წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს უცნობი ავტორის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილ თხზულებას, სახელწოდებით „უფლის ვნების შესახებ“ (De Passióne Dómini), რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. მინის პატროლოგიაში ის ლაქტანციუსის (250-325 წწ.) შრომებშია შეტანილი (PL 7, 283-286) და ბოლო დრომდე სწორედ მის ავთენტურ ნაწარმოებად, შესაბამისად, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაწერილად, იყო მიჩნეული. მაგრამ როგორც ეკლესიის ისტორიკოსი ფილიპე შაფი მიუთითებს, შეუძლებელია, აღნიშნული ნაშრომის ავტორი ლაქტანციუსი იყოს, რადგან მოცემული თხზულების ტექსტი „სრულიად არ შეესაბამება მის ჩვეულ წმინდა და მჭევრმეტყველურ სტილს“ (Ph. Schaff, Fathers of the Third and Fourth Centuries: Lactantius, Venantius, Asterius, Victorinus, Dionysius, Apostolic Teaching and Constitutions, Homily and Liturgy, Ante-Nicene Fathers, VII, 885, p. 329). შაფის მოსაზრებას ეთანხმება კლასიკოსი ფილოლოგი, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი და ღვთისმეტყველების დოქტორი ალექსანდრე სადოვი (А. И. Садов, Лактанций: Биографический очерк, Санкт-Петербург, 1892, გვ. 705). თანამედროვე პატრისტიკულ კვლევებში დამკვიდრებულ აზრს გამოხატავს მერი-ფრენსის მაკდონალდი, რომელიც, ასევე, უარყოფს ლაქტანციუსის ავტორობას, მაგრამ, ამავე დროს, ხაზს უსვამს პოემაში გამოხატულ „ღრმა რელიგიურ გრძნობებს“ (Mary Francis McDonald, The Minor Works, Washington, 1965, The Father of the Church, 54, p. 224).
საინტერესოა, რომ ბერძნულენოვან პატრისტიკულ ლიტერატურაში აღნიშნულ ნაშრომს მოეპოვება ანალოგი პოემის სახით, რომელსაც „ვნებული ქრისტე“ (Χριστὸς Πάσχων) ეწოდება და რომელიც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ავტორობითაა ცნობილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მკვლევართა შორის ამ ნაშრომის წმ. გრიგოლისადმი მიკუთვნების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
პოემაში „უფლის ვნების შესახებ“ უფალი მიმართავს მორწმუნეთ პირველ პირში და აუწყებს მათ მის გამომხსნელობით ღვაწლს, ადამიანისათვის მის მიერ სიყვარულით გაღებულ მსხვერპლს. ამის შეხსენება მიზნად ისახავს, ჩაუნერგოს ადამიანს სურვილი, განერიდოს მიწიურ ცხოვრებას და უფლის ცხოვრების გზას მისდიოს: „თუ ეს შეგონებანი შენ თანმხლებ გრძნობებს (რომლებიც ეძღვნება წარმავალ ქვეყანას) გამოგარიდებს, მიწიერი მშვენიერების წამიერ აჩრდილს რომ მიელტვიან, მაშინ არ იქნები შეპყრობილი ამაო იმედით და წაქეზებული მყიფე ბედით, გაბედავ და არ მიენდობი ცხოვრების მქროლავ წლებს.“ ამ ტექსტის საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ დაარწმუნოს უფლის ტანჯვათა განმცდელი მორწმუნე, რომ გარდაცვალების შემდგომ ბედნიერად იმეფებს მაცხოვართან ერთად მარადიული მშვიდობის სასახლეში.
