სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
მზისა, ვარდისა, სიცოცხლისა და შვების თვეა მაისის თვე. ამ თვეში მზე, ვით აკვანზე ბავშვისათვის ძუძუს მისაცემად დახრილი თმა-გაშლილი დედა, უკლებლივ აფენს ბუნებას თავის უთვალავ სხივებს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ამ სხივებმა დასწვან და გაახმონ რამე, არამედ იმისთვის, რომ მათ იგი ბუნება გაალხვ-გაათბონ და სიცოცხლის ნაკადი აამოძრავონ მასში, გამოაღვიძონ, გააცოცხლონ იგი და ააფუონ, გაანედლონ და გამოაწყონ სამოქმედოდ მისი წიაღი; ამ სხივებს დედის ტკბილი ძუძუსავით სწოვენ სულდგმულნი და უსულო არსებანი, ამ სხივების წყალობაა, რომ ზამთრისაგან მიმკვდარებული ბუნება ღონეს იკრებს მაისში, წელში იმართება, გამოაქვს გარეთ თავის წიაღში ჩამალული სიმდიდრე, იფოთლება, იფურჩქნება, ფერად-ფერად იმოსება, ზეიმობს და მთასა და ბარში, მინდორში და ტყეში, ვენახში და ხევში ყველგან მხიარულებაა, ყველგან გალობა და ხმაურობაა, ყველგან სიცოცხლე და მეჯლისია გაჩაღებული. ვარდი და ია, ნორჩი ბალახი, ფრინველთა მხიარულება და ჩამომავლობისათვის ბუდის შენება, კრავები, ჩვილი ხბოები, ახალი ხილი და მინდორში ღვთისაგან ნაკურთხი ქვეყნის მკვებავი გუთანი ყველა ეს კუთვნილებაა მაისის თვისა, ყველა ეს ჩნდება და იხილება ხსენებულ თვეში!ამ სიცოცხლისა, გაფურჩქვნა-აყვავებისა, სიხარულისა და შვება-სიტკბოების თვესთან დაუკავშირებია ქართულ ეკლესიას ჩვენი სიქადულისა და დიდების - თამარ მეფის ხსენება. მაისის პირველი დღე თამარ მეფის ხსენების დღეა ქართულ ეკლესიაში. და ეს უბრალო შემთხვევით როდია, ძვირფასნო მსმენელნო, ჩადენილი! არა, ამით მშობელი ეკლესია გამოსთქვამს თავის აზრსა და შეხედულებას თამარის პიროვნებაზე, ამითი იგი მსჯავრსა სდებს თამარის მართვა-გამგეობას, ამითი იგი გვაცოდინებს თამარის ღირებულებას საქართველოსთვის. რაც მაისის ნაზი და მაცოცხლებელი მზეა ბუნებისათვის, ის იყო საქართველოსთვის თამარ მეფეცო, როგორც მაისის თვეში იღვიძებს ბუნება და თანდათან ღორძინდება, ყვავდება, მშვენდება და მდიდრდება, ისე საქართველო თამარის დროს გამოფხიზლდა, აყვავდა. აღორძინდა, ყოველ მხრივ განვითარდა და სახელგანთქმული შეიქმნა მსოფლიო ისტორიაშიო, - აი, ამას გამოსთქვამს, ამაზე გვითითებს და ამას უსვამს ხაზს ჩვენი ეკლესია თამარ დედოფლის ხსენების განწესებით მაისის თვის პირველ რიცხვს.
