სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი
ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ
მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ
შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო
და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით,
ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა
და კურნებად სულთა ჩუენთა (ტროპარი ღირსისა)
ასე შესტრფის და შეჰხარის ჩვენი ეკლესია თავის ბრწყინვალე და გამოჩენილ სულიერ მნათობს, ღმერთშემოსილს მამა შიოს. ვინც შეჩვეულია გაგონილის და დაწერილის აზრის ჩაკვირვებას, ვისაც მოთხოვნილებად აქვს, გაგონილი და ნათქვამი უეჭველად შეიგნოს და გაითვალისწინოს, მისთვის ზემო მოყვანილი სიტყვები მეტად საგულისხმო და საყურადღებონი არიან. გულისხმიერ მსმენელს ღირსი მამა შიოს ტროპარის პირველი სტრიქონები ზნეობრივ მოვალეობად უდგენენ, რომ მან აუცილებლად იცოდეს და ნათლად ჰქონდეს წარმოდგენილი ხსენებული წმინდანის ცხოვრება, მოღვაწეობა და ყოფაქცევა. როგორც შეუძლებელია, რომ ჩვენ პატივსვცემდეთ და ვადიდებდეთ სრულებით უცხო და უცნობ პირს, ისე წარმოუდგენელია, რომ ვისმე შეეძლოს ღირსი შიოს ხსენების ღირსეულად შესრულება, თუ წინდაწინ არ ეცოდინება მას, ვინ იყო ღირსი შიო და რა სიკეთე შესძინა მან ქრისტეანობას. ვისაც წარმოდგენა არა აქვს ამ დღესასწაულის მიზეზის პიროვნების შესახებ, მისთვის ასე ხშირად და გარკვევით წარმოთქმული სიტყვები: „სიყრმიდგან ფრთოვან ქმნილმან. სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო“ მთლად უაზრო და მნიშვნელობას მოკლებულნი არიან. ამ სიტყვებმა უნდა მსმენელები სულით და გულით აღაფრთოვანონ, გაამხნეონ, გაამტკიცონ და, აბა, თქვენ თითონ ბრძანეთ, რა მოახდენს ასეთს გავლენას, თუ მსმენელების გულში წინდაწინვე ამოჭრილი არ არის ამ ღირსის სხივ-მოსილი და კაცის გონების მიმზიდველი სახე!
მაგრამ მარტო ეს არა კმარა. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ მარტო ის შრომა და ღვაწლია საღმრთო და სადიდებელი, ძვირფასი და მუდამ სახსოვარი, რომელსაც კაცი ეწევა სხვის ბედნიერებისათეის, სხვის სასიკეთოდ, სხვის სიყვარულისა და სიბრალულის გამო. ასეთი იყო სწორედ ღირსი შიოს მოღვაწეობა. ის ლოცულობდა, მარხულობდა და ეწეოდა მოღვაწეობას ამ ბნელსა და ნოტიო მღვიმეში ქართველი ერის სულიერი სიყვარულის გამო. ამ აზრს გამოსთქვამს ეკლესია, როდესაც იგი მიმართავს წმ. შიოს სიტყვებით: „და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა“-ო. სულიერი სიმახინჯით უნდა ვიყოთ შეპყრობილნი, რომ წმ. შიოს საღმრთო სიყვარულს არ მივაგებოთ ჩვენი მხრითაც ამგვარივე სიყვარული მისი და ნაცვლად დაუვიწყარი ხსოვნა-პატივისცემისა, გულიდან ამოვიფხვრათ მისი ხსოვნა.
