ქრისტე აღსდგა!
დღეს მთელი საქრისტეანო განიცდის უაღრეს სულიერ შვება-ბედნიერებას: დღეს საქრისტეანოში მზე ანათებს ყველას სასიხარულოდ, დღეს დიდი და პატარა, როგორც ტანისამოსით, ისე გულით მორთულნი ვართ სადღესასწაულოდ, დღეს თვით ბუნება გათქორილია სიამოვნების ტალღებით, ძმური, ნათესაური, ტკბილი გადაკოცნით ვეგებებით ერთმანეთს და ვახარებთ ერთი-მეორეს ქრისტეს აღდგომას. მეც გულით მოგილოცავთ სოფლის მხსნელის მკვდრეთით აღდგომის დღეს, ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო, და სულით გეამბორებით დიდსა და პატარას. იხარეთ, იმხიარულეთ და დასტკბით ყველანი დიდებული და ბრწყინვალე დღით. აკი წმ. ეკლესიაც ამას გვიბრძანებს: „ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინაო“.
მაგრამ ვაი, რომ ჩვენს საყვარელ სამშობლოს ბევრჯერ თვით აღდგომაც ტირილისა გასთენებია; ვაი, რომ ქართველები ძველად აღდგომა დღეს ხშირად თვითონ ყოფილან სააღდგომო ბატკნებივით დაკლულნი დაუძინებელი მტრისაგან, თითონ ყოფილან შეღებილნი თავიანთი სისხლით წითლად აღდგომის კვერცხებივით! დღევანდელი დღე, აღდგომის სამშაბათი, სწორედ ამგვარი შემთხვევის მოსაგონებელად აქვს დანიშნული ჩვენს მრავალტანჯულ ეკლესიას.
თბილისიდან აღმოსავლეთ-სამხრეთის მხარეს ოთხმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს დავით-გარეჯის ცნობილი უდაბნო. ოდესღაც ეს უდაბნო უპირველესი იყო ქართველ მონასტერში, როგორც სიმდიდრით, ისე ტაძართა სიდიდით, ბერების სიმრავლით და კრებულის მოღვაწეობრივი ცხოვრებით.
დღეს ხსენებული უდაბნო დანგრეული, განადგურებული და აოხრებულია, მაგრამ თუ კაცი დაუკვირდება იქაურ ნანგრევებს, ადვილად მიხვდება, რომ ძველად მთელი ეს ფართო მიდამო დაფენილი ყოფილა ბერების ქალაქებით, დიდრონი დაბა-სოფლებით და უბნებით, ამ უდაბნო ალაგში უმოღვაწია, უმოქმედია დიდძალ ხალხს. თუთხმეტი-ოცი ვერსის მანძილზე სიგრძით თქვენ გვხვდებათ ყოველგან კლდეში გამოჭრილი ბერების საცხოვრებელი სენაკები და მშვენივრად მოხატული დიდრონი ეკლესიები. ამ უთვალავი სენაკების ბერებს ჩვეულებად ჰქონდათ დიდ შაბათს ღამე უკლებლივ შეკრება ქრისტეს აღდგომის სახელობის ეკლესიაში და ასე მთელი კრებით შეგებება სასიხარულო დღესასწაულისადმი.
დასახელებული ეკლესია ამართულია მაღლობ ალაგზე და არწივივით გადაჰყურებს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას დაცემულ ყარაიაზის ველს. 1616 წელს, ე.ი. ორას ოთხმოცდა ჩვიდმეტის წლის წინეთ, ხსენებულ ეკლესიას დიდ შაბათ ღამეს ლიტანიას უვლიდა აღდგომის სამხიარულო გალობით დიდი კელაპტრებით ხელში ექვსი ათასი ბერი. ბნელაში ექვსი ათასი კელაპტრის სინათლემ უწია მტკვრის ნაპირებამდე. საუბედუროდ, იმ ღამეს მტკვრის პირას, სწორედ აღდგომის ეკლესიის გასწვრივ, დაბანაკებული ყოფილიყო საქართველოს სისხლისმსმელი მტერი შაჰ აბაზი პირველი, რომელბაც სპარსეთიდან მოეყვანა დიდძალი ჯარი და მეორე დღეს ემზადებოდა ქართლ-კახეთის ასაკლებად და ქართველთა ხსებების გასაქრობად.
