სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა
ჩვენმა მწყალობლებმა, ჩვენმა პატრონებმა, ჩვენმა მანუგეშებლებმა და ღვთისადმი მხურვალე მეოხებმა, მთავარ მოწამეებმა დავით და კონსტანტინემ ერთხელ კიდევ მოგვცეს, ძმანო ქრისტეანენო, ბედნიერება მათი ხსენების შესრულებისა, მათი წმ. ნაწილების თაყვანისცემისა, კიდევ შეგვასწრეს ამ წმ. კუბოს წინ წარდგომას, რომ მოვიხადოთ აქ შეღონებული გულისა და სვინდისისაგან ცოდვათა და სულიერ დანაშაულთა მძიმე ტვირთი, კიდევ ღირს-გვყვეს მათ ჩვენი გონებისა და სულისათვის საღმრთო საზრდოს მოცემისა. პატივი მათ ხსენებას, მადლობა მათ სახელს, დიდება მათ კაცთმოყვარებას და ლმობიერებას მადლობა, პატივი და თაყვანისცემა მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომელიც გვინახავს ამ საღმრთო მოწამეთა კუბოს ჩვენდა გაუქრობელ სანთლად, რომელიც ჰქმნის მოწამეთა პატიოსანი ძვლების საწყობს მათდამი მლოცველთა და მსასოებელთათვის დაუშრეტელ ნაკადულად, გამოულევნელ საუნჯედ სულიერი ნუგეშისა, მშვიდობისა, სიხარულისა, უცდომელი სწავლისა და საღმრთო მოძღვრებისა!
სარწმუნოების უშიშარი და გაბედული მოციქულები იყვნენ დავით და კონსტანტინე სიცოცხლის დროს, ხმამაღლა ღაღადებდნენ და ასწავლიდნენ იგინი ყველას ქრისტეს სიტყვით და საქმით სიწმიდის. პატიოსნებისა და მოყვასთათვის თავდადებული სიყვარულის მოძღვრებას და ღვთის კურთხევით დღესაც არ მოჰკლებიათ მათ ეს თვისებანი; დღესაც, ვითარცა ცოცხალნი, ხმამაღლა გვმწყსიან და გვინათებენ ცხოვრების გზას. მაშ რა არის, თუ არა მოციქულებრივი ქუხილი, თუ არა ბეჯითი და ხმამაღალი საღმრთო ქადაგება, ეს ათასნაირ სენთაგან შეპყრობილთა სწრაფი სასწაულებრი განკურნება მოწამეთა საღმრთო საფლავის შეხების შემდეგ? მაშ რა უწოდოთ სახელად, თუ არა განუწყვეტელი სწავლება სიმართლისა იმ სულიერ მოსვენებას, იმ გულით განათლებას, რომელსაც განიცდის ხოლმე თითოეული მლოცველი და მათდამი მხურვალე მსასოებელი?
რითი შეიმოსეს ესოდენი მაღალი მადლი დავით და კონსტანტინემ? რა გზით, რა საშუალებით მოიპოვეს მათ ასეთი კადნიერება წინაშე ღვთისა? ამის პასუხს ვპოებთ მათ ცხოვრებაში, ამის განმარტებას იძლევა მათი საქციელი.
საზარელმა და ღვთის-რისხვა ბარბაროსმა მურვან ყრუმ დაიპყრო რა საქართველოსთან ერთად არგვეთის სამთავროც, მოიწადინა, სხვათა შორის, ხსენებული სამთავროს გამგეთა დავით და კონსტანტინეს მიქცევა ქრისტეანობიდან მაჰმადიანთა სჯულზე. ფლიდობა-პირფერობაში გამოხვეულ-ნაცადმა მტარვალმა ლაქუცით, მოფერებით და დაყვავებით მიმართა დავითს: „მე გადმომცეს ჩემმა სარდლებმა და წარჩინებულებმა. რომ შენ ძალიან გონიერი, შესმენილი და მიხვედრილი კაცი ხარ. ღმერთია მოწამე, შენთვის სიკეთე მსურს, შენი ბედნიერება მინდა, დაეთხოვე ქრისტეანთა შემცდარ აზრებს, იწამე მაჰმადის მოძღვრება, და მე დაგადგენ დიდი სპარსეთის უფროსად. ხოლო შენ, კონსტანტინე, გწევ უდიდეს ბედნიერებას: - გვერდით მეჯდომები განუშორებლად სამეფო ტახტზე, იცხოვრებ ჩემ სასახლეში და კარის კაცებთან ერთად არ მოგაკლდება შვება, ლხინი და ფუფუნება“.
