ძვირფასო პატარები, ჩემო სულიერო შვილებო!
მე მსურს თქვენი დამოძღვრება, თქვენი დარიგება, მოცემა იმისთანა სწავლისა, რომელიც შეგძენთ ღვთის მორჩილებას და სიყვარულს, გაცოდინებთ უფროსთა, მზრუნველთა და მშობელთა პატივისცემას და, ბოლოს, როდესაც ღვთის მადლითა და ძალით დიდები დაიზრდებით და ცხოვრებაში გამოხვალთ, დაგაყენებთ კეთილსა და ყველასათვის სასარგებლო გზაზე. მაშ, აბა ჩემო კარგებო, მოიკრიბეთ გონება, ყური მომიგდეთ ბეჯითად და ეცადეთ, რომ არა გამოგრჩეთ-რა, არა გამოგეპაროთ-რა ნათქვამიდან, არც ერთმა სიტყვამ არ გაგირბინოთ ქარივით უბრალოდ და ტყუილად.
თქვენა ხართ მოსწავლენი სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა; თქვენი სასწავლებლები არიან შეფარებულნი სამრევლო ეკლესიათა კალთის ქვეშ; თქვენ ასაზრდოებთ და ავარჯიშებთ თქვენს ნორჩს გონებას განსაკუთრებით და უმთავრესად იმ ცოდნით, რომელზედაც არის დამყარებული თვით ეკლესია. მაგრამ იცით, ძვირფასნო, ვინ დაგვიარსა ერთერთმა პირველმა ჩვენ, ქართველებს, წმ. ეკლესია? იცით, ვინ მოგვიტანა ერთერთმა პირველმა ის საღმრთო მეცნიერება, რომლითაც ეხლა თქვენ ინათლებთ გონებასა, იძენთ ღვთის ცოდნას და იმკვიდრებთ საუკუნო ბედნიერებას? იცით, ვინ არის თქვენი სწავლა-აღზრდის მშობელი დედა, თქვენი მწიგნობრობის ჭირისუფალი, თქვენი მფარველი, მომხმარე და მშველელი ანგელოზი სწავლაში?
ყველამ იცოდეთ და ყველამ გაიგეთ, რომ დამაარსებელი, პირველად დამწყები, დედა ჩვენი ეკლესიისა არის წმ. ნინო. ანდრია მოციქულისა და სიმონ კანანელის შემდეგ წმ. ნინომ გვიქადაგა სახარება, გაგვაცნო იესო ქრისტეს სახელი, მან გვცა ნათელი და ამის გამო იგია ჩვენი საკუთარი მოციქული.
ჩვენი ქვეყნის შვილი არ იყო წმ. ნინო, ის მოვიდა ჩვენში ღვთის განგებით იერუსალიმიდან. ჯერ სრულებით პატარა, თქვენსავით მცირე წლოვანი იყო წმ. ნინო, რომ იგი დაუტოვეს მშობლებმა თავიანთ ნათესავს, იერუსალიმის პატრიარქს იობენალს აღსაზრდელად და გამოსაწვრთნელად ღვთისმსახურებაში და თვითონ წავიდნენ უდაბნოში სამოღვაწოდ. აი რა დარიგება მისცა პატარა ნინოს მამამ, როდესაც მან უკანასკნელად ჩაიკრა იგი მოსიყვარულე მკერდში და ცრემლთა ფრქვევით დაუკოცნა მას სახე: „მშვიდობით, სულივით ტკბილო, ჩემო საყვარელო ერთად-ერთო შვილო მე გტოვებ შენ ობლად, სამუდამოდ გშორდები დღეიდან, მაგრამ ნუ შესწუხდები, ნუ ინაღვლებ, ნუ მისცემ ამის გამო შენს გულში ალაგს ფიქრსა და დარდსა, დღეიდანვე გიშვილებს შენ და გადაგიშლის თავისი უხვი სიყვარულის კალთას ღმერთი, რომელიც არის მამა ობოლთა და ქვრივთა. გთხოვ მუდამ თვალწინ გედგას და ყოველთვის გახსოვდეს წასაბაძი მაგალითი მარიამ მაგდალინელისა და მართალი ლაზარეს დებისა, აღიჭურვე იმათსავით იესო ქრისტეს ერთგულებით, შეიყვარე იმათსავით მხსნელი ქვეყნისა და იცოდე, რომ არც შენ დაგივიწყებს იგი და ყოველთვის აგისრულებს, რასაც კი გულითა სთხოვ მას“.
