ვუმზერ კაცსა ნატანჯსა, მოკლულსა, არმენაკითა წარგრაგნილსა და საფლავად დადებულსა. მაგრამ ვინაა იგი? ვინაა გაბოროტებისა და შურისძიების მსხვერპლი ესე? არა მარტო კაცია იგი, არამედ ღმერთკაცი, ძე ღვთისა ცხოველისა, იესუ ქრისტე. მოიკლა კი რისთვის მართალი, უცოდველი, უდანაშაულო და უსაზღვროდ მოყვარული ღმერთკაცი?
ჰოი, სიყვარულო ჩვენო ქრისტე, და კვალად ვიტყვი: ჰოი, სიყვარულო ჩვენო ქრისტე! შენმა ჩვენდამი სიყვარულმა სადამდე მიგიყვანა! შენ გნერწყვეს, სახეში გირტყეს, დაგაწყლულეს და მოკვდი ჯვარცმის ენით გამოუთქმელ ტანჯვებში. ჰოი, სიყვარულო ჩვენო ქრისტე! რა ძლიერ შეგვიყვარე შენ ჩვენ!
განუზომელია შენი ვნებები ამა სოფლისათვის, მაგრამ უსაზღვროა ნაყოფი შენთა ტანჯვათა: შენითა წყლულებითა განვიკურნენით (1 პეტრე 2.24; ისაია 53.5).
... (მაგრამ) ვისგან მოიკლა და სად არიან მკვლელები? მოკლულ იქნა იმის გამო, რომ უყვარდა ადამიანები იმგვარად, როგორც არავის და არასდროს; ხოლო ვისაც ამ სიყვარულისთვის უნდა გაეგო, მათ არ ინდომეს; იმის გამო, რომ მან მრავალი, უსაზღვროდ მრავალი ქველის საქმე მოიმოქმედა, რომელიც არავის არასდროს უქმნია; თუმცაღა, ამ ქველის საქმეებზე სულ სხვადასხვაგვარად ლაპარაკობდნენ; იმის გამო, რომ მრავალი, დიდებული სასწაული აღასრულა, ქველისმოქმედი სასწაულები, ხოლო ადამიანები კი ამ სასწაულებს მზაკვრულად უყურებდნენ; იმის რომ, იგი, როდესაც ეს საჭირო იყო, თავის თავს იხსენიებდა იმად, ვინც იყო, ანუ ძე ღმრთისად, მოსრულად ცოდვილთა ცხოვრებად; იმის გამო, რომ მასთან მოდიოდა მთელი ქვეყანა, მთელი ხალხი - მომზირალი მისთა სასწაულთა და თანამონაწილე მისთა ქველისსაქმეთა, თუმცაღა მალევე დამვიწყებელი მისი სასწაულებისა და სიქველისა: აი, რისთვის მოიკლა ღმერთკაცი. ვის მიერ მოიკლა? იუდეველებისაგან, იმათგან, ვინც მაცხოვრის მოსვლამდე მათი უსამართლოებისა და უსჯულოების მამხილებელი წინასწარმეტყველნიც მოკლეს; იუდეველებმა, ღვთის რჩეულმა ხალხმა, რომელსაც ღმერთმა უამრავი ქველისსაქმე მოუვლინა; განსაცვიფრებელი სასწაულები, რომელსაც ამჟამად მართმადიდებელი ეკლესია ყოველდღიურად უგალობს. მაგრამ, ეს კია, აქ უდიდესი საიდუმლოებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ახლა განსაკუთრებულად უნდა ჩაუღრმავდეს; ძე ღმრთისას მტანჯველნი და მკვლელნი ერთი მხოლოდ იუდეველები და რომაელები (წარმართები) როდი იყვნენ; ამ ტანჯვასა და მკვლელობაში დიდად, დიდად დამნაშავენი ვართ ჩვენც ყველანი. რატომ? იმიტომ, რომ ძე ღვთისა, იესუ ქრისტე, როგორც მხსნელი სოფლისა, ჩვენი ცოდვების მსხვერპლიც იყო; ევნებოდა რა და მოიკვლებოდა რა იგი ყოვლადმართალი ზეციური მამისაგან, ვითარცა კაცი (კაცობრივ), ჩვენთა ცოდვათათვის სასჯელს მიიღებდა. იუდეველებმა ღმეთკაცს გაუკეთეს ის, რასაც, შესაძლოა ჩვენც ჩავიდენდით ჩვენი ვნებების პატრონი, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავით, სიმართლე რომ ვთქვათ, ვიქმთ კიდეც, ოღონდ, სხვა ზომით და სხვაგვარად ჩვენს მოყვასზე ამჟამადაც. მაშ ასე, ყურადღებით მიაჩერდით ამ ღვთიურ ვნებულსა და სამდღიან მკვდარს. იგი - (მსხვერპლი) ჩვენთა ცოდვათა, იგი - მსხვერპლია ცოდვებში მომაკვდავი ამა სოფლისადმი ღვთის უკიდეგანო სიყვარულისა, და მაშასადამე, ჩემდამო და შენდამო; საყვარელო ძმაო, ძე ღვთისამ ჩემს ნაცვლად და შენს ნაცვლად დაითმინა საშინელებანი საუკუნო მართლმსაჯულებისა, სამუდამო სასჯელისა, წინ რომ გვიძევს, შესვა სასმისი ყოვლისმპყრობელი ღმერთის სამართლიანი რისხვისა და განძვინებისა, რომელიც შეჰგავდა? მეც უნდა შევსვა და შენც; მან იგემა ღვთის მშვილდიდან გამოსროლილი ყველა გავარვარებული ბასრი ისარი, რომელიც ცოდვილთათვის იყო განმზადებული, და რომელთაც საუკუნოდ უნდა მოვეწყლნეთ მე და შენ, უმადური და ავზნიანი ცოდვილნი. ღვთის მარადიულმა სიმართლემ და დიდმა სიბრძნემ ადამიანთა მიერვე დასაჯა ადამიანთა წილ ღმერთკაცი. ძრწოლითა და კეთილმოკრძალებით ვხრი ქედს ღვთიური მართლმსაჯულების წინაშე, სამჰიპოსტასიანი ღვთაების სიწმინდის წინაშე, რომელმაც ცოდვის უსამართლობის აღსახოცად და ცოდვილი ადამიანის საკურთხებლად, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად იყო შექმნილი - კეთილინება მამაზეციერის სახით უწმინდესი ღმერთკაცი დაესაჯა კაცთათვის, ძის სახით კეთილინება განკაცება და ყოველთა ადამიანურთა უსამართლობათათვის თავს-იდვა სასჯელი, ხოლო სულიწმიდის სახით კეთილინება მონანული ცოდვილები ეკურთხებინა, განეახლებინა ისინი, - უნაზესი და უწმინდესი სიყვარულით გარდამოფენილიყო მათ გულებში. ძმანო! გულისხმა-ჰყავთ საიდუმლოება. განსაჯეთ, რამდენად საზარელი, საძაგელი, საძულველია ღვთისთვის ადამიანში შესული ცოდვა, რამდენად საშინელია სასჯელი ცოდვისთვის, როდესაც ყოვლადწმიდა და ყოვლადსამართლიანმა უფალმა არა ჰრიდა საყვარელსა ძესა თვისსა, არამედ ჩვენთვის მისცა ამგვარ ვნებებსა და სიკვდილს. თუკი ახლადაღყვავებულ ხეს, ანუ ღმერთკაცს ამგვარად მოექცა ღვთის სამართლიანობა, რაღა ელოდება გამხმარ, უნაყოფო ხეს, როგორიც ჩვენა ვართ ცოდვილები? მაშ ასე, ძმანო ცოდვილნო! გეშინოდეთ ცოდვის ცოდვისთვის მიმატება, უსჯულოებისა უსჯულოებისთვის. უმზერთ რა ამ ღვთიურ ვნებულს, ისწავლეთ ამიერიდან მოიძულოთ და მოიძაგოთ ყოველგვარი ცოდვა და შეიყვაროთ სიმართლე და სათნოება. თუკი გააზრებულად შევსძენთ ცოდვას ცოდვაზე, და ამ გზით ჩვენში ხშირად და მრავალგზის ჯვარს-ვაცვამთ ძე ღმრთისას თუკიღა ვინანებთ ფარისევლურად და ღვთიურ საიდუმლოებებს მოუხდებით უღირსად; თუკიღა აღსარების შემდგომ და ნაზიარებნი ჩვენდა განსაწმენდად და საკურთხებლად, ღვთის შიშის გარეშე ვიცხოვრებთ, გარყვნილი გულის ჟინს ადევნებულნი, - მაშინ სწორედ ეს წყლულები მაცხოვრის ხელ-ფეხზე და მისი განგმერილი გვერდი ჩვენ გვექცევა არა საცხოვნელად, არამედ განსასჯელად და უკვე ვეღარავინ დაგვიხსნის გეენიის სატანჯველისაგან.
ძმანო ჩემნო! ჩვენთვის ვნებულსა და მომკვდარ მაცხოვარს, მივუძღვანოთ ცრემლები გულწრფელი სინანულისა და სულიერი განაზებისა და ვიცხოვროთ განუწყვეტელ სინანულსა და სიკეთის ქმნაში. ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა