო მგლოვარე ნაცარზე და ძაძაზე მჯდომს უნდა ედარებოდეს. ვფიქრობ, რომ დავითიც, ყოვლადბრძენი მამა და მოძღვარი, გლოვის ჟამს, თუ ვინმე ჰკითხავდა, უპასუხებდა: ვითარ ვგალობდე გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა (ფს.136,4)? ე.ი. ვნებულ სულიერ მდგომარეობაშიო.
31. როგორც გარეგნულ მოქმედებაში, ასევე სულიერ ლმობიერებაში არსებობს თვითაღძვრა და აღძვრა, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს. როდესაც სული ჩვენი მცდელობისა და ზრუნვის გარეშე ცრემლისკენ მიიდრიკება, ლბება და მოწყალებით ივსება, მაშინ ვისწრაფოთ, რადგან უფალი მანამდე მოვიდა ჩვენთან, ვიდრე მოვუხმობდით და მოგვცა ღრუბელი, რათა განვისვენოთ და მოგვცა ღვთივსათნო ცრემლის ანკარა წყარო, რათა ჩვენი ცოდვების ხელწერილი წაიშალოს.
32. თვალის გუგასავით გაუფრთხილდი ამ მწუხარებას, რომ ის თანდათანობით არ დაგტოვოს მან; რადგან ძლიერი ძალა აქვს და დიდად აღემატება იმ ტირილის ძალას, რომელიც ჩვენი პირადი მცდელობისა და განსჯის შედეგად მოდის.
33. ის კი არ მისწვდა გლოვის ღვაწლის სრულყოფილებას, ვინც მაშინ ტირის, როცა ისურვებს, არამედ ის, ვინც იმაზე ტირის, რაზედაც ტირილს ისურვებს (ე.ი. რაიმე სულისთვის სასარგებლო საგანზე). მაგრამ თვით იმასაც არ მიუღწევია სრულყოფილებისთვის გლოვაში, ვინც იმაზე ტირის, როგორც უფალს სურს.
34. ხშირად ღვთივსასურველ გლოვას ჩვენში პატივმოყვარების ცრემლი შეერთვის, ამას მაშინ მივხვდებით, თუ ვიგრძნობთ, რომ კი ვგლოვობთ, მაგრამ ვნებებს ვართ მიცემულნი.
35. ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც კი არ თავმაღლობს და არც რამენაირი განშვების ნებას აძლევს თავს, არამედ მუდმივად ამქვეყნად საკუთარ გასვლას წარმოიდგენს და როგორც მაცოცხლებელ წყალს - ნუგეშს ელის მხოლოდ ღვთისგან, რომელიც თავმდაბალ მონოზონთა ხვედრია. ვინც გულისტკივილით ჭეშმარიტი გლოვა მოიხვეჭა და ამით ქვეყნიური ცხოვრება მოიძულა (ვითარცა შრომით აღსავსე და ცრემლთა და სნეულებათა მიზეზი), ის საკუთარ სხეულს - როგორც მტერს, ისე ეპყრობა.
36. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაჲ ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6.14).
37. ცრუ გლოვა ამპარტავნებას ბადებს, ჭეშმარიტი კი - ნუგეშს.
38. როგორც ცეცხლი სწვავს ლერწამს, ასევე წმიდა ცრემლები ყოველგვარ შინაგან და გარეგან უწმინდურებას დასწვავს.
39. მამათაგან მრავალი ამბობს, რომ ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, განსაკუთრებით - დამწყებთათვის. და ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისაგან, არასწორი მწუხარებისგან და ჭეშმარიტი მწუხარებისგან, ამპარტავნებისგან, სიძვის ვნებისგან, სიყვარულისგან, სიკვდილის ხსოვნისგან და სხვა მრავალნაირი აღძვრისგან.