იგრძნო პატარა ნინოს ნათელმა სულმა ჭეშმარიტება მამის დარიგებისა, ღრმად ამოიჭრა სპეტაკ და უმანკო გულის ფიცარზე თვითოეული სიტყვა მამის მცნებისა და იმ დღიდან გული და გონება თვისი მთლად დაუთმო უფალსა, იმ დღიდან მის ბედნიერებად შეიქმნა განუწყვეტელი ღვთის სამსახური, მისი გული ვერა ძღებოდა ღვთის სიყვარულით და მისი გონება შეიქმნა მიმართული ქრისტე მაცხოვრის ქადაგებისა და მცნებათა სრულისა და ზედმიწევნით შეთვისება-განხორციელებისაკენ. მხურვალე ლოცვა, ბეჯითი და გულსმოდგინებითი სწავლა საღმრთო წვრილისა, დაუზარებელი და ხალისიანი მორჩილება უფროსთა ბრძანებისა - აი, რითი იწყებდა და რითი ათავებდა ყოველ დღეს წმ. ნინო, როდესაც იგი თქვენსავით სწავლობდა დიდებული იერუსალიმის წმ. ტაძრის სასწავლებელში.
ერთხელ მასწავლებელმა ქალმა დაწვრილებით უამბო წმ. ნინოს იესო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის მოთხრობა. სხვათა შორის ამ მოთხრობიდან გაიგო წმ. ნინომ, რომ იმ ებრაელებში, რომელნიც დაესწრნენ ქრისტეს ჯვარცმას, ერთი, საქართველოდან მისული, მცხეთელი ურიაც ერია და მას ერგო წილში იესო ქრისტეს კვართი (პერანგი). ნინომ დაწვრილებით გამოჰკითხა თავის აღმზრდელს, საით არის მცხეთა, ვინ არიან ქართველები, რა სარწმუნოებას მისდევენ იგინიო და როდესაც გაიგო ქართველების კერპთთაყვანისმცემლობა და არა ქრისტიანობა, დიდად შეწუხდა, დიდად დაღონდა და დაფიქრდა: როგორ, განა დიდი ცოდვა და დანაშაული არ არის, რომ იმ ქვეყნის მცხოვრებნი, სადაც იესო ქრისტეს კვართი ინახება, სიბნელეში იყვნენ, კერპს სცემდნენ თაყვანს და არ იცნობდნენ იესო მაცხოვარსო, - ნაღვლიანობდა ნინო. არა, მე ამას ვერ მოვითმენ, მე უნდა მოვაქციო ქართველები, მე უნდა ვაცოდინო ქრისტეს სჯული და ამითი ავასრულო ჩემი მოვალეობა, ამითი დავამტკიცო ჭეშმარიტი სიყვარული ქრისტესსიო, - გადაწყვიტა ქალწულმა ნინომ და გამოეშურა საქართველოსკენ.
განა რომ ბევრს მწუხარებას, ბევრს გაჭირვებას, ბევრს ვარამს და ავ დღეს მიაყენებდნენ შორიდან მოსულს და უცხო ქალს იმდროინდელი გაკერპებული, გონება-დახშული და სიამაყით თავგასული ქართველები! მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა, რომლითაც ერთობ გამსჭვალული იყო წმ. ნინო, სძლია ყოველ დაბრკოლებას, წმ. ნინოს გაბედულმა და ბეჯითმა ქადაგებამ მოულბო გული ქართველებს, ჩქარა დაანახვა მათ კერპების სრული უძლურება, უმნიშვნელო და უაზრობა. ამის შემდეგ საჭირო აღარ იყო დიდი შრომა და ქადაგება; თვალ ახილულმა ხალხმა ნათლად სცნა თავისი ძველი შეცდომილება, სისწრაფით დასცა ძირს კერპები, დაგმო, დალეწა იგინი და შემდეგ ქალი და კაცი, დიდი და პატარა, მეფე და მონა ჩადგნენ მდინარე მტკვარში და მიიღეს წმ. ნათლისღება.
