მართალი, ვითარცა ფინიკი აღყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა
განმრავლდეს
(ფსალ. 91,13)
შორეული ქვეყნის ბუნებიდანაა, ძვირფასნო მსმენელნო, აღებული მოყვანილი შედარება. ფინიკი და ნაძვი ლიბანისა შეადგენენ იმ ქვეყნის მშვენებას, რომელსაც სახელად ეწოდება ჰურიასტანი. აღთქმის ქვეყანა, რომელიც ოდესმე ეპყრათ ჰურიათა დიდებულ მეფეებს დავით და სოლომონს; რომელიც ცნობილია ყველასათვის, როგორც ქვეყნიერების გამოხსნისათვის განხორციელებულა იესო მაცხოვრის სამშობლო. მომხიბლავს, თვალთ-მიმზიდველს და დიდებულ სურათს წარმოადგენს როგორც ფინიკი, ისე ნაძვი ლიბანის. კელაპტარივით სწორი, ოც-და-თხუთმეტ ადლის სიმაღლეზე აბჯენილი, უშველებელი სისქის ხე, დაფენილი თავიდან ბოლომდე ბატის ფრთის მსგავსი საჟენ-ნახევრიანი სიგრძის მწვანე ფოთლებით, საიდამაც დამატყვევებელი მშვენიერებით გამოიყურებიან სუნნელების უხვად მფრქვევი ყვავილები, რომლებიც ბოლოს უნდა გახდნენ ტკბილ ნაყოფად და გამოკრულნი ოქროსფერ პარკებში. იწყებენ ბზინვას ხსენებული ხე-სურათის მწვანე ფოთოლთა მდიდარ ხავერდზე, ვით საქორწინო გვირგვინის ტოტი, - აი საზოგადო და დაახლოვებითი სურათი ფინიკის ხისა, თუ ყველა ამას კიდევ ზედ დაუმატებთ ამ ხისავე ქვეშ აუცილებლად ამომდინარე ბროლსავით სუფთა და კამკამა წყლის ნაკადულსაც!
ახლა წარმოიდგინეთ მეორე, წარჩინებული სუნნელოვანების წებოთი გაჟღენთილი, თვალ-შეუწვდენელი სიმაღლის მცენარე, რომელსაც თექვსმეტ-საჟენის სიშორეზედ უდარდელად გადუსრთლია ოთხივ მხრივ მოხდენილი სამზეურივით ხშირი ფურცლებით დაბურული ტოტები დამომჯდარა მიწიდან იმხელა სისქის ღეროთი, რომ ექვსი კაცის ხელს გაუძნელდება მისი შემოწდომა და თქვენ დაგეხატებათ სურათი ლიბანის ნაძვისა.
აი, ამ ბუნების საოცნებო სამკაულთ ადარებს ღვთივ განბრძნობილი წინასწარმეტყველი მეფე დავითი მართალს, წმიდა, ღვთის სათნო, ცხონებულ კაცს, როდესაც დასწერს: „მართალი, ვითარცა ფინიკი აღყვავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მოყვანილი დასურათების შემდეგ ადვილი მისახვედრი უნდა იქნეს ჩვენთვის, ძმანო ქრისტეანენო, ფინიკისა და ლიბანის ნაძვის დიდი მნიშენელობა ფრინველებისთვის. კითხვა არ უნდა, რომ ეს ხეები მეტად სასურველი, მეტად მიმზიდველი, მეტად საიმედო თავშესაფარად, უტყუარ მოსასვენად და სანატრელ სავანედ ექნებოდათ მიჩნეული ფრინველებს. ცხადია, რომ ამ ხეებს მიაშურებდა, უეჭველად, სიცხისა და პაპანაქებისაგან შეწუხებული ფრინველი; აქ, ამ ხეების ხშირი ფოთლების საბან-ქვეშ შეფარებულს გადუვარდებოდა გულიდან დარდი შიმშილისა და მტრისა, ქარისა და სეტყვა-ავდრისა და სხვა.