ასეთი შეფასება თამარის პიროვნებისა არაფრით არაა გაზვიადებული და გადაჭარბებული. თამარმა სწორედ მაისის თბილ მზესავით სული ჩაუდგა, აამოძრავა, გაანათლა, გაამდიდრა, ააყვავა და პოლიტიკურად გააძლიერა თავისი ბრძნული მართვა-გამგეობით საქართველო. იმ დროის ისტორიული ნაწერი საბუთებიც რომ არ გვქონოდა, თამარის დიდებულ საქმეებს მაინც უტყუარად დაგვისურათებდნენ უცხო ქვგყნების - ბერძნების, არაბების, სომხების და სხვათა მწერლები. სულაც რომ არა დაწერილიყო-რა თამარზე, იგი მაინც დიდებულ მნათობად წარმოუდგებოდა ჩვენს გონებას იმ არხებისა და წყალსადენების, საოცარი სიმაგრის ხიდებისა და ციხე კოშკებისა, დარბაზებისა, ტაძრებისა და მონასტრების მიხედვით, რომლებითაც მოფენილია მთელი კავკასია, ბოლოს, ამ ნაშთების კვალიც რომ რამე უკუღმართობის გამო სრულებით გამქრალიყო, თამარი მაინც ისევ სხივმოსილ მზედ გვეჩვენებოდა, რადგანაც მისი საოცნებო სიბრძნისა, გამჭრიახობისა, მაღალი გონებისა, ყოვლის ცოდნისა, სათნრებისა, სიმდიდრისა, მეფური სიმძლავრისა და მომხიბლავი სილამაზის შესახებ ქართველ ერს ერთიმეორეზე ეჯიბრებიან ზეპირგადმოცემებით, მოთხრობებით, ლექსებით და სიმღერებით ოსები, ჩერქეზები, დაღესტნელები, სომხები, ბერძნები, სპარსელები და სხვ. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, თამარის მზეობას ცხად ჰყოფენ, როგორც ჩვენი სამშობლო, ისე უცხოელი მატიანენი, მისი დროის დიდებული ხუროთმოძღვრების უთვალავი ნაშთები და ზეპირსიტყვიერებითი მოთხრობანი.
საქართველოს სამეფო ტახტზე ქალთაგან პირველად თამარმა შესდგა ფეხი. რამდენადაც არაჩვეულებრივი იყო ეს მოვლენა, იმდენად არაჩვეულებრივი განცხრომით, მანამდე არ გაგონილი ბრწყინვალე დღესასწაულობით გადაიხადა მეფე ქალის ტახტზე ასვლა ბედნიერმა საქართველომ. მშვენებით მობრწყინვალე მეფეს ძვირფასი თვლებით მოჭედილი გვირგვინი თავზე დაადგა ანტონ ქუთათელმა, წელზე ხმალი შეარტყა რაჭის ერისთავმა, სკიპტრა ხელში ააღებინა მამამ გიორგი მეფემ, მეფეთა ძოწეული მხრებზე მოასხეს დიდებულებმა, ყველამ შეჰფიცეს ერთგულება და ბოლოს გამართეს დიდებული ლხინი, მემატიანის სიტყვებით: „ჰკრეს სპილენძ-ჭურთა, ბუკთა, ქობთა და წინწილათა. იყო ზარი და ზეიმი ქალაქსა შინა, სიხარული და მხიარულება, შვება და მოსვენება, იმედი უიმედო ქმნილთა და სასოება - უსასო ქმნილთა“.
მხიარულებას და ხალხის აღტაცებას აორკეცებდა ის, რომ ტახტზე მდგომმა მეფემ გაახსნევინა მამა-პაპათა საუნჯენი და გაშლილი ხელით გასცემდა ოქროსა და ვერცხლს გაჭირვებულებისათვის, ქვრივ-ობლებისა და ლაშქრისათვის. ასე რომ თვალით მნახველის მოწმობით „ამა ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა, იმერთა და ამერთა, ზემოთა და ქვემოთა არა დაუტევა მოქენე, რომელსაცა ზედა არა უხვებით მიჰფინა წყალობა და სამართალი“. ჩვენ განგებ ხაზს ვუსვამთ და ყურადღებას ვაქცევთ უკანასკნელ სიტყვას. ეს ლექსი გვიჩვენებს, რომ მეფე ქალმა თავისი მმართველობა დაიწყო სამართლიანობის დამყარებით: მან მოსთხოვა მოხელეებს, რომ ხალხს ამიერიდან მოპყრობოდნენ სისწორით, მიუდგომლობით, გულახდილობით, მართლმსაჯულებით; ვალად დაუდგინა, რომ სულ მდაბალი და უმნიშვნელო პირიც არ გაეხადათ მსხვერპლად უსამართლო ძალმომრეობისა.