40. ყოველივე ეს ღვთის შიშით გამოვიკვლიოთ და შევეცადოთ, ის წმიდა და უზაკველი ცრემლი მოვიპოვოთ, რომელიც ჩვენი სხეულთან გაყრის შესახებ ფიქრისას იბადება, რადგან მასში არ არის ცდომა და ამპარტავნება, არამედ განწმენდა და წარმატება ღვთისადმი სიყვარულში, ცოდვათაგან განბანვა და ვნებათაგან გათავისუფლება.
41. დიდად გასაკვირი არ არის, თუ გლოვა სწორად იწყება და არასწორი ცრემლებით მთავრდება, მაგრამ ჭეშმარიტად საქებარია, თუ მცდარი ან ბუნებითი გლოვიდან სულიერ გლოვას მივაღწევთ. ამ ნათქვამის აზრი ცხადია მათთვის, ვისაც პატივმოყვარეობისკენ აქვთ მიდრეკილება.
42. ნუ ერწმუნები შენს ცრემლებს, ვიდრე ვნებათაგან სრულად არ განიწმიდები; რადგან ის ღვინო, რომელიც საწნახელიდან პირდაპირ ჭურჭელში ჩაედინება, საიმედო ჯერ კიდეც არ არის.
43. არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ.
44. ის, ვინც გამუდმებულად გლოვობს ღვთისმიერ, იგი ყოველდღიურად და დაუსრულებლად დღესასწაულობს (სულიერად); ხოლო ვინც მუდამ ხორციელად დღესასწაულობს, მას მარადიული გლოვა მოელის.
45. დილეგში შეპყრობილთათვის არ არსებობს სიხარული, არც ჭეშმარიტ მონაზონთათვის შეიძლება იყოს ამ ქვეყნად დღესასწაული. ამიტომაა, რომ ტკბილ ცრემლს ღვრის წინასწარმეტყველი და გოდებით ამბობს: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი (ფს. 141,8), რათა შენი გამოუთქმელი ნათლით იხარებდესო.
46. მეფესავით იჯექი შენს გულში - სულიერი სიმდაბლის ტახტზე და უბრძანებდე სიცილს - წარვედ და წარვიდის, გლოვას - მოვედ! და მოვიდის და ხორცს - ამ მონას და მტანჯველს ჩვენსას - ქმენ ესე! და ქმნის. (მათ. 8.9).
47. ვინც ნეტარი და კეთილი ტირილი საქორწინო სამოსელივით შეიმოსა, მან სიხარული შეიცნო.
48. არის ისეთი ბერი, რომელმაც მთელი მონოზვნობა ისე ღვთისმოსაურად განვლო, რომ არც ერთი დღე, საათი და წამი არ დაუკარგავს, მთელი დრო ღმერთს უძღვნა, რადგან ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ერთი და იგივე დღე ორჯერ არ გაუთენდებოდა?!
49. ნეტარია მონოზონი, რომელსაც სულიერი თვალით გონიერ ძალთა ხილვა ძალუძს.
50. მაგრამ ჭეშმარიტად დაცული დაცემისგან იგია, ვინც სიკვდილის და თვისი ცოდვების მოხსენებით საკუთარ ღაწვებს ხორციელ თვალთა ცხოველი ცრემლით რწყავს. და მე ეჭვი მეპარება, რომ პირველი მდგომარეობის მოპოვება და მასში განმტკიცება უკანასკნელის გარეშე შესაძლებელი იყოს.
51. მინახავს უსირცხვილო მათხოვრები და გლახაკები, რომლებიც მჭერმეტყველებით თვით მეფეების გულებსაც კი მოწყალებისკენ მისდრეკენ. მინახავს ისინი, ვინც მწირნი და ღატაკნი იყვნენ ყოველგვარ სათნოებათაგან და ისინი მჭერმეტყველებით კი არა, სიმდაბლით, გაურკვეველი და არამკაფიო სიტყვებით, ურცხვად და განუწყვეტელად უხმობდნენ უფალს და თითქმის ძალით გამოჰგლიჯეს წყალობა მას. აიძულეს მისი ტკბილი და სახიერი ბუნება, რომელიც არანაირ იძულებას არ ემორჩილება.
52. ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს.
53. ძმებო, უფალი არ ითხოვს და არც სურს, რომ ადამიანი გულისტკივილით ტიროდეს, არამედ სურს, რომ მისდამი სულიერი სიხარულით იხარებდეს.
54. მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგვჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.
56. ადამს ცოდვით დაცემამდე ცრემლი არ ჰქონდა, ასევე როგორც აღარ ექნება ის აღდგომის შემდეგ, როდესაც დაიძლევა ცოდვა, რადგან მაშინ განგვეშორება სალმობა, მწუხარება და სულთქმა (ისაია 35.10).
57. ვნახე ზოგიერთი მტირალი და ვნახე ისინიც, ვინც უცრემლობას სტიროდა. ამ უკანასკნელთ, თუმც ცრემლი აქვთ, მაგრამ ჰგონიათ, რომ არა აქვთ და ამ ურწმუნოებით ამპარტავნებისაგან არიან დაცულნი, მათზეა ნათქვამი: უფალმან განაბრძვნის ბრმანი (ფს. 145.8).
58. ხშირად ხდება, რომ უგუნურს ცრემლი გააამპარტავნებს; ამიტომაა, რომ ის ყველას არ ეძლევა. ასეთები ეძებენ მას, მაგრამ და ვერ პოულობენ, წყევლიან საკუთარ თავს, განიკითხავენ და სულთქმით და გოდებით ასამართლებენ, სულიერი მწუხარებით, უღრმესი შემუსვრილებითა და გულისტკვილით ტანჯავენ. ყოველივე ეს ღვთის წინაშე უსაფრთხოთ ცვლის მათ ცრემლს, თუმცა თავად ამის შესახებ არც იციან და ამ სიკეთესაც არაფრად აგდებენ.
59. თუ კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ეშმაკები ხშირად მწარედ დაგვცინიან, რადგან, როდესაც ნაყროვანებაში ვართ, გულს მოგვილბობენ, ხოლო მარხვისას გულს გაგვიქვავებენ, რათა ცრუ ცრემლებმა გვაცდუნოს და მივეცეთ შვებას - ყოველგვარი ვნების დედას. მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა ვემორჩილებოდეთ და უნდა ვებრძოდეთ.
60. თუ ლმობიერების ბუნებას დააკვირდებით, ის გაგაკვირვებთ, თუ როგორ ხდება, რომ ტირილი და ე.წ. მწუხარება შეიცავს საკუთარ თავში სიხარულს და მხიარულებას, როგორც ფიჭა - თაფლს. და რა უნდა ვისწავლოთ აქედან? ის, რომ ამგვარი ლმობიერება ჭეშმარიტად ნიჭია ღვთისა. ასეთ დროს სულში არატკბილი (ხორციელი) სიტკბოება არ არის, რადგან ღმერთი გულშემუსვრილებას საიდუმლო სახით სცემს ნუგეშს.
61. იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გლოვის ძალა და გულის შემუსვრილებიდან გამომდინარე სარგებლობა ვიხილოთ, ეს გულისშემძვრელი და სულისთვის სასარგებლო ამბავი ვისმინოთ. აქ იმყოფებოდა ვინმე სტეფანე, რომელსაც მეუდაბნოე და დაყუდებული ცხოვრება უყვარდა, მრავალი წელი მონაზვნური ღვაწლით განვლო და სხვადასხვაგვარი სათნოებით გაბრწყინდა. განსაკუთრებით ცრემლითა და მარხვით იყო შემკული. თავდაპირველად მას სენაკი სინას მთაზე ჰქონდა, სადაც ოდესღაც წმიდა თვითმხილელი და წინასწარმეტყველი ილია ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ამ ღირსადსაქებარმა მამამ გადაწყვიტა, რომ უმკაცრესი და უდიდესი სინანული ეტვირთა და მონოზონთა სამყოფელს განერიდა იმ ადგილას, რომელსაც სიდი ეწოდებოდა. აქ მან შვიდი წელი უსასტიკესი და უმძიმესი ცხოვრებით იცხოვრა, რადგან ეს ადგილი ყოველგვარ ნუგეშისცემას იყო მოკლებული და ადამიანთა სავალისაგან სრულიად განშორებული, რადგან დასახლებიდან 70 საჟენი აშორებდა. აღსასრულის წინ ბერი თავის სენაკს დაუბრუნდა წმიდა მთაზე, სადაც ორი მოწაფე ჰყავდა დატოვებული, ორივე მეტად ღვთისმოსავი პალესტინელი იყო და მის არყოფნაში სენაკს იცავდნენ. აქ რამდენიმე დღის შემდეგ ბერი დასნეულდა და მიიცვალა. გარდაცვალების წინა დღეს იგი ჭკუიდან შეცდა. ღია თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა და თითქოს ვიღაცეებს ესიტყვებოდა. ხან ასე ამბობდა: - დიახ, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამისთვის მე ამდენი წელი ვიმარხულე, - ხან: - არა, მე ეს არ მიქნია, თქვენ ცრუობთ, - შემდეგ ისევ ამბობდა: - ასეა, ნამდვილად ასე, მაგრამ მე ვტიროდი და ვემსახურებოდი ძმებს. ზოგჯერ კი ამოიძახებდა: - არა, თქვენ ცილს მწამებთ! - სხვებს კი პასუხობდა: - ასეა, ნამდვილად ასეა და არ ვიცი, რა მოგიგოთ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა~. ჭეშმარიტად საშინელი და შემაძრწუნებელი იყო ეს უხილავი და უმოწყალო ტანჯვა; და რაც ყველაზე საშინელია, მას იმასაც აბრალებდნენ, რაც არ ჩაუდენია, ვაი რომ, დაყუდებული და განდეგილი ბერი ზოგიერთ თავის ცოდვაზე მიუგებდა ხოლმე: - არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხოთ. თუმცა მან თითქმის ორმოცი წელი მონოზვნობაში გაატარა და ცრემლი მიემადლა ღვთისაგან. ვაი, მე ვაი მე! სად იყო მაშინ ეზეკიელის სიტყვები, რომ მტანჯველთათვის ეთქვა: რომელსაცა ზედა გპოო, განგიკითხო შენ, თქუა უფალმან (იეზეკ. 33,13,16). ასეთი რამის თქმა მას არ შეეძლო. და რატომ? დიდება ღმერთს მხოლოსა! ზოგიერთმა, როგორც ღვთის წინაშე იტყოდა, ისე დანამდვილებით მითხრა, რომ იგი (სტეფანე) უდაბნოში საკუთარი ხელით კვებავდა ავაზას. ამგვარი ტანჯვით დატოვა მისმა სულმა სხეული და არავინ იცის, თუ როგორი გადაწყვეტილებით დამთავრდა ეს სამსჯავრო და როგორი განაჩენი მოჰყვა მას.
62. როგორც ქვრივი, ქმრის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ერთადერთი შვილით ნუგეშობს - ღვთის მიერ, ასევე დაცემული სულისათვის სხეულიდან განსვლის ჟამს მარხვისა და ცრემლის გარდა სხვა ნუგეში აღარ არსებობს.
63. მტირალი არ გალობს და არც ხარობს, რადგან ეს გლოვის ღვაწლს ავნებს. თუ ამ საშუალებით ცდილობ, რომ მოუხმო მას ე.ი. ძალიან შორს ხარ ამ ღვაწლისაგან. რადგან გლოვა მხურვალე სულის ფესვებგადგმული ჩვეულებაა.
64. ბევრისათვის ტირილი ნეტარი უვნებლობის წინაპირობა გახდა. მან მოსპო ვნება და სული განმინდა.
65. ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობთ სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა, მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნებოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე დაგტოვებ, - ამგვარადვე მიცავდა ის სხვა ვნებებისაგანაც. მე კი ვპასუხობდი: - არასოდეს გარდავალ შენს ნებას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარმადგენ.
66. ამგვარად გლოვის უფსკრულში იმალება ნუგეში, ხოლო გულის სიწმინდე გაბრწყინებას მიიღებს. გაბრწყინება გამოუთქმელი მოქმედებაა საიდუმლოდ გაცხადებული და უხილავი ხილული.
67. ნუგეში არის მოსვენება მტკივნეული სულისა, რომელიც ყრმის მსგავსად ტირის შინაგანად და ამასთან ერთად კიდეც იღიმება სიხარულით.
68. მეოხება მწუხარებით დათრგუნული სულის განახლებაა, ის ტკივილის ცრემლებს სასწაულწებრივად გარდაქმნის ნეტარ ტირილად. ამ ქვეყნიდან განსვლის მოხსენებით ცრემლი შიშს ბადებს.
69. ხოლო როდესაც შიში უშიშობას (ე.ი. იმედს) შობს, მაშინ გამობრწყინდება სიხარული. როდესაც უსასრულო სიხარული ზღვარს მიაღწევს, მაშინ წმიდა სიყვარულის ყვავილს გამოიღებს.
70. სიმდაბლის ხელით აირიდე კარს მომდგარი სიხარული, როგორც არაღირსმა, რათა არ გაცდუნოს და მწყემსის ნაცვლად მგელი არ შეიწყნარო.
71. ნუ ესწრაფვი ხილვებს, როდესაც სიფხიზლის ჟამია, არამედ ელოდე, რომ ისინი თავად მოგძებნიან შენი სიმდაბლის საუკუნოდ შეგეუღლებიან შენ.
72. სულ პირველად, როდესაც ყრმა მამის ცნობას იწყებს, მამას გამუდმებით სიხარული და მწუხარება ავსებს, სიხარული იმიტომ, რომ ჭვრეტს სასურველს, ხოლო მწუხარება იმიტომ, რომ ამდენ ხანს მისი მშვენიერების ხილვას მოკლებული იყო.
73. დედაც ასევე დროდადრო მიეფარება ხოლმე ყრმის თვალთაგან და ხარობს, როდესაც ხედავს, თუ როგორი მწუხარებით ეძებს შვილი მას. ამგვარად აჩვევს პირმშოს, რომ მარადიულად მასზედ იყოს მიჯაჭვული და კიდევ უფრო მხურვალეს ხდის მის სიყვარულს მშობლისადმი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ (მათ. 13.9). - ბრძანებს უფალი.
74. მსჯავრდებული ავაზაკი, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი მოისმინა, უკვე სხვადასხვაგვარი სანახაობებით ტკბობაზე აღარ ზრუნავს, იგი გრძნობად სიამოვნებათა განცდას აღარ ესრაფვის, აღარც დიდება უნდა, აღარც მრისხანება და სიფიცხე იპყრობს.
75. გლოვა მონანული სულის მოუშორებელ ტკივილად იქცევა. ის ყოველდღიურად მწუხარებას მწუხარებაზე დაურთავს მშობიარე დედაკაცის მსგავსად.
76. მართალი და სიმართლის მოყვარეა უფალი. იგი გონიერად დაყუდებულს ჭეშმარიტ გლოვას ანიჭებს, ხოლო გონიერ მორჩილს - ყოველდღიურ სიხარულს.
77. ამ ორიდან არც ერთი საუკუნო გლოვას არ მიეცემა, თუ გზას რჯულის აღსრულებით გაივლის.
78. განაგდე ძაღლი (ჯოჯოხეთისა), რომელიც უღრმესი გლოვის დროს გეწვევა და ღმერთს შეუბრალებლად და უწყალოდ გაჩვენებს. დააკვირდი მას და ნახავ, რომ ისიც ცოდვით დაცემამდე უფალს კაცთმოყვარეს, მოწყალესა და შემწყნარებელს უწოდებენ.