შესაძლოა რომელიმე მსმენელთაგანმა გაიფიქროს: „დიაღ, ღირსი მამა შიო სწორედ საკვირველი მლოცველი და მმარხველი იყო, მისი ცხოვრება სულიერი მხნეობის ზღვას წარმოადგენდა, მაგრამ ამ მოღვაწეობას ეწეოდა ხსენებული ღირსი თავისი კერძო, პირადი სიკეთისათვის, თავისი სულის ცხონებისათვის და მას მოღვაწეობის დროს სრულებითაც არ ჰყოლია სახეში ქართველი ერი, მისი მარხულობა და მღვიმეში ჩასვლა სრულებითაც არ ყოფილან გამოწვეულნი ქართველი ერის სულიერი სიყვარულით-ო“. შემცდარი და უსაფუძვლოა ასეთი აზრი:
კაცი იმითია კაცი, რომ მას აქვს წარმოდგენა ღმერთზე და ცდილობს ღმერთთან დაახლოვებას თავისი კეთილი და სათნო ცხოვრებით. ეს მარტოდმარტო ადამიანის თვისებაა და მას მოკლებულნი არიან დანარჩენი ქვეყნიური არსებანი. მხეცებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველებს და ქვვმძრომებს, მაგალითად, არავითარი შეგნება არა აქვთ ღვთისა და არც ცდილობენ თავიანთი ცხოვრების მოწყობას ღვთის საამოდ. ამგვარად მოწყობა ცხოვრებისა, როგორც ვთქვით, მარტო კაცის უპირატესობაა და ისაა კაცობრიობის უდიდესი მოძღვარი, ისაა კაცობრიობის ნამდვილი მოკეთე და წრფელი გულშემატკივარი, ვინც თავისი საკუთარი სათნო ცხოვრებით ცოცხალ მაგალითს აძლევს სხვებსაც. რომ სხვებმაც იცნონ თავიანთი შემოქმედი და კეთილი ცხოვრებით დაამტკიცონ, რომ ისინი გონებითა და პატიოსნებით აღემატებიან უგუნურ ქმნილებებს, რომ მათ თავიანთ დანიშნულებად მიაჩნიათ გონებრივი განვითარება, შეძენა ზეციერი მამის სისრულისა და არა მარტო ხორცის ზრდა და სიამოვნება მსგავსად უგუნური პირუტყვებისა. ღმერთშემოსილი შიოს ცხოვრება ხმა მაღლი და მტკიცე ქადაგება იყო ღმერთზე, სარწმუნოებაზე, ადამიანის მაღალ დანიშნულებაზედ. ამ დიდებულ გვამს გარს ეხვეოდენ და საღმრთო კრძალულვბით ეპყრობოდნენ მისი თანამემამულე ასურელები, მისი მეზობლები და ნათესავები, მაგრამ ქართველი ერის სულიერმა სიყვარულმა, ქართველი ერის ქრისტეანულმა სიბრალულმა, იმ გარემოებამ, რომ ეს ერი არ იცნობდა თავის შემოქმედს და მიმდევარი იყო გონებრივი სიბნელისა, დაატოვებინა შიოს საყვარელი სამშობლო, გაჰყარა ნაცნობებსა და მახლობლებს და მოიყვანა აქ, მისთვის უცხო და შორეულ ქვეყანაში, რომ ამ უდაბნოდან მოეფინა ქართველებისათვის ღვთაებრივი ნათელი. ასედაც მოხდა. აი, ეს არის მიზეზი, რომ მადლიერი ეკლესია უგალობს მას: „რომლისა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო“.
იხილე, საყვარელო მამენელო, რა მშვენივრად არიან ერთიმეორეზე აწყობილნი ღირსი შიოს ტროპარში მაღალი და შენი გონება-ზნეობის განმანათლებელი, შენი გულის გამწმენდელი და შუცნობელი ცხოვრების გზის მაჩვენებგლი აზრები! იგი გიბრძანებს შენ, რომ თუ გსურს შეგნებულად გაატარო ეს დღე ღირსი შიოს ხსენებისა, მოვალე ხარ პირველად გაითვალისწინო მისი სულიერი ღვაწლი და შრომა, შემდეგ დააჯერო შენი გული იმაში, რომ ყოველი შრომა და მწუხარება დაითმინა ძან შენი სიბრალულისა და სიყვარულის გამო, ვინაიდგახ მისი გულითადი სურვილი იყო, მოღვაწეობითი ცხოვრებით ესწავლებინა შენთვის ღმერთთან მიმყვანებელი გზა და მიაღწია კიდეც მან თავის წადილს, რადგანაც დღეს შენ უკვე იცნობ და თაყვანსა სცემ ცისა და ქვეყნის შემოქმედს. ზეციერსა მამასა შენსა. დიაღ, ასეთია მოკლედ შინაარსი დიდებული შიოს ტროპარისა და ნეტარება მას, ვისაც ეს შეუგნია. ვისი გულიც გრძნობს, რა ამაგი მიუძღვის ჩვენზე ჩვენი ეკლესიის დღევანდელ წმინდანს.
იყო დრო, როდესაც ყველაფერი ეს მშვენივრად ესმოდა ქართველ ერს და დღევანდელ დღეს რომელიმე პატარა ჯგუფი კი არა, მთელი საქართველო, ყოველი ქართველი ოჯახი, საიდამაც კი კომლი ამოდიოდა, დიდი სასოებითა და ლმობიერებით იხსენიებდა ღირსი შიოს მოღვაწეობას. იყო დრო, როდესაც ეს ღრმა და ბნელი მღვიმე, ეს ცივი და ნოტიო ორმო, ალაგი ღირსი შიოს განსაცვიფრებელი მოღვაწეობისა, საკუთარ თვალის ჩინზედ უძვირფასესად მიაჩნდა ყოველ ქართველს და იმ დროს ჩვენი ერიც ერობდა, ქართველსაც ქუდი ეხურა, მაშინ ქართველობა ნიშნავდა შიო მღვიმილისა, ანტონ მარტოდ-მყოფელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა, ისიდორე სამთაველისა და მათ მსგავსთა მოწაფეობას. მაშინ ურწმუნოება, მოყვასთა მტრობა, ქურდობა და ავაზაკობა, მეძაობა, სიმთვრალე, ქვრივ-ობოლთა და ღარიბ-დავრდომილთა განუკითხაობა, სამშობლოს არა-სიყვარული და დავიწყება საზოგადო სარგებლობისა ქართველს მიაჩნდა ჩამოთვლილი წმინდანების ღალატად.