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდნენ ეკლესიის საქმეები, მწყემსთა და სამწყსოს შორის განწყობილების მოგვარება. ბრძენმა დედოფალმაც სწორედ ამას მიაქცია ყურადღება. მან დაიბარა იერუსალიმიდან სიბრძნითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი ყოფილი მცხეთის კათალიკოსი ნიკოლოოზი, შეკრიბა უკანასკნელის თავმჯდომარეობით მთელი სამეფოს ეპისკოპოსნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი და საღმრთო სჯულის მცოდნე პირები, შევიდა კრებაზე, სიმდაბლით ეამბორა მამებს, როგორც უბრალო პიროვნება, და შემდეგ დაახლოვებით ასეთი სიტყვებით მიმართა მათ: „წმინდთნო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა, თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხის გებას ჩვენი ცხონების შესახებ. მიაქციეთ მკაცრი ყურადღება ქრისტეანეთა ცხოვრებას, კეთილი მხარე ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ, ხოლო რაც უგვანო და ბოროტი რამაა მასში, უსათუოდ მოსპეთ, მოჰკვეთეთ და სასტიკად აკრძალეთ დადგენილებით. გასწორება იწყეთ ჩემიდგან, რადგანაც სიდიდეს ვატარებ მეფობისათვის და არა ღვთის საგმობლად, ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურც უბრალო პირებს შეურაცხყოფთ მისთვის, რომ იგინი უბრალონი არიან. თქვენ კეთილი დადგენილებანი მოახდინეთ, და მე მათი შესრულებით დაგეხმარებით, თქვენ სწავლა მოგვეცით, და მე თქვენს სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ, თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ, და მის განხორციელებას მე ვიდებ თავს. ორივე მხარემ ხელი ხელს მივცეთ სარწმუნოების დაცვაში, რომ არ ჩავცვივდეთ ღვთის პასუხისგებაში. თქვენ, როგორც მღვდლები, მე, როგორც მეფე, თქვენ, როგორც უფროსი გამგენი, მე, როგორც უბრალო დარაჯიო“.
გამხნევებულმა მეფის ამგვარი მოპყრობით, კრებამ გასწმინდა ქრისტეანების ცხოვრება დროთა ვითარებისაგან შემოპარული ბოროტი ჩვეულებებისაგან, ეკლესიის სათავეში ჩააყენა კათალიკოზი ნიკოლოოზი, ყველაფრით მსგავსი წმ. ნიკოლოოზისა, განჰკვეთა უღირსი ეპისკოპოსები და ყველგან, ეკლესიაში თუ ოჯახებში, დაამყარა სასურველი წესიერება.
თამარ მეფის გამჭრიახმა თვალმა ჩქარა შენიშნა და დაუყოვნებლივ ჩამოაშორა სამეფოს გამგეობას შიგადაშიგ ავადმყოფობისაგან დაუძლურებულნი და უღირსად ამაღლებულნი დიდრონნი მოხელენი, რომელთა სამსახური უკმაყოფილებას ბადებდა ხალხში.
სხვათა შორის, თამარს გაუდგა ერთი მძლავრი მოხელეთაგანი, მეჭურჭლეთ უხუცესი, ე.ი. სამეფო ხაზინისა და ქონების გამგე, სახელათ ყუთლუ-არსლანი. იგი სწუნობდა თავის თანამდებობას და ცდილობდა გამხდარიყო ამირ-სპასალარად, - ეხლანდებურად სამხედრო მინისტრად. ყუთლუ-არსლანმა შეადგინა დიდებულებისაგან პარტია, გადაიბირა ჯარის ნაწილი და ეპირებოდა იარაღით ხელში თავის სურვილების განხორციელებას, მაგრამ აქ იყო რომ თავი იჩინა თამარ მეფის სიბრძნემ და დიდბუნებიანობამ. რასაკვირველია, თამარისათვის არაფერს სიძნელეს არ წარმოადგენდა ხსენებული ურჩის შეპყრობა, მისი და მისი მომხრეების სასტიკად დასჯა, მაგრამ დიდებულმა მეფემ ეს არ იკადრა. უსიამოვნების გასაქრობად მან მიმართა მაღალსა და კეთილშობილურ გზას, - სიტყვიერ ჩაგონებას. დედოფალმა აჯანყებულებს მოციქულად მიუგზავნა ორი პატივსადები მანდილოსანი: ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი წინადადებით, რომ განდგომილებს დაეყარათ იარაღი, დამშვიდებულიყვნენ და დედოფალი აპატიებდა მათ დანაშაულს.
საუცხოვო შედეგი იქონია დედოფლის გონიერმა მოსაზრებამ: მანდილოსანთა მოციქულობამ იმდენად იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ უცბად დაყარეს იარაღი და მატიანეს მოწმობით „მაშინვე მოყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა (ე.ი. თამარისას), მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანისცეს, და აღიღეს ფიცი პატრონისაგან, და მისცეს პირი ერთგულებისა და ნების ყოფისა თვისისა“.