ვინც კი ხარ აქ და შუა ტაძრის ზღურბლზე შედიხარ, შეჩერდი მცირედ და უდანაშაულოს, შენი დანაშაულისთვის ვნებულს, შემომხედე მე, დამაკვიდრე გონებაში (ánimus), დამიცავი გულში (péctus). | Quísquis ádes médiique subís in límina témpli, síste párum insóntemque túo pro crímine pássum respíce me, me cónde ánimo, me péctore servá. |
მე ვარ ის, ვინც შემბრალებელია ადამიანთა მათი მწარე ყოფის გამო, აქეთკენ მოვედი დაპირებული მშვიდობის განმმარტებელი - დიადი მიტევებით საერთო ბრალისა: აქ უბრწყინვალესი ნათელია, მაღლიდან მიწაზე დაბრუნებული, აქ ხსნის კეთილის მომცემი ხატია, აქ შენთვის ვარ მშვიდი ნავსაყუდელი, სწორი გზა, ჭეშმარიტი გამოსყიდვა, ღვთის ბაირაღი და ნიშანიც მარადსახსოვარი ბედისა. | Ille égo qui cásus hóminum miserátus acérbos, huc véni pácis promíssae intérpres et ámpla commúnis cúlpae vénia:hic clárissima ab álto réddita lux térris, hic álma salútis imágo, hic tíbi sum réquies, vía récta, redémptio véra, vexíllumque Déi sígnum et memorábile fáti. |
შენი და შენი ცხოვრების გამო ვარ ქალწულის წიაღში შესული, ქმნილი ადამიანი ვარ და შემაძრწუნებელი სიკვდილით ვნებული, ვერც დედამიწაზე ვიპოვე სადმე განსვენება, მხოლოდ მუქარა და განსაცდელი. | Te própter vítamque túam sum vírginis álvum ingréssus, sum fáctus hómo átque horréntia pássus fúnera, nec réquiem térrarum in fínibus úsquam invéni, sed ubíque mínas, ubíque labóres. |
დაბადებისას, თავდაპირველად, იუდეის მიწაზე ვპოვეთ მე და დედაჩემმა უბადრუკი თავშესაფარი: აქ, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთა შორის, მომეცა ხმელ ბალახზე ვიწრო საწოლი ბაგაში. | Hórrida príma míhi in térris magália Iúdae hospítia in pártu sóciaeque fúere párenti: Hic míhi fúsa dédit brúta ínter inértia prímum árida in angústis praesépibus hérba cubíle. |
ჰეროდეს მეფობისას ლტოლვილმა, ფარაონის ქვეყანაში გავატარე ცხოვრების პირველი წლები და შემდეგ, იუდეაში დაბრუნებული, მუდამ მარხვაში, მუდამ უკიდურეს სიდუხჭირეში და უბადრუკ ყოფაში ვიყავი, მუდამ სასარგებლო რჩევებს მივყვებოდი და ვსაზრდოობდი ღირსების შესაფერისი ადამიანური ნიჭით (ingénium), ბევრ სასიკეთო მოძღვრებას დავურთე ბევრი სასარგებლო და საოცარი რამ. | In Pháriis prímos víxi regiónibus ánnos Heródis régno prófugus; réliquosque revérsus Iúdaeam, sémper ieiúnia, sémper et ípsam pauperiém extrémam et rérum infériora secútus, sémper agens mónitis humána salúbribus álmae ingénia ad stúdium probitátis, apérta salúbri plúrima doctrínae iniúngens mirácula. |
ამისათვის იერუსალიმში, სიშმაგით დაბრმავებულმა უღვთო თავხედობამ, აღძრულმა მძვინვარე სიძულვილით, განმიკუთვნა მე, უდანაშაულოს, სისხლიანი სიკვდილი ჯვარზე. | Quáre ímpia Hierúsalem, rábidis exércita cúris invídiae saevisque ódiis et caeca furóre insónti est poenis letálibus áusa cruéntam in crúce terríbili mórtem míhi quaerere. |
