„ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძვირის მოქმედი გმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა. მიუგო ერთმან მან მოყვასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაი უჯეროი ქმნა. ეტყოდა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ხოლო იესო ჰრქუა მას: ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,39-43).
ასე გვამცნობს წმიდა ლუკა მახარებელი მეტად დამაფიქრებელი და გულის შემძვრელი მოვლენის - გოლგოთაზე მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის მოქცევისა და ქრისტეს მიერ მის შეწყალების შესახებ. რით დაიმსახურა ავაზაკმა ასეთი წყალობა? რით იყო გამოწვეული უფლის ასეთი სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი? ჯოჯოხეთში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ძველი აღთქმის მართალნი, მათ შორის წმინდა იოანე ნათლისმცემელი. თვით უფალი უნდა ჩასულიყო ჯოჯოხეთში, თუმცა არა იმისათვის, რომ იქ ტანჯულიყო, არამედ რათა იქ მყოფნი დაეხსნა. უფალს ჯერ კიდევ არავისთვის აღეთქვა სასუფეველსი აღყვანება; მოციქულებსაც კი მას შემდეგ დაჰპირდა იქ დამკვიდრებას, რაც მათ სავანეებს განუმზადებდა.
რისთვის ხდება ავაზაკი ყველაზე პირველი წყალობის ღირსი? რატომ განეხვნენ მისთვის ასე სწრაფად სამოთხის ბჭენი? ჩავუღრმავდეთ ავაზაკის სულს და იმ პირობებს, სადაც იგი ცხოვრობდა. მთელი ცხოვრება მან ავაზაკობასა და დანაშაულის ქმნაში გაატარა. მაგრამ, როგორც ჩანს, სინდისი მასში არ მომკვდარიყო და სულის სიღრმეში რაღაც კეთილი ჰქონდა დარჩენილი. გარდამოცემა იმასაც გვამცნობს, რომ ეს სწორედ ის ავაზაკი იყო, რომელმაც ეგვიპტეში დევნულობის ჟამს ყრმა ქრისტე დაინდო და თანმხლებთ, რომლებიც მასთან ერთად თავს დაეხსნენ ეგვიპტეში ლტოლვილ წმიდა ოჯახს, უფლება არ მისცა მისი მოკვლისა.
იმ ჩვილის სახე ხომ არ წარმოუდგა თვაწინ ახლა ავაზაკს, როდესაც მის გვერდზე ჯვარცმულის სახეს ჭვრეტდა?
ასე იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში ქრისტეს შეხედვისას ავაზაკში სინდისმა გაიღვიძა. ახლა ის მართლის გვერდითაა ჯვარცმული, რომელიც იყო „შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა“ (ფს. 44,3), ამჟამად კი „სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა... უპატივო იქმნა და არა შეირაცხა“ (ის. 53,3).
მისი შეხედვისას ავაზაკი თითქოს ღრმა ძილისგან გამოფხიზლდა. ცხადად წარმოუდგა განსხვავება ქრისტესა და საკუთარ თავს შორის: იესო - ჭეშმარიტად მართალი, თავის მტანჯველებს შეუნდობდა და მათთვის ლოცულობდა ღმრთის წინაშე, რომელსაც მამად უხმობდა; თავად კი - მრავალი მსხვერპლი მოეკლა, უამრავი ადამიანის სისხლი დაიღვარა, რომელთაც არასოდეს მიეყენებინათ მისთვის ზიანი.
ჯვარცმულის შეხედვისას ავაზაკმა თავისი ზნეობრივი დაცემა თითქოს სარკეში დაინახა. ყველაფერმა კარგმა, რაც მასში იყო დაფარული, გაიღვიძა და გარეთ გამოღწევას ლამობდა. მან გააცნობიერა თავისი ცოდვები. მიხვდა, რომ სამწუხარო დასასრულამდე მხოლოდ საკუთარმა დანაშაულმა მიიყვანა და ამაში ვერავის დაადანაშაულებდა. ამიტომ სასჯელის აღმსრულებლების წინააღმდეგ მტრული განწყობილება, რომლითაც იგი და მაცხოვრის მარხნივ ჯვარცმული ავაზაკი იყვნენ ერთგვარად მოცულნი, მასში სიმდაბლისა და გულშემუსვრილების გრძნობით შეიცვალა (მთ. 27,44). ავაზაკმა მასზე მოწევნული ღმრთის მსჯავრის შიში შეიგრძნო. ცოდვა მისთვის საძულველი და საშინელი გახდა. სულის სიღრმეში ის უკვე ავაზაკი აღარ იყო. მასში გაიღვიძა კაცთმოყვარეობამ და გულმოწყალებამ; საკუთარი ხვედრის გამო გამოწვეულ შიშს უდანაშაულო ტანჯულის მიმართ გამოვლენილი ძალადობისადმი ზიზღი შეერწყა.