ასე აამაღლა, ფასი დასდო, გააცისკროვნა და წრფელი პატივისცემით შემოსა ქალის პიროვნება ქართველი ერის თვალში ბრძენმა მეფემ თავისი გონიერი საქციელით, ასე დიდებულ და სათაყვანებელ საგნად გახადა მან ერის თვალში ნაჩვენები მოსაზრებით მანდილი პატიოსანი დიასახლისისა იმ დროს, როდესაც არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ დედაკაცს, როდესაც ქალი ყოველგან მამაკაცის გასართობ და სასიამოვნო ნივთად იყო ცნობილი.
ქალი ბურჯია ერის კეთილდღეობისა, ქალი მატარებელია ერის საღი სიცოცხლისა, ქალი დვრიტაა ეროვნების დღეგრძელობისა და ვინ იცის, რომ ჩვენი ერის აქამომდე არსებობა, ჩვენი ერის განსაცვიფრებელი ხანგრძლივობა, ჩვენი ერის ასე თუ ისე გამარჯვებით გამოსვლა იმ მძიმე და აუტანელ პირობებიდან, რომლებიც მას წილად არგუნა ულმობელმა ისტორიამ, პირობებიდან, რომლებმაც დიდი ხანია მოსპეს და დედამიწიდან აღხოცეს ჩვენზე გაცილებით უფრო მძლავრი ერები, პირდაპირი შედეგი არ არის იმისი, რომ შარავანდედით მოსილმა თამარ მეფემ თავისი მაგალითით და მოქმედებით ქალისადმი მაღალი პატივისცემისა და ნაზი რიდის მოუშლელ ტახტად გახადა ქართველი კაცის გული!
ჩვენს დროს საითაც უნდა გავიხედოთ, რომელი სახელმწიფოც უნდა ავიღოთ, ყოველგან გამეფებულია დაუცხრომელი, მედგარი სამკვდრო-სასიცოცხლო შინაგანი ბრძოლა იმის თაობაზე, რომ უმაღლესი მართვა-გამგეობა სახელმწიფოებისა ხალხსაც ეკითხებოდეს, რომ ამ გამგეობას მარტო მეფეები არ კისრულობდნენ. ეს ხდება დღეს, მეოცე საუკუნეში, თამარმა კი შვიდასი წლის წინათ თავისი ნებით და შეგნებით გვერდში ამოიყენა დიდებულთა კრებული, რომელიც ერთის მხრით იხილავდა და მსჯავრსა სდებდა მეფის ყოველ მნიშვნელოვან განკარგულებას, ხოლო მეორე მხრით საკუთარ მოსაზრებებს უდგენდა მას შესასრულებლად, ე.ი. მანამდე თვითმპყრობელობით აღჭურვილმა მეფემ თავისთავად ჩამოირთვა უფლებანი და, ქვეშევრდომთა სასიკეთოდ, მიენდო არისტოკრატულ კონსტიტუციას!
ახლა ის რამდენად ღირს, რომ ამ საოცარმა მეფე ქალმა, მიუხედავად მისი დროის სისასტიკისა, როდესაც ყველა მეფეები და გამგებლები თითქმის ჩვეულებრივ საქმედ სთვლიდნენ დამნაშავის სიკვდილით დასჯას ან დამახინჯებას გამოჭურვით, ენის ამოგლეჯით, ხელ-ფეხის წაჭრით, თვალებიბ დათხრით, ცხვირისა და ყურების მოთლით, არამც თუ სავსებით მოსპო თავის სამფლობელოში ამგვარი საშიშროებანი, კაცის ღირსების დამამცირებელი და შემბღალავი მოქმედებანი, - მემატიანეს სიტყვით „არცა თუ ტაჯგანაგი“, ე.ი. მათრახი, „უბრძანა ვისდამე დაკვრა“! ახლა თქვენ ბრძანეთ, ძვირფასნო მსმენელნო, განა ჩვენ დროში ბევრგან აქვთ ამდენად ლმობიერი, ამ ხარისხამდე გულთბილი, ამდენად პატივდებითი მოპყრობა დამნაშავეებს? საქართველოს მოსაზღვრე ჭკუაბნელი და უწვრთნელი სპარსები და თურქები ფეხზე აღარ იდგნენ სიხარულით, როდესაც გაიგეს საქართველოს სამეფო ტახტზე თამარის ასვლა. თამარი ქალია, ის თავს ვერ გაართმევს სამხედრო საქმეებს, ვერ გაბედავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას და სულ ჩქარა დავეპატრონებით საქართველოსო, ასე ფიქრობდნენ ხსენებული ერები და მოურიდებლად იწყეს შემოსევა სხვადასხვა მხრიდან. მაგრამ სინამდვილემ შიგ ძირში შეაკვეცა ფრთები მათ ოცნებას, თავზე ცივი წყალი გადაავლო ყველას.