თავად თუ მოვისურვებ სიღრმისეულ განმარტებას, და თუ გსურს გაიარო ჩემთან ერთად ყველა ტკივილი და განიცადო მწუხარებანი, გირჩევ, გაიაზრე მზაკვრული განზრახვა, ჩემი დაღვრილი უდანაშაულო სისხლის უღვთო საზღაური [1], მოწაფის მოჩვენებითი ამბორი, მძვინვარე ბრბოსგან ჩემი შეურაცხყოფა და გასამართლება. | Quae si látius ípse vélim distínguere sique per ómnes íre iuvét gémitus mecum et sentíre dolóres, collíge consília insídiasque méique nefándum sánguinis innóqui prétium et simuláta cliéntis óscula et ínsultus et saevae iúrgia túrbae. |
და არა მხოლოდ ეს: გაშოლტვა და ენანი, განმზადებულნი მსჯავრის დადებისთვის; გონებით (ánimus) განჭვრიტე მოწმეები და დაბრმავებული პილატეს შემზარავი განაჩენი, წარმოიდგინე უზარმაზარი ჯვარი, რომელიც აწვება მხრებსა და დაღლილ ზურგს - მძიმე ნაბიჯებით სვლა საზარელი სიკვდილისაკენ. | Vérbera praetérea et prómptas ad crímina línguas fínge ánimo et téstes et caeci infánda Piláti iudícia ingéntemque úmeros et féssa prémentem térga crúcem átque gráves horrénda ad fúnera gréssus. |
ახლა მომიხილე თხემიდან ტერფამდე მე, ამჟამად ჭეშმარიტად მიტოვებული, საბოლოოდ დამორჩილებული სასტიკ სასჯელს, განშორებული ტკბილ მშობელ დედას. აჰა! შეხედე სისხლის კოლტებით გაჟღენთილ თმებს, მათ ქვეშ სისხლჩაქცევებიან კისერს, ულმობელი ეკლებით დაჩხვლეტილ თავს, ყოველი მხრიდან მოდინარ სისხლის ღვარს ჩემ ღვთაებრივ სახეზე. | Nunc me, nunc véro desértum extréma secútum supplícia et dúlci prócul a genetríce levátum vértice ad úsque pédes me lustrá: en aspíce crínes sánguine concrétos et sanguínolenta sub ípsis cólla cómis spínisque cáput crudélibus háustum, úndique díva plúens vívum súper óra cruórem. |
შეხედე შუქს მოკლებულ თვალებს, ნაგვემ ღაწვებს, იხილე მოშხამული ნაღვლით გამომშრალი ენა, სასიკვდილოდ განწირული ფერმიმკრთალი სახე. შეხედე ლურსმნებით მიჭედილ ხელებს და ღონმიხდილ მკლავებს, ღრმა ჭრილობას ფერდში, შეხედე იქიდან მომდინარე სისხლის ნაკადს, გახვრეტილ ფეხებს და სხეულის სისხლიან ნაწილებს. | Compréssos speculáre óculos et lúce caréntes afflíctasque génas, aréntem suspíce línguam félle venenátam et palléntes fúnere vúltus. Cérne mánus clávis fíxas tráctosque lacértos átque íngens láteris vúlnus, cérne índe fluórem sanguíneum fóssosque pédes ártusque cruéntos. |
მოდრიკე მუხლი თაყვანსაცემ ჯვრის ხესთან, მიწას, მორწყულს უმანკო სისხლით, შეჰღაღადე და ცრემლებით დაალტვე, ჩემდამი მოძღვნილ გულში მუდამ [2] მატარე მე და დაიმარხე ჩემი შეგონებანი. | Flécte génu lígnumque crúcis venerábile adorá flébilis, innócuo térramque cruóre madéntem óre pétens húmili lácrimis suffúnde subórtis et me núnquam non devóto in córde méosque fer mónitus. |
მისდიე ჩემი ცხოვრების გზას; უღვთო სასჯელისა და სასტიკი სიკვდილის განმჭვრეტმა, სხეულისა და სულის აურაცხელი ტანჯვის გამხსენებელმა, ისწავლე მტრის პატიება და სიფხიზლე საკუთარი ხსნისათვის. | sectáre méae vestígia vítae ípsaque supplícia ínspiciens mórtemque sevéram, córporis innúmeros memoráns ánimique dolóres. Dísce advérsa páti et própriae invigiláre salúti. |
