მუხლ-დადგმით მტირალნი შეგივრდებით და შეწევნისა
შენისა მოქენე ვართ, ქრისტეს მოციქულო სანატრელო ნინო,
გამომიხსენ ყოველთა ურვათაგან სამწეონი შენნი ესე,
რომელნი გვპოვნეს ჩვენ ჭირთა მრავალთა.
(ნინოს დაუჯდომლიდან)
ასე მხურვალედ ევედრებოდენ ძველად ქართველები თავიანთ განმანათლებელს - მოციქულს ნინოს, ამგვარი ლმობიერებით იხსენიებდნენ მუდამ მისს ძვირფას სახელს, ასეთი შეურყეველი სასოებისანი იყვნენ ჩვენი წინაპარნი ნინოზედ, ამისთანა კრძალულებას და საღმრთო გრძნობებს იწვევდა ქართველი კაცისა და ქალის გულში ჩვენი განმანათლებელის სახელის წარმოთქმა და გაგონება: „გამოიხსენ ყოველთა ურვათაგან სამწყსონი შენნიო“, - ევედრებოდნენ ქართველები წმ. ნინოს და ვედრება ესე ამოდიოდა მათი გულის სიღრმიდან, წარმოადგენდა მათი ლმობიერების დაულევნელი სიმდიდრის ნაკადულს, ნასკვი იყო მათი მაღალი რწმენისა. ქართველს, განურჩევლად სქესისა და წოდებისა, წმინდა ნინო მიაჩნდა თავის სულიერ მწყემსად და თავისი თავი - მის სამწყსოდ. იცოდა და გულით სწამდა მას (ქართველს), რომ მწყემსი კეთილი ყოველთვის თავდადებულია სამწყსოსთვის, მუდამ-წამს გამსჭვალულია სამწყსოს კეთილდღეობაზე, ბედნიერებასა და უვნებლობაზე ზრუნვა-ფიქრით, ყოველთვის და ყოველგან თავს დასტრიალებს სამწყსოს, მოწადინებულია ააცილოს მას ყოველი განსაცდელი, გაჭირვება, შიში და მწუხარება, ვიმეორებ: გულით სწამდა ეს ყველაფერი ქართველს, ნეტარად მიაჩნდა თავრს თავი, რომ დაჯილდოებული იყო ღვთისაგან საკუთარი სულიერი მწყემსის ყოლით და ამის გამო ყოველ წამს ცდილობდა დაახლოვებოდა სულით ამ მწყემსს, შეეგნო მისი სურვილი, აღესრულებინა მისი მოძღვრება, გამოეჩინა თავი თავისი განმანათლებელის ღირს და სასურველ ცხოვარად. აი, ძვირფასნო მსმენელნო, რითი აიხსნება, რომ ქართველი იყო სრული მორჩილებით მიმდევარი წმ. ნინოს მოძღვრებისა, გამგონე მისი რჩევა-დარიგებისა, მდგომი მის მიერ ნაჩვენებ გზა-კვალზედ, აღმასრულებელი და განმახორციელგბელი ცხოვრებაში ღვთისაგან განწმედილი მისი გულის საღმრთო წადილთა. წმ. ნინოს სახელი სულიერი სიხარულით ავსებდა ქართველს, საღმრთო სხივად ესვენებოდა მის გულში, გამამხნევებელ და დამატკბთბელ ძალად ეფინებოდა მის სულს, შინ და გარეთ, ჭირში და ლხინში განუშორებელი იყო მისი გონებისაგან წმ. ნინოს მოციქულებრივი სახე და ამ სახის ლოცვა-ვედრება, მისი ღირსეულად ტარება შეადგენდა ქართველის ბედნიერებას, სიხარულს და დიდებას.
მაგრამ ეს იყო ძველ დროში, და, სამწუხაროდ, თან გაჰყვა ძველსავე დროს; ამგვარად იქცეოდნენ ძველი ქართველები, და, სავალალოდ, თითქოს თან გაიყოლესო ეს სიყვარული განმანათლებელისა თავიანთ სამარხთა დაუჭკნობელ გვირგვინად. დღეს წმ. ნინოს სახელი ან სრულებით აღარაფერს ეუბნება და აღარაფერს აგონებს დასავლეთ საქართველოს შვილის გულსა და გონებას, ან მის მიერ გამოწვეულნი გრძნობანი მეტად მკრთალნი, სუსტნი და უფერულნი არიან. დღეს დასავლეთი ქართველობის მომეტებული ნაწილი არ სთვლის თავის თავს წმ. ნინოს სამწყსოდ, დასავლეთ ქართველს დავიწყებული აქვს წმ. ნინოს სახელი და შინაც და გარეთაც, ჭირშიაც და ლხინშიაც, წმ. ნინოს სახელი დღეს იმერთ ყურს აღარ მოესმის ზეციურ ჰანგად და ეს სახელი აღარ ავსებს იმერთა გულსა და გონებას ზე-ქვეყნიური სიამოვნებით.