შეწუხდა დავითი, სასოებით გადიწერა პირჯვარი და დაუყოვაებლივ უპასუხა მურვანს: არა, ერთ წუთსაც არ იფიქრო, ბოროტო სულო, რომ ჩვენ შეგვეძლოს შენი ცბიერი და უმგავსი რჩევის მიღება, ჩვენ ვართ მოსილნი ღვთის ნათელით, ჩვენ მოგვივლინა ზეციერმა მამამ მხოლოდ შობილი და თანაარსი ძე თვისი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცი შეისხა ჩვენისა ცხოვნებისათვის მარიამისაგან ქალწულისა და მერმე აღასრულა ყველაფერი, რაც კი საუკუნითგან დაწერილი იყო მისთვის წინასწარმეტყველთა მიერ, ე.ი. ჯვარს ეცვა, დაიფლა და აღსდგა მესამესა დღესა, ამაღლდა ზეცას მამისადმი და კვალად მომავალ არს დიდითა დიდებითა განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაცხოვარმა გაგზავნა სოფლად თავის მოწაფენი საქადეგებლად სახარებისა და ორი მათგანი, სახელდობრ ანდრია დიდი პირველწოდებული და სიმონ კანანელი, მოგვევლინა ჩვენ. ამათ ჰქადაგეს ჩვენს სამშობლოში მოსვლა ქრისტესი. მათ მოსპეს ჩვენში კერპთმსახურება და დღეს ნათესავი ჩვენი, ქრისტეს მიერ ნათელღებული, უარჰყოფს და ზღაპრად სთვლის ყოველ მოძღვრებას, გარდა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახარებისა. სახარებისთვის მზად ვართ დავითმინოთ წამება, ლახვარი, ცეცხლი, წყალში ჩაგდება და თვით სიკვდილიც. ესაა ჩემი სარწმუნოება და ვერა-გვარი ძალა ვერ მაიძულებს მის უარის ყოფასო, დაამთავრა წმ. დავითმა.
თანახმად ჩემი უფროსი ძმის აღსარებისა, მეც აღვიარებ, წარმოსთქვა კონსტანტინემ, ქრისტეს სარწმუნოების სრულ ჭეშმარიტებას; მეც, ჩემ ძმასთან ერთად, მრწამს ჭეშმარიტი ღმერთი მამა, ძე და სული წმიდა და ამ სარწმუნოებისათვის, ამ აღსარებისათვის ბედნიერებად მივითვლი ტანჯვათა დათმენას და სიკვდილს.
ლახვრად მოხვდა მურვანის ყურსა და გულს ასეთი მტკიცე პასუხი წმ. ძმებისა და ამის გამო, აუწერელ ტანჯვათა შემდეგ, გადაყარა იგინი ღრმა მდინარეში. ასე აღიარეს დავით და კონსტანტინემ უფალი ღმერთი, ასე დაამტკიცეს მათ საქმით თავიანთი ერთგულება და სიყვარული სარწმუნოებისადმი და, აი, ამ უშიშარმა აღსარებამ, ამ მტრის წინაშე სარწმუნოებრივი სიმტკიცის გაბედულმა გამოთქმამ აღავსო იგინი ღვთის მადლითა და ძალით, ამ საქციელმა მიანიჭა მათ პატიოსან ძვლებს სასწაულთმოქმედება, ამან ჰყო იგინი ქრისტეანეთა დაუდუმებელ მქადაგებლად და მოძღვრად. ამ მხრივ გახდნენ იგინი ქრისტეანეთათვის საყოველთაო მისაბაძ მაგალითად. ვისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ სთვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცყოფენ და გმობენ, ის უარჰყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა, ის მკვდარია ღვთისათვის და საშინელი განსჯის დღეს მას უბრძანებს უფალი: „ვიცნი საქმენი შენნი; რამეთუ არცა გრილ ხარ და არცა ტფილ; ჯერ იყო, რათამცა გრილ იყავ, ანუ ტფილ არამედ ესრეთ ნელ-თბილ ხარ... მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა“ (გამოცხ. 3, 5-16).