თამარმა გარეშე მტრებთან გადაიხადა შემდეგი ომები: შამქთრისა სპარსელებთან, რომელშიაც ქართველებმა უკუაქციეს მოწინააღმდეგენი და ხელთ იგდეს მათი ბანაკი, თორმეტი ათასი ტყვე და ურიცხვი ოქრო და თვალ-მარგალიტი; ბოლოსტიკისა თურქებთან, სადაც თავი ისახელეს შეუდრეკელობით ქართველებმა; ორი მხრიდან მამაცური შეტევით იმერ-აფხაზებმა და ქართლ-კახელებმა სძლიეს ოთხას ათას თურქს და ყელამდინ აივსო ნადავლით ქართველთა ჯარი, გამდიდრდა სახელმწიფო ხაზინა და ტევა აღარ იყო საქართველოში ტყვედ მოყვანილი თურქებისა; არდებილისა თურქებთანავე, რომლის დროსაც ნაცარტუტი აადინეს ქართველებმა ოსმალებს და ბოლოს - გმირული შეჭრა ქართველობისა სპარსეთში მის დასაჭერად. ქართველებმა აიღეს მარანდა, თავრიზი, ყაზვინი, გურგანი და სხვა მრავალი ციხე-ქალაქი; ლაშქარს ვეღარა უდგებოდა რა წინ, იგი მთლად დაიპყრობდა სპარსეთს, ერთს გარემოებას რომ არ ეჩინა თავი ქართველების ლაშქარში: შეუძლებელი გახდა უშველებელი ალაფის თან ტარება, ამიტომ ქართველებმა მიატოვეს სპარსეთი და უკან დაბრუნდნენ სამშობლოში.
აი, ასეთი საარაკო ძლევამოსილების სახელი მოუპოვა ქვეყნად თამარ მეფემ ქართულ ფარ-ხმალს, ასეთი გმირული სული ჩაუდგა მან თავის ლაშქარს, ასე დააჩოქა და ქედი მოახრევინა მან თავის ტახტის წინ საქართველოს მტრებს, ასე შორს გასწია და გააფართოვა მან თვის სამფლობელოს საზღვრები!
თქვენ იტყვით: თამარს არც ერთ ომიანობაში არ მიუღია პირადად მონაწილეობა, არც ერთი ომი არ უწარმოებია თავისი უფროსობისა და პირდაპირი ხელმძღვანელობის ქვეშ, ამიტომ არც გამარჯვება მიეწერება მასო.
არა, ომს ის აწარმოებს ნამდვილად და ის ამარცხებს მტერს, ვისთვისაც გული უცემთ მეომრებს, ვისი ყურადღებისა და ალერსის ღირსად გახდომისათვის მკერდს უშვერენ ტყვიას მეომრები და განა თამარის დედობრივი მოპყრობა ლაშქრისადმი, მისი გრძნობით სავსე და ბეჯითი დარიგება, მისი უმწიკვლო ლოცვა-ვედრება ლაშქრის წინ, ომის დაწყებისა და გათავების დროს, მისი გამოთხოვება ლაშქართან ჯვარით ხელში ომის ველზე გასტუმრების დროს, - ის მომხიბლავი ძალა არ არის, რომელიც ამოქმედებდა ამ ლაშქარს, რომელიც განუწყვეტელად ჩასძახოდა მას ყურში: ან გაიმარჯვე მტერზე და მით გაახარე შენი სათაყვანო დედა-მეფე, ან მისი გულისთვის მოკვდი ომის ველზეო? მგზავრი მშიერი არ დარჩება, თუ სახლიდან კარგი საგზალი წაიღო და განა საეჭვო იყო, რომ ქართველები მტრებზე გაიმარჯვებდნენ, როდესაც ამ გამარჯვებას თან ატანდა მათ თამარი თავისი ცეცხლის მომდები სიტყვებით და დარიგებით?