უეჭველია, მას ყური ექნებოდა მოკრული ნაზარეთელი დიდი მოძღვრისა და სასწაულთმოქმედის ამბისთვის. იუდეასა და გალილეაში მომხდარი, მთელ ქვეყანაში დიდი სჯა-ბაასის საგანი გამხდარიყო. რაც ადრე ავაზაკს ქრისტეს შესახებ ესმოდა, მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა, ახლა კი მაცხოვრის ხვედრის მოზიარემ ქრისტეს პიროვნების ზნეობრივი სიდიადეს შეცნობა დაიწყო.
ქრისტე ურისხველობამ, ყოვლისმიმტევებლობამ და ლოცვამ ავაზაკი გააოგნა - გულით შეიგრძნო, რომ მის გვერდით ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. სიკვდილის წამს ღმერთის მამად ხმობა მხოლოდ მას შეეძლო, ვინც თავს ჭეშმარიტად ღმრთის ძედ მიიჩნევდა.
თავის სწავლებაში სიყვარულისა და ყოვლისმიმტევებლობის შესახებ ურყევი იქნებოდა ის, ვინც ადამიანთათვის და ბოროტების სისაძაგლეს დაითმენდა და ის, ვინც მჭიდრო კავშირში იყო სიყვარულის წყაროსთან, ან თვითონ წარმოადგენდა მას.
ავაზაკს ყველაფერი მოაგონდა, რაც კი ჯვარცმულის შესახებ უჩვეულო სმენოდა და მის გულში სარწმუნოების თბილი გრძნობა ჩაისახა. დიახ, ის უეჭველად ძე ღმრთისა იყო, დედამიწაზე განხორციელებული, მაგრამ მამასთან უწყვეტ კავშირში მყოფი. ძე ღმრთისა, წუთისოფლისგან უარყოფილი და ზეცად აღმავალი. ძე ღმრთისა, ადამიანთათვის ცხოვრების მიმნიჭებელი! ავაზაკს იმედი გაუჩნდა, რომ სიკვდილის შემდგომ განსჯას თავს დააღწევდა. თუკი იესო მამისადმი თავისი მტანჯველებისათვის ლოცულობდა, ის არც მასთან ერთად ჯვარცმულს უარყოფდა. ავაზაკს იესოსთვის უნდა მიემართა, რათა ქრისტეს თავისი სატანჯველების მოზიარე ავაზაკი თავის სასუფეველში დაემკვიდრებინა.
ავაზაკის მიმართვას იესოსადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის სიტყვებით, ირგვლივმყოფი ბრბო, რომელიც მძვინვარებდა და შეურაცხყოფდა ჯვარცმულს, დაცინვით შეხვდებოდა. ქრისტეს „მართლად და ძე ღმრთისად“ აღიარება - იუდეველი უხუცესების ყურადღების და რისხვის დამსახურებას ნიშნავდა. მართალია, ისინი ავაზაკს უფრო მეტ ფიზიკურ ტკივილს ვეღარ მიაყენებდნენ, რასაც უკვე ითმენდა, მაგრამ რა მძიმე იქნებოდა ირგვლივმყოფებისგან მხოლოდ ბოროტება განეცადა, როგორ გაუმძაფრდებოდა ტკივილები, როდესაც იქ მყოფი მოცლილი ბრბო მის დაცინვასაც დაიწყებდა. თუმცა რაღას ნიშნავდა ამა ქვეყნის ძლიერთა რისხვა, რაში ენაღვლებოდა ადამიანური დაცინვა? რა მძიმეც არ უნდა იყოს სიკვდილის ზღრუბლთან მდგომისთვის ადამიანთაგან უარყოფა, მით მეტად მძიმე იქნება უარყოფა ღმრთისაგან. ახლა ის ღმრთის სამსჯავროზე მიდის და მხოლოდ ღმრთისა უნდა ეშინოდეს! ღმრთის მოწყალება რომ მოიპოვოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში უნდა მოიმოქმედოს ის, რისი ძალაც ჯერ კიდევ შესწევს.