ასე დაიწყო ჩვენში, ჩემო პატარა მსენელებო, ქრისტეანობა; იმ დროიდან იწყეს ჩვენში შენება ტაძრებისა, რომლებითაც მთლად მოიჭედა ბოლოს და მოიქარგა საქართველო, როგორც ცა ბრწყინვალე ვარსკვლავებით, იმ დროიდან მოგვეფინა ჩვენ ნათელი წმ. სახარებისა, იმ დროიდან დაწესდა ჩვენში წირვა და ლოცვა, იქიდან მომდინარეობს საეკლესიო გალობა. ოღონდაც რომ უკვდავი და დაუვიწყარი უნდა იყოს ჩვენთვის, ვინც ამოდენა ამაგი დაგვდო; ოღონდაც რომ მოვალენი ვართ ლოცვითა, ვედრებითა, თაყვანისცემითა და დიდებისმეტყველებით ვასრულებდეთ ამგვარი პირის ხსენებას; ამისათვის მეტად გასახარელი და სასიამოვნოა ეს დღევანდელი თქვენი შეკრებილება იმ საღმრთო განზრახვით, რომ ერთი პირით და ერთი გულით ადიდოთ და თაყვანისცეთ, შეუვრდეთ და გამოსთხოვოთ მადლი და კურთხევა თქვენს საკუთარ დედას, თქვენი მწიგნობრობის ჭირისუფალს, თქვენს მფარველს და დამხმარეს წმ. ნინოს. დღევანდელი დღესასწაული თქვენი საკუთარი დღესასწაულია. იცოდეთ, შვილებო, რომ როდესაც წიგნს გადაშლით და გაკვეთილის მზადებას იწყებთ ხოლმე, იმ დროს თავს დაგტრიალებთ თქვენ წმ. ნინო. ნინო თითონ დიდი ბეჯითი იყო სწავლაში და მოწაფეების ბეჯითობა და გამსჯელობა დიდად ახარებს მას, ხოლო სიზარმაცე და უქმად ყოფნა მათი ავსებს გამოუთქმელი მწუხარებით. წმ. ნინო სწავლის დროს იყო ყველაფერში მორჩილი და გამგონე თავისი უფროსებისა და ამითი ანდერძად დაგიდოთ თქვენც უფროსებისა, აღმზრდელებისა და მშობლების მორჩილება. თუ ვისმე თქვენგანს არ უყვარს მშობლები და უფროსები, იმას არც დედობას გაუწევს ღირსი ნინო. წმ. ნინოს სულის მშვენებას და დიდებას შეადგენდა მხურვალე- სიყვარული ღვთისა და მუდმივი ლოცვა. გიყვარდეთ თქვენც ყველაზე მომეტებულად თქვენი გამჩენი და მაცოცხლებელი ღმერთი. გიყვარდეთ გულსმოდგინე ვედრება მისი, თუ გინდათ რომ შეიძინოთ ბედნიერება და გამოხვიდეთ ყველასათვის საყვარელნი და სასარგებლონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ ლოცვა არ გეყვარებათ, სრულებით ფუჭი, ტყუილი და უსარგებლო იქნება თქვენი სწავლა და ცოდნა. ეშმაკსაც დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ რაკი არ შეუძლია და არ უყვარს ღვთის ლოცვა-ვედრება, იგი ყველასათვის ბოროტი და მავნეა.
როგორც პატარა ნინომ დაიხსომა თავისი მამის დარიგება და მტკიცედ ასრულებდა მას, გთხოვთ თქვენც ისე დაიხსომოთ ეს ჩემი მცირედი დარიგება და გწამდეთ, რომ თუ ისეთი მხურვალე სიყვარული გექნებათ ქრისტესი, როგორითაც გამსჭვალული იყო წმ. ნინო, თქვენც უეჭველად ეყვარებით ქრისტეს, ხოლო ქრისტეს მიერ შეყვარება ნიშნავს უმაღლეს ბედნიერებას.
ქართველთა განმანათლებელო, ღირსო დედაო ნინო! მოხედე დედობრივი სიყვარულით შვილთა ამათ შენთა, გაუნათლე მათ გონება და გული ღვთის მეცნიერებით, დაუნერგე მათ მორჩილება სახარებისა; გამოუთხოვე ღვთისაგან გულსმრდგინება, ბეჯითობა და სიმტკიცე სულისა, მიანიჭე მათ სიყვარული, სიბრალული და ერთგულება მოყვასთა და დაიცევ იგინი ბოროტებისა, ურწმუნოებისა, შფოთისა და მზაკვარებისაგან ამინ.