გარეთ რომ მტრებს ზარსა სცემდა, შინ, თავისიანებს, მადლიანი დედოფალი თავს ევლებოდა და დიდსა და პატარას ყოველი საშუალებით, ყოველგვარი ღონისძიებით და ხელშეწყობით ეზიდებოდა ქონებრივი, გონებრივი და ზნეობრივი წინსვლა-განვითარება აყვავებისკენ. საქართველო, მსგავსად ბუნებისა, რომელიც მაისში თბილი მზის სხივების გავლენის გამო საოცნებოდ იშლება და იფოთქება, თამარ დედოფლის მართველობის ქვეშ აყვავდა, შეიმკო, გაძლიერდა, გამდიდრდა, განვითარდა, განათლდა და ყოველნაირად გაიზარდა. იმ დროს განვითარდა ქართველებში ვაჭრობა, მრეწველობა, მეურნეობა და ხელოსნობა: იმ დროს იყო, რომ საქართველო დაისერა გზატკეცილებით, მაშინ გაიმართა მდინარეებზე საოცარი სიმაგრის ხიდები, მაშინ მოირწყო და განაყოფიერდა უშველებელი არხების გაყვანის საშუალებით უდაბური ალაგები; მაშინ იყო, რომ გაზაფხულის ბალახივით იფეთქა ქართველთა გამრავლებამ და ოთხ მილიონამდე ავიდა მათი რაოდენობა, მაშინ გაჩნდნენ ახალი ქალაქები, დაბები და სოფლები, მაშინ გამრავლდა სამადლო სახლები, ქსენონები და სასწავლებლები, იმდროინდელი ნაშთებია: კლდეში გამოჭრილი ქალაქის მსგავსი ვარძიის მონასტერი, კოხტა ფიტარეთი, მტკიცე და კლდესავით შეუძვრელი ქვაბთახევი, ძვირფასი გრაგნილ-ჩუქურთმებით დაფარული ბეთანიის ტაძარი და უთვალავი ციხე-კოშკები. იმ დროს გაჩნდნენ და მნათობდნენ უკვდავი შოთა რუსთაველი, ჩახრუხაძე, სარგის თმოგველი და მრავალნი მათნი მსგავსნი. თამარის დროს იყო, რომ ქართველები, სოლომონ მეფის დროინდელ იუდელთა და ისრაელთა მსგავსად „ცხოვრობდნენ უმწუხროდ თვითეული ქვეშე ვენახსა თვისსა“ (III მეფ. 3,14). თამარის დროა ქართველი ერის ისტორიაში ოქროსა და უმაღლესი ძლიერების ხანად რომ აღიარებულა.
მარტივად, მაგრამ სრული სინამდვილით გვაცნობს ძველი მემატიანე იმ ღრმა, წრფელ და მხურვალე პატივისცემას თამარისადმი, რომლითაც სუნთქავდა ქართველი ერი, რომელიც შეადგენდა დიდებული მეფე ქალის ნაცნობთა და ხელქვეითთა სულისკვეთებას. ქართველთა პირიდანო, - შენიშნავს მემატიანე, - მხოლოდ თამარის ქება-ღა ამოდისო; მის სადიდებელ ლექსებს აწერენ სახლების კედლებზე, მისი ქება-დიდებით ამშვენებენ ძვირფას ბეჭდებს, ყავარჯნებს და დანებს, თამარს დამღერიან ყოველგან სოფლის პატარა მწყემსები, თამარია უმთავრესი საგანი მესტვირეთა და მეჩანგეთა მუსიკობისა, თამარს უგალობენ ზღვის ზვირთებთან მბრძოლი მენავენიო და სხვ.
