სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
ყველა ჩვენგანს გამოცდილებით აქვს შეგნებული, რომ როდესაც იხსენება სადმე ჩვენი გულითადი პატივსადები ადამიანის სახელი, თუგინდ ის ადამიანი ცოცხალიც აღარ იყოს, მაინც დიდ სიამოვნებას იწვევს ეს ხსენება ჩვენს გულში, ბევრს სასიკეთო აზრებს და განზრახვებს ჰბადებს ჩვენს გონებაში და ამ სახელის გაგონებაზე ცხადად გვეხატება ამ ადამიანის სურათი, მისი ცხოვრება, მისი შრომა და ღვაწლი, ყველაფერი ის, რასაც იგი ემსახურებოდა, რაც მას მიაჩნდა საღმრთოდ, რასაც შესწირა სიცოცხლე და რაც ანდერძად დაუდო ჩამომავლობას. ამასთან ერთად, თვითეული ჩვენგანი სცდილობს, შეძლებისა-და კვალად, შეითვისოს ამგვარი ადამიანის ცხოვრების რომელიმე მხარე, რომელიმე სიკეთე მისი ხასიათისა, რომელიმე კეთილი მიდრეკილება მისი სულისა და ამ საშუალებით აიმაღლოს, გაიკეთილშობილოს, გაიფაქიზოს, გაიწმინდოს და შეიმკოს საღვთო მადლით თავისი სული, გონება და ყოფაქცევა. სწორედ ეს მაღალი და ბრძნული მოსაზრება აქვს მიზნად წმ. ეკლესიას, რომ მუდამ-დღე ჰყოფს იგი ხსენებას რომელიმე წმინდანისას. დაურღვეველად მიმდევარი ამ მაღალ-აზროვანი ჩვეულებისა, დღესაც გვაგონებს ეკლესია ერთი ღირსშესანიშნავი და ღვაწლით მოსილი წმინდანის სახელს. დღევანდელი წირვის ჩამოლოცვაში, სხვა წმინდანების სახელების შორის, უეჭველია, გაიგონებდით წმ. მღვდელმოწამისა აბიბოს ნეკრესელი ეპისკოპოსის სახელსაც. დიაღ, გაგონებით გაიგონეთ, მაგრამ გამოიწვია მან თქვენს გონებაში რომელიმე საღმრთო აზრები და წარმოდგენანი? დაგიბადათ მან საღმრთო და კეთილნი სურვილნი? გაგითვალისწინათ ამ სახელის გაგონებამ აბიბოს მოღვაწეობა, მისი ცხოვრება და წამება?არა! გაბედვით შემიძლიან ვთქვა, რომ ბევრს მხოლოდ ყურის ახლო გაურბინა ამ სახელმა; აქ მყოფთა მომეტებულს ნაწილს აზრათაც არ მოსვლია დღევანდელი წმინდანის სახელზე ჯეროვანი ყურადღების მიქცევა, თითქმის არც არავინ იცოდა ამ წამამდე, რომ დღეს ქართული ეკლესია აღასრულებს აბიბოს ხსენებასა და ამის გამო, რასაკვირველია, არც არავინ შეჰვედრებია გულმხურვალედ ამ წმინდანს, არც არავის აუნთია მისთვის სანთელი, არავის გამოუთხოვნია თავისთვის და თავისი ოჯახეულობისათვის ამ წმინდანისაგან ღვთის წინაშე დახმარება და მეოხება.
თქვენ თვითონ საჯეთ, საყვარელნო მსმენელნო, რამდენად სათაკილოა, მავნე რომ არ იყოს, ამგვარი გულცივობა და დაუდევრობა სამშობლო ეკლესიის წმინდანების შესახებ, რაზომ დამამცირებელი და უკადრისია ამისთანა უმადურობა იმ პირებისადმი, რომლებთაც ჩვენი ბედნიერებისათვის, ჩვენი სულიერი წარმატებისათვის არ დაუზოგნიათ სიცოცხლე და ჩვენი სიყვარულის გამო დაკლულან ზვარაკებად!