სადღა არიან ეხლა მურვან ყრუები, რომ შეგვეძლოს დავით და კონსტანტინესავით გამოჩენა მათ წინაშე ჩვენი სარწმუნოების ერთგულებისა და სიყვარულისაო, იფიქრებს ვინმე თქვანგანი. მაგრამ, აბა, მიიხედეთ, რა ხდება ჩვენს გარეშემო? აბა, კარგად ჩაუკვირდით, დიდი რამ განსხვავებაა მურვანისა და ჩვენს დროს შორის? რაღაც მავნე, ძირიანად ამომგდებმა ქარმა დაჰბერა ამ ბოლო დროს ჩვენს საცოდავ ქვეყანას. ამ ბოლო დროს ჩვენი სულიერი ცხოვრება დაავადებული შეიქმნა ხორველის მსგავსი სენით და ლამისაა მუსრი გაავლოს, ლამისაა ლეშად, დამპალ ხორცად-ღა აქციოს ერი. აგერ გაცნობეს, რომ ამა და ამ სოფელში ეკლესია გატეხეს და სიწმინდე შეაგინესო; მეორე საათში ცნობა მოგდის, რომ აქა და აქ სახელგანთქმული სასწაულთმოქმედი ხატი გაიტაცეს და ტყეში გადააგდესო, მესამე ალაგას მღვდელი მოუკლავთ; იქ შეთქმულან, აღარაფერი მივცეთ მღვდლებსაო, აქ მისცვივნიან უდაბნოში მყოფ ბერებს და ძალას ატანენ, უარჰყავთ ბერობა, მოსპეთ მონასტრებიო და ასე ამგვარად თითქმის გარს შემოგვირბინოს ამ საშიშარმა ცეცხლის ალმა.
ცხადია, ძვირფასნო მსმენელნო, რომ დღესაც ბევრნი არიან ჩვენს ქვეყანაში მურვანის მსგავსნი, დღესაც დიდი მოწადინებულნი არიან იგინი, დასცენ ქრისტეანობა და მოჰფინონ ხალხში თავიანთი უმსგავსი მოძღვრება. ამისთვის სწორედ ახლაა დრო სულიერად გამოფხიზლებისა, ახლა გვმართებს დიდსა და პატარას შეიარაღება თავით ფეხამდე ხალხის გამანადგურებელი, ფერფლად მქცევი ცეცხლის ჩასაქრობად, ახლა გვაქვს დრო დაუმტკიცოთ დიდებულ მოწამებს დავით და კონსტანტინეს, რომ ვაფასებთ მათ სწავლა-მოძღვრებას, მზად ვართ მათსავით თავი შევწიროთ სარწმუნოების დაცვას, ახლა ვართ მოვალენი აღვიაროთ წინაშე კაცთა დევნული მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, თუ გვსურს, რომ მანაც აღგვიაროს ჩვენ წინაშე მამისა თვისისა ზეცათასა; თუ გვსურს კვლავაც ურცხვენელად მოსვლა ამ წმ. ალაგს, თუ გვინდა, რომ ღირსეულად ვატარებდეთ წმ. მოწამეთა დავით და კონსტანტინეს პატივისმცემლების სახელწოდებას. ამინ.