დაე, თავისი სიტყვებით მან ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ქრისტეს სატანჯველი, დაე, ერთმა მგმობელმა მაინც ისინდისოს და მაცხოვრის ლანძღვა შეწყვიტოს. ქრისტე კი, რომელიც მისი სახელით გაცემული ერთი ჭიქა წყლისთვის ადამიანს ჯილდოს აღუთქვამდა, მასაც არ დატოვებს მისაგებელის გარეშე. დაე, ქრისტეს შეურაცხმყოფელებმა ისიც შეურაცხყონ! ეს მას კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ქრისტესთან. მწარე ხვედრს ქრისტესთან ერთად ის აქ გაიზიარებს, ქრისტე კი მას თავის დიდებაში აქ დაივიწყებს!
და აი, ხმამაღლა დაცინვის და ლანძღვა-გინების დროს მან მოუწოდა ქრისტეს მარცხნივ ჯვარცმულ ავაზაკს მაცხოვრის ლანძღვა შეეწყვიტა: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელიც ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა“. ამის შემდეგ მისი ბაგეებიდან სიმდაბლის სიტყვები გაისმა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. ეს იყო ყოფილი ავაზაკის, ახლა კი ქრისტეს ახალი მოწაფის ღაღადი, რომელმაც ქრისტე მაშინ ირწმუნა, როცა ის მოწაფებმა მიატოვეს.
„ავაზაკმა ღმრთისგმეტყველა, ხოლო მე უარგყავ“ (კვირის სტიქოლოგიის წარდგომა, ხმა მე-5), მწუხარებით იღაღადებს შემდეგ პეტრე მოციქული. უფალში ამ დროს ეჭვი შეეპარა ყველა დანარჩენ მოციქულს. თვით იონე ღმრთისმეტყველსაც, განუშორებლად თავის მოძღვართან მყოფს და გოლგოთაზე ჯვართან მდგომს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შეყვარებული იესოს ერთგული რჩებოდა, იმ დროს არ ჰქონდა თავისი მოძღვრის ღვთაებრიობის სრულყოფილი რწმენა. მხოლოდ აღდგომის შემდეგ, ცარიელ საფლავში შესულმა, სადაც მაცხოვრის მკვდარი სხეულის სუდარა და თავსახვევი იდო, „იხილა და რწმენა“, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა და ძე ღმრთისა იყო. მოციქულების რწმენა, იესოს, როგორც მესიისადმი, შეირყა, ვინაიდან ისინი მოელოდნენ და სურდათ ქრისტეში მიწიერი მეუფე დაენახათ, რომლის სამეფოში ისინი უფლის მარჯვნივ და მარცხნივ დასხდომას შეძლებდნენ.
ავაზაკი მიხვდა, რომ დამცირებული და სამარცხვინო სიკვდილისათვის განწირული ნაზარეველი იესოს მეუფება „არა ამის სოფლისაგანი“ იყო. ავაზაკი ახლა სწორედ იმ მეუფებას ეძიებდა: მისთვის ამქვეყნიური ცხოვრების კარი იხშობოდა და მარადისობა იღებოდა. ამქვეყნიურ ცხოვრებასთან მას ანგარიში გასწორებული ჰქონდა, ის უკვე მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრობდა. მარადისობის ზღურბლთან მისთვის გასაგები გახდა მიწიერი დიდებისა და მეუფების ამაოება. მან გააცნობიერა, რომ სიდიადე მდგომარეობს სიმართლეში და მართალ და უდანაშაულო წამებულ იესოში სიმართლის მეუფე შეიცნო. ავაზაკი ქრისტეს არ სთხოვდა მიწიერ დიდებას, არამედ სულის ცხონებას.