მტარვალმა სიჩქარით შენიშნა მოძრავი სინათლე. მისი აზრით მახლობლად არავითარი მცხოვრებნი არ უნდა ყოფილიყვნენ და ამიტომ ვერ გაეგო, საიდან გაჩნდა ეს სინათლე. თვალის დახამხამებაზე ფეხზე დააყენა მხლებლები, გამოჰკითხა მათ ყველაფერი და, როდესაც შეიტყო, რომ იმ ალაგას, საიდანაც სინათლე სჩანს, სცხოვრობენ ბერები და ისინია, რომ სანთლებით ხელში ლიტანიით ეგებებიან თავიანთ უდიდეს დღესასწაულს ქრისტეს აღდგომასო, უბრძანა ლაშქრის ერთ ნაწილს დაუყონებლივ გაწყვეტა მათი და უწყალოდ დარბევა მონასტრისა.
სპარსელები მხეცებივით მიიჭრენ სამხიარულოდ განათლებულ ეკლესიაში, იწყეს მაშინვე თავიანთი უგულო უფროსის ბრძანების შესრულება, მაგრამ, რადგანაც ჯერ წირვა არ იყო გათავებული, ბერები შეეხვეწნენ მკვლელებს: ჩვენ ყველანი აქა ვართ და არავითარი იარაღი არა გვაქვს, როდესაც გინდათ მაშინ შეასრულებთ თქვენს წადილს, ამიტომ შეგვიბრალეთ, მოგვეცით დრო, რომ გავათავოთ საღმრთო წირვა, ვეზიაროთ ყველანი ქრისტეს სისხლსა და ხორცსა და მერე მოგვისპეთ სიცოცხლეო. საბრალოებს თხოვნა შეუსრულეს და გამოწირვის შემდეგ ექვსი ათასი ბერი ტრაპეზზე დაკლეს კრავებივით!
აი, ამ შემთხვევას იგონებს დღეს ჩვენი მშობლიო ეკლესია, ასეთი გულდამწყვეტი სურათი გვიდგება დღეს თვალწინ ჩვენი სამშობლოს წარსულიდან და ეს არის, რომ ამ სულიერად სამხიარულო დღეს უკარგავს ჩვენთვის სიცოცხლეს, ეს არის, რომ გულის ერთი ნახევარი რომ დღესასწაულობს ქრისტეს აღდგომას, მეორე ნახევარი წვრილ-ნაჭრებად იკუწება მწუხარებისაგან, ერთი თვალით რომ გვალხინებს, მეორეთი მდუღარებას გვაფრქვევინებს!
თქვენ ბრძანებთ რა არის აქ სატირალი, განგებამ ექვსი ათასი მოწამე დაუდგინა ჩვენს სამშობლოს ღვთის წინაშე მხურვალე მეოხადო!
დიაღ, თავისთავად ეს გარემოება სამხიარულო, გასახარელი და ღვთისადმი დიდად დასამადლია, მაგრამ სატირლად და სამგლოვიაროდ იცვლება იგი იმის გამო, რომ ჩვენ არ გვახსოვს ეს მოწამენი, თაყვანს არ ვცემთ მათს ჯერ ისევ გაუშრობელ წმ. სისხლს, სასოება არა გვაქვს მათს პატიოსან ძვლებზე, დავიწყებული და თავმინებებულია ჩვენგან ის წმ. ტრაპეზი, რომელზედაც აღდგომა დღეს ტარიგებად შეეწირნენ სოფლის მხსნელს ეს წმ. გვამები, არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს აზრად არ მოგვდის სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ვიახლოთ ამ მოწამეებს, ერთხელ მაინც ვნახოთ ჩვენი თვალით მათი წამების ალაგი, ერთხელ მაინც ვეამბოროთ მათ წმიდა სისხლის ნაკადულს და პატიოსან ძვლებს. მეოხად კი არა, ბრალმდებლად და მამხილებლად სდგანან დღე ხსენებული მოწამენი წინაშე ღვთისა, რადგანაც ჩვენი დაუდევრობის მიზეზით მათი ძვლები იმუსრება ტურებისაგან და მათი სისხლით სტკბებიან ყორნები!
მკედრეთით აღდგომილო ქვეყნის მხსნელო და მაცხოვარო ქრისტე მეუფეო, აგვინთე ქართველებს შენთვის წამებული ქართველი წმინდანებასადმი გაუქრობელი სიყვარული, რომ საშინელი განსჯის დღეს, მათი პირუთვნელი მხილების გამო არ დავიმსახუროთ შენგან უსაშინელესი ბრძანება: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის!“ (მათ. 25,41). ამინ.