მაგრამ განა აქ, ჩვენს ახლო, ჩვენს გარშემო კი არაფერს ვამჩნევთ, არაფერს ვხედავთ ისეთს, რომ გვაგონებდეს სწორეთ ამ ფრინველთა მიმზიდველი მცენარეების დიდებულ სურათს? განა ამ წმიდა უდაბნოს დღევანდელი მდგომარეობა ერთობ საგულისხმო და ჩასაფიქრებელი არ არის ამ მხრივ? განა წმ. მოწამეთა დავით და კონსტანტინეს საფლავი იმგვარივე ძვირფას და სანატრელ თავშესაფარად არ მიაჩნიათ მორწმუნეთა, როგორც აყვავებული ფინიკი და ფართოდ გაშლილი ლიბანის ნაძვი გარეულ ფრინველებს? აბა ბრძანეთ, მაშ რა ძალას შეუკრებია ეს ერი? რის გამო დაუტოვებია ქალსა და ვაჟს თავისი საცხოვრებელი ბინა და მოუტანებია ამ სავანესთვის?
პასუხი ყველასათვის ცხადი და მისახვედრია: ქრისტეანენი მოსულან დღეს ამ წმიდა ალაგს სწორეთ იმ აზრით და იმის გამო, რა აზრით და რის გამოც ეტანებიან ფრინველები ფინიკს და ლიბანის ნაძვს. უსამართლოდ დევნულნი, ძალ-მომრეობით დაჩაგრულნი, სიღარიბით შეწუხებულნი, სნეულებისაგან დაუძლურებულნი, სიკვდილისაგან გულდაკოდილნი, ცოდვათა გამო სასოწარკვეთილების უფსკრულამდე მისულნი, სვინდისისაგან მწარედ დასჯილნი, - აი ვინ შეკრებულა დღეს დავით და კონსტანტინეს უხრწნელ გვამთა აჩრდილის ქვეშ და მტკიცედ სასოებენ, რომ აქ, ამ წმიდა ჩეროში იგინი იპოვიან სულიერ მოსვენებას, განიკურნებიან ხორციელი და სულიერი სნეულებისაგან, ჩამოიხსნიან ცოდვათა მძიმე ტვირთს, გაილხვობენ და გაითბობენ გულს მოყვასთა სიბრალულისა და სიყვარულისათვის, მოაკვდინებენ ამპარტავნებას, შეიმოსენ სიმდაბლეს, მოიძიებენ სულიერ მხნეობას და შეირიგებენ გარისხულ სვინიდისს. აი, რა აზრს შეუკრებია ეს ერი. აი, რის შესაძენად, რის მოსაპოებლად, რის მისაღწევად მოსულა დღეს ქალი და კაცი ამ წმიდა სავანეს!
დიაღ, ეს ყველა წმიდა და საღმრთო აზრია, მეტად ხელსაყრელი და საქებარი მიზანია, მხოლოდ საჭიროა ვიცოდეთ, აღწევს ამ მიზანს, ისრულებს თუ არა, აქ მოსვლით კაცი ამ სასიქადულო გულის წადილსო, იკითხავს ვინმე თქვენგანი; მაგრამ განა შეიძლება ამ შემთხვევაში რყევა და ეჭვიანობა! კარგად ჩააკვირდი, ძმაო, მლოცველთა ლმობიერებით აღვსილი სახის გამომეტყველებას; მიაქციე ყურადღება, რაზომი სასოებით და გულდაჯერებით მიუპყრიათ მათ თვალი წმინდანების გვამთათვის და ყველაფერი ცხადი გახდება შენთვის, ყოველი ეჭვი გაგშორდება გულიდან და სცნობ, რომ არარა ქვეყნიურს ძალას, გარნა ღვთის მადლსა, არ ძალუძს მიანიჭოს ამ ტანჯულთ და წამებულთ ის სულიერი შვება და სიხარული, ის ნუგეში და გამხნევება, ის ლმობიერება და კმაყოფილება, რომელსაც ასე ცხადად და ნამდვილად გრძნობს აქ თვითეული მათგანი, რომელსაც თავისუფლად ეწაფება დიდი და პატარა, რომელიც მაცოცხლებელ მზის სხივად ეფინება მათ გულს, გამკურნავ და გამამთელებელ სალბუნად ხვდება მათ სულისა და გულის ღრმა იარა-ჭრილობათა.