ავაზაკის რწმენა, ქრისტეს ზნეობრივი სიდიადის წინაშე ქედის მოდრეკით შობილი, უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე მოციქულებისა. მართალია, ისინი ქრისტეს სწავლების სიმაღლით იყვნენ დატყვევებულები, მაგრამ უფრო მეტად უფალი მის მიერ აღსრულებული ნიშებისა და სასწაულების გამო ირწმუნეს. ჯვარცმისას კი არ აღესრულა ქრისტეს სასწაულებრივი გამოხსნა მის მტერთაგან და მოციქულების რწმენაც შეირყა.
ქრისტეს მიერ გამოვლენილი მოთმინება, ყოვლისმიმტევებლობა და რწმენა იმისა, რომ მამაზეციერს მისი ესმოდა, ცხადად გამოხატავდა ქრისტეს სიმართლეს, მის ზნეობრივ სიმაღლეს. ის კი, ვინც სულიერ და ზნეობრივ განახლებას ეძებდა, თუკი ქრისტეს ამის გამო ირწმუნებდა, რწმენა აღარ შეერყეოდა.
სწორედ ეს სწყუროდა ავაზაკს, მას შემდეგ, რაც თავისი დიდი დაცემა გააცნობიერა. ის არ სთხოვდა ქრისტეს მის მეუფებაში მარჯვნივ ან მარცხნივ ყოფნას, არამედ თავისი უღირსების განცდით თავმდაბლად სთხოვდა უფალს, თავის სასუფეველში მოეხსენებინა და მიეცა მისთვის იქ თუნდაც უკანასკნელი ადგილი.
მან ყველას წინაშე დაუფარავად აღიარა ჯვარცმული ქრისტე ღმერთად და მისგან შეწყალება ითხოვა. ქრისტეს მიმართ თავმდაბალმა რწმენამ იგი აღმსარებელი გახადა. თავისივე ნებით ის მოწამეც კი იყო, რადგან არ შეეშინდა ღმერთად ეღიარებინა ყველასგან შეურაცხყოფილი „მეუფე ჰურიათა“, ვისკენაც მიმართული იყო უამრავი ადამიანის ზიზღი. ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილიყვნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად და თავიანთ უხუცესებთან და მღვდლებთან ერთად გმობდნენ ქრისტეს. ავაზაკი ქრისტეს ნაცვლად ტანჯვასაც კი არ შეუშინდებოდა.
ავაზაკის ღრმა სინანულმა სიმდაბლე შვა და ორივე ერთად მტკიცე საფუძველი აღმოჩნდა ისეთი ურყევი რწმენისათვის, როგორიც იმ დროს ქრისტეს თვით უახლოეს მოწაფეებსაც კი არ გააჩნდათ. მორწმუნე ავაზაკმა ისეთი სულიერი გმირობა გამოავლინა, როგორიც მაშინ არც ერთ მათგანს არ შეეძლო.
„ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მთ. 10,32). ავაზაკმა აღიარა ქრისტე, აღიარა ის მაცხოვრის შეურაცხმყოფელი უამრავი ადამიანის წინაშე, მაშინ როდესაც ეს ვერავინ მოიმოქმედა. ქრისტესთან დარჩენილი თვით რამდენიმე ერთგული მოწაფე და დედები, მხოლოდ ცხარე ცრემლებით ადასტურებდნენ მისდამი სიყვარულს.
ავაზაკმა აღასრულა ის, რაც ოდესღაც სამმა ყრმამ ბაბილონში მოიმოქმედა, როდესაც უარი თქვეს ნაბუქოდონოსორის მიერ დეირის ველზე აღმართული ოქროს კერპის თაყვანისცემაზე, რომელსაც თაყვანს სცემდნენ „ყოველნი ერნი, ტომნი და ენანი“ (დან. 3,7). ავაზაკმა იწმუნ ვნებული მაცხოვარი, ყველაზე პირველმა შეიცნო უფალი და მისი აღდგომის ძალა, თანამონაწილე გახდა მის ვნებებში და თანაზიარი მის სიკვდილში (ფილიპ. 3,10). ყველაზე პირველი ჩასწვდა, რა იყო „მეუფება არა ამის სოფლისაგანი“, გააცნობიერა „რაი არს ჭეშმარიტება“ (ინ. 18,36-38). მან პირველმა გულისხმაყო რა არის ქრისტეს მეუფება და ამიტომ პირველი შედის მასში. მან პირველმა იხილა „ქრისტე იესო და ესეცა ჯვარცმული“ (1 კორ. 2,2), პირველმა იქადაგა ჯვარცმული ქრისტე - „ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე, ხოლო მათვე ჩინებულთა, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ... და ღმრთისა სიბრძნე“ (1 კორ. 1,23-24). ამის გამო მან პირველმა გამოსცადა თავის თავზე ღმრთის ძლევამოსილება და სიბრძნე, ქრისტეს თანამგრძნობი და განმაახლებელი სიყვარულის ძალა, პირველს ესმა „სმენა... ძლიერისა ჯვრისა შენისა ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განეღო“ (ამაღლება, დ გალობის სძლისპირი).