ნაღველი მისივდება და გული შუაზე მეპობა, როდესაც უკვირდები დღევანდელს ჩვენს ცხოვრებას და მოქმედებას. მე სახეში არა მაქვს ქალაქელების ყოფა-ქცევა, რადგანაც ქალაქელებს ყოველთვის, ცოტათ და ბევრად, თვისებად ჰქონიათ ზნეობასთან უმძრახად ყოფნა; არა, უფრო სავალალოდ და საწყენად მრჩება სოფლელების დღევანდელი ზნეობითი დაქვეითება. ქურდობა, ლოთობა, ერთი-მეორის შეუბრალებლობა, შური და მტრობა. სრული დავიწყება ცოდო-მადლისა, მკვდრებისა და ცოცხლების უშვერი ლექსებით ლანძღვა-გინება, აი რას ნახავთ დღეს ქართულ სოფელში; აი რითი ცხოვრობს და რითი ერთობა დღეს ქართული სოფელი. სოფლის გულად, სოფლის საყვარელ ალაგად, სოფლის საკრებულოდ და საბჭოდ გამხდარა ტალახიანი და ბინძური სამიკიტნო დუქანი. ვაღას ახსოვს დღეს ჩვენ სოფელში კვირა-დღესასწაული. ეკლესია, მარხვა, წირვა და ამისთანები? გადამდები სენივით მოედო სოფლებს ქალაქიდგან გამოსული ურწმუნოება და ყელმოღერებული დასეირნობს იგი სოფლის შეუგნებელ და გონებაუწვრთნელ ახალგაზრდობაში. გალაღებული სოფლის ახალგაზრდობა აღარავის აღარაფრად არა სთვლის, არავის არ ეპუება, არავისი არა სჯერა-რა გარდა ქეიფისა, გარდა სხეულის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, არავითარი სათაყვანო, არავითარი სალოცავი და სიწმინდე მისთვის არ არსებობს. ახალგაზრდობა არამც თუ მარტო თვითონ გადასდგომია ისეთი პირების ხსოვნას და პატივისცემასა, როგორიც არის, მგალითად, ღირსი შიო, სხვებსაც დასცინის და უშლის მის ხსოვნას, მის დღესასწაულზე დასწრებას. „შიოსიც და სხვა წმინდანების ცხოვრებაც უბრალო ზღაპრებია, ყველა ეს წმინდანები ჩვენისთანა უბრალო და ცოდვით სავსე კაცები იყვნენო“. ქადაგობენ ეს ურწმუნო ჯიელები. „შიო რომ სასწაულთმომქმედი ყოფილიყო, შიოს რომ რაიმე მადლი ჰქონოდა, ეხლაც შეგვეწეოდა, ეხლაც მოახდენდა სასწაულს, ეხლაც რამეში გამოიჩენდა თავის ძლიერებასო, მაგრამ, როგორც დღესაა უძლური, ისე წინეთაც უძლური იყოვო“, წარბშეუხრელად ბჭობენ ეს გზადაბნეული პირები და დიდს განსაცდელში აყენებენ ასეთი კადნიერი მსჯელობით გულ-უბრყვილო ხალხს. ვინ მოგატყუათ, ვინ შეგაცდინათ ეგრე სასტიკად, თქვე საბრალონო? ღირსი მამა შიოს ცხოვრება ისეთივე ისტორიული სინამდვილეა. როგორც თამარ დედოფლის ცხოვრება, ერეკლე მეფის საქმეები, ანტონ კათალიკოზის ნაწერები და სხვ. ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა, ეს მადლი მოსავდა მას სასწაულთმოქმედებით; იგი დღესაც იმდენად სასწაულთმოქმედია, რამდენადაც თავისი სიცოცხლის დროს იყო და თუ შენზე ამისთანა გავლენას არ ახდენს, ამის მიზეზი შენა ხარ. ყველამ ვიცით, რომ ქინა უებარი საშუალებაა ციების წინააღმდეგ, მაგრამ წარმოვიდგინოთ ციებით ავადმყოფი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ქინა დალიოს, გამოახვია იგი ქაღალდში და ჩაკეტა სკივრში. რასაკვირველია, სკივრში ჩაკეტილი ქინა ოდნავათაც არ არგებს ავადმყოფს და არ შეუმსუბუქებს მას სატკივარს. რა საბუთი ექნება ასეთს ავადმყოფს, რომ ექიმებს დაუწყოს ყვედრება - ცრუები ყოფილხართ, სულ ტყუილად გიცვნიათ ქინა ციების წამლად, მე მან არაფერში არ მარგო და შეღავათი არ მომცაო. აბა, ქინა გახსნილიყო ავადმყოფის კუჭში, მოჰფენოდა სხეულს ძარღვებშიდ მჩქეფარი სისხლის საშუალებით, თუ შეღავათს არ იგრძნობდა. რად გიკვირს, რომ ღირსი შიო სასიკეთო გავლენას არ ქონულობს შენზე, არაფერს არ გმატებს და არაფერში არ გშველის, როდესაც არ გინდა დაუთმო შენი გული და გონება შიოს მოძღვრებას, შიოს დარიგებას, შიოს სწავლას და რჩევას? რა უფლება გაქვს ეჭვი შეიტანო შიოს ცხოვრების კვალზე? წმ. შიოს სიყრმითგანვე უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა და ამ საგნის შესწავლას ანაცვალებდა ყველა სიამოვნებას. აბა, შენც გული დაუდე შენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მოძღვრებას, გაიგე მისი უკვდავი ქადაგება. თუ არ მოგშორდეს უვიცობის სქელი ქერქი, თუ სასირცხოდ არ დაგრჩეს დღევანდელი შენი უგუნური ცხოვრება.
ღირს მამა შიოს სწამდა, რომ ღმერთი ხედავს როგორც მის საქმეებს, აგრეთვე აზრებსა და განზრახვებს, ამიტომ იგი ასრულებდა და ფიქრობდა მხოლოდ იმას, რაც ღვთის სურვილს შეესაბამება, რაც საამო და სათნოა ღვთისათვის. აბა, შენც ასეთი რწმენით გაიმსჭვალე, თუ სირცხვილის ალმა არ დაგწვას, რომ აგრე გატაცებული ხარ ქეიფით, ავხორცობით, არ ერიდები ქურდობას და კაცის კვლას ღირსი მამა შიო იმას გვასწავლის და გვიქადაგებს, რომ თუ მართლა ღმერთი გწამთ, თუ ნამდვილად გიყვართ თქვები გამჩენი. თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებით დაიმსახუროთ უფლის მადლი და კურთხევა, თუ მონდომებული ხართ იესო ქრისტე იყოლიოთ თქვენ შორის და მისი მადლი მუდამ გმოსავდეთ, იქონიეთ ერთი-მეორის სიყვარული, ნუ დაივიწყებთ ნურასოდეს ზრუნვას. რომ შეუმსუბუქოთ ცხოვრების სიმწარე ქვრივს, ობოლსა, საპყარსა და ბეჩავსა. აბა, ყველანი ამ გზას დავადგეთ, თუ დღევანდელი ჩვენი ჯოჯოხეთის მსგავსი ცხოვრება ყოველი სიკეთისა და ბედნიერების წალკოტად არ გადაიქცეს. განა სასურველი იქნება კიდევ ვისთვისმე ამაზე დიდი სასწაული, ამაზე მეტი სიკეთე, ამაზე უდიდესი დახმარება?
ძვირფასნო მსმენელნო იცოდეთ, გრწამდეთ და ნურასოდეს ნუ დაივიწყებთ, რომ ურწმუნოების მქადაგებელი, ვინც უნდა იყოს იგი, საერო თუ სასულიერო, სწავლული თუ უსწავლელი, ცხადი და პირდაპირი მტერია თქვენი ბედნიერებისა, თქვენი ცხოვრებისა, თქვენი ადამიანობისა.
გონიერი ადამიანისათვის ურწმუნოება ღვთის მსგავსების დაკარგვა და უგუნურ ცხოველთა დამსგავსებაა.
ღირსო მამაო შიო ყველამ განგარისხეთ, ყველამ შეგცოდეთ და დაგივიწყეთ. მაგრამ ნუ მოგვაგებ სამაგიეროს: შეგვინდე დღევანღლამდე ჩვენ მიერ ჩადენილი უგუნურება და დღეიდან ჰქმენ ეს შენი ცრემლით მორწყული მღვიმე იმ რწმენის დაუშრეტელ წყაროდ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ნამდვილი ქრისტეანობა, კაცობა და ადამიანობა გამოიხატება ქრისტეს გულისათვის ერთიმეორის მსახურება-დახმარებაში. რომ ურწმუნოება არის მხოლოდ სიბნელე, სიმწარე და უგუნური ცხოველობა. ამინ.