ღვთისა და ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ჩაგონებით მოსული ასურეთიდან საქართველოში წმ. იოანე ზედაზნელთან, შიო მღვიმელთან და სხვათა ცამეტთა მამებთან ერთად, ნეტარი აბიბოსი მნათობდა ნეკრესის საღვდელმთავრო ტახტზე და მწყსიდა თვისი მადლიანი სწავლა-ცხოვრებით საუცხოვო კახეთის შვილებს. იმ დროს მთლად ჩვენი ქვეყანა დაპყრობილი ჰქონდათ სპარსელებს, რომლებიც თაყვანსა სცემდნენ ცეცხლს და ყოველს ღონისძიებას ხმარობდნენ, რომ თავიანთი სარწმუნოება გაევრცელებინათ ქართველებში. სასიხარულოთ სპარსელებისა, არც თუ უნაყოფოდ რჩებოდა მათი მეცადინეობა: ქართველები, ზოგი უმეცრების გამო, ზოგი მუხთლობისა და ხასიათის სისუსტის გამო, ზოგი სარგებლობის გულისთვის თავს ანებებდნენ ქრისტეანობას და, ნაცვლად ჭეშმარიტი ღვთის მსახურებისა, წყებულობდნენ ცეცხლის თაყვანისცემას სპარსელებმა ააგეს ბევრგან ბომონები (კერპები), რომლებზედაც ენთო გაუქრობლად ძლიერი ცეცხლი და, მცხოვრებლების ყურადღების მისაზიდავად, დიდი განცხრომით ასრულებდნენ მოგვები ცეცხლის მსახურების წეს-რიგს. რა კითხვა უნდა, ყველაფერი ეს დიდად აწუხებდა და აღონებდა რჩეულ მღვდელმთავარს; იგი ბეჯითად და გამუდმებით აცნობებდა თავის სამწყსოს ქრისტეანობის სინამდვილეს, სიწრფელით უჩვენებდა ყველას ცეცხლის თაყვანისცემის შეცთომა-ამაოებას და მუდამ-დღე მუხლდადგენით ევედრებოდა ღმერთს სპარსელების საცთურიანი სწავლა-მოძღვრების ძირიანად დამარცხებისა, მოსპობისა და განადგურებისათვის საქართველოში. ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო ერთხელ წყლით სავსე ჭურჭელი და ღვთის სახელის ხსენებით დაიწყო ყოველგან სპარსელების სათაყვანო ცეცხლის ქრობა. სპარსელებმა დიდად იუცხოვეს ასეთი გაბედული ქცევა წმ. მამისა, აღელდნენ, გაბრაზდნენ და აღშფოთდნენ უმაღლეს ხარისხამდე; მაშინვე შეიპყრეს აბიბოსი, სცემეს, სტანჯეს და ჩასვეს საპყრობილეში, ამასთან დაუყოვნებლივ აცნობნეს თავიანთ უფროსს ქართლში, რომ ნეკრესის ეპისკოპოსმა დიდი უბედურობა, საშინელი შეურაცხება და არა-მოსათმენი დამცირება მოგვაყენა სპარსელებსო, მან გააქრო ჩვენი სათაყვანო ცეცხლი, ე.ი. შეაგინა, დაგმო და მოკლა ჩვენი ღმერთიო.