საკუთარი ცოდვების და დანაშაულების სრული მონანიება, უდიდესი სიმდაბლე, ჯვარცმისათვის თავგანწირული იესო ქრისტესადმი ურყევი რწმენა და მისი აღიარება მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნიერება მაცხოვრის წინააღმდეგ აღძრულიყო, - აი, რისგან დაიწნა გვირგვინი, რომელიც ამკობდა ავაზაკყოფილს, როგორც გამარჯვებულს და მოღვაწეს. აი, რისგან გამოიჭედა გასაღები, რომელმაც ავაზას სამოთხის კარები განუხვნა!
მრავალნი სცოდავენ და სიკვდილის წინ მონანიებას იმედოვნებენ, მაგალითისათვის კი კეთილგონიერი ავაზაკი მოჰყავთ. მაგრამ გასწევს კი ვინმე მის მსგავს ღვაწლს? „შეიწყალა უფალმა ავაზაკი უკანასკნელ წამს, რათა სასო არავინ წარიკვეთოს, მაგრამ შეიწყალა მხოლოდ ერთადერთი, უფლის გულმოწყალებას ზომაზე მეტად რომ არავინ მიენდოს“ (ნეტ. ავგუსტინე).
„ამგვარი იყო მისი აღსასრული! ჩვენი როგორი იქნება? - არ ვიცით, როგორი სიკვდილით მოვკვდებით, ისიც კი არ ვუწყით: უეცრად მოვა თუ წინასწარ გვეუწყება“ (ღირსი თეოდორე სტუდიელი. სიტყვა ძმის უეცარი გარდაცვალებისათვის). შევძლებთ კი ჩვენ მაშინ წამიერად განვიცადოთ ზნეობრივი ფერისცვალება და სულიერად ავმაღლდეთ „ქრისტეს თანამგზავრის“ მსგავსად, რომელმაც „სიტყვა მცირე აღმოსთქუა... ჯუარსა ზედა და სარწმუნოება ჰპოვა“? ხომ არ წარგვიტაცებს უეცარი სიკვდილი და ხომ არ დაგვტოვებს სიკვდილის წინ მონანიების იმედით? (წმ. კირილე ალექსანდრიელი, „საშინელი სამსჯავროს“ შესახებ). ამიტომ: „ცოდვილნო! ნუ გადადებ ცოდვების მონანიებას, რათა ისინი იმ ქვეყნად არ წაგყვნენ და არ დაგამძიმონ მეტისმეტი სიმძიმით“ (ნეტ. ავგუსტინე). კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა დაე, გვიბიძგოს, არ გადავდოთ მონანიება, არამედ ქრისტეს თანა ჯვარს ვეცვათ (გალ. 2,19), მხურვალედ მოვინანიოთ, რათა ჩვენც განვიცადოთ თანაჯვარცმის წყალობა (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ლოცვა). „ხორცნი თვისნი ჯვარს ვაცვათ ვნებითურთ და გულისთქმით“ (გალ. 5,24), დავეშუროთ სწრაფ და სრულ შინაგან ცვლილებას, მთლიანად ღმრთის ნებას მივენდოთ და ქრისტეს წყალობა და მადლი გამოვთხოვოთ. „ავაზაკისა იგი სინანული მოგვეც ჩუენცა, მხოლოო კაცთმოყვარე, სარწმუნოებით მსახურთა ქრისტე ღმერთო ჩუენო და მხმობელთა შენდამი, მოგვიხსენენ ჩუენცა სასუფეველსა შენსა“ (მომიხსენენი, კვირა, ხმა დ).
ლესნინის მონასტერი, 1954 წ.