ოჰ, რა მადლი და კურთხევა ღვთის დატრიალდებოდა ჩვენ შორის, რა გასახარელი და სანატრელი შეიქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ მტკიცედ, წაუშლელად და ამოუფხვრელად ვიბეჭდავდეთ გულის ფიცარზე იმ მაღალ და ღვთის სათნო მიდრეკილებას, რომლითაც ამ წამს გამსჭვალულია თვითეული ჩვენგანი რა სასურველსა და სანატრელ სახეს მიიღებდა ეს ჩვენი დღევანდელი ერთი-ერთმანეთის სამტროდ, ერთი-ერთმანეთის დასაჩაგვრელად და გასანადგურებლად გამოწყობილი, ბოროტებაზე და უსამართლობაზე აშენებული ცხოვრება, რომ სიმართლის შეძენისა, წმიდათა დავით და კონსტანტინეს ცხოვრების კვალზედ დადგომისა და მათ მოქმედებათა მიბაძვის საღმრთო სურვილს, რომელიც ამ წამს დიდად გვწყურია ყველას, ვიქცევდეთ სულის მიუცილებელ მოთხოვნილებად, მუდამ ამ კეთილ აზრს ვადგეთ, მისდა შესაფერად ვარიგებდეთ მაშინ დედამიწა იმზომად აღარ იქნებოდა დამძიმებული ჩვენი უსამართლობით და ბოროტებით; მაშინ კაცთა შორის გამეფდებოდა სასურველი სათნოება; მაშინ ქვეყანა გახდებოდა წმიდათა საბრძანებელად; მაშინ ყველა დარწმუნდებოდა და ყველა მეფე დავითთან ერთად ხმამაღლად აღიარებდა: „მართალი, ვითარცა ფინიკი აღყვავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
ეხლა?! დიდხანს შეგვრჩება ლმობიერება, რომლითაც ამ წამს მომბალი გვაქვს ყველას გული? არ უღალატებთ, არ მივივიწყებთ სიჩქარით იმ წმიდა ცხოვრების სურათს, რომელსაც ამ წამში ვგრძნობთ ყველანი? წმიდათა დავით და კონსტანტინეს მეოხებით მიღებულ ღვთის მადლსა და კურთხევას გავუფრთხილდებით, როგორც ძვირფას საუნჯეს და არ შეურაცხვყოფთ მას უშვერი სიტყვით და საქმით, არ დავკარგავთ მას გზაშივე ჩვეულებრივი დაუდევრობისა და უდები ცხოვრებისადმი მიზიდულობის გამო?
მაგრამ ნუ, ნუ გამოუდგებით ამ კითხვების ძიება-გამოკვლევას, ნუ გავიმწარებთ სადღესასწაულო გუნებას. უმჯობესია სულით და გულით მივმართოთ ჩვენს მფარველებს, ჩვენს მეოხთ, ჩვენს ანგელოზებს, ჩვენს პატრონებს, ჩვენს ზეციურ გვირგვინთ, წმ. მოწამეთა დავით და კონსტანტინეს და გულმოდგინედ შევსთხოვოთ: ღვაწლით მოსილნო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ნუ მოიხსენებთ, შეგვინდეთ და მოგვიტევეთ ყოველნი შეცოდებანი, უსჯულოებანი და ბრალნი ჩვენნი, რომლითაცა განგარისხეთ და გაგამწარეთ წარსულსა წელსა; ნუ მოგვიძულებთ, ნუ მოგვიშლით და ნუ მოგვაკლებთ ჩვენ, უღირსთა, მამობასა, პატრონობასა და მფარველობასა თქვენსა; გამოგვითხოვეთ ჩვენთვის ჯვარცმულისაგან სიმრთელე და დღეგრძელობა, მშვიდობა და მყუდროება, სიუხვე საზრდელისა და ჰაერთა კეთილ-შეზავება, სიყვარული მიუდრეკელი ღვთისა და მოყვასისადმი, ძლევა ბოროტთა ზედა გულისთქმათა ჩვენთა და განწყობა ცხოვრებისა ჩვენისა სათნოდ და სადიდებელად ღვთისა, სასიქადულოდ, და საქებელად თქვენდა, სასიხარულოდ და სანუგეშოდ ეკლესიისა! ამინ.