სატირალი, სწორედ სატირალი და საგლოველია ჩვენი დღევანდელი ზნეობრივი დაცემა და სარწმუნოებრივი დაბნელება! ჩვენი ეკლესიის დაფუძნების, დაარსების, დაბადების დღეა დღეს, და ეკლესიებს კი არ გაუხარიათ, ობლად და საბრალისად გამოიმზირებიან იგინი დღეს დასავლეთ საქართველოში ქალაქებად და სოფლებად, არსად არ ისმის სადღესასწაულო ზარის რეკვა, იმერლობა გართობილია მოუსვენარი ცხოვრების ყოველდღიურ ზრუნვა-შფოთში.
ოჰ, ცოდვავ! ოჰ, თავის შერცხვენავ! თვით სამღვდელოებას, წმ. ნინოს საქმის განმაგრძობელს, დავიწყებია ეს დღე, სამღვდელოებას აღარ უსვენია გულში საკუთარი მოციქულის მნათობი სახე, სამღვდელოება აღარ მეტყველებს თავისი სულიერად მშობელი დედის წმინდა ოფლზედ, რომლითაც მორწყო მან ჩვენი ქვეყანა, რომლითაც გამოგვიხსნა საუკუნო სიბნელიდან, შეგვაერთა ქრისტესთან, დაგვაწაფა განათლებას, დაგვიბადა მწიგნობრობა, აგვიღორძინა ენა და შეგვინახა მიწა-წყალი! სად, დასავლეთ საქართველოს რომელი კუთხე გეგულებათ, რომ დღევანდელ დღეს ეკლესიები აღვსილნი იყვნენ მლოცველებით და მოძღვრების პირით შესთხოვდნენ თავიანთ განმანათლებელს: „მუხლ დადგმით მტირალნი შეგივრდებით და შეწევნისა შენისა მოქენე ვართ ქრისტეს მოციქულო, სანატრელო ნინო“?
მერე? რას შევიძენთ, რას მოვიმკით ამგვარ საქციელით? დედა-მიწის პირიდან აღგვას, ჩვენი ხსენების მოსპობას, გაღატაკებას და მიწასთან გასწორებას, და ბოლოს - სულით და ხორცით წაწყმენდას. წმინდა ნინო კი ხმა-მაღლა გვიქადაგებს ღვთის ბრძანებას: „უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყნისანი შჭამნეთ, ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინთთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნეს თქვენ“ (იხ. 1,20).
შევიგნოთ, შევიგნოთ დიდმა და პატარამ, რომ ყველანი დამნაშავენი ვართ წინაშე ჩვენი სულიერი მწყემსისა - ღირსი დედა ნინოსი. ახლა მაინც გადავწყვიტოთ სწავლულმა და უსწავლელმა, გავიგოთ, ვინ იყო წმ. ნინო, საიდამ მოგვევლინა იგი, რა ამაგი დაგვდო და აკვნიდანვე, დედის ძუძუსთან ერთად, შევათავისოთ ჩვენს ჩამომავლობას მხურვალე სიყვარაული ამ ჩვენი მთვარი მნათობისა და მისი ღვთაებრივი მოძღვრებისა, თუ ნამდვილად გვსურს ჩვენი და ჩვენი შთამომავლობისათვის ჭეშმარიტი ბედნიერება სააქაოს და საიქიოს. ეხლა კი, მხედველებმა წმ. ნინოს პატიოსანი ხატისა, მოვიკრიბოთ ყურადღება, აღვივსნეთ გულსმოდგინებით, სასოებით, ლმობიერებით და სიმდაბლით შევთხოვოთ მას: „მუხლ დადგმით მტირალნი შეგივრდებით და შეწევნისა შენისა მოქენე ვართ, ქრისტეს მოციქულო, სანატრელო ნინო, გამომიხსენ ყოველთა ურვათაგან სამწყსონი შენნი ესე, რომელნი გვპოვნეს ჩვენ ჭირთა მრავალთა“. ამინ!