გაანჩხლებულმა უფროსმა სისწრაფით დაიბარა თავისთან აბიბოსი, რომ ეწამებინა, ეტანჯნა და, თუ არ შეინანებდა თავის საქციელს, მოეკლა კიდეც. კარგად იცოდა აბიბოსმა, რისთვის იბარებდა მას სპარსელების უფროსი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიამოვნებით გაუდგა გზას და დიდი მადლობა აღუვლინა ღმერთს, რომ იგი გახდა ღირსი მოწამეთა გუნდში ჩარიცხვისა. ბევრგვარი ტანჯვა-წვალებანი მიაყენეს სპარსელებმა გზაში წმ. აბიბოს, მაგრამ სულ ამაოდ და მუქთად დაშვრნენ იგინი! აბიბოს მტკიცედ უყვარდა ქრისტე მაცხოვარი, დიდ შეცდომად მიაჩნდა ცეცხლის მსახურება და ამის გამო, შეურყევლად ადგა თავის აზრს; მას სწყუროდა მხოლოდ დაენახვებინა ყველასათვის სპარსელების ქრისტეს სარწმუნოებაში. მოვიდა თუ არა მცხეთაში, წამებული აბიბოსი გაეშურა სვეტიცხოველის ეკლესიაში და შეავედრა თავისი თავი უფალს. შემდეგ აბიბოსმა გამოსთხოვა სპარსელებს ნებართვა ღირს მამა შიო მღვიმელთან მისვლისა. სპარსელებმა აღუსრულეს წმ. მამას თხოვნა. აბიბოსმა აცნობა ღირს მამა შიო მღვიმელს დაწვრილებით თავისი გარემოება და სთხოვა მას: შემავედრე შენგან შეყვარებულს უფალს, რომ მომენიჭოს მე მხნეობა, სიამოვნებით დავითმინო მომავალნი წამებანი ქრისტეს სახელისათვის. ქრისტეანული სიყვარულით შეუსრულა ნეტარმა შიომ გულითადი თხოვნა თავის წმიდა თანამოძმეს და, აი, ამ წმ. ლოცვით გამხნევებულ-განმტკიცებული, წარუდგა უშიშრად აბიბოსი სპარსელების უფროსს პასუხის საგებლად.
- როგორ გაჰბედე ჩვენი ღმერთის მოკვლაო, - შეეკითხა უფროსი. აბიბოსმა დალაგებით და დაწვრილებით ამცნო უფროსს შეცთომილება და უაზრობა ცეცხლის მსახურებისა: აუხსნა, რომ ჭეშმარიტება მარტო ქრისტეს მოძღვრებაშიაო და ურჩია ქრისტეანობის მიღება. უფროსი უფრო გარისხდა მის წინაშე მდგომი ეპისკოპოსის გაბედულობაზე და გულისწყრომით ეკითხება მას ხელმეორედ: როგორ გაბედე ჩემი ღმერთის მოკვლაო? აბიბოსმაც უფრო გარკვევით და ცხადად დაანახვა სპარსელს სიცრუე მისი სარწმუნოებისა და მეორედ მისცა მას რჩევა, შესდგომოდა იესო ქრისტეს. ახლა კი სპარსელს სრულებით დაეკარგა მოთმინება: სიბრაზით მივარდა აბიბოსს, სცემა, სტანჯა, და უბრძანა თავისს ხელქვეითებს მისი ჩაქვავება და სიკვდილის შემდეგ მისი სხეულის გადაგდება მინდორში ფრინველთა და ნადირთათვის შესაჭმელად. მაგრამ, „ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღვთისა მისისა!“ ვერც მხეცთა, ვერც ფრინველთა ვერ იკადრეს წმ. მოწამის გვამის შეხება, თუმცა დიდხანს იყო იგი მინდორში და უფროსის განკარგულებით თვალყურს ადევნებდნენ სპარსელები, რომ ქრისტეანებს არ დაესაფლავებინათ. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც სპარსელებს მოსწყინდათ წმ. გვამის ყარაულობა, ბერ-მონაზნებმა და სასოებით აღვსილმა ქრისტეანებმა დაკრძალეს ეს წმიდა გვამი შესადარი პატივისცემით და დიდებით მცხეთაში.
ასე იშრომა და ეწამა ქრისტეს სახელისთვის საღმრთო მოწამე აბიბოსი! მართალია, საყვარელნო მსმენელნო, ვეღარც სპარსელნი, ვეღარც სხვა ვინმე ჭკუა-ცთომილნი ვეღარ გაბედვენ დღეს ჩვენი საღმრთო სარწმუნოების ამგვარი კადნიერებით შელახვას, აღარც ერთს ქრისტეს მოსავს აღარ უნდა ეშინოდეს იმგვარი მტარვალებისა, როგორიც იყვნენ წმ. აბიბოს მაწამებელნი; დაუძლურდნენ, დამცირდნენ და თითქმის დედამიწის ზურგიდან აღიხოცნენ კიდეც ის მტრები, რომლებიც სდევნიდნენ, არბევდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ ძველად ჩვენ მამა-პაპას ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისა და თავდადებული სიყვარულის გამო, მაგრამ რას ვხედავთ დღეს ჩვენ შორის: რა გვექნა დღეს ის მხურვალე და მტკიცე სიყვარული სარწმუნოებისა, რომელიც გმირად ხდიდა ჩვენ წინაპართა, რომელიც არარად რაცხდა მათთვის ცეცხლისა, მახვილის, საპყრობილისა და წამების სიმწვავეს? გაქრა, წავიდა და უცნობი ხილი გახდა ჩვენთვის დღეს ეს აუარებელ მტერთა სიმძლავრის დამძლეველ-დამშრეტელი ძალა, ეს საუკეთესო სულიერი სამკაული ჩვენი მამა-პაპისა; გააქრო და მოინელა ეს სასწაულებრივი ძალა დღეს ჩვენ შორის იმ უჩინარმა და მახვილ-მოკლებულმა მტერმა, რომელიც დაბინავებულია ჩვენს გულში და სახელად ეწოდება სარწმუნოებრივი გულცივობა, ანუ საღვთო წერილის ლექსით „ნელტფილობა“. სარწმუნოებრივი დაუდევრობა და გულგრილობაა თავი და თავი მიზეზი, რომ ამ წამს ვერა ვხედავთ ჩვენთან ერთად იმ ჩვენ თანამოძმეებს, რომლებიც მოვალენი არიან აქ ყოფნისა, მაგრამ განა მარტო აქა ვხედავთ ამ სავალალო სურათს? არა, ყოველგანაც ცარიელებია ეკლესიები და მღვდლები უბრძანებენ „მშვიდობა ყოველთა“-სა მარტო მედავითნეებს და მნათეებს.
გულგრილობა სარწმუნოებაზე არ არის ურწმუნოება. არა, სარწმუნოება ყველასა გაქვთ; ამისი უარის ყოფა, ამისი დაუნახავობა ჩვენის მხრით იქნებოდა უკადრისი ცილისწამება, უსაბუთო დამცირება და უტიფარი შელახვა თქვენი სულიერი მშვიდობიანობისა. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ დღევანდელი თქვენი სარწმუნოება აღარ არის მოქმედი და ცხოველი; დღევანდელ თქვენს ცხოვრება-მოქმედებაში აღარ სჩანს ამ სარწმუნოების გავლენის კვალი. მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვაა ურწმუნოება, მაგრამ აღარაფრით დაუვარდება მას სარწმუნოებრივი გულცივობაც, ანუ „ნელტფილობა“. აი. რას უბძანებს ღმერთი წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირით ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს: „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ და არცა ტფილი... მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა“ (გამ. 3,15,16).
უკუვაგდოთ, ძმანო, ჩვენგან ღვთის განმარისხებელი ნელტფილობა, აღვინთოთ გულთა შინა ჩვენთა საღმრთო შური ღვთის სახელის სიყვარულისა და ვიქმნნეთ მუდამ მიმდევარნი სარწმუნოებისა გულმოდგინე, ცხოველი და მომქმედი სიყვარულით, რომლის ბრწყინვალე მაგალითს წარმოგვიდგენს დღევანდელი წმინდანი, ნეკრესის ეპისკოპოზი, მღვდელმოწამე აბიბოსი. ამინ!