თუ ამ შეგონებას ფიქრში (mens) მუდამ ატარებ, თუ ჩემდამი რწმენა გექნება გონებაში (ánimus), ან თუ აღიძვრება შენში ღვთისმოშიშება და მადლიერება, ფარდი ჩემი ტანჯვისა, ეს გახდება შენი მეგზური, ფარად დახვდება მტრის მზაკვრობას, რომლითაც ყველაფერში უხიფათო და გამარჯვებული დარჩები და ბრძოლაში მუდამ მიიღებ ჯილდოს. | Haec monuménta tíbi si
quándo in ménte iuvábit vólvere, si qua fídes ánimo tíbi férre méorum,
débita si píetas et grátia dígna labórum súrget, érunt vérae stímuli
virtútis éruntque hóstis in insídias clípei, quibus ácer in ómni tútus
éris víctorque féres certámine pálmam. |
თუ ეს შეგონებანი წარმავალი ქვეყნისადმი მიძღვნილ შენს თანმხლებ გრძნობებს, მიწიერი მშვენიერების წამიერ აჩრდილს რომ მიელტვიან, გამოგარიდებს, აღარ იქნები შეპყრობილი ამაო იმედით და წაქეზებული მყიფე ბედით, გაბედავ და არ მიენდობი ცხოვრების მქროლავ წლებს. | Haec monuménta tuos si lábilis órbis amícos avértent sénsus fúgiente decóris ab úmbra mundáni, effícient ne spe captátus ináni móbilis occíduis fortúnae fídere rébus áuseris aut vítae speráre fugácibus ánnis. |
შენ, ამ წარმავალი სამყაროს ასეთად მხედველს, ზეციური სამშობლოს სიყვარულის გამო განძარცულს ქვეყნიურ სიმდიდრეთაგან და მათზე მიჯაჭვულობისაგან, ღვთის სათნოთა ლოცვები გაგაძლიერებენ წმინდა ჩვეულებებში და მკაცრ სასჯელთა შორის ნეტარი ცხოვრების იმედის ზეციური ცვარით გაგანებივრებენ, კეთილი დაპირების სიტკბოებით გასაზრდოვებენ მანამ, სანამ ღვთის დიდი მადლი უკუ გამოიხმობს შენს მბრწყინავ სულს (ánimus) სხეულის დატოვების შემდეგ, ამაღლდები ზეციური სიმაღლეების მიმართ. მაშინ, ყოველგვარი შრომისაგან გათავისუფლებული, მაშინ, ანგელოზური გუნდებისა და წმინდანთა ნეტარ მწყობრთა სიხარულით მხილველი, ბედნიერი, მუდმივ სიამეში იმეფებ ჩემთან ერთად მარადიული მშვიდობის სასახლეში. | Sed te nimírum sic ísta cadúca vidéntem saecula et exútum pátriae melióris amóre órbis ópes rérumque úsus et vóta príorum móribus extóllent sácris vítaeque beátae spe dúras ínter poenas te róre fovébunt caelésti páctique bóni dulcédine páscent, purpúream dónec post última fáta relícto córpore sublimés ánimam revocábit ad áuras grátia mágna déi. tunc ómnem exúta láborem, ángelicos tunc laeta chóros aciésque beátas sánctorum inspíciens aetérnae pácis amoena perpétuo félix mécum regnábit in áula. |
[1] ოცდაათი ვერცხლი ( მათე 26. 15 ).
[2] დროდადრო nonnumquam Patrologia Latina, VII ტომი, გვ. 285. Nonnumquam at times others read, „nonquam non“, always. Ante-Nicene Fathers, Volume 7, გვ. 327.
ტექსტი ლათინურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ჯაბა ქოიავამ,
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის,
ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ენების კონკურს
„Victoria“-ს გამარჯვებულმა
ლათინურ (2017 წ.) და ძველ ბერძნულ (2019 წ.) ენებში.
რედაქტორი: იამზე გაგუა
წყარო: თბილისის სასულიერო აკადემია, „გრაგნილი“ საეკლესიო-სამეცნიერო კრებული VI, თბილისი 2018, გვ. 301-305