79. გამუდმებული ვარჯიში გამოიმუშავეს ჩვევას. ჩვევა გადაიქცევა გრძნობად, რომელიც სულში დამეკვიდრება, ბუნებად გარდაიქმენაბ და ძნელადღა დაგტოვებს.
80. ცხოვრების განმავლობაში დიდი ღვაწლიც რომ აღვასრულოთ, თუ ამ დროს მტკვინეული გული არ გვექნა, ყოველგვარი ღვაწლი თვალთმაქცური და ამაო იქნება; რადგან მათ, რომელნიც, ასე ვთქვათ, განბანვის შემდეგ შეიბილწნენ, აუცილებელია და ჭეშმარიტად აუცილებელია, რომ ხელები გულის გაუნელებელი ცეცხლით და ღვთიური მოწყალების ზეთით განიწმინდონ.
81. მე ვნახე რამდენიმე, რომელიც გლოვის უკიდურეს ზღვარზე იდგა. მწუხარების ტკივილითა და მოწყლული გულით ისინი ხილულად ანთხევდნენ სისხლს პირიდან. ამის მნახველს გამახსენდა თქმული - იგვემა ვითარცა თივა და განხმა გული ჩემი (ფს. 101.5).
82. შიშისაგან მოგვრილი ცრემლი თავისთავად ძრწოლასა და დაცვას შეიცავს. სიყვარული სრულიქმნებოდეს, შეიძლება, წაერთვას კიდეც კაცს. განა მხოლოდ ის დიდი და ღირსსახსოვარი ცეცხლი აღანთებს გულს?! ჭეშმარიტად საოცარია, რომ უფრო ნაკლებად ამაღლებული მდგომარეობა უფრო მყარია ხოლმე.
83. არის საგნები, რომლებიც ცრემლთა წყაროებს შეგვაშრობს ხოლმე თვალზე. არიან სხვები, რომლებიც მათში მწვირესა და უწმინდურობას ნერგავენ. პირველის მიერ ლოთი საკუთარ ქალიშვილებთან დაეცა, ხოლო მეორემ ეშმაკი გარდამოაგდო ზეციდან.
84. იმდენად დიდია ჩვენი მტრების ბოროტება, რომ ისინი სათნოების მშობლებს ბოროტების მშობლებად გადააქცევენ და სიმდაბლის მოხვეჭის საშუალება, ამპარტავნების წყაროდ გარდაიქმნება.
85. ხშირად თვით ჩვენი საცხოვრებლის ადგილმდებარეობა და გარეგნული შესახეოდაობა გულს ლმობიერებით აღძრავს; ამაში უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს, ილიასა და იოანეს მაგალითი გვარწმუნებს. ისინი ხომ განმარტოებულად ლოცულობდნენ.
86. მაგრამ მე მინახავს, რომ ბევრს - ქალაქში და შუაგულ შფოთში მოუპოვებია ცრემლი. ეს ცბიერი და ეშმაკების ბოროტი განზრახვით ხდება, რათა ვიფიქროთ, რომ ამ შფოთისგან არაფერი გვევნება და ამ სოფელს დავუახლოვდეთ.
87. ხშირად ერთი სიტყვაც კი მოგვაკლებს ტირილს და რა საოცარი იქნებოდა, ისევ ერთი სიტყვით რომ შეგვეძლოს მისი დაბრუნება.
88. ჰოი ძმებო, ჩვენ განსვლის ჟმას ბრალს როდი დაგვდებენ იმაში, რომ სასწაულებს არ აღვასრულებდით, ან ღვთისმეტყველები რომ არ ვიყავით, ან ხილვები რომ არ გვქონდა, არამედ უეჭველია, ღმერთს პასუხს მივუგებთ იმაზე, რომ განუწყვეტლად ჩვენს ცოდვებს არ დავტიროდით.