მაგრამ განა ეს მხოლოდ თამარის დროის ქართველებზეა სათქმელი? განა თამარის სახე ოდესმე წაშლილა ქართველი ერის მეხსიერებაში; განა ყოფილა ოდესმე წამი, რომ თამარის სიყვარულს ფართო ალაგი არა სჭეროდეს ქართველი ერის გულში; თამარის ქება, თამარზე მღერა მცირე ხანს მაინც შეწყვეტილიყოს ჩვენს ქვეყანაში? მიბრძანდით, თუ გნებავთ, ფშავში, გაეცანით ხალხური კალენდრის შინაარსს, და დარწმუნდებით, რომ ერს უმთავრეს და უბრწყინვალეს დღეობად თამარობა აქვს მიღებული; რომ მთელი თემი დღესაც თამარს ადიდებს, თამარს უგალობს, თამარს ლოცულობს და უსასტიკეს წყევა-კრულვას უთვლის მას, ვინც თამარობას ერში მოშლის, თამარის ქებას დაივიწყებს, თამარის ხსოვნას გაიქრობს.
რა პირობამ შექმნა თამარ მეფე ქართველი ერის სალოცავად, სულიერ საუნჯედ და შვების წყაროდ? რამ დააუფლა იგი სამარადისოდ ქართველი ხალხის გულსა და გონებაზე?
- მისმა მაღალმა ჭკუამ, სიბრძნემ და გამჭრიახობამო, - ბრძანებთ თქვენ.
ოღონდაც რომ თამარი გონების მხრივ იშვიათ მოვლენას შეადგენდა; მართლა რომ მას ჭკუით ბადალი არ ჰყავდა არც თანამედროვე მეფეთა და არც ქვეშევრდომთა შორის, სწორეთ რომ სიბრძნით ისე მაღლობდა ყველას, როგორც სწორი ალვის ხე ასკილის ბუჩქს; მაგრამ საქმე მთლად ამაში როდია. მსოფლიო ისტორია სხვებსაც ბევრს იცნობს თამარ დედოფლისთანა მაღალი ჭკუის პატრონებს და მასზე დიდ გენიოსებსაც, გარნა იშვიათია, რომ ვინმე მათგანი ჩასწდომოდეს ერს ისე ღრმად გულში, როგორც თამარი; იშვიათია, რომ სხვას ვისმეს გაეთბოს ერის გულის ყველა კუნჭულები ისეთი ნაზი და დამატყვევებელი თანაგრძნობით, როგორც თამარ მეფეს. შესანიშნი გმირები და სახელოვანი მეფეები მომეტებულ ნაწილად შოულობდნენ ხალხის მორჩილებას და ერთგულებას ხასიათის სიმკაცრისა და ფიზიკური სიმძლავრის მეოხებით და არა ლმობიერებით, როგორც თამარი; არა სხვათა ღირსების დაფასებით, არა იმ სულიერი ძალის მეოხებით, რომელსაც სიყვარულს ვეძახით, რომელიც, მოციქულის სიტყვით, „სულგრძელ არს და ტკბილ. რომელიც არა ეძიებნ თავისასა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველსა მოითმენნ“ (I კორ. 13, 4-7). ცხოველი ღვთის ცხოველი სიტყვისადმი სრული და სავსებითი ერთგულება, სამსახური, ქრისტეს მოსაობა. აი, რამ დააუფლა თამარ მეფე ქართველი ერის გულს, რამ გაასხივოსნა იგი ქართველთა წარმოდგენაში, რამ მიანიჭა მას ისეთი სასწაულებრივი შინაგანი ძალი და გარეგნული გამომეტყველება, რომ არამც თუ ადამიანებს, ნადირებსაც კი უხაროდათ მისი ხელქვეითობა და მორჩილება. შეიძლება მეტად გადაჭარბებული, შეიძლება, სულაც ზღაპარი იყოს შემდეგი თქმულება თამარის ლომზე, მაგრამ ჩვენთვის მაინც დიდად საგულისხმოა იგი, როგორც ხალხის შეხედულების გამომსახველი თამარ მეფის სულიერი გავლენის სიმძლავრეზე: ერთმა კარგმა ნაცნობმა თამარ დედოფალს საჩუქრად მიართგა ლომის ლეკვი. ეს ლეკვი ისეთი საშინელი შეიქმნა და იმხელა გაიზარდა, რომ მისი მსგავსი არც შინაურ და არც ველურ ლომთა შორის კაცისაგან არა ნახულა. მემატიანე აღნიშნავს, რომ თუკი დარბაზში მოიყვანდნენ, შეუძლებელი იყო, რომ ლომი ვისმე დაეკავებინა, ვისმე დაება და თამართან არ მიეშვა. იგი ყველაფერს დალეწავდა, ყველა დაბრკოლებას სძლევდა, უსათუოდ მივიდოდა თამართან, თავს ჩაუდებდა უბეში და რაღაცა მორიდებით დაუწყებდა ლოშნას. როდესაც მეფის ბრძანებით მოაშორებდნგნ და მაგარი ჯაჭვებით დააბამდნენ, ლომი იწყებდა ნაკადულივით ცრემლთა ფრქვევას და დიდად შეწუხებული გამოიყურებოდა. თამარი ცხოვრობდა იმისთვის, რომ სხვებისთვის ბედნიერება მიენიჭებინა; ღამეებს თეთრად ათენებდა, რომ მეტი ტანსაცმელი დაემზადებინა ობლებისა და ღარიბებისთვის, დღიური საზრდოს ფასს თავისი ხელთნასაქმის გაყიდვით შოულობდა, რომ სახელმწიფო ხაზინიდამ მეტი მოწყალება გაეღო გაჭირვებულებზე, ავადმყოფებს ხშირად თვითონ ნახულობდა, თვითონ ემსახურებოდა, თვითონ უსწორებდა მათ ლოგინს, სიცოცხლეს ალევდა საქვეყნო საქმეებს და მხოლოდ ქვეყნის ბედნიერება, ქვეყნის სიკეთე შეადგენდა მის პირად ბედნიერებას და სიხარულს. ვიმეორებ: ქრისტეანულმა ლმობიერებამ, ქრისტეს მცნებათა თანაშეხამებულმა ცხოვრებამ შემოსა თამარი ერის თვალში წმინდანის შარავანდედით, ქრისტეს მცნებათა მიმდევრობამ გახადა იგი დიდისა და პატარასთვის სათაყვანებელ პირად, ქრისტეს მოძღვრების თანახმად წარმოებულმა გამგეობამ შეაძლებინა მას საქართველოს ამაღლება, გაძლიერება და ყოველმხრივად განვითარება-წინწაწევა.
თქვენთვისაა განსაკუთრებით საგულისხმო და საყურადღებო, ქართველო დედებო და ასულებო, თამარ მეფის პიროვნება, ყველაზე მახლობლად დქვენ სდგახართ მასთან და ამიტომ ყველაზე მეტად თქვენ უნდა განიცდიდეთ მის სიკეთეს, მისგან გამომავალ აღმაფრთოვანებელ სულიერ სითბოს, ადამიანთა გამაკეთილშობილებელ შინაგან ძალას.
თუ თქვენთვის ღირებულებას მოკლებული არ არის თქვენი სამშობლოს აღდგენა-გაძლიერება, თქვენი მშობელი ერის განათლება და ბედნიერება, მოსვენებას არ უნდა გაძლევდეთ თამარ დედოფლის აჩრდილი. თქვენც მის მსგავსად დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეთ სამშობლოს სამსახურისთვის, პირიდან ლუკმას უნდა იღებდეთ მოყვასთა საშეღავათოდ, მტლედ და წამლად უნდა ედებოდეთ გაჭირვებულ თანამემამულეებს, თქვენი ლმობიერი საქციელით უნდა სპობდეთ ცხოვრებაში ფესვგადგმულ ერთი-მეორის მტრობას და სიძულვილს, თქვენ უნდა უმზადებდეთ სამშობლოს ნაკურთხ ნიადაგს შოთა რუსთაველისა და ჩახრუხაძის მსგავსი პირების წარმოსაშობად; მედგრად უნდა ებრძოდეთ ყველაფერს, რაც კი ხალხს აკავებს სიბნელეში და უმეცრებაში, ფასს უკარგავს ქვეყნის თვალში ქართველის სახელს, და ბოლოს, ერთი წამითაც არ უნდა ურიგდებოდეთ თქვენი სამშობლოს ვისგანმე დაჩაგვრას. ამას შეგაძლებინებთ, ამისი შესრულების სულს ჩაგბერავთ იგივე გულმხურვალება და გამსჭვალვა ქრისტეს პიროვნებისადმი მხურვალე სიყვარულით, რომლითაც აღჭურვილი იყო საქართველოს დედა, უკვდავი თამარ მეფე. გწამდეთ, საქართველოს ბედი ქრისტეს მოსავი თამარის მიმბაძავ დედათა ხელშია და არა ბებელის იდეალის ქალისაში.
დედაო თამარ, გაგვინათლე გონება და ცხოვრების გზა შენგან შეყვარებული ქრისტეს